კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-10(741) 

ჯამალი და ჯალალი მეტრო „ისანთან,” პატარა სკვერში შეხვდნენ ერთმანეთს. მოხუცების გრიმებითა და პარიკებით შენიღბულებს ჯიბეში თურქეთის მოქალაქეების პასპორტები ეწყოთ. წინასწარი შეთანხმებისამებრ, ბადალოვის ხალხს უნდა გამოევლო და ისინი თავიანთ მეთაურთან წაეყვანა. გეგმის მიხედვით, ჯამალს ჟურნალი „თბილისელები“ უნდა სჭეროდა ხელში, ყრუ-მუნჯის როლი ეთამაშა და გვერდით სიგარეტ „მარლბოროს“ შავი კოლოფი სდებოდა; ჯალალი კი, ასევე ჟურნალ „თბილისელებით“ ხელში, ოციოდე მეტრის მოშორებით უნდა მდგარიყო და, საჭიროების შემთხვევაში, მასაც ყრუ-მუნჯად გაესაღებინა თავი. ბადალოვის მეკავშირე ჯამალს უნდა მისჯდომოდა გვერდით. მასაც შავი „მარლბორო“ გაებოლებინა და რუსულად ეთქვა პაროლი: „ბაბუა, ტაქსი ხომ არ გჭირდებათ?” ჯამალს კი უნდა ეპასუხა: „მთავარია, კარგად დადიოდეს და კერძო მანქანითაც ვიმგზავრებ”... შემდეგ მეკავშირე და ჯამალი ერთად უნდა წასულიყვნენ. ჯალალი მათ ათიოდე მეტრის დაშორებით უნდა გაჰყოლოდა და მანქანაში შეკრებილიყვნენ.

ავღანელმა ემისრებმა საწყისი პოზიციები რომ დაიკავეს, თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ ყველანი შავ „მერსედესში“ ისხდნენ. ჯამალისა და ჯალალის გარდა, მანქანაში კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა. მეკავშირე უკანა სავარძელზე მოკალათდა. მძღოლის გვერდით მჯდარი, ოცდაათიოდე წლის მამაკაცი კი „მოხუცებს“ მოუტრიალდა და ჯალალს რუსულად ჰკითხა:

– კარგად დააკვირდით? სუფთად, „უკუდოდ” მოხვედით?

ჯალალს გაეღიმა, ხელები გაასავსავა და მიახვედრა, რომ ვერაფერი გაიგო.

– მაგან რუსული არ იცის, – თქვა ჯამალმა და დაამატა: – სუფთად მოვედით, არ ინერვიულოთ.

– ეს თქვენ არ ინერვიულოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს სანერვიულო, – ცინიკურად მიუგო ჯამალს წინ მჯდომმა. შებრუნდა და მძღოლს ქართულად უთხრა: – წავედით. ამათი დედაც... ჩემი ნება რომ იყოს, ორივეს თავებს მოვაჭრიდი და მდინარეში გადავყრიდი.

ჯაბამ წინ მჯდომის სიტყვები რომ გაიგონა, გულში გაეცინა და გაიფიქრა: „თავებს იქით დაგაჭრიდით, მაგრამ, არ შეიძლება. მართლა თქვენი დედაც”...

– ჯამალ, ეს კაცი რაღაც გაბრაზებული ლაპარაკობს. რაო, რა თქვა? – ჰკითხა ჯალალმა ჯამალს ავღანურად, პუშტუნურ დიალექტზე.

– მძღოლს რა უთხრა, არ ვიცი, არ მესმის ადგილობრივი ენა. მე კი მითხრა, არაფრის გვეშინიაო, – ჩაეცინა ჯამალს, – ძალიან თავდაჯერებულად იქცევიან. ალბათ, ჩვენი დათრგუნვა უნდათ.

– სულელები. არ იციან, ვისთან აქვთ საქმე, – თქვა ჯალალმა და მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია.

ოციოდე წუთის შემდეგ „მერსედესი“ ზემო ფონიჭალის ერთ-ერთ კორპუსთან გაჩერდა. უკვე შებინდებული იყო, მანქანის მგზავრები პირველ სართულზე მდებარე ოთხოთახიან ბინაში რომ შევიდნენ. იქ კიდევ სამი ადამიანი იმყოფებოდა: უსან ბადალოვი სავარძელში იყო მოკალათებული, ორი პირადი მცველი კი აქეთ-იქიდან ედგა მას და სტუმრებს მგლური თვალებით უმზერდა.

***

– ეგ ჩანაწერი დამიტოვე. ყოჩაღ. წადი და ფრთხილად იყავით. ასე განაგრძეთ, – უთხრა მერაბ გამრეკელმა თავის თანამშრომელს, მინი-ვიდეოკასეტა გამოართვა და, კაბინეტიდან რომ გაისტუმრა, ვაჟა ზვიადაურს მობილურზე დაურეკა.

– გისმენთ, ბატონო მერაბ, – უპასუხა ზვიადაურმა.

– მალე მოხვალ?

– აქ ვარ. მანქანას გავაჩერებ და ამოვალ, – მიუგო გამრეკელს ზვიადაურმა. ორიოდე წუთის შემდეგ კი კაბინეტის კარი შეაღო და ჰკითხა:

– ხომ მშვიდობაა, ბატონო მერაბ?

– აი, – გამრეკელმა კასეტა დაანახვა ზვიადაურს, – ბადალოვი ჩამობრძანდა თბილისში და ვიღაცეებს კონსპირაციულ ბინაში შეხვდა.

– ვის?

– ჯერ არც მე მინახავს. გუშინ ბადალოვის ბოევიკები ვიღაც ორ მოხუცს შეხვდნენ ისანში და ისინი ფონიჭალაში, კონსპირაციულ ბინაში მიიყვანეს. ის კასეტა ბიჭებს აქვთ. ჯერ კიდევ კუდზე ასხედან და უთვალთვალებენ, – გამრეკელმა გააბოლა და დაამატა: – ეს კასეტა კი ნოდარმა მოიტანა წეღან. ის და მისი ბიჭები „აძოვებდნენ“ ბადალოვს პანკისიდან თბილისამდე და, მეორე ჯგუფი ფონიჭალაში რომ მიჰყვა იმ მოხუცებს, ნოდარის ჯგუფი დასასვენებლად გაემართა. მოდი, ვნახოთ.

– ვნახოთ.

გამრეკელმა კასეტა ჩართო. ფირზე ბადალოვის პანკისიდან გამოსვლისა და კონსპირაციულ ბინაში მისვლის, აგრეთვე „მოხუცების“ მომენტები იყო გადაღებული. შემდეგ კი ფირი წყდებოდა, რადგან დანარჩენი კადრები მოთვალთვალეთა მეორე ჯგუფის მიერ გადაღებულ კასეტაზე იყო ჩაწერილი.

– აი, ამ მოხუცებს ელოდებოდა, ალბათ, ბადალოვი, – უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს, როდესაც კადრში მანქანიდან გადმოსული ჯამალი და ჯალალი გამოჩნდნენ, ცოტა ხანში კი ჩანაწერი შეწყდა.

– ბატონო მერაბ, კადრი დააბრუნეთ. აი, ის, მოხუცები „მერსედესიდან“ რომ გადმოდიან, – უთხრა გამრეკელს ზვიადაურმა და ემოცია ძლივს შეიკავა.

– ვინმე ნაცნობია?

– ჯერ არ ვიცი, კარგად უნდა დავაკვირდე.

გამრეკელმა კადრი უკან დააბრუნა. ზვიადაურის მითითებით გააჩერა და ისევ ჰკითხა:

– იცანი ვინმე?

სტოპ-კადრზე, ზურგიდან, ნაცნობი სხეული იყო დაფიქსირებული. მართალია, სახე არ ჩანდა, მაგრამ ზვიადაურმა მასში ჯაბა ამოიცნო, თუმცა, ეს არ გაუმხელია და გამრეკელს უთხრა:

– ბატონო მერაბ, ამ მოხუცებისა და ბადალოვის ხალხის შეხვედრის კადრები ვის აქვს?

– თემურის ბიჭებს. რა იყო, მოხდა რამე?

– ბატონო მერაბ, სასწრაფოდ მჭირდება ეგ ჩანაწერი.

– ახლა ისინი ამ მოხუცებს უთვალთვალებენ. ტელეფონები გამორთული ექნებათ და ვერ დავუკავშირდები, – თქვა გამრეკელმა, – თუმცა, მოიცა, ნოდარი მათ შესაცვლელად გაემართა და დავურეკავ.

გამრეკელმა მობილურზე ნომერი აკრიფა.

– გისმენთ, ბატონო მერაბ, – უპასუხა ნოდარმა.

– გზაში ხარ, ნოდარ?

– დიახ. ხუთ წუთში მივალთ და ბიჭებს შევცვლით.

– ნოდარ, თემურს უთხარი, რომ სასწრაფოდ ჩანაწერი მოიტანონ ოფისში.

– კარგი.

– რაც შეიძლება სწრაფად, ველოდებით! – მიუგო გამრეკელმა. ტელეფონი გათიშა და ზვიადაურს მიუბრუნდა:

– აღარ იტყვი, კაცო, რა ხდება?

– მაპატიეთ, ბატონო მერაბ, მაგრამ, ჯერ ჩანაწერი უნდა ვნახო, – უთხრა ზვიადაურმა გამრეკელს და გააბოლა.

ერთი საათიც არ იყო გასული, თემურმა კასეტა რომ მოიტანა და უფროსებს უთხრა:

– აი, ინებეთ.

– თემურ, ძალიან გეძინება? – ჰკითხა  თემურს ზვიადაურმა.

– არა, ბატონო ვაჟა.

– მაშინ, ცოტა ხანს დაგველოდე.

– კარგი, დასასვენებელ ოთახში ვიქნები და დამიძახეთ.

თემური რომ გავიდა, გაოცებულმა გამრეკელმა ჩანაწერი ჩართო და უხმოდ მოკალათდა სავარძელში. ერთი წუთიც არ იყო გასული, რომ ზვიადაურმა კადრი გააჩერა და თქვა:

– ისაა... არ შევმცდარვარ.

– ვინ ის, კაცო, აღარ იტყვი? – ჰკითხა გამრეკელმა ზვიადაურს.

ვაჟამ ფეხზე მდგარი. „მოხუცის“ სხეულს თითი მიადო და გამრეკელს უთხრა:

– ეს ჯაბაა.

– ვინ ჯაბა? – ვერ მიხვდა გამრეკელი.

– ჩემი ჯაბა, ბატონო მერაბ.

– რას ამბობ, კაცო, ეს მოხუცი შენი შვილია?

ზვიადაურმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო გამრეკელს და ბოლოს უთხრა:

– ბოდიში, ბატონო მერაბ, მაგრამ ჯაბამ მითხრა, არავის უთხრაო და მეც ამიტომ გავჩუმდი. გუშინდელს მერე ნინოს ცრემლი არ შეშრობია თვალებზე, მთელი ღამე ტირილში გაათენა.

– მდაა... აი, სიურპრიზი, თუ გინდა! საიდან – სადაო? – თქვა გამრეკელმა და ზვიადაურს ჰკითხა: – მაინც, რას ფიქრობ? 

– როგორც ჩანს, ძალიან საიდუმლო ოპერაციაში მონაწილეობს. ხომ გითხარით, ასე მითხრა, ჩემმა უფროსებმა რომ გაიგონ, დაგეკონტაქტეთ, სამსახურიდან გამომაგდებენო.

– რას აპირებ?

– რას გულისხმობთ?

– ჯაბას ნახვას.

– რომ გაიშიფროს? ჩვენ ხომ არ ვიცით, მისი მეწყვილე ვინაა ან ვინ რა დავალებას ასრულებს?

– ჩვენი ბიჭები არა მხოლოდ ფირზე იღებენ, მათ საუბარსაც ისმენენ. აუდიოჩანაწერს თვალთვალის დასრულებამდე ვერ მოგვასმენინებენ, ამიტომ, თემურს დავუძახოთ, იქნებ მან იცის რამე.

– სწორედ ამიტომ ვთხოვე მას დარჩენა, – თქვა ზვიადაურმა. გამრეკელმა კი თემურს დაურეკა და კაბინეტში მისვლა სთხოვა.

– დიახ, ბატონო მერაბ, გისმენთ, – თქვა თემურმა.

– თემურ, – ზვიადაურმა სტოპ-კადრზე მიუთითა თემურს და ჰკითხა, – მოხუცების საუბარი თუ მოისმინე?

– დიახ. ისინი ავღანურად საუბრობდნენ ერთმანეთში, ბადალოვს კი რუსულად ელაპარაკებოდნენ, – მიუგო თემურმა.

– ავღანურს მერე ვათარგმნინებთ. რუსულად რას ამბობდნენ?

– თუ გნებავთ, ავღანურის შინაარსსაც გეტყვით – მე ხომ იქ ვარ ნამყოფი და პუშტუნური დიალექტი კარგად მესმის.

– მართლა? აბა, რას ლაპარაკობდნენ ისინი ერთმანეთში?

თემურმა სტოპ-კადრისკენ გაიშვირა ხელი და ზვიადაურს უთხრა:

– ამ მოხუცს ჯამალი ჰქვია. ამას კი – ჯალალი. მაგრამ, მეეჭვება, რომ მოხუცები არიან.

ზვიადაურს გულში გაეცინა, თემურს კი უთხრა:

– რატომ ფიქრობ ასე?

– ლაპარაკზე ეტყობათ, ბატონო ვაჟა.

– რაო, რას ლაპარაკობდნენ?

– სხვათა შორის, ბევრს და მნიშვნელოვანს – არაფერს. აი, ეს მოხუცი, – თემურმა კვლავ მონიტორისკენ გაიშვირა ხელი, – 2 საათზე ბათუმში მიემგზავრება და თურქეთში უნდა გადავიდეს; მეორე კი საღამოს 8 საათზე მიემგზავრება ბათუმში და იქიდან ისიც თურქეთში უნდა გაემგზავროს. ერთი სიტყვით, ცალ-ცალკე მიემგზავრებიან.

– გასაგებია. ბადალოვს რა ელაპარაკნენ?

– ჩეჩნებს ვიღაც ნარკობარიგები დაუხოცავთ ევროპაში, ეს მოხუცები კი საქმის მოსაგვარებლად ჩამოსულან და ბადალოვი მკაცრად გააფრთხილეს, რომ ნაგლობას თავი დაანებოს.

– ბადალოვმა რა უპასუხა?

– თქვა, რომ გაუგებრობა მოხდა და ვიღაც კლაუს ჰაშეკთან შეხვედრის მოწყობა სთხოვა. 

– მოხუცებმა რა უპასუხეს?

– შეჰირდნენ, რომ შეეცდებოდნენ ასეთი შეხვედრის ორგანიზებას – სულ ესაა, ბატონო ვაჟა.

– მოხუცები სად გაჩერდნენ?

– საბურთალოზე, სპორტის სასახლესთან რომ ახალაშენებული კორპუსია, იქ, პირველ სართულზე. ახლა იქ ნოდარის ჯგუფი მორიგეობს – უსმენენ და უთვალთვალებენ.

– თემურ, ნახევარი საათი დაისვენე, შემდეგ კი ნოდარის ჯგუფთან უნდა წამომყვე. რა ვქნა, ვიცი, რომ ძალიან დაღლილი ხარ, მაგრამ, ასე მოითხოვს საქმე.

– კარგი, ბატონო ვაჟა. მე დასასვენებელ ოთახში დავბრუნდები და, როცა დაგჭირდებით, დამიძახეთ და წავიდეთ, – უთხრა თემურმა ზვიადაურს და გავიდა.

– რას აპირებ? – ჰკითხა გამრეკელმა ზვიადაურს, როცა თემური წავიდა.

– როგორც თემურმა თქვა, ჯაბა საღამომდე რჩება იმ ბინაში და უნდა ვნახო.

– რას ეტყვი?

– თუნდაც იმას, რომ კუდზე ვასხედვართ და, თუკი ჩვენ შევძელით ეს, რატომ სხვა სხვაგან ვერ იზამს? ერთი სიტყვით, უნდა გავაფრთხილო.

– სწორია. მეც წამოვალ, –  უთხრა გამრეკელმა ზვიადაურს და თემურს უხმო.

გამრეკელი და ზვიადაური თემურის მანქანით გაემგზავრნენ სპორტის სასახლესთან. მანქანა მოშორებით გააჩერეს და ფეხით გაემართნენ უფანჯრო მიკროავტობუსისკენ, სადაც მოსასმენი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული. თემური პერიმეტრზე გაემართა, რათა ფილერები შეემოწმებინა, გამრეკელი და ზვიადაური კი ფურგონში შევიდნენ, სადაც ნოდარიც იმყოფებოდა. ის უფროსების დანახვამ გააკვირვა და გამრეკელს ჰკითხა:

– რამ შეგაწუხათ, ბატონო მერაბ, ხომ მშვიდობაა?

– ბინაში რა ხდება? – ჰკითხა გამრეკელმა ნოდარს.

– ერთ-ერთი ობიექტი ათ წუთში უნდა გამოვიდეს ბინიდან, – მიუგო ნოდარმა, – ჩვენი ბიჭები მას ქუჩაში დახვდებიან და გააცილებენ.

– რამდენი ფილერი გყავს პერიმეტრზე?

– სამი ფეხოსანი და, ოთხიც – ორი მანქანით, რომ ერთმანეთი შეცვალონ თვალთვალისას.

– კავშირი ხომ გაქვს მათთან?

– რა თქმა უნდა.

 – ასე ვქნათ: ერთ ჯგუფს უთხარი, რომ ობიექტს კუდზე დაასხდნენ და, უბრალოდ, გორამდე გააცილონ. ხოლო თუ ობიექტი უკან მობრუნებას დააპირებს, მე დამირეკონ მობილურზე.

– გასაგებია, ბატონო მერაბ.

– ახლა მეორე: ობიექტის წასვლიდან ნახევარი საათის შემდეგ ფილერი უნდა დაგვიკავშირდეს და გითხრას, სად იმყოფება ის, დანარჩენს კი მერე გეტყვი. მანამდე მეც და ვაჟაც აქ ვიქნებით.

– კარგი, ბატონო მერაბ, ახლავე ყველაფერს მოვაგვარებ, – უთხრა გამრეკელს ნოდარმა და მანქანიდან გადავიდა, თხუთმეტი წუთის მერე კი კვლავ ფურგონში დაბრუნდა.

– რა ხდება, ნოდარ? – ჰკითხა გამრეკელმა ნოდარს.

– ყველაფერი რიგზეა. ობიექტს ორი ფილერი აზის კურდზე და ოცდახუთ წუთში დარეკავენ.

– კარგი, დაველოდოთ, – თქვა გამრეკელმა და გაჩუმდა.

ოცდახუთი წუთის შემდეგ ფილერმა მცხეთიდან დარეკა და ნოდარს შეატყობინა, რომ ობიექტი დასავლეთ საქართველოსკენ მიემგზავრებოდა.

– ძალიან კარგი, – უთხრა გამრეკელმა ნოდარს, – მე და ვაჟა ახლა ბინაში შევდივართ, თქვენ მოსმენა შეწყვიტეთ, თქვენი ჩანაწერებიანად ოფისში წადით და დაგველოდეთ. სახლთან კი, ყოველი შემთხვევისთვის, ორი ფილერი დატოვეთ, დაზღვევაზე.

– გასაგებია. ახლავე მოვხსნით ფანჯრიდან „ჟუკებს”, – მიუგო ნოდარმა გამრეკელს და დავალების შესასრულებლად ერთ-ერთი თანამშრომელი გაგზავნა, რომელიც ათ წუთში დაბრუნდა უკან.

– ნოდარ, მოსასმენი აპარატურის აღმომჩენი მოწყობილობა თან გაქვთ?

– დიახ, ბატონო მერაბ.

– გაგვატანე.

ნოდარმა უფროსს ელექტრომოწყობილობა მისცა და მისი გამოყენების წესები აუხსნა.

– წადით ახლა. რომ გადავალთ, ხუთ წუთში დაიძარით, – უთხრა გამრეკელმა ნოდარს და ზვიადაურთან ერთად სპეცფურგონიდან გადავიდა.

ძველმა კოლეგებმა მშვიდად ჩაუარეს დაზღვევაზე მდგარ ფილერებს, კონსპირაციული ბინის კარს მიადგნენ და ზვიადაურმა ზარის ღილაკს თითი მიაჭირა. როგორც კი სათვალთვალოში ჯაბამ გამოიხედა, ვაჟამ შვილს დაშიფრულად უთხრა:

– ინტერნეტკომპანიიდან გაწუხებთ. ხაზზე დაზიანებაა და კაბელებს ვამოწმებთ, – ეს ფრაზა ასე ჟღერდა: ექსტრემალური სიტუაციაა. არ გაშიფრულხართ, მაგრამ გააღეო...

კარი უგრიმო ჯაბამ გააღო. სტუმრები უხმოდ, ძალიან სწრაფად შეიყვანა ბინაში და კარი გადარაზა. გამრეკელმა ანიშნა – გაჩუმდიო. შემდეგ, სპეცმოწყობილობა აამუშავა და როდესაც დარწმუნდა, ბინა არ ისმინებოდა, თქვა:

– სუფთაა. ახლა შეგვიძლია, თავისუფლად ვილაპარაკოთ.

ჯაბამ ხელი ჩამოართვა გამრეკელს და გადაეხვია, მამამისს კი გაუღიმა. შემდეგ სერიოზული სახე მიიღო და ახალმოსულებს უთხრა:

– სავარძლებში დასხედით.

სტუმრები სავარძლებში მოკალათდნენ. დაჯდა ჯაბაც. გამრეკელმა მასპინძელს ჰკითხა:

– მაინცდამაინც ვერ გატყობ გაკვირვებას ჩვენი ვიზიტის გამო.

– უბრალოდ, არ ვიმჩნევ, ძია მერაბ.

– კარგად მოუმზადებიხარ ამერიკელებს, იმათი წრთობა გეტყობა.

– მე ამას ვერ ვიტყვი, – ჩაეცინა ჯაბას, – წინააღმდეგ შემთხვევაში, არ ჩავვარდებოდი.

– შენზე სრულიად შემთხვევით გამოვედით.

– ალბათ, ჩეჩნებს ასხედხართ კუდზე, ხომ?

– კი.

– ასეც ვიფიქრე.

– შენს მეწყვილეს კი ჩვენი ხალხი „აძოვებს” და გორამდე გააცილებენ.

– ალბათ, იმიტომ, რომ, უკან დაბრუნების შემთხვევაში, დროზე გახვიდეთ აქედან.

– ჰო.

 – გვიღებდით?

– გიღებდით და თქვენს ლაპარაკსაც ვიწერდით.

– ძია მერაბ, ეგ ჩანაწერები უნდა გაანადგუროთ, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მათი შენახვა.

– გავანადგურებთ.

– ძია მერაბ, საიმედო თანამშრომლები გყავთ?

– ძალიან საიმედო და მრავალგზის გამოცდილები. დარდი ნუ გაქვს, არ გაიშიფრები, ყოველ შემთხვევაში – ჩვენგან.

– რადგან ყველაფერი ჩაწერილი გაქვთ, გეცოდინებათ უკვე, რომ ავღანეთში ვმუშაობ.

– ვიცით. თუმცა ის არ ვიცით, სინამდვილეში რა სამუშაოს ასრულებ.

– ძალიან მნიშვნელოვანს, ძია მერაბ. მეტს ვერაფერს გეტყვით.

მანამდე უხმოდ მჯდარმა ვაჟა ზვიადაურმა შვილს უთხრა:

– გუშინდელს მერე დედაშენს ცრემლი არ შეშრობია თვალებზე, მთელი ღამე თეთრად გაათენა. თავს გაუფრთხილდი, იცოდე.

– ნუ დარდობ, მამი, ყველაფერი კარგად იქნება.

– იმედი მაქვს, შვილო. ახლა კი მომისმინე.

– გისმენ, მამი.

– მაგ უსმან ბადალოვთან ფრთხილად იყავი, დაუნდობელი კაციჭამიაა. ადამიანი ცოცხლად ჰყავს გატყავებული და ძალიან საშიშია.

მამის სიტყვები ჯაბას სასაცილოდაც არ ეყო, მაგრამ არაფერი შეიმჩნია და უპასუხა:

– კარგი, მამი. გავითვალისწინებ, მაგრამ, გარწმუნებ, ბადალოვი ვერაფერს დამაკლებს. არაა  იმხელა ფიგურა, რომ ჩვენ რამე გაგვიბედოს.

– მაინც ფრთხილად იყავი, შვილო.

– ფრთხილად ვიქნები, – მიუგო ჯაბამ მამას და გამრეკელს მიუბრუნდა: – როგორ ფიქრობთ, ძია მერაბ, ის ფანტომ-კალმარი ცოცხალი იქნება დღეს?

– ძნელი სათქმელია. ინტუიციით კი ვგრძნობ, რომ ცოცხალი უნდა იყოს, თუმცა, უკვე ძალიან დიდი ხანია, არ გამოჩენილა, – მიუგო გამრეკელმა ჯაბას.

– იქნებ შორსაა გადახვეწილი, ან თქვენთვის არ სცალია, ან – ორივე ერთად?

– რა ვიცი, შვილო, რა გითხრა, – მხრები აიჩეჩა გამრეკელმა, – მან ძალიან ბევრი დახოცა საკუთარი ხელით, მათი უმეტესობა კარგი ადამიანი იყო და ჩვენი ახლობლები. თითქმის ორმოცი წელი გავიდა მას მერე, რაც მასთან პირველი შეხება მქონდა და დღემდე ვერ გავშიფრე. თუმცა, რამდენიმე კაცზე მქონდა ეჭვი.

– დაახლოებით, რამდენი წლის იქნება, თუ რა თქმა უნდა, ცოცხალია?

– ალბათ, ჩემი ხნის – სამოცდახუთიდან სამოცდაათ წლამდე.

– ისე როგორ მოვკვდები, რომ გივი ჯაფარიძის მკვლელი არ ვნახო და თვალებში არ ჩავხედო, – თქვა ჯაბამ და მერაბ გამრეკელს ასთამურ შამბა გაახსენდა, რომელიც იმავეს ამბობდა სერგის მკვლელზე.

– მაგაზე ნუ იფიქრებ, ჯაბა. ახლა შენ ამის დრო არ გაქვს. თუ განგებამ ინება, შეიძლება, მართლაც მოიხელთო ის ნაძირალა, ჩაძაღლებული თუ არაა, რა თქმა უნდა, – თქვა გამრეკელმა.

– გული მიგრძნობს, რომ ცოცხალია, – მიუგო ჯაბამ, შემდეგ საათს დახედა და დაამატა, – ნელ-ნელა უნდა მოვემზადო. ორ საათში გავდივარ.

– ჩვენ გავალთ. აბა, შენ იცი, თავს გაუფრთხილდი, – უთხრა გამრეკელმა ჯაბას, ხელი ჩამოართვა და გადაეხვია.

ვაჟა ზვიადაური ძლივს იკავებდა ცრემლებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მოითმინა, შვილს გადაეხვია და აცრემლებულმა უთხრა:

– ნახვამდის. ფრთხილად იყავი და მალე დაგვიბრუნდი საღ-სალამათი. იცოდე, მოუთმენლად გელოდებით მთელი ოჯახი.

– დარდი ნუ გაქვთ, ძვირფასებო, ყველაფერი კარგად იქნება. ერთმანეთს გაუფრთხილდით და მალე შევხვდებით, – ჯაბამ სტუმრები ბინიდან გაისტუმრა. მერე ქერათმიანი ახალგაზრდა კაცის გრიმი გაიკეთა და ნახევარი საათის შემდეგ დერეფანში გავიდა. თუმცა, ქუჩისკენ არც გაუხედავს, ჯერ სახურავზე ავიდა, შემდეგ ორი სადარბაზოთი გვერდზე გადაინაცვლა, ქუჩაზე უკვე ველოსიპედით დაეშვა და სანაპიროსკენ აიღო გეზი. ველოსიპედი მან მარჯანიშვილის ხიდის ქვეშ დატოვა და გზა ფეხით განაგრძო. ბოლოს მეტროთი მივიდა რკინიგზის სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელზე ბილეთი იყიდა და აჭარის დედაქალაქში გაემგზავრა.

***

ოფისში დაბრუნებულმა გამრეკელმა და ზვიადაურმა მათი თანამშრომლების მიერ მოპოვებული მასალა ყურადღებით გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ საქართველოს ნარკოტიკების მოზღვავების დიდი საფრთხე ელოდა.

– მეეჭვება, რომ უსმან ბადალოვი ევროპის ნარკობაზარზე შეუშვან, – თქვა გამრეკელმა.

– მეც ზუსტად მასე ვფიქრობ, – მიუგო ზვიადაურმა, – თუკი ჰაშეკისა და ბადალოვის შეხვედრა საერთოდ შედგა, ბადალოვს, ალბათ, უარს ეტყვიან.

–  კი, ასე იქნება.

– ჰოდა, ბატონო მერაბ, მაშინ ის იძულებული გახდება, თავისი საქონელი ადგილობრივ ბაზარზე გაასაღოს, ანუ – საქართველოში და ჩვენ ამას ვერაფერს მოვუხერხებთ.

– ჰო, დიდი პრობლემა შეგვექმნება, მაგრამ, შეგვიძლია, დროებით მაინც აღვკვეთოთ ეს.

– როგორ?

– ბადალოვის ლიკვიდაციით.

– ის რომ საქართველოში მოკლან, არც მაშინ დაგვადგება ხეირი.

– ეგ მართალია. ამიტომ, ბადალოვისა და ჰაშეკის შეხვედრა თუ შედგა, ჩეჩენი იქ უნდა მოკვდეს – ასე ჩვენზე ეჭვს არავინ აიღებს და ყველაფერს ჩეხებს დააბრალებენ, მით უმეტეს, რომ ბადალოვს ჰაშეკის ორი კაცი ჰყავს მოკლული.

– მიგვიწვდება კი ხელი ევროპაში ასეთი საქმეებისთვის?

– შენ ის თქვი, მათი შეხვედრის დრო და ადგილი როგორ გავარკვიოთ. ჩემი აზრით, ეს არანაკლებ რთულია, ვიდრე ბადალოვის ლიკვიდაცია.

– ეგეც მართალია.

– თუმცა, არსებობს ერთი საშუალება.

– რა საშუალება?

– რა და, ჰაშეკს უნდა ვუთვალთვალოთ და ის გაგვიყვანს  ბადალოვზე, – თქვა გამრეკელმა, – თუმცა, ესეც ურთულესი საქმეა. ამისთვის პროფესიონალი გვჭირდება ევროპაში, სპეციალურად ასეთი საქმისთვის მომზადებული.

– ლიადოვი ვერ დაგვეხმარება?

– შეიძლება, მას ჰყავდეს კიდეც ასეთი კადრი, მაგრამ, მაინც ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ ამ საკითხს.

– რას გულისხმობთ?

– ჯაბა რომ არ გაიშიფროს. ლიადოვს რომ დახმარებისთვის მივმართოთ, ისიც ხომ უნდა ვუთხრათ, საიდან ვფლობთ ასეთ ინფორმაციას და, მეშინია, რომ ჯაბას სახელი არ ამოტივტივდეს. პავლე სანდო კაცია და მას ბოლომდე ვენდობი, მაგრამ, ჯაბასთვის პირობა გვაქვს მიცემული. თანაც, მთელი ეს მასალა უნდა გავანადგუროთ და ლიადოვი მიხვდება, რომ რაღაცას ვუმალავთ, ეს კი ბზარს გააჩენს ჩვენს ურთიერთობაში.

– აბა, რა ვქნათ?

– ჯაბას სახელი არ უნდა ვახსენოთ – ეს ყველაზე მთავარია, – თქვა გამრეკელმა.

 – ინფორმაციის წყარო?

– სხვა გზა არ გვაქვს, უნდა ვუთხრათ, რომ ჩანაწერები შემთხვევით განადგურდა.

– კი მაგრამ, როგორ? ლიადოვი ბავშვი ხომ არაა, რომ ასეთი რამ დაიჯეროს?

– ვიცი, როგორც.

– როგორ?

– ჩემს კაბინეტში ხანძარი უნდა გავაჩინოთ, – თქვა გამრეკელმა.

– ცუდი აზრი არაა, ბატონო მერაბ, ასე ვქნათ.

– ამაღამვე. თანაც, არც ჩვენი თანამშრომლობისთვის მოგვიწევს იმის გამხელა, რომ ეს მასალები გასანადგურებელი იყო და ყველაფერი შემთხვევითობას მიეწერება.

– იყოს ხანძარი, – გაეცინა ზვიადაურს.

– ლიადოვს კი ახლავე დავურეკავ და თბილისში ჩამოსვლას ვთხოვ, – თქვა გამრეკელმა და პავლე ლიადოვს მობილურზე დაურეკა, რომ დაშიფრულად ელაპარაკა მასთან.

– დიახ, გისმენთ, – უპასუხა ლიადოვმა.

– როგორ ხარ, პავლე? – ჰკითხა გამრეკელმა და ლიადოვი მიხვდა, რომ მას დაშიფრულად ელაპარაკებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერაბი მას ეტყოდა: „პავლე, როგორ ხარ?”

– ძველებურად. შენ?

– მეც ძველ აზრზე ვარ. გეუბნებოდი, რომ ძიუდოში ვერ დაგვამარცხებთ-მეთქი, ხომ გამოვდექი მართალი?

– ხელებს ვწევ, მართალი იყავი.

– სხვა, როგორ ხარ?

– როგორც პენსიაზე მყოფ კაცს შეეფერება.

– პურმარილი დაგვიძველდა.

– ჰოდა, სტუმარს მიიღებთ?

– სტუმარი ღვთისაა.

– ამ საღამოს მოვფრინავ. შენც აუცილებლად გესტუმრები.

– მაშინ, ჩემო კარგო, აქ ვილაპარაკოთ. აბა, შეხვედრამდე, – გამრეკელმა ტელეფონი გათიშა და ზვიადაურს უთხრა:

– პავლე საღამოს ჩამოფრინდება. სასწრაფოდ უნდა გავაჩინოთ ხანძარი.

ერთი საათის შემდეგ, როდესაც „მეგას“ თანამშრომლები სასადილოში სადილობდნენ, გამრეკელის კაბინეტში აცეტონის ბოთლი გასკდა, სითხე დაიღვარა და ძლიერი ცეცხლი გაჩნდა. მართალია, კაბინეტი მთლიანად არ დაზიანებულა, მაგრამ უჯრაში მოთავსებული მასალები მთლიანად განადგურდა და მათ შორის იყო ფარული ჩანაწერებიც. ცეცხლის გაჩენა კანდელზე მისხმული აცეტონით  ახსნეს. ბოთლის გახეთქვა კი თაროდან ჩამოვარდნილი ფოლადის ფერად ბირთვს დაბრალდა, რომელიც გლობუსს განასახიერებდა.

– რა ცუდ ფეხზე მოვსულვარ, – უთხრა ლიადოვმა მეგობრებს, როდესაც ისინი გამრეკელის აგარაკზე ავიდნენ წყნეთში და ხანძრის ამბავი შეიტყო.

– შენ რა შუაში ხარ, ჩემო კარგო, შემთხვევითობაა. მაგრამ, ამ შემთხვევამ უმნიშვნელოვანესი სამხილები რომ გაგვინადგურა, ისაა ცუდი.

– რა სამხილები?

– რისთვისაც ასე სასწრაფოდ ჩამოგაფრინეთ თბილისში, – მიუგო გამრეკელმა ლიადოვს, თავი გააქნია და დაამატა: – არა, სეიფში როგორ არ შევინახე ჩანაწერები!

– აღარ იტყვი, რაზეა ლაპარაკი? – უთხრა ლიადოვმა გამრეკელს.

– გეტყვი და ყურადღებით მომისმინე.

– გისმენ.

– ხომ იცი, რომ ჩვენ შეძლებისდაგვარად ვუთვალთვალებთ ბადალოვს და მის ნარკოტრაფიკს, ასე თუ ისე, ვაკონტროლებთ?

– ვიცი. მერე?

– გუშინ ჩემებმა ბადალოვი და მისი ერთი ჯგუფი „აძოვეს.” ძალიან მნიშვნელოვანი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები გააკეთეს და სწორედ ისინი დამეწვა.

– შემდეგ?

– იმ ჩანაწერებში ბადალოვისა და ორი ავღანელი ემისრის შეხვედრა და საუბარი იყო ჩაწერილი კონსპირაციულ ბინაზე.

– ყოჩაღ, ქართველებო! – გაეცინა ლიადოვს.

– კლაუს ჰაშეკი ვინ არის, ხომ იცი?

– უმსხვილესი ევროპელი ნარკოდილერი, – მიუგო ლიადოვმა.

– ჰოდა, ბაზრის გაფართოების მიზნით, ბადალოვის ხალხმა ჰაშეკს ორი კაცი მოუკლა პრაღაში. ავღანელები კი იმიტომ შეხვდნენ ბადალოვს, რომ გაეფრთხილებინათ, ხელი აეღო ამ საქმეზე. ერთი სიტყვით, დაემუქრნენ. ბადალოვმა კი მათ ჰაშეკთან შეხვედრა სთხოვა. ისინი შეჰპირდნენ და უკან გაემგზავრნენ. ჩვენი აზრით, ბადალოვისა და ჰაშეკის შეხვედრა თუ მოხდა, ჩეჩენი ჩეხს ბაზარზე გაყვანას სთხოვს, თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ უარს მიიღებს. თუ ბოლომდე სულელი არაა, ბადალოვი ნაგლობაზე ხელს აიღებს და თავისი საქონლის გასაღებას საქართველოში დაიწყებს.

– რუსეთშიც, – დაამატა ლიადოვმა.

– ალბათ. ჰოდა, დროებით მაინც რომ შევაჩეროთ ეს პროცესი, ბადალოვის ლიკვიდაციაა საჭირო. ამის გაკეთება ჩვენ გუშინაც შეგვეძლო, მაგრამ საქართველოში ამის გაკეთება არ შეიძლება.

– მივხვდი ყველაფერს. შეიძლება, მე გავაგრძელო? – უთხრა ლიადოვმა გამრეკელს.

– მიდი.

– თქვენ გინდათ, რომ ის ჰაშეკთან შეხვედრისას მოკლათ. ასეა?

– კი.

– თუ ეს ასე მოხდა, ყველაფერი ჩეხს დაბრალდება და ჩეჩნები ამას შურისძიებად ჩათვლიან, ანუ, საქართველოზე არავინ გაიფიქრებს ამას.

– სწორია.

– რადგან შეხვედრა სათუოა, ესე იგი, თარიღი და ადგილიც არაა ცნობილი, ხომ?

– მასეა.

– მაგრამ, ბადალოვზე რომ გახვიდეთ, ჰაშეკს უნდა დააჯდეთ კუდზე.

– კი.

– თქვენ ამის საშუალება არ გაქვთ და მე იმიტომ მიხმეთ, რომ ამ საქმეში დაგეხმაროთ. მართალი ვარ?

– შერლოკ ჰოლმსი ხარ, ათიანში გაარტყი, – მიუგო გამრეკელმა.

– ჩემი პასუხი ასე ჟღერს: – გაეცინა ლიადოვს, – კაცი მყავს პრაღაში, რომელიც ჰაშეკს სუფთად „მოაძოვებს.” თუ შეხვედრა შედგა, ბადალოვზეც გავა და გააგორებს კიდეც იმ ნარკობარიგა ტერორისტს. გაწყობთ?

– რაზეა ლაპარაკი, – ერთხმად მიუგეს მეგობარსა და კოლეგას გამრეკელმა და ზვიადაურმა.

– მეც მაწყობს და ყველა ხარჯებს საკუთარ თავზე ვიღებ... თქვენ კი ერთი რამ გევალებათ.

– რა?

– მაჭამეთ. მშია და მწყურია კიდეც, – მიუგო ლიადოვმა და ახარხარდა...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3