როგორ დაგეგმა ქმარმა ცოლისა და მისი საყვარლის მკვლელობა და სად ჩაუსაფრდა მათ ის
52 წლის თემურ ფ-ძემ ქორწინებიდან 20 წლის თავზე, საკუთარი მეუღლე – 54 წლის ნონა დ-შვილი მძიმედ დაჭრა და მოკლა მისი ნათესავი, მალხაზ ნ-შვილი. გარდაცვლილს დანით ოთხი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. გულმკერდის არეში იყო დაჭრილი ნონა დ-შვილი, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იმის მიუხედავად, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო, ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
დანაშაული რაიონული ცენტრის ავტოსადგურზე მოხდა. გამოძიების მასალების მიხედვით, თემურ ფ-ძემ დანაშაული თვითმხილველების თვალწინ ჩაიდინა – მან დანით ჯერ საკუთარი ცოლი დაჭრა, შემდეგ კი მამაკაცი, რომელიც ქალს ახლდა. თვითმხილველებმა დაინახეს, როგორ გაუსწორდა მამაკაცი მათ, როგორ მიატოვა შემთხვევის ადგილი, სადაც გაქცევისას დატოვა დანაშაულის იარაღი – დიდი ზომის საყოფაცხოვრებო დანა.
სამართლადამცეველებმა მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. როგორც ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, დანაშაული ჩაიდინა თემურ ფ-ძემ, რომელიც სკოლის დარაჯად მუშაობდა. საქმის მასალების, ეჭვმიტანილი თემურ ფ-ძის ჩვენების მიხედვით, მან დანაშაული ეჭვიანობის ნიადაგზე ჩაიდინა, რაც მან, მომხდარ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე, მეგობარს გაანდო.
თემურ ფ-ძემ და ნონა დ-შვილმა ოჯახი 20 წლის წინ შექმნეს. მათ ხუთი შვილი შეეძინათ. ცოლ-ქმარს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. თუმცა, მეზობლების განცხადებით, ბოლო წლებში, მას შემდეგ, რაც ქმარმა ცოლზე ეჭვიანობა დაიწყო, მათ შორის კონფლიქტი გახშირდა. ისინი ხშირად ჩხუბობდნენ. ნონა დ-შვილის მეგობრის განცხადებით, რომელმაც გამოძიებას ჩვენება მისცა: დაზარალებულმა ქალმა მას არაერთხელ უამბო, რომ მისი ქმარი ნონას ბიძაშვილზე, მალხაზ ნ-შვილზე ეჭვიანობდა. იქამდე იმავე სოფელში მცხოვრები მალხაზ ნ-შვილი ცოლ-ქმრის ხშირი სტუმარი იყო, მაგარამ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ოჯახური კონფლიქტის დეტალები, ის ნონას ოჯახს თავს არიდებდა. გამოძიების მასალების მიხედვით, რაც მათთვის თავად დაკავებულისგან გახდა ცნობილი, ბოლო ერთი თვის განმავლობაში ქმარი ცოლს მალულად უთვალთვალებდა. იგივე მოხდა მკვლელობის დღეს. ამონაწერი მოწმის, ტარიელ ხ-ძის ჩვენებიდან: „თემურს დიდი ხანია, ვიცნობ. ერთად ვმუშაობთ და ერთმანეთთან ახლო კონტაქტი გვაქვს. არასდროს მიფიქრია, რომ ის ცოლზე ეჭვიანობდა. მაგრამ, ამ ფაქტამდე ერთი თვით ადრე, ნასვამმა თავისი ეჭვების შესახებ გამანდო. ერთად ვქეიფობდით ჩემს ბინაში. ზომაზე მეტად დალია და ყველაფერი მითხრა, რასაც ცოლსა და მის ბიძაშვილზე ფიქირობდა. ჩემს შეურაცხყოფას არც ერთს არ ვაპატიებ, აუცილებლად გამოვიჭერ და გავუსწორდებიო, – მითხრა. მალხაზს მეც კარგად ვიცნობ და ვუთხარი, ამას არ ჩაიდენს-მეთქი. არაო, შემეწინააღმდეგა, დიდი ხანია, ვუთვალთვალებ და ეჭვი აღარ მეპარებაო. ისიც ვუთხარი, ნონა და მალხაზი შორეული ბიძაშვილები არიან-მეთქი, მაგრამ არც ამ არგუმენტმა გაჭრა. ის ცოლის ღალატში უკვე დარწმუნებული იყო. ამ ამბით მეც დავინტერესდი, თუმცა არ მიფიქრია, რომ თემური ასეთ რამეს გეგმავდა. რამდენიმე ნაცნობს ვკითხე, რომელთაც დამიდასტურეს, რომ ნონა და მალხაზი ერთად, საეჭვო ვითარებაში არაერთხელ ნახეს. მას შემდეგ, რაც, თემურმა დანაშაული ჩაიდინა, ჩემთან მოვიდა. გამწარებული იყო, ასე და ასე მოხდაო, დაწვრილებით მომიყვა ყველაფერს. მე ვუთხარი, რომ უმჯობესია, თუ პოლიციას ჩაბარდები-მეთქი, თუმცა ჩემთან საუბარში უკვე ნანობდა ჩადენილ დანაშაულს.”
გამოძიების მასალების მიხედვით, მკვლელობის დღეს თემური მეუღლეს ჩუმად დაედევნა. ნონასთვის ცნობილი იყო, რომ მისი მეუღლე იმ დროს სამსახურში, სკოლაში იყო. ამონაწერი თავად ბრალდებულის ჩვენებიდან: „ნონას უკვე აღარ ვენდობოდი, იმდენ საეჭვო დეტალს ვამჩნევდი. სულ ვფიქრობდი, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა. სირცხვილით სოფელში გარეთ გასვლა აღარ მინდოდა. იმ დღეს ვუთხარი, რომ სამსახურში მივდიოდი, სინამდვილეში, სკოლიდან გავეთავისუფლე და ნონას უკან გავყევი. ის ტაქსით წავიდა რაიონულ ცენტრში. ტაქსიდან ავტოსადგურთან ახლოს ჩამოვიდა, მეც უკან გავყევი. როცა ავტოსადგურში მალხაზიც დავინახე, მივხვდი, რომ ჩემი ეჭვი გამართლდა. ნონა და მალხაზი ერთმანეთს ავტოსადგურის უკანა ბაქანზე შეხვდნენ, მალხაზი მანქანით იყო. როცა ნონა მის მანქანაში ჯდებოდა, მივუახლოვდი და დავუძახე. ჩემს დანახვაზე ორივე დაიბნა. ნონამ არ დამაცადა მანქანასთან მისვლა და ჩემკენ წამოვიდა. მალხაზი ჩემზე თითქმის ათი წლით უფროსია, ვიცოდი, ძალით ვერ მომერეოდა. ნონას გვერდი ავუარე და მას მივუახლოვდი. ჯიბეში დანა მქონდა, სახლიდან წავიღე. მალხაზმა მანქანაში ჩაჯდომა დააპირა, მაგრამ ხელიდან ვერ გამისხლტა – დანა ამოვიღე და რამდენჯერმე დავარტყი. იმ დროს ისეთ ეიფორიაში ვიყავი, ვერც ვერავის ვხედავდი და ვერც ვერაფერს ვგრძნობდი. სისხლმა უფრო გამახელა. ამის შემდეგ ორი ჭრილობა მივაყენე ნონასაც, რომელიც უკვე მანქანასთან მოვიდა და ჩემ გაჩერებას ცდილობდა. ის ზურგიდან შემომახტა, მაგრამ მოვტრიალდი და მასაც დავარტყი. ავტოსადგურში ჩოჩქოლი ატყდა. მე შემთხვევის ადგილი დავტოვე, რაიონულ ცენტრში ტაქსი გავაჩერე და ჩემს სოფელში მეგობართან მივედი.”
განსასჯელმა თემურ ფ-ძემ ჩადენილი დანაშაული სასამართლო პროცესზეც აღიარა. მის მკაცრად დასჯას მოითხოვდა დაზარალებული მხარე – გარდაცვლილის ოჯახი და ცოლის და, რომელიც განსასჯელს სადიზმსა და ცოლისადმის სასტიკ დამოკიდებულებაში ამხელდა. თუმცა, ეს არ იქნა გაზიარებული სასამართლოს მიერ. განასასჯელს სოფელში წესიერი, გაწონასწორებული ადამიანის სახელი ჰქონდა. ის ცოლის მიმართ სასტიკ მოპყრობაში არ იყო შემჩნეული და ყველა მისი ნაცნობი, მამაკაცის მიერ ჩადენილ მძიმე დანაშაულს, ცოლის მიერ მიყენებული შეურაცხყოფითა და რთული ემოციური მდგომარეობით ხსნიდა. სასამართლომ თემურ ფ-ძე დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებებში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.