რა სავალალო შედეგამდე მიჰყავს ადამიანი ბედში ხელოვნურ ჩარევას და გადადის თუ არა ეს ცოდვა მემკვიდრეობით
ეზოთერიკოსების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ადამიანზე წინაპართა მიერ ჩადენილი ცოდვები მომაკვდინებლად მოქმედებს. თურმე, ამის არაერთი მაგალითიც არსებობს. გარდა ამისა, როგორც დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარი, ქალბატონი ნარგიზი ამბობს, ყველაზე საშიში ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულია. თუ რამდენად საშიშია ეს ყოველივე, ჯდება თუ არა მომავლის გენში მსგავსი საქციელი და შესაძლოა თუ არა, რომ ის საშინელი, მომაკვდინებელი შედეგით დასრულდეს, ამ თემებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ქალბატონი ნარგიზი მოგაწვდით.
– დღეს, ბევრი, ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველი და მკითხავი გამოჩნდა, რომლებიც ადამიანებს არწმუნებენ, რომ შეუძლებელი ამქვეყნად არაფერია, თვით სიყვარულის გამოწვევაც კი, თუ მათ რჩევებსა და რეკომენდაციებს გავითვალისწინებთ. ამაზე რას გვეტყვით?
– გეტყვით, რომ ისე ვერაფერი ანადგურებს ადამიანს, როგორც მამა-პაპათა მიერ ჩადენილი ცოდვები და ეგრეთ წოდებული, მკითხავების მიერ, ერთ ადამიანში, მეორე ადამიანის მიმართ ხელოვნურად გამოწვეული სიყვარული. წინაპართა ცოდვები გენში ჯდება, ფესვებს იდგამს და მომავალ თაობებს მნიშვნელოვნად ანადგურებს.
– შეიძლება, სავალალო შედეგითაც დასრულდეს?
– დიახ, ხელოვნურად გამოწვეული სიყვარული, შესაძლოა, უმძიმესი შედეგებით დასრულდეს და მერე, მოგვიანებით, როცა ვეღარაფრის გამოსწორება-შეცვლას ვეღარ შეძლებს, ინანოს კიდეც ადამიანმა თავისი გაუაზრებელი საქციელი. ამიტომ, სანამ რამეს იტყვით ან მოიმოქმედებთ, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და შემდეგ გადადგათ ნაბიჯი. ჩვენ იმიტომ ვართ ადამიანები, რომ, სანამ რამეს გავაკეთებთ ან ვიტყვით, ჯერ ასჯერ უნდა გავზომოთ და შემდეგ გავაკეთოთ. ისე კი, შეგახსენებთ, რომ არანაირი სამაგიეროს გადახდა არ ვნებს ადამიანს ისე, როგორც საკუთარი ცოდვები.
– ანუ, თქვენი, როგორც პარაფსიქოლოგ-ეზოთერიკოსის აზრით, ყველაზე მძიმე და მიუტევებელი ცოდვა ბედში ხელოვნური ჩარევა, ანუ, ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულია?
– ცოდვათა შორის უმძიმესია ხელოვნურად გამოწვეული სიყვარული და, მინდა, კარგად გაიაზრონ ეს მათ, ვინც ახალგაზრდებს ამ შეცდომისკენ უბიძგებს. ბევრი მკითხავი ამბობს, მგლის ქონით, გველის ტყავითა თუ ათასგვარი შარლატანური ატრიბუტიკით შემიძლია, ის ადამიანი შემოვაბრუნო შენკენ, შევაყვარო შენი თავი და ჭკუა დავაკარგვინო, ვინც ზედაც არ გიყურებს და ვერც კი გამჩნევსო. ამას ახერხებენ კიდეც, მაგრამ არ აღიარებენ, რომ ეს უდიდესი ცოდვაა. ასე გამოწვეული სიყვარული, შესაძლოა, ადამიანის სიცოცხლისთვის სახიფათო აღმოჩნდეს. ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულის შედეგად, ბევრი ადამიანი ჭკუიდან გადადის, ბევრი თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ბევრიც, ვერ აცნობიერებს, რას სჩადის, აფექტურია და, არა მარტო ოჯახის, არამედ, საზოგადოებისთვისაც საშიში ხდება.
– ბევრი არ აღიარებს, მაგრამ უმრავლესობა მკითხავებთან სწორედ იმიტომ დადის, რომ სიყვარულში გაუმართლოს.
– რასაკვირველია, მართალი ხართ. ამიტომ გითხარით, ეს მიუტევებელი ცოდვაა-მეთქი. როცა ადამიანი უანგაროდ გიყვარს, უფრთხილდები მას, ფაქიზად და სადად ექცევი, მასთან ურთიერთობა გსიამოვნებს, ის სამყაროში ყველაზე ძვირფასია შენთვის და მისი ერთი ამოსუნთქვაც კი მთელ სიცოცხლედ გიღირს. ხელოვნურად გამოწვეული გრძნობის დროს კი სატანას ბნელ ზრახვებს ემონები. გიღირს თუ არა ასეთი სიყვარული, ამაზე უნდა დაფიქრდე კარგად. როცა ადამიანს ხელოვნურად აყვარებ თავს, ასეთ ადამიანს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება, კარგავს თავმოყვარეობას, გაუცნობიერებელ საქციელს სჩადის. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ერთ დღეს საკუთარი თავიც კი მოჰბეზრდეს და თვითმკვლელობამდე მივიდეს. პირად ურთიერთობებს რაც შეეხება, ხელოვნურად გამოწვეული სიყვარულის მსხვერპლს თავიდან მოზღვავებული აქვს სექსუალური ლტოლვა, შემდეგ ეს ნელ-ნელა მცირდება და საბოლოო ჯამში, სრულ გაქრობამდე მიდის. ამ დროს იწყება ფსიქიკის მოშლა, უუნარობის განცდა და საკუთარი პიროვნების იგნორირება. სხვათა შორის, ასევე, ნებისმიერ ადამიანს, გამუდმებული ფიქრით და გარკვეული ენერგიის გაგზავნით კოსმოსში, შეუძლია, ხელოვნურად გამოიწვიოს იმ ადამიანის სიყვარული, ვისითაც დაინტერესებულია. საიდუმლო აღარაა, რომ ჩვენი ნებისმიერი სიტყვა და ფიქრი სამყაროში მატერიალიზდება. გამუდმებული ფიქრით და ენერგიის გაგზავნით კოსმოსში, შეგიძლიათ, იმ ადამიანის სიყვარული მოიპოვოთ, რომელსაც სურვილებს ამ ფიქრის დონეზე, თქვენი ქვეცნობიერით უგზავნით.
– ვფიქრობ, აქ მთავარი ბედისწერაა. ორი ადამიანის ბედიც სწორედ ზეცაში წყდება და აქ ჩვენი ფიქრი და ენერგიები არაფერ შუაშია.
– (იცინის). არ მწყინს და არც მიკვირს, ასე რომ ფიქრობთ და დარწმუნებული ვარ, ბევრი დაგეთანხმებათ. არ გეწყინოთ და ეს იმის ბრალია, რომ პარაფსიქოლოგია-ეზოთერიკის კანონებს ცუდად იცნობთ. ან, არ გინდათ, დაიჯეროთ ის, რაც თქვენ გარშემო ხდება. დიახ, გეთანხმებით, ორი ადამიანის გულს შორის კავშირი ღვთის ნებაა და მისით ხდება, თუმცა გაგზავნილი ენერგია, რომელზეც ვისაუბრე, ხშირად მართლა ჰპოვებს გამოძახილს და მასთან ბრუნდება. ასე რომ, შესაძლოა და რეალურიც, რომ საყვარელ ადამიანს ოცნებით მისწვდე, გააგებინო შენი სურვილი და აგრძნობინო, რომ სიგიჟემდე გიყვარს, გინდა შეეხო, მის გვერდით გაატარო წუთები. ანუ, უბრალოდ, გიყვარს და მასთან გინდა ყოფნა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ თუ იმ თქვენს რჩეულს ძალიან ძლიერი ბიოველი აქვს, მაშინ უიმედოა თქვენი სიყვარული და ნებისმიერი ქმედება, რადგან მასში ვერ შეაღწევს ვერანაირი სურვილი, რომელიც თქვენგან მის მიმართ გაედინება. პირიქით, ის სურვილები და ფიქრები, ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ და ფსიქიკას დაგინგრევთ, ნერვულ სისტემას მოგიშლით და, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ, მტერს და ავს.
– როდესაც ორ ადამიანს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვარს და უცბად, მიზეზების გარეშე, ერთ-ერთი მათგანის გრძნობები ცივდება, რა უნდა ვივარაუდოთ ამ დროს? ამას როგორ ახსნით?
– თუ უეცრად იგრძნობთ, რომ თქვენი შეყვარებული ან მეუღლე, რომელიც ხელისგულზე გატარებდათ, უეცრად შეიცვალა და მისი გრძნობები თქვენ მიმართ გაცივდა, ორი აზრი არ არსებობს – ის ნეგატიური ზემოქმედების მსხვერპლია. ზოგადად, ურთიერთობებში კარგად უნდა დააკვირდეთ მოვლენების განვითარებას და თავადაც მიხვდებით, გრძნობები როდის მიჰყვება დინებას და როდის იბლოკება. არ გირჩევთ, მამაკაცის ძალით, მჩხიბავების დახმარებით, დაბმა-შებმას – არც თქვენთვის იქნება ეს კარგის მომტანი და არც მისთვის. ხელოვნურად ჩარევას და მკითხავების დახმარებით სიყვარულის პოვნას, ჯობია, ქვეცნობიერის კარნახს დაუგდოთ ყური და დაელოდოთ, როდის ინებებს ზეციერი თქვენთვის სასურველ პიროვნებასთან შეხვედრას და მასთან ბედის დაკავშირებას. ეს, რომანტიკული და გაცილებით უსაფრთხო, „გემრიელი“ სიყვარულია, ვიდრე ხელოვნურად გამოწვეული.