როდის იყო თათია სამხარაძე გიორგი მარგველაშვილზე შეყვარებული და ვინ არის ცენტრალურუბნელი, „სვეცკი“, ჩერჩეტი ტასო ბარნოვა, რომელიც მაყურებელს მუდმივად სიურპრიზებს სთავაზობს
თათია სამხარაძე, იგივე ტასო ბარნოვა და ფისო ბოტკოველი, მაყურებელმა „შალვა რამიშვილის შოუდან“ და „ერთხელ საქართველოდან“ გაიცნო. ტასო ბარნოვა მოკლე ხანში საკმაოდ პოპულარული გახდა და, ამიტომ, თავის პერსონაჟებისგან რადიკალურად განსხვავებულ თათიას, ბევრი უკვე „ტასოსაც” ეძახის.
თათია სამხარაძე: ჩემი და შალვა რამიშვილის ურთიერთობა ტელევიზიიდან არ დაწყებულა, მანამდე მასთან ერთად ვმუშაობდი გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში, სადაც შალვა იყო პიარის უფროსი და მე, როგორც პრაქტიკანტი, ისე მივედი. მაგისტრატურის გაგრძელება მინდოდა უცხოეთში, უნდა დამეწერა თემა, რომელსაც შემდეგ გადავგზავნიდი, ანუ – მოტივაციის წერილი: თუ რატომ მინდოდა გამეგრძელებინა სწავლა მაგისტრატურაში პიარის მიმართულებით. არავინ ჩამირევია, მივაჭერი, მივესალმე, გავეცანი და ვუთხარი: წასვლას ვგეგმავ, თქვენთან მუშაობა მოტივაციის წერილისთვის მინდა, ხელს არ შეგიშლით, თან, დამატებითი ხელი და ყავის მომდუღებელი თუ გჭირდებათ, აქ ვარ-მეთქი. შემომხედა, გაიღიმა, თან, ვერ მიხვდა: ასეთი გოგო რატომ იყო ყავის მოდუღებაზე თანახმა და ცოტა დაიბნა. მეორე დღეს დამირეკეს.
– ამ კუთხით გქონდა გამოცდილება?
– მანამდე ვმუშაობდი არასამთავრობო ორგანიზაციაში, „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის კრეატიულ დეპარტამენტში. შალვასთვის ეს არ მითქვამს, მერე, რომ მივედი, მაშინ ნახეს სივი. ყავასაც დიდხანს ვადუღებდი და ახლაც მოვადუღებ – არ არის პრობლემა. შალვა ძალიან მიწყობდა ხელს, ყველა თათბირს, კრეატიული ჯგუფის შეხვედრას დავსწრებოდი. ფაქტობრივად, პირად ასისტენტად ამიყვანა: ყველაფერს ვიწერდი, ყველა შეხვედრას ვესწრებოდი. როდესაც შალვა რამიშვილი ვინმეს ცხოვრებაში გამოჩნდება, იმ ადამიანის ცხოვრება რადიკალურად იცვლება – ახალი ეპოქა იწყება მისთვის. გამიმართლა, რომ შალვასთან დავიწყე მუშაობა და, ასევე, გამიმართლა სხვა თანამშრომლებშიც – ძალიან შეკრული გუნდი იყო, რომელიც დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაა. გვანცა გორდეზიანი, რომელიც ახლა შალვას პროდიუსერია, მაშინ მასთან ერთად პიარის დეპარტამენტში მუშაობდა, ფანტასტიკური ადამიანია, სიმშვიდისა და სიკეთის განსახიერება.
– რას გაიხსენებ გიორგი მარგველაშვილთან ურთიერთობისას?
– საოცრად მშვიდი და საოცრად თავისუფალია ურთიერთობებში; მისთვის არ აქვს მნიშვნელობა, პრაქტიკანტი ხარ თუ დეპარტამენტის უფროსი, მისი რიტორიკა, ტონალობა, „გამარჯობა” და „ნახვამდის” არ იცვლება, ღიმილი არ ავიწყდება და ეს ყველაფერი უფრო მეტ სტიმულს გვაძლევდა. შეყვარებული ვიყავი გიორგი მარგველაშვილზე მასთან მუშაობისას.
– რატომ არ გააგრძელე ადმინისტრაციაში მუშაობა? თუ, შალვა რამიშვილს გამოყევი?
– პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობაზე იყო საუბარი, მაგრამ, იმ დროს ჯერ კიდევ სტუდენტი ვიყავი, არ მქონდა სახელმწიფო დიპლომი და, შესაბამისად, ვერ ამიყვანდნენ საჯარო სამსახურში, ანუ, ეს ბიუროკრატიული პრობლემა შეიქმნა. მიუხედავად იმისა, რომ მეც და მათაც გული გვწყდებოდა, ყველა მირჩევდა და გეგმა იყო, წავსულიყავი უცხოეთში სასწავლებლად. თან, იმ დროს ინგლისში ერთ-ერთ ტოპ უმაღლეს სასწავლებელში ჩავაბარე მასობრივი კომუნიკაციებისა და პიარის კუთხით. მაგრამ, საგანამანათლებლო ცენტრის პრიორიტეტებში არ მოხვდა პიარი და მასობრივი კომუნიკაციები – არ აფინანსებდნენ; ოჯახმა კი იმ მომენტში სახსრები ვერ გამოძებნა და ამიტომ ვერ წავედი.
– და, დაიწყე ტელევიზიაში მუშაობა.
– ტელევიზორში გამოჩენა საერთოდ არ მინდოდა, პროდიუსინგში მერჩივნა ყოფნა, მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ იყო ჩემში რაღაც არტისტული ნიჭი, რასაც ვერ გავექეცი და, ასევე, გარეგნული ფაქტორებიც, რაზეც თვალს ვერ დახუჭავდნენ, გადაწყვიტეს, რომ ჩემი ადგილი ეკრანზე იყო. ჩვენი გადაცემის და, ზოგადად, ჩვენი, სამეულის პლუსი ის არის, რომ ძალიან ბევრი ექსპრომტია. გადაცემის ჩაწერის დროსაც კი იბადება ბევრი რამ და ეს „ტასო ბარნოვაც” ასე შეიქმნა. გვარი „ბარნოვა” სცენარისტებთან ერთად გადაწყდა, რადგან, გვინდოდა, რომ ეს გოგო ყოფილიყო ცეტრალურუბნელი, სუბკულტურის წარმომადგენელი, რომელიც ცოტა ქედმაღალია, ჩერჩეტია, თუმცა, საყვარელი, არა გამაღიზიანებელი. რაღაცეები იცის, მაგრამ, ზუსტადაც არ იცის. ალბათ, ტასო ბარნოვა კარგი გოგო იქნებოდა, თავისი გარემოს მსხვერპლი რომ არ ყოფილიყო. ტასო ბარნოვა თუმანიშვილის თეატრში აბსოლუტური ექსპრომტი იყო, არ არსებობდა სცენარი. იყო იდეა, რომ ტასოს უნდა ეთამაშა, რადგან ეს მისი ოცნება იყო – ფიქრობს, რომ მსახიობად არის დაბადებული. ქეთი დოლიძის დიდი მხარდაჭერა იყო, მან მოგვცა ამის საშუალება, აგვიხსნა, რა და როგორ უნდა ყოფილიყო, დანარჩენი კი ყველაფერი ექსპრომტი იყო. იმხელა ადრენალინი იყო, სცენაზე რომ გავედი, არ მახსოვს, მერე რა მოხდა: როგორ ვიცეკვე, როგორ ავირბინე ის კიბე; ისიც კი არ მახსოვდა, სცენაზე საერთოდ ვიყავი თუ არა – ეს მომენტი მთლიანად ამოვარდნილია ჩემი მეხსიერებიდან: რომ შევედი, გავითიშე და, რომ გამოვედი – მერე ჩამერთო. ძალიან მინდოდა სამსახიობოზე ჩაბარება და წლების მერე ავისრულე ოცნება. ზოგადად, არ ველოდი თუ ტასო ბარნოვას მიმართ ასეთი ემოციები წამოვიდიოდა: „ფეისბუქზე“ „ექაუნტები“ შეიქმნა, „ფეიჯები“ გააკეთეს – უყვარს ხალხს, მოსწონს, ელოდებიან, ტასო გადაცემაში შევიდეს ხალხთან. უკვე „ტასოს” მეძახიან, მეუბნებიან, რა მაგრად ეღადავები ხალხსო. დარწმუნებულები არიან, რომ ტასო ღადაობს და არა ის, რომ ჩერჩეტი გოგოა. სინამდვილეში, ტასოს საერთოდ არ ვგავარ – არც ცენტრალურ უბნელი ვარ, არც ჩერჩეტი. იცი, როგორ გაჩნდა ტასო ბარნოვა? ეს ყველასთვის საყვარელი ისტორიაა. გავიცანი ცენტრალურუბნელი, ლამაზი, „სვეცკი“ გოგონები. საქმესთან დაკავშირებით ვისაუბრეთ და ბოლოს მკითხეს: ძალიან მეცნობი, სად ცხოვრობო. წერეთელზე-მეთქი. ერთმა გადახედა მეორეს, შემომხედა და მითხრა: ვაფშე არ გეტყობაო. ძლივს შევიკავე სიცილი – როგორ შეიძლება, ადამიანს ეტყობოდეს, სად ცხოვრობს?! მეორე რომ დაეთანხმა, ეს იყო პიკი და მივხვდი, რა დონის სნობებთან მქონდა ურთიერთობა. მერე შალვას მოვუყევი. ეს ისტორია ვაკაჭის საყვარელი ისტორიაა და, მოკლედ, აქედან გადავწყვიტეთ, სნობი პერსონაჟი გაგვეკეთებინა.
– და ფისო ბოტკოველი როგორი გოგონაა?
– ფისო ბოტკოველი და ტასო ბარნოვა ჰგვანან ერთმანეთს, მაგრამ, ტასოსგან განსხვავებით, ფისო უფრო ისტერიულია. იცი, როგორი ჟურნალისტია? ვიღაცის გაქაჩული: თავისი ცოდნით კი არ მიაღწია, ვიღაცამ აიღო და დასვა ეთერში – გაუვარდა თემაა, თან, ბუდაპეშტში სწავლობდა, სხვაგან არსად. ილო მეუბნება ხოლმე: ერთადერთი ადამიანი ხარ, რომელიც ცხოვრებაში ჩემზე მეტს ლაპარაკობსო – ამ მხრივ ვჯობნი. ვაკაჭი ძალიან მიყვარს, ორივე საშინლად მიყვარს. ვაკაჭი და ილო რომ არ ყოფილიყვნენ, მე ასე ბოლომდე ვერ გავიხსნებოდი ვერც ტასოში და ვერც ფისოში. ტასო ხომ არ არის „ერთხელ საქართველოს“ პერსონაჟი, მაგრამ, ილო და ვაკაჭი მის განვითარებაში დიდ როლს თამაშობენ, ისევე, როგორც ზვიად ბლიაძე. დათო ფორჩხიძე გიჟდება ტასოზე, არ იცი, როგორი გულშემატკივარია მისი. სტუმართან შესვლისას ყოველ ჯერზე, იცი, როგორ ვნერვიულობ? მაგრამ, ზუსტად ვიცი, ფორჩხიძე იქ კვდება ნერვიულობით. რომ ვამთავრებთ, მერე უკვე იწყება ჩემი და ფორჩხიძის გამარჯვება. ჩემი ორივე გმირისგან განსხვავებით, მე პერფექციონისტი და იდეალისტი ვარ – ამაში ერთმანეთს მე და ილო ძალიან ვგავართ. შემიძლია, ტასოს თითოეულ წვრილმანზე ვიფიქრო, თუნდაც ლაკის ფერზე. ასეთები რეალურად არსებობენ – ჩვენი თანაკლასელები, მეზობლები, ჯგუფელები იყვნენ. მინდა, ტასო მაქსიმალურად ჰგავდეს მათ.