კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული ნისიად

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N4-10(741)

– გენოს ასეთ ტიპად ჩამოყალიბებას, ჩემი აზრით, სხვა მიზეზი უნდა ჰქონდეს... – თითქოს რაღაცას მიხვდა, ისეთი სახით თქვა ვერიკომ.

– მაინც, რა სხვა მიზეზი?

– ასეთი ეგოისტი, დესპოტი, შურისმაძიებელი და ნარცისი ტიპები, იცი, როგორი ბიჭები ხდებიან?

– ძალიან განებივრებული და გაზულუქებული?

– პირიქით, ისინი, რომლებსაც მთელი ბავშვობისა და მოზარდობის პერიოდში დასცინოდნენ, მასხრად იგდებდნენ და არ ეძმაკაცებოდნენ თანატოლი ბიჭები; რომლებსაც ხელს ჰკრავდნენ და ახლოს არ იკარებდნენ გოგოები, ყველაზე შეუხედავები და არაპოპულარულებიც კი...

– რატომ?

– არ ვიცი, შეიძლება იმიტომ, რომ ძალიან მსუქანი იყო; ან, დავალებას არ აწერინებდა ბავშვებს; ან, სულაც, მასწავლებლებთან აბეზღებდა; შეიძლება, მშობლებთანაც მიჰქონდა ენა... არ არის გამორიცხული, რომ ოჯახის წევრებსაც არ ეცალათ მისთვის და არ ედარდებოდათ მისი განცდები – მოკლედ, მიზეზი უამრავი არსებობს და, თუ მართლა ასეთი ბავშვობა ჰქონდა, შედეგიც სახეზეა: კაცმა არ იცის, რა გზებით დააგროვა ამხელა ქონება და, რადგან თვითონაც გრძნობს, რომ სხვა უპირატესობა ვერასდროს და ვერავისთან ექნება, თავისი სიმდიდრით ცდილობს „მაგარი კაცის“ იმიჯის შექმნას, რასაც, სამწუხაროდ, ხშირად ახერხებს კიდეც, სინამდვილეში კი ბოღმა და არასანდო კაცია, თან – საშიშიც.

– საშიში რატომღაა?

– იმიტომ, რომ, თუ თავისი ვერ გაიტანა, ყველაფერს იკადრებს, რომ დაგაჩოქოს და დაგიმორჩილოს, და თუ მაინც ვერ შეძლებს ამის გაკეთებას, შენს განადგურებასაც არ მოერიდება.

– რას ამბობ! ვერაფრით ვერ დავიჯერებ, რომ კაცის მოკვლა შეუძლია! – აღშფოთდა თეა.

– არა, მოკვლა არ მიგულისხმია – ამისვის გამბედაობა არ ეყოფა, რადგან, ძალიან მხდალი ადამიანია; მორალური განადგურება ვიგულისხმე.

– მაგალითად?

– მაგალითად, ავტორიტეტის შებღალვა, სახელის გატეხა, მეგობრების ან შეყვარებულების ერთმანეთზე გადაკიდება...

– ერთი რამე ვერ გამიგია, ჩემო კარგო, – ცოტა ნიშნისმოგებით უთხრა თეამ ვერიკოს, – შენს დირექტორზე, კაცზე, რომელიც რაღაც გაგებით გეარშიყება კიდეც, ასეთ საშინელებებს ფიქრობ და, ამის მიუხედავად, უღიმი და ზოგჯერ თვალებსაც უჟუჟუნებ?

– ამ ყველაფერს აქამდე არ ვფიქრობდი, მხოლოდ ახლა, შენთან საუბრისას, ჩემდაუნებურად ჩამოვაყალიბე ეგრეთ წოდებულ თეზისებად ის, რაც ამდენ ხანს ქაოსს ქმნიდა ჩემს გონებაში... თვალებს კი ნამდვილად არ ვუჟუჟუნებ, უბრალოდ, ვცდილობ, თავაზიანი ვიყო...

– და, დავიჯერო, არ გსიამოვნებს მისი ყურადღება? ოღონდ, სიმართლე მითხარი.

– კარგი, ბოლომდე გულწრფელი ვიქნები: რაღაც გაგებით, სამწუხაროდ, მსიამოვნებს...

– რა გაგებით? – ცოტა გაღიზიანდა თეა.

– ელემენტარული ქალური გაგებით: ყველა ქალს სიამოვნებს მამაკაცის ყურადღება – მეტი არაფერი.

– ვერ გავიგე, რას ამბობ.

– რას და, ზოგადად, ყველა ქალს სიამოვნებს, როცა მის მიმართ ყურადღებას იჩენს თუნდაც მისთვის არასასურველი თუ ნაკლებად მოსაწონი მამაკაცი, მაგრამ, თუ ეს ყურადღება დასაშვებ ზღვარს გადასცდა, ან, როგორ ვთქვა... თუკი ვულგარული ფორმა მიიღო, თუ ეს ქალი საკუთარი ღირსების პატივისმცემელია, ასეთი არშიყობა, კავალრობა თუ ფლირტი უკვე გამაღიზიანებელი და მიუღებელი ხდება.

– გენოსნაირი კაცისგანაც კი?

– ჰო, გენოსნაირი კაცისგანაც. 

– ძალიან არაორდინარული გოგო ხარ, საინტერესოა შენთან ურთიერთობა და მეგობრობა, გულწრფელად გეუბნები. გინდა, მართლა ვიმეგობროთ?

– მინდა, – გაეცინა ვერიკოს, – შენნაირ მეგობრებზე ოცნებობენ გოგოები.

– არც ისეთი კარგი ვარ, როგორიც გგონივარ, თუმცა, მეგობრობა ნამდვილად შემიძლია.

– ეჭვიც არ მეპარება, – თქვა ვერიკომ და უცებ იგრძნო, რომ თეაზე ახლობელი ადამიანი არასდროს ჰყოლია, – შენი მთავარი ღირსება კი ის არის, რომ ძალიან ალალი და გულწრფელი ხარ, „კაი ტიპშას“ არ თამაშობ და, კიდევ, ასე მგონია, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ხარ.

– ახლა, ნუ ამიჩუყე გული, თორემ, ავტირდები, – თეას მართლა ცრემლი მოადგა თვალებზე და თან აშკარად ეტყობოდა, რომ ვერიკოს სიტყვები ესიამოვნა, მაგრამ სახე უცებ დაუნაღვლიანდა, – ეს ყველაფერი კარგია მოსასმენად და კიდევ უკეთესია, თუ მართლა ასე ფიქრობ...

– ეჭვი შეგეპარა ჩემს გულწრფელობაში? – ეწყინა ვერიკოს.

– იცი, რაშია საქმე? – თეა რამდენიმე წამს ჩაფიქრდა და სივრცეს მიაშტერდა, – შენ მე კარგად არ მიცნობ, უფრო სწორად, საერთოდ არ მიცნობ და ამიტომ გგონია, რომ კარგი გოგო ვარ... ყველაფერი რომ იცოდე ჩემ შესახებ, შეიძლება, აბსოლუტურად საწინააღმდეგოდ შეგეცვალოს აზრი.

 – გამორიცხულია, – ისე კატეგორიულად თქვა ვერიკომ, რომ თეას გაეცინა, მერე საათს დახედა და წამოდგა, – ჩვენი შესვენება დამთავრდა. წავიდეთ, თორემ, ბატონი ნარცისი დღეს ვერ გახლავთ გუნებაზე და, შეიძლება, საყვედური მივიღოთ, მე კი ვერ ვიტან საყვედურებს.

– წავიდეთ, – წამოდგა ვერიკოც ად გოგოები გასასვლელისკენ გაემართნენ.

– გინდა, ამ საღამოს სადმე დავსხდეთ? – შესთავაზა უცბად თეამ, – ან, არა, ჯობია, ჩემთან მოდი, დღეს არავის ველოდები და გულის წასვლამდე ვიჭორაოთ; თუ გინდა, ღამითაც დარჩი, ძალიან ბევრი რამ მაქვს მოსაყოლი.

– მართლა? რაზე? – დაინტერესდა ვერიკო.

– ბევრ რამეზე და ეს ბევრი რამე ძირითადად ისევ მე მეხება. ანუ, მინდა, საკუთარი თავი გაგაცნო.

– კარგი, მოვალ, მაგრამ, დავრჩები თუ არა, არ ვიცი, დედაჩემს უნდა შევუთანხმდე.

– პატარა ბავშვივით ხარ ამხელა ქალი, – სიცილი აუტყდა თეას.

– რა ვქნა, ასეთი ვარ, – გაწითლდა ვერიკო, – და ეს სულ დედაჩემის ბრალია.

– რა არის დედათქვენის ბრალი? – იკითხა უცბად ნაცნობმა ხმამ და გოგოებმა გაღიმებული ილია დაინახეს, – როგორ არიან ჩვენი ფირმის მშვენება ქალბატონები? ნება მიბოძეთ, ხელზე გეამბოროთ...

თეამ შემწყნარებლურად გაუღიმა და ჩაუარა, ვერიკოს კი აშკარად გაუხარდა ილოს დანახვა და სიცილით გაუწოდა ხელი.

– დღეს ბედნიერი დღე გამითენდა, რადგან თქვენი ღიმილი და კეთილგანწყობა დავიმსახურე.

– რა საყვარელი ბიჭი ხარ, – გადაიკისკისა ვერიკომ.

– მართლა ასე ფიქრობ? – უცებ დასერიოზულდა ილია და პასუხის მოლოდინში თვალებში შეაჩერდა.

კაცის სერიოზულმა ტონმა ვერიკო შეაცბუნა და ისე დააბნია, ხმის ამოღება ვეღარ მოახერხა და გაწითლდა.

– მართლა ასე ფიქრობ? – ჩუმად გაუმეორა შეკითხვა ილიამ ისე, რომ თვალი არ მოუშორებია.

– ჰო, – ჩუმადვე უპასუხა ვერიკომ და სასწრაფოდ გაეცალა.

 თეა იქვე ელოდებოდა, რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით; ვერიკოს უკმაყოფილო ღიმილით შეხვდა და გაკვირვებულმა ჰკითხა:

– შენ რა, ეს მონტიორი მოგწონს?

– არ ვიცი, მგონი, ჰო, – უპასუხა დაბნეულმა ვერიკომ და ისევ გაწითლდა.

– მოკლედ, ახლა აღარაფერს გეტყვი, საღამოს ჩემთან რომ მოხვალ, დანარჩენს იქ დაგელაპარაკები, – ხუმრობანარევი დატუქსვით უთხრა თეამ და თავისი კაბინეტისკენ გაემართა, – რვისთვის გელოდები.

***

– რას ფაციფუცობ? – ჰკითხა გაკვირვებულმა მეგიმ შვილს, სახლში რომ შევიდა.

– სად იყავი, დედა? ლამის გული გამისკდა შიშისგან, რომ არ დამხვდი. მობილურიც დაგიტოვებია. ხომ გთხოვე, ტელეფონი ყოველთვის თან იქონიე-მეთქი?

– შოთიკოსთან ვიყავით გოგოები. ცოტა ხნით გადავედი და ამდენ ხანს შემოვრჩი.

– ეგ შოთიკო, მგონი, ცუდად გეკურკურება, – გაეხუმრა ვერიკო დედას.

– შენც შეამჩნიე, ხომ? – გაწითლდა ქალი, – არადა, რომ ჰკითხო, ყველას ერთნაირად გვექცევა.

– თუ მოსწონხარ, რას გიმალავს, პატარა ბიჭია? – ვერიკო აშკარად გაამხიარულა ამ ახალმა ინფორმაციამ.

– ისე, სხვათა შორის, ცნობისთვის, მე კიდევ ბევრ მამაკაცს მოვწონვარ, – ამაყად თქვა ქალმა, – ერთი მამაშენს ვერ მოვაწონე თავი, თორემ...

ვერიკომ იგრძნო, როგორი სევდა და ტკივილი გაურია დედამისმა ამ ვითომ ხუმრობით ნათქვამ წინადადებაში და გული მოეწურა. 

– ეგ მამაჩემმა იდარდოს, მეტი ჭკუა რომ არ აღმოაჩნდა; ჩემი დედიკო კი, თუ მოინდომებს, კიდევ ბევრ ვაჟკაცს დაუყენებს თვალს. მართლაც დედოფალივით ქალი ხარ.

–– თორე არა, აი! – ხუმრობით დაიქადნა ქალმა და წაიღიღინა: – მე საქართველოს დედოფლობა დამმშვენდებოდა!.. – მერე კი უცებ დადარაჯებით ჰკითხა: – მოიცა, მოიცა, ქალბატონო...

– რა იყო, დედა? – გაოცებით გახედა ვერიკომ.

– რატომ მემლიქვნელები, რამე გინდა ჩემგან?

– რატომ გემლიქვნელები? მართლა მაგარი ქალი ხარ, გამიკვირდებოდა კიდეც, კაცებს რომ არ მოსწონდე და, საერთოდ, ასეც არ შეიძლება, დედა, შენ შენი ცხოვრება გაქვს და შენს თავს უნდა მიხედო. შვილიც კარგია და შვილიშვილიც, მაგრამ, არსებობს პირადი ცხოვრებაც...

– ამით რისი თქმა გინდა, რამე რომ იყოს და ვინმემ ხელი მთხოვოს, არ იქნები წინააღმდეგი? – თვალები შუბლზე აუვიდა მეგის.

– რა თქმა უნდა, არა, – მაშინვე დაეთანხმა შვილი, – უფრო მეტსაც გეტყვი: შენისთანა ქალს ქმარი თუ არა, მეგობარი მაინც უნდა ჰყავდეს.

– შენ რა, მართლა ასე ფიქრობ?

– ჰო, დედიკო, ასე ვფიქრობ, რატომ გიკვირს?

– იმიტომ, რომ აქამდე სხვა აზრი გქონდა მორალზე.

– დედა, მეორედ გათხოვება ან ერთი მეგობრის ყოლა სულაც არ არის ამორალობა; სხვათა შორის, არც შვილის გაჩენა.

– უქმროდ?! – შეიცხადა მეგიმ.

– ჰო, უქმროდ. რატომ არ უნდა გახდეს ქალი დედა, თუკი, რა თქმა უნდა, ამის სურვილი აქვს; მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცასთან ხელი არ მოაწერა?!

– დედა, ეს რა მესმის! – ისევ შეიცხადა მეგიმ, – როდის აქეთ გიტრიალებს ასეთი აზრები თავში? – მერე ცოტა ხანს გაჩუმდა და თვითონვე გასცა პასუხი თავის კითხვას: – ვიცი, როდიდანაც! იმ დღიდან, რაც იმ ჩვიდმეტჯერ განათხოვარ გოგოსთან დაიწყე მეგობრობა.

– სამჯერ განათხოვართან, დედა! თანაც, თეა აბსოლუტურად არაფერ შუაშია, მე ყოველთვის ასე ვფიქრობდი, უბრალოდ, არასდროს მითქვამს ეს ხმამაღლა.

– სამჯერ თუ ჩვიდმეტჯერ, მნიშვნელობა აღარ აქვს. ქალი სამი კაციდან ვერცერთს რომ ვერ შეეგუება და გაეყრება, ამას ამორალობა ჰქვია!

– სულაც არ არის ეს ამორალობა. თეა ძალიან წესიერი ადამიანია, უბრალოდ, კაცების არჩევა არ გამოსდის თუ არ ეხერხება. რა მისი ბრალია, სამივე ნაძირალა რომ აღმოჩნდა?

– რა უნდა გელაპარაკო! – გაბრაზებულმა მეგიმ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა, – აი, ხომ ხედავ, თავის დანებებას ვაპირებდი და, ისე გამანერვიულე, რომ ისევ ვეწევი!

– კარგი, დედიკო, დაწყნარდი, რა! რა ვთქვი ასეთი?

– სად მიდიხარ? – ცნობისმოყვარედ ჰკითხა მეგიმ და ამით მიახვედრა, რომ მორალის თემაზე ლაპარაკი აღარ სურდა.

– თეასთან. ღამითაც იქ დავრჩები.

– შენ სულ გაგიჟდი? – ხელახლა იფეთქა ქალმა, – რა უნდა გასათხოვარ ქალს ღამით სხვასთან, რას იტყვის ხალხი?

– დედა, ნუ გამაგიჟე! ოცდათვრამეტი წლის ვარ და, უნდა გიხაროდეს, სადმე თუ წავალ.

– შენ რომ კაცმა გკითხოს, ისიც უნდა გამიხარდეს, ვინმესთან ერთად რომ გაიპარო! – არ ცხრებოდა მეგი.

– კარგი, რა, დედა! მე აწი ძილში ნუ გავიპარები, – სიცილი აუტყდა ვერიკოს.

– გაგიქრეს ეგ ენა! როგორ მიშლი ნერვებს, სულ არ გეცოდები, – კრუსუნზე გადავიდა ქალი, – ამ საღამოს შოთიკომ დამპატიჟა რესტორანში, მაგრამ, შენ გამო აღარ წავალ.

– არ წახვალ და ძალიან მაწყენინებ, იცოდე!

– გინდა, რომ წავიდე? – გამომცდელად ჰკითხა მეგიმ და დამნაშავე ბავშვივით შეხედა.

– რა თქმა უნდა, მინდა, ოღონდ, კარგად გამოიპრანჭე, იცოდე. გინდა, მოგეხმარო?

– როგორმე თვითონაც მოვახერხებ, – ქალური სიამაყით უპასუხა დედამ, – შენ შენს თავს მიეხმარე და ცოტა ახალგაზრდულად ჩაცმულმა იარე.

– ესე იგი, აღარ მიბრაზდები? – გაუხარდა ვერიკოს და ჩაეხუტა.

– გადამიარა, – ქალი თვითონაც მოეფერა შვილს და მერე დიდსულოვნად უთხრა: – კარგი, თუ გინდა, ღამითაც დარჩი თეასთან, ოღონდ, წესიერად მოიქეცით იცოდე!

ამ სიტყვებზე ვერიკოს ისეთი სიცილი აუტყდა, ძლივს მოითქვა სული.

– რა გაცინებს, რა ვთქვი სასაცილო?

– არაფერი, ჩემო დედიკო, უბრალოდ, კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენო: მე ახლა იმ ასაკში ვარ, ჩემი ცუდი საქციელი უფრო უნდა გიხაროდეს.

– სულ მთლად გაგიჟდა ეს ბავშვი! – იყვირა მეგიმ და მერე შვილს დაუტატანა: – წადი, თუ მიდიხარ, თორემ, მართლა საბოლოოდ გამაგიჟებ და იარე მერე ყოველდღე ასათიანზე!

– ასათიანზე დაწოლის იმედი მაინცდამაინც ნუ გექნება, დედიკო, მგონი, გაუქმდა ფსიქიატრიული, ამიტომ, ჯობია, ნერვებს გაუფრთხილდე, – გაეხუმრა ვერიკო და დედას ლოყაზე აკოცა.

– მით უარესი შენთვის, მაშინ, სახლში მოგიწევს გიჟის მოვლა, – უკვე შერბილებული ხმით უთხრა მეგიმ და მერე აღშფოთებულმა დაამატა: – კი მაგრამ, რატომ დახურეს? ახლა რომაა, იმდენი გარეკილი, გიჟი და გადარეული არასდროს ყოფილა საქართველოში და რას უპირებენ ამ ხალხს?

– ახლა, ქალბატონო მეგი, გარეკილობა ორიგინალობად ითვლება და, რაც უფრო მეტად და მრავალმხრივ გარეკილი ხარ, მით უფრო მალე გაგიცნობს ხალხი.

 – ორიგინალობა, სულ მცირე, განსხვავებულობას, განუმეორებლობას ნიშნავს და, ყველა ერთიანად თუ გავგიჟდით, რანაირადღა იქნებიან ორიგინალურები? მე თუ მკითხავ, ორიგინალური ახლა ის არის, ვინც ნორმალური დარჩა.

– ერთიანად კი გავგიჟდით, მაგრამ, სხვადასხვანაირად გავგიჟდით – აი, სად მარხია ძაღლის თავი, – პათეტიკურად თქვა ვერიკომ, საჩვენებელი თითი ზემოთ ასწია და უცებ ისეთი შთაგონებულ-ჩაფიქრებული სახე მიიღო, მეგის გული გადაუქანდა:

– ვაიმე, მგონი, დავიღუპე!

– რა მოხდა, დედა? – ვერიკომ ხელი ჩამოსწია და ქალს გაოცებით შეხედა.

– შენც, დედა? – ლოყაზე ხელი შემოიდო მეგიმ.

– მეგი, შენ ახლა ასე უნდა გეკითხა: „შენც, ბრუტუს?“

– გაგაბრუტუსებ მე შენ, შე პატარა მაიმუნო ბავშვო! ნუ მიხეთქავ გულს, თორემ მართლა რამე დამემართება, იცოდე!

– გვეყოფა ლაპარაკი, დამაგვიანდა. ხვალ საღამოს არსად მივდივარ და რამდენიც გინდა, ვილაპარაკოთ.

– სხვათა შორის, ამ რამდენიმე დღის წინათაც დავთქვით, მაგრამ, ჩემთვის არასდროს გცალია.

– ხვალ საღამოს-მეთქი, გპირდები. შენ წახვალ შოთიკოსთან ერთად?

– არ ვიცი. კარგი კაცია, მაგრამ, რაღაცნაირად, ნერვებს მიშლის. თან, მამაშენის ყოფილი მეგობარია და... მეგიმ შესაფერისი სიტყვა ვერ მოძებნა და უხერხულად გაჩუმდა.

– გიტყდება? – წაეხმარა ვერიკო სიცილით.

– ჰო, – დაეთანხმა მეგი და გაწითლდა, – მოკლედ, არაა ჩემი სტილი თინეიჯერივით ამჩატება და აქეთ-იქით ტრაშუნი.

– რა ვიცი, დედა, როგორც შენ გინდა, მაგრამ, ისე გასეირნება და თეატრში ან რესტორანში წასვლა, ნამდვილად არ იქნება შენთვის ცუდი.

– გეუბნები, იმ გოგომ შეგცვალა, მთლად გადაგიბრუნა ტვინი და ზედმეტად თამამი ლაპარაკი გასწავლა. თუმცა, ახლა რომ ვუფიქრდები, მგონი, სულაც არ არის ეს ცუდი. ის კი არა, ნეტავი ათი-თხუთმეტი წლის წინ შეგხვედროდა და ცოტა გამოეფხიზლებინე, – მეგიმ დანანებით ჩაიქნია ხელი და სამზარეულოსკენ გასწია, მერე შუა გზაში გაჩერდა, შვილისკენ მიბრუნდა და სევდიანი სერიოზულობით უთხრა: – თუ გათხოვებას არ აპირებ, ბავშვი მაინც გააჩინე ვინმე ნორმალური კაცისგან, ან საყვარელი გაიჩინე, იქნებ მერე დაქორწინდეთ კიდეც.

– მე კი არა, შენ შეგცვალა ვიღაცამ დედიკო. რას მეუბნები, უსიყვარულოდ დავწვე კაცთან იმ იმედით, რომ იქნებ, მერე იკადროს და ცოლად შემირთოს?

– რატომ უსიყვარულოდ? შეიყვარე ვინმე და ისე...

– მერე, შენი აზრით, რა ერქმევა ასეთ საქციელს?

– რა ერქმევა და, სიყვარული ნისიად, – გადაწყვეტით თქვა მეგიმ და სამზარეულოში შეიკეტა.

ვერიკო ისე გააოგნა დედის ასეთმა სწრაფმა მეტამორფოზამ, რომ რამდენიმე წუთი გაქვავებული იდგა ჰოლში და გაშტერებით შესცქეროდა სამზარეულოს კარს, მაგრამ მეგი აღარ გამოსულა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3