როგორ ელოდებოდა ერთი კვირის განმავლობაში ეკლესიაში დაწინდვაზე თანხმობის მიღებას გიორგი მახარაშვილი და რას ატყუებდა ის საცოლეს ხელის თხოვნის დღეს
გიორგი მახარაშვილი და ლეკა მიქაძე ცოტა ხნის წინ ეკლესიაში დაიწინდნენ, ჯვრისწერას კი მოგვიანებით, ზაფხულში გეგმავენ. მანამდე გიორგიმ ლეკას „ეკა ხოფერიას შოუში“ სთხოვა ხელი და მათი ქორწინება ინგა გრიგოლიამ „დაარეგისტრირა“. მშვენიერი წყვილი თანაცხოვრებასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს – ცდილობენ, თითოეული ეტაპი ლამაზი, დასამახსოვრებელი და საინტერესო იყოს.
გიორგი: ამ ეტაპზე მხოლოდ დანიშნულები, ეკლესიაში დაწინდულები ვართ. ეტაპობრივად მივყვებით ყველაფერს: ჯერ ერთმანეთი გავიცანით, მერე შეგვიყვარდა, მერე სახლში ვთქვით, მერე ეკას შოუში ხელი ვთხოვე, ბეჭედი გავუკეთე, მერე ნიშნობის დღე დავთქვით, დავიწინდეთ და მერე წავედით რესტორანში. ახლა დაგვრჩა ჯვრისწერა, ფოტოების გადაღება, კარგი პურის ჭამა და საქორწინო მოგზაურობაში წასვლა. ჩემი დაბადების დღეზე მინდა ჯვარი დავიწეროთ – ყველა ეტაპი მნიშვნელოვან დღეს უნდა დავუკავშიროთ, რომ უფრო კარგად დაგვამახსოვრდეს.
– მერე რომ გაგიადვილდეს გახსენება?
ლეკა: არა, ისედაც არ ავიწყდება არაფერი. არც მე.
გიორგი: უფრო სიმბოლური დატვირთვა აქვს ხოლმე.
ლეკა: ჩემი დასვენების დღეს უკავშირდებოდა, მაგალითად, დაწინდვა.
გიორგი: მანამდე ხელი ვთხოვე. თავიდან, მინდოდა, საგზური გამეკეთებინა, მაგრამ, ბოლოს ეს მოვიფიქრე. ლეკას გარდა ყველამ იცოდა. ვატყუებდით ლეკას, თან, ჯერ „ორი ვარსკვლავის“ მონაწილეები მოვიდნენ, მერე ჩემი მეგობრები და, ვერ ხვდებოდა, არადა, მეკითხებოდა, რა ხდებაო.
ლეკა: ყველა რომ ჩურჩულებდა, ვნერვიულობდი, მაგრამ, მერე მითხრეს, საგზურის ამბავიაო.
გიორგი: იმ პერიოდში ისედაც ვაპირებდი ხელის თხოვნას. დაძაბული ვიყავი, მინდოდა ლამაზად მუხლზე დადგომა, მაგრამ, დამავიწყდა.
ლეკა: ორივეს შეშინებული სახეები გვქონდა. ისედაც გადაწყვეტილი იყო, რომ ზაფხულში ვაპირებდით ჯვრისეწერას, უბრალოდ, ნიშნობის თარიღი არ გვქონდა შერჩეული.
გიორგი: მელამაზება ასეთი რაღაცეები: ხელის თხოვნა, ნიშნობა, მერე ცალ-ცალკე ცხოვრება, შემდეგ ჯვრისწერა.
ლეკა: ძალიან გამიხარდა. ნიშნობის შემდეგი პერიოდი ყველაზე კარგია: თან ერთად რომ ხართ და თან – ცალ-ცალკე. დიდი დრო რომ იყო ქორწილამდე, ძალიან მომწონდა. გიორგისთვის არ მქონდა ნათქვამი, მაგრამ, ისიც ასე ფიქრობდა.
გიორგი: საქორწინო ბეჭდები რომ ვიყიდეთ, უკვე რაღაცნაირად ვიყავი და, მერე მამაომ რომ გამიკეთა, უფრო მომეწონა. ახლა უკვე ყველგან ვაჩენ. არაჩვეულებრივად შევეჩვიე. თან, საჭეს ხელს რომ ვკიდებ, სულ ვხედავ და უფრო მეტად მახსენდება.
– სად დაიწინდეთ?
– აბანოთუბანში არის 40 სებასტიანელი მოწამის ეკლესია, რომელიც მამაჩემმა ააშენა, ამიტომაც, იქ მივედით. მკაცრი მამაო შეგვხვდა. ტატუ რომ დაგვინახა, გვითხრა – თქვენ გემჩნევათ, არც მარხულობთო. რადგან მარხვა იყო, ეპისკოპოსისგან ნებართვა აიღეს და, ალბათ, მამაჩემის ხათრით, გამონაკლისი დაუშვეს – მოგვცეს დაწინდვის უფლება. ერთი კვირა ველოდებოდით პასუხს.
ლეკა: მერე მეუბნებოდა, ლია გქვიაო, არადა, ლიკათი ვარ ყველგან, უბრალოდ ყველა ლეკას მეძახის. ბოლოს ვუთხარი მამაოს: კარგი, ლია ვიქნები-მეთქი.
– როგორი ქორწილის გადახდას აპირებთ?
– პატარა ქორწილი გვინდა, სულ ახალგაზრდები, ღია ცის ქვეშ. მაგრამ, 13 ივლისს შეიძლება სიცხე იყოს. კაბაც ვიცი, როგორი იქნება, მთელი ცხოვრება ის მომწონდა. გრძელი სახელოები კი აქვს, მაგრამ, სულ რომ ამოვიბუგო, მაინც ჩავიცვამ.
გიორგი: „ელი სააბის” კაბაა, გავიგე უკვე. არაჩვეულებრივი ფასი ღირს, მანქანას ვყიდი.
– ახლა რას ფიქრობთ, როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე?
– ისეთ ასაკშიც არ ვარ, რომ, არიქა, ცოლი უნდა მოვიყვანო! თან, არც მიფიქრია იმაზე, რომ 22 წლის ასაკში ცოლს მოვიყვანდი. ძალიან მომეწონა ეს ურთიერთობა – ლეკას სახლშიც ხშირად ავდიოდი, ისიც მოდიოდა ჩემთან და ისე კარგად აეწყო ყველაფერი, რომ ბოლოს მივხვდი, ასეთი გაგრძელება უნდა ჰქონოდა.
ლეკა: არც მე ვფიქრობდი გათხოვებაზე. ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს და ეს მომწონს. ისე, მაინც ჩემი სამსახურის დამსახურებაა ჩვენი ერთად ყოფნა.
– როგორ წარმოგიდგენიათ წლების მერე თქვენი ცხოვრება?
გიორგი: ბავშვი წარმომიდგენია, რომელიც სულ თან გვეყოლება; მინდა, ყველგან ვატარო. ალბათ, სულ მანქანაში ეგდება უკან.