კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იძულებითი ქორწინების დროს არასრულწლოვანთა მშობლებს და რა კურსების გავლა მოუწევთ მოძალადე ქმრებს

 ნაადრევი ქორწინების სტატისტიკა ბოლო წლებში საგრძნობლად გაიზარდა –  გახმაურდა არაერთი შემთხვევა, რომელთა უკან არასრულწლოვანთა იძულებითი ქორწინების მძიმე ისტორიები დგას. ქართულ კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებებით, რაც 1 აპრილიდან შევა ძალაში ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. კანონის ამ ცვლილებაზე  და იმაზე, თუ  ძირითადად რა მიზეზებით ხდება ნაადრევი ქორწინება, არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის” დირექტორს, თამარ კაციტაძეს გავესაუბრეთ. 

თამარ კაციტაძე:  საქართველოში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული სტატისტიკა საგანგაშოა. ქვეყნაში მცხოვრები ქალების დაახლოებით 18 პროცენტი არასრულწლოვანი ასაკის შესრულებამდეა დაქორწინებული. ქართული კანონმდებლობით, ქორწინება დაშვებულია 18 წლის ასაკიდან, თუმცა კანონმდებლობა  ასევე ითვალისწინებს ქორწინებას 16 წლის ასაკში მშობლების თანხმობით ან სასამართლო გადაწყვეტილებით. ნაადრევად ითვლება ყველა ქორწინება, რომელიც ხდება 16 წლის ასაკამდე. აქამდე საქართველოში  ქორწინების ყველაზე დაბალ ასაკობრივ ზღვრად ფიქსირდებოდა 13 წლის ასაკი, თუმცა უკვე გვაქვს 12 წლის ასაკში ქორწინების შემთხვევებიც.  ნაადრევი ქორწინება და ოჯახური ძალადობა ძალიან ხშირად არის დაკავშირებული ერთმანეთთან; ადრეულ ასაკში გათხოვების უარყოფით მხარეზე ამახვილებენ ყურადღებას მედიკოსებიც.  გართულებები, რომლებიც ახლავს ორსულობასა და მშობიარობას, ადრეულ ასაკში უფრო მეტად ხდება მკვდრადშობადობისა და სიკვდილის მიზეზი.  ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დღეს  მუშაობს მთელი მსოფლიო. სწორედ ამ საგანგაშო სტატისტიკის შედგეგად მოხდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადება ჩვენთან, ახალი მუხლის მიხედვით, რომელიც ძალაში 1 აპრილიდან შედის – ქორწინების იძულება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. ოჯახის წევრის იძულებით დაქორწინება 2-დან 4 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ქორწინების, მათ შორის არარეგისტრირებული ქორწინების იძულება დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით, ვადით 200-დან 400 საათამდე, ან, როგორც უკვე მოგახსენეთ, თავისუფლების აღკვეთით, ვადით 2-დან 4 წლამდე; იგივე ქმედება კი, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4 წლამდე.

– ძირითადად რა ხდება ნაადრევი ქორწინების მიზეზი?

–  ხშირად გოგონას იმიტომ ეჩქარება გათხოვება, რომ საკუთარი მშობლებისგან ოჯახური სითბოს ნაკლებობას გრძნობს და სურს, ამ გრძნობის კომპენსაცია, საკუთარი ოჯახის შექმნით მოახდინოს;  არის საწინააღმდეგო შემთხვევებიც, როდესაც მშობლები გადამეტებულად ზრუნავენ შვილებზე და ასეთ დროს ნაადრევი ქორწინება  ამგვარი მზრუნველობისგან გაქცევის სურვილით აიხსნება. არსებობს ფიზიკური ლტოლვაც, რომელსაც გოგონები სიყვარულის გრძნობაში ურევენ.  ფიზიკური მომწიფებულობა სულ არ არის იმის განმსაზღვრელი, რომ გოგო ან ბიჭი მზად არიან ოჯახის შესაქმნელად. სახელმწიფომ სკოლებში უნდა დანერგოს სექსუალური განათლების სპეციალური კურსები, უნდა ამაღლდეს განათლების დონე.   ადრეულ ასაკში ოჯახის შექმნის არცთუ იშვიათი მიზეზია დაორსულება.  ფსიქოლოგები ნაადრევი ქორწინების  ამ მიზეზებს გამოყოფენ, თუმცა, ბოლო პერიოდში გახმაურებული ფაქტებით თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ ხშირია  ისეთი შემთხვევებიც, როდესაც  ნაადრევი ქორწინება უფროსების გარიგებით, შვილების ნების საწინააღმდეგოდ ხდება. იკვეთება იძულებითი ქორწინება ეკონომიკური პრობლემებისა და სიდუხჭირის  გამო. კახეთში დაფიქსირდა შემთხვევა, როცა არასრულწლოვანი გოგონა 45 წლის კაცზე ათი ძროხის სანაცვლოდ გაათხოვეს.  ქართლში იყო არასრულწლოვანი გოგონას იძულებით გათხოვების ფაქტი 5 ჰექტარი მიწის, ორი ტონა ხორბლის  სანაცვლოდ – გოგონა მიათხოვეს შეძლებული ოჯახის შვილს, რომელიც გოგონას ოჯახს მატერიალურად დაეხმარებოდა. უფროსებს შორის ასეთი  „სარფიანი გარიგების” შემთხვევები, სამწუხაროდ, მრავლად არის დაფიქსირებული; უფრო მეტსაც გეტყვით: გოგონა იძულებით გაათხოვეს მამაკაცზე, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და გოგონას ის არც კი ჰყავდა ნანახი. ეს რომ გოგონას მხრიდან გადახდილი „საფასური” იყოს, მზითვად მივიჩნევდით, მაგრამ, მგონი, ბიჭის მხარე ჩვენთან, მზითევზე არ ზრუნავს (იცინის). ასეთ იძულებით ქორწინებებს მოსდევს სუიციდის შემთხვევები. ჩატარებული კვლევებით ცნობილი გახდა, რომ ძალიან ხშირად იძულებით გათხოვება ხდება მშობლების, ნათესავების, ახლობლების მხრიდან ძალდატანებით. კანონში ცვლილებების შემდეგ დასჯის ობიექტი  გახდება არა მხოლოდ მამაკაცი, ვინც გოგონას იტაცებს, არამედ ყველა, ვინც ჩართული იქნება იძულებით ქორწინებაში. ვინ უნდა იყოს კანონის  გამკონტროლებელი?  კანონი პასუხისმგებლობას აკისრებს სკოლას ან სოციალურ მუშაკს, რადგან ოჯახი, რომელიც აიძულებს არასრულწლოვან გოგონას  იძულებით ქორწინებას ცხადია, ამის შესახებ არ გაახმაურებს. შესაბამისად, მოიაზრება, რომ ასეთი შემთხვევების შესახებ ცნობილი უნდა გახდეს სკოლისგან, მასწავლებლებისგან და სამართალდამცავ ორგანოებთან შეტყობინების პასუხისმგებლობა დაეკისრება მათ.

– ძირითადად რომელი რეგიონები ლიდერობენ ნაადრევი ქორწინების სტატისტიკით?

–  ნაადრევი ქორწინებების მაღალი სიხშირით გამორჩეულია ქვემო ქართლი, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ასევე, მაღალმთიანი აჭარა. კვლევებით გამოკვეთილია, რომ განსაკუთრებით ხშირია ნაადრევი ქორწინებები ეთნიკური უმცირესობების შემთხვევებში, კერძოდ, აზერბაიჯანულ და სომხურ  მოსახლეობაში.  15-19 წლის ყოველი 1 000 გოგონადან 39 აჩენს ბავშვს. რეგიონების მიხედვით, შობადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქვემო ქართლში, სადაც ეს მაჩვენებელი არის 143. ნიშანდობლივია, რომ იმ რეგიონებსა და ეთნიკურ ჯგუფებში, სადაც მაღალი სიხშირით ფიქსირდება ნაადრევი ქორწინება, ბევრად მაღალია აბორტის მაჩვენებელიც. გაგიკვირდებათ და,  საქართველოში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც იძულების წესით მოიტაცეს 43 წლის ქალბატონი – ეს მოხდა კახეთში. ასე რომ, იძულებითი ქორწინება მხოლოდ ნაადრევ ასაკში არ ხდება.   მოტაცება, როგორც დასჯადი ქმედება, სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებამდეც იყო ჩადებული, მაგრამ, ის, ვინც ამ ქმედებას სჩადიოდა, თავს არიდებდა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. სოციალური და საზოგადოებრივი განწყობიდან, ოჯახის ინტერესებიდან  გამომდინარე, ასეთი იძულებითი მოტაცებები „ფორმდებოდა” ქორწინებად და, შესაბამისად, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ ხდებოდა მოძალადე პირების დასჯა. ახლა, თუ გოგონა განაცხადებს, რომ ის მოიტაცეს იძულებით, თუნდაც ცოლად მოყვანის მიზნით, ქმედება ხდება დასჯადი, არასრულწლოვანის შემთხვევაში კი კანონი უფრო მკაცრია.  ახალი  კანონის  მიხედვით, როდესაც პირი ჩაიდენს დანაშაულს იძულებით ქორწინებით, მას ევალება, გაიაროს  ძალადობრივი ქცევის დამოუკიდებლობის შეცვლის სპეციალური კურსები, რომელიც ემსახურება ადამიანის განწყობების შეცვლას. როცა დანაშაული უკვე  სახეზეა, შემდეგ სასწავლო ტრენინგს და განათლებას რა აზრი აქვს? ჩემი აზრით, სწავლების პროცესი უნდა დაინერგოს ბევრად უფრო ადრე, რომ  მოხდეს პრევენცია და დანაშაული აღმოიფხვრას, ასეთ შემთხვევაში, ეს პროცესი  მგლის თავზე სახარების კითხვას არ დაემსგავსება. 

скачать dle 11.3