რატომ გამოუტანეს უკანონოდ სიკვდილით დასჯის განაჩენი ცნობილ ქართველ რეციდივისტს
ტრაგედია, რომელსაც დღევანდელ პუბლიკაციაში მოგითხრობთ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა. მთავარი გმირების ვინაობა შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს...
გამოძიების ვერსია
1990 წლის 1 ივნისს, იმ დღეს, როდესაც თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა – მთაწმინდის საბაგირო გზა გაწყდა და ადამიანები დაიღუპნენ, საბურთალოს ერთ-ერთ მრავალსართულიანი კორპუსის მერვე სართულის ფანჯრიდან 19 წლის ოლიკო ბუხრაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გადმოვარდა. დღის 4 საათი იყო, მაგრამ შემთხვევას თვითმხილველი არ ჰყავდა.
„საცოდავი ოლიკოს დაცემის ხმაზე გამოვიხედე. ისეთი საშინელი ხმა იყო, ვიფიქრე, ვიღაცამ უზარმაზარი საზამთრო გადმოაგდო სახურავიდან-მეთქი. გამოვიხედე და გოგონას გახეთქილი თავი და სისხლით მოსვრილი ასფალტი დავინახე. ავკივლდი და მთელი კორპუსი შევყარე,” – წერდა თავის ჩვენებაში პირველ სართულზე მცხოვრები მოქალაქე იზოლდა დადეშქელიანი.
შემთხვევის ადგილზე მისულმა საგამოძიებო ჯგუფმა მოკვლევა დაიწყო. გამოიძახეს გარდაცვლილის მამა, ვარლამ ბუხრაშვილი. მისი მეუღლე კი იმ პერიოდში ბულგარეთის კურორტ ვარნაში ისვენებდა.
ვარლამ ბუხრაშვილი ძველი თბილისელი, დედაქალაქში ცნობილი პიროვნება და ერთ-ერთი მსხვილი საწარმოს ხელმძღვანელი იყო. ის სამსახურებრივი მანქანით მივიდა სახლში და იმ დროს შევიდა ეზოში, როდესაც მისი ერთადერთი ქალიშვილის ცხედარი პროზექტურაში გადაჰქონდათ. ვარლამმა თავისი უბედურების ამბავი რომ შეიტყო, შოკში ჩავარდა და ადგილიდან ვეღარ იძროდა. ნახევარი საათის შემდეგ კი გონს მოვიდა და თავადვე უთხრა მაიორ ბეჟან კუბლაშვილს:
– ბინაში ავიდეთ. იქ, ალბათ, საგამოძიებო მოქმედებებია ჩასატარებელი და კარს გაგიღებთ.
ექსპერტ-გამომძიებელთა ჯგუფმა ბინის დათვალიერების ოქმი შეადგინა, რომელშიც თავად ვარლამიც მონაწილეობდა. ოქმში ჩაწერეს, რომ ყველაფერი წესრიგში იყო, რაშიც მათ ბინის პატრონიც დაეთანხმა.
იმავე ღამეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა ზაზა გუნიამ გვამის დათვალიერება და გაკვეთა მოახდინა და გარდაცვლილის სხეულზე ნაჭდევები აღმოაჩინა. ექსპერტიზამ გარდაცვლილის ქალწულობა დაადასტურა, თუმცა გუნიამ აღნიშნა, რომ სხეულზე გოგონას ძალადობის კვალი აჩნდა.
ამ საქმეს კაპიტანი ზურაბ კოშკაძე იძიებდა, რომელსაც პათანატომმა გუნიამ უთხრა:
– აშკარაა, რომ გოგონას გაუპატიურებას უპირებდნენ, მაგრამ, ვერ შეძლეს. ასე რომ, მინიმუმ, თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტია, თუმცა, არც იმას გამოვრიცხავ, რომ ის საცოდავი ფანჯრიდან გადააგდეს. გვერდებზე მას ფრჩხილების ღრმა კვალი აქვს. შესაძლოა, ბოროტმოქმედმა მისი დამორჩილება ვერ შეძლო და ღია ფანჯრიდან მოისროლა. ნიშანდობლივია ისიც, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე გოგონამ იბანავა.
პირველადი მოკვლევის შემდეგ, ზურაბ კოშკაძემ მკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა საქმე და გამოძიებამ ამ ძირითად ვერსიაზე დაიწყო მუშაობა. საგამოძიებო ჯგუფმა გარდაცვლილის საახლობლო წრის შესწავლა დაიწყო, რადგან ბოროტმოქმედის პოვნას მათ შორის აპირებდა.
სასიკვდილო განაჩენი
ოლიკო ბუხრაშვილის დაკრძალვა 9 ივნისს იყო დანიშნული. 8 ივნისს კი ვარნიდან გოგონას დედა, ქეთევან კორძაია ჩამოვიდა. როდესაც მან შვილის სიკვდილის ამბავი შეიტყო, ისტერიკა დაემართა და გაჰკიოდა: ჩემი შვილი იმ ავაზაკმა „გორდელამ“ მოკლაო. ხოლო, როცა მიცვალებულს მიწაში ასვენებდნენ, ქალი ცხვირ-პირში ეცა ქმარს, ფრჩხილებით დაუწყო კაწვრა და თან უყვიროდა: მკვლელო! რატომ გაიმეტე შენი შვილი და ის ბანდიტი შენთან რატომ დამალეო.
11 ივნისს გამომძიებელი ზურაბ კოშკაძე და მისი ორი კოლეგა ბუხრაშვილებს ბინაში ეწვივნენ და ქეთევან კორძაიას სთხოვეს, აეხსნა, რას ნიშნავდა ფრაზა – ჩემი გოგონა ავაზაკმა გორდელამ მოკლაო.
ვარლამ ბუხრაშვილი მეუღლის გაჩერებას ცდილობდა, ქალმა კი ქმარს არ დაუჯერა და მილიციელებს უთხრა:
– გორდელა თქვენ მიერ ძებნილი ბანდიტი კაკო გორდელაძეა, აი, ამ ვაჟბატონის ბავშვობის ძმაკაცი. ერთი თვე ჩვენთან იმალებოდა და ჩემი შვილი იმან მოკლა – დრო იხელთა, სახლში რომ არავინ იყო, ოლიკოს გაუპატიურება მოუნდომა და, რომ არ გამოუვიდა, ან ფანჯრიდან გადააგდო, ან ოლიკო თავად გადახტაო.
– ტყუილია, გორდელა ამას არ იზამდა! – იღრიალა ვარლამ ბუხრაშვილმა და სიმწრისგან ატირდა.
კოშკაძე დაელოდა ვარლამის დამშვიდებას და უთხრა:
– ბატონო ვარლამ, განსაკუთრებულ ბოროტმოქმედს სახლში რომ მალავდით, ეს სერიოზული დანაშაულია, მაგრამ ახლა ერთ კითხვაზე მიპასუხეთ.
– ბრძანეთ.
– თუ მიმალვაში მყოფი გორდელაძე დამნაშავე არ იყო, რატომ გაიქცა?
– მილიციას რომ არ დაეჭირა, – უყოყმანოდ მიუგო ვარლამმა.
– ბატონო ვარლამ, რატომ ხართ მასში ასე დარწმუნებული?
– იმიტომ, რომ გორდელა ჩემი ძმაკაცია, კარგად ვიცნობ და ასეთ რამეს არც კი გაიფიქრებდა, მიუხედავად იმისა, რომ მართლაც განსაკუთრებით საშიში ბოროტმოქმედია, – უთხრა ვარლამმა კოშკაძეს და დაამატა: – მისი შეფარებისთვის კი შეგიძლიათ დამაპატიმროთ. არ უარვყოფ, რომ დანაშაული ჩავიდინე კანონის წინაშე, თუმცა, ძმობაში არ ჩავჭრილვარ.
აკაკი გორდელაძე სამჯერ ნასამართლევი რეციდივისტი იყო და ინკასატორის ძარცვისთვის თხუთმეტი წელი ჰქონდა მისჯილი. პატიმრობას ჯერ თბილისის „კრიტში“ იხდიდა, შემდეგ კი გააციმბირეს, მაგრამ ეტაპიდან გაიქცა.
კოშკაძემ მეორე დღესვე შეცვალა ბრალდების მუხლი. საქმეს მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა და მთავარ ფაქტად ქეთევან კორძაიას ჩვენება გამოიყენა, რაც იურიდიული თვალსაზრისით გაუმართლებელი იყო. 1990 წლის 19 ნოემბერს კი, ანუ, ოლიკო ბუხრაშვილის გარდაცვალებიდან ხუთთვე-ნახევრის შემდეგ, გორდელაძე ქალაქ ლენინგრადში დააპატიმრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. ის თავის ჩვენებაში წერდა: „ოლიკო სამის ნახევარზე დაბრუნდა სახლში. რომ შევხედე, დათრგუნული მომეჩვენა და ვკითხე, რა სჭირდა. ძალიან დავიღალეო, – მიპასუხა და სააბაზანოში შევიდა. დაახლოებით ერთი საათი ბანაობდა. ორჯერ კარზეც კი მივუკაკუნე – ხომ არაფერი გიჭირს-მეთქი. არაო, – მიპასუხა. იქიდან რომ გამოვიდა, თავის ოთახში შეიკეტა. მე კი ჩემს ოთახში დავბრუნდი. დაახლოებით ოთხ საათზე ასანთისთვის გამოვედი და დავინახე, რომ ოლიკო ღია ფანჯარაზე ძვრებოდა. დავუყვირე და მისკენ გავქანდი, რომ შემეჩერებინა. ისღა მოვახერხე, რომ ორივე ხელი მაგრად ჩავავლე გვერდებში, თუმცა, ვერ შევაკავე. მივხვდი, რომ ვეღარაფერს ვუშველიდი, ამიტომ, ჩემი ნივთები ჩანთაში ჩავტენე და ბინიდან წავედი. კორპუსს უკანა მხრიდან მოვუარე. მოპირდაპირე კორპუსიდან ვიყურებოდი და როცა დავრწმუნდი, რომ ოლიკო მკვდარი იყო იქაურობას მოვშორდი. გოგონა არ მომიკლავს და ჩემთვის წაყენებული ბრალდება აბსურდულია“.
საქმე სასამართლოში გადავიდა. გორდელაძეს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს და ის ყველა ინსტანციამ ძალაში დატოვა. მაგრამ, 1991 წლის 2 თებერვალს აკაკი ამბაკოს ძე გორდელაძე სიკვდილმისჯილთა საკნიდან გაიქცა და მასთან ერთად გაუჩინარდა ციხის თანამშრომელი კამო ბალოიანიც, რომელიც მას გაქცევაში დაეხმარა.
შურისძიება
1991 წლის 14 მაისს საბურთალოს რაიონის მილიციაში ვარლამ ბუხრაშვილი და ახალგაზრდა ქალ-ვაჟი გამოცხადდნენ. გოგონა ირინე მიქაძე იყო, ბიჭი კი – ნოდარ აფხაზავა. ახალგაზრდები დაღუპული ოლიკო ბუხრაშვილის ჯგუფელები იყვნენ და სამედიცინო ინსტიტუტის მესამე კურსზე სწავლობდნენ. მათი განცხადებით, ისინი 1990 წლის 1 ივნისს თავიანთ ჯგუფელთან, თამაზ კოშკაძესთან იმყოფებოდნენ და მათთან ერთად იყო ოლიკო ბუხრაშვილიც. „ჩვენ ცოტა დავლიეთ, შემდეგ მუსიკა ჩავრთეთ და ვცეკვავდით. სასმელი რომ გაგვითავდა, ჩვენ მაღაზიაში ჩავედით ამოსატანად. ოლიკო კი თამაზთან დარჩა. ცოტა შეგვაგვიანდა, რადგან სასმელი ახლომდებარე გასტრონომში არ იყო და შორს მოგვიწია წასვლა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ უკან დავბრუნდით. ზარი რომ დავრეკეთ, კარს კარგა ხანს არ გვიღებდნენ. დაახლოებით ათი წუთის შემდეგ კარი ოლიკომ გააღო. მას სახე ალეწილი ჰქონდა. ჩვენს შემოსვლას არ დალოდებია, ისე დაეშვა კიბეებზე...“ თავის ჩვენებაში ირინე მიქაძე წერდა, რომ ის მეგობარს დაედევნა და ქუჩაში წამოეწია მტირალ ოლიკოს: „ვკითხე, რა მოხდა-მეთქი. ოლიკომ კი მიპასუხა – თამაზს ჩემი გაუპატიურება უნდოდა, ტრუსიკს მხდიდა და ხელებს მიფათურებდაო. რამდენჯერმე მუშტიც კი დამარტყაო. მე ოლიკოს მივეფერე, დავამშვიდე და სახლში გაყოლა შევთავაზე. მან არ გამიყოლა და მითხრა, ხვალ ვილაპარაკოთო. დილით კი მისი სიკვდილის ამბავი შევიტყვე...“
ირინესა და ნოდარის განცხადებით, მათ მილიციაში წასვლა და ყველაფრის მოყოლა უნდოდათ, მაგრამ, ისინი კაპიტან ზურაბ კოშკაძეს შეუშინებია – თქვენც ციხეში ჩაგსვამენო და ქალ-ვაჟი გაუჩერებია. გამომძიებელი კოშკაძე თამაზ კოშკაძის ბიძა (მამის ძმა) იყო და თავის ძმისშვილს ამგვარად დააფარა ხელი. მიქაძესა და აფხაზავას ვარლამ ბუხრაშვილმა მიაგნო, ყველაფერი მოაყოლა და მილიციაში ჩვენების მიცემაზე დაითანხმა. თამაზ კოშკაძე იმავე დღეს დააპატიმრეს. მან აღიარებითი ჩვენება მისცა და ციხეში ჩასვეს. სასამართლომ 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა, 1992 წლის 21 მარტს კოშკაძე ციხიდან გამოუშვეს და ის „მხედრიონში“ გაწევრიანდა. ამავე პერიოდში თბილისში გორდელა დაბრუნდა, რომელსაც დახვრეტის ბრალდება მოხსნილი ჰქონდა, თუმცა, ციხიდან გაქცევის გამო ძებნილი იყო. გორდელას დაბრუნების ამბავი რომ შეიტყო, თამაზ კოშკაძემ მოსკოვს შეაფარა თავი, რადგან შურისძიების შეეშინდა. მიუხედავად ამისა, 1994 წლის 1 ივნისს, ანუ ოლიკო ბუხრაშვილის გარდაცვალების ოთხი წლისთავზე, თამაზ კოშკაძე მოსკოვის ერთ-ერთ ბინაში მოკლული იპოვეს. მას თავი ჰქონდა მოკვეთილი...
P.S. დღეს უკვე დადასტურებულია, რომ გორდელას ვარლამ ბუხრაშვილმა მოუწყო ციხიდან გაქცევა, კოშკაძეს კი გორდელამ მოაჭრა თავი. გორდელა 2003 წელს გარდაიცვალა, ვარლამ ბუხრაშვილი კი დღესაც თბილისში ცხოვრობს.