როგორ გულშემატკივრობს მთელი ჩერქეზეთი ილო ბეროშვილს და რა ტუზი დაეცა ნუცა ბუზალაძეს
„ორი ვარსკვლავის“ ერთ-ერთი გამორჩეული წყვილისთვის – ილო ბეროშვილისა და ნუცა ბუზალაძისთვის ბოლო ერთი წელი განსაკუთრებულად წარმატებული და რადიკალური ცვლილებების მომტანი გახდა. რაც მთავარია, ისინი საზოგადოების დიდი სიყვარულით სარგებლობენ. ამიტომ, ვისაც სურს ამ ორი ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანის კონკურსში დიდხანს ხილვა, დაუმესიჯეთ ნომერზე: 95 210.
– წინა ტური რაღაც დაძაბული იყო, თავისი ჩაცუცქებით და, ბოლოს 8-იანით.
ილო ბეროშვილი: მოწვეული იყო, თორემ, ვინც იქ მუდმივად ზის, მათ ცოტა უფრო დავინდობდი. ის 8 არავის ეხსომება, მაგრამ, ის ჩაცუცქება და ბოლქვაძესთან „კაჩაობა“ უფრო დაგრჩება თავში: „არ იყო პრავი, ძმაო, მოსათხოვი იყო და მოვთხოვე, ტო!” რობინ ჰუდობა და მსახიობობა რომ გინდა, ისიც უნდა აღნიშნო: სად იყო კადრები ფილმიდან, არ უნდა ყოფილიყო დადგმა? ნუცა კი შესანიშნავად გამოიყურებოდა, როგორც პრინცესა, მაგრამ, მე უნდა მქონოდა ნუცას ადეკვატური ჩაცმულობა. ჩაცმულობა ცოტა ჩემი ბრალია, დაკავებული რეჟიმის გამო ვერ მოვახერხე რაღაცეები, მაგრამ, ეს მეათასეხარისხოვანია. მთავარია შინაგანი ენერგია, რაც თეონა კონტრიძემ თქვა და ამაში ვეთანხმები. მიუხედავად იმისა, რომ გადაღლილი ვარ და მაქვს რთული გრაფიკი, მყავს ორი შვილი, რომლებიც არიან 5 წლის და წლისა და 4 თვის და ეს ის მნიშვნელოვანი ასაკია, როცა მათთან ერთად უნდა გაატარო დრო და მისცე სიყვარული. თუ არ მისცემ სიყვარულს, მერე ეს მთელ მათ ცხოვრებაზე აისახება. მე ძალიან აქტიურ მონაწილეობას ვიღებდი მათთან ურთიერთობაში, სანამ სიგიჟეები დაიწყებოდა ჩემ ირგვლივ, ანუ – პროექტები, დაკავებულობა, რაც, რა თქმა უნდა, კარგია თუნდაც ბავშვებისთვის, მათი მომავლისთვის. მაგრამ, სულიერება ხომ უნდა მისცე, მსოფლმხედველობა ხომ უნდა ჩამოუყალიბო?! ათასი კითხვა აქვთ, რაზეც პასუხები შენგან უნდათ, რომ გაიგონ. ჩემს შვილს რაღაცნაირად ვეამაყები და ეს, რა თქმა უნდა, მსიამოვნებს. ბაღში რომ მივდივარ მასთან, ბავშვები ამბობენ – „კაცი, რომელიც ბევრს ლაპარაკობს“ მოვიდაო. მიყურებს, მგულშემატკივრობს. თან, პაროდიის ნიჭი გამოჰყვა ჩემგან, ჩემი აზრი აინტერესებს. უამრავ რაღაცაში ვაკლივარ ჩემს შვილებს... მაგრამ, რა პრობლემაც არ უნდა გქონდეს, როცა სცენაზე დგახარ, ეს ყველაფერი არ უნდა გემჩნეოდეს და შინაგანი ენერგია სწორად უნდა გადმოსცე. ამ პროექტშიც იმიტომაც მიხარია მონაწილეობა, რომ ეს არის უნიკალური შანსი: ასეთ პედაგოგებთან ერთად ძალიან ბევრი პროფესიონალი ინატრებდა მუშაობას და საქართველოს დონეზე ამაში უზარმაზარ თანხებსაც გადაიხდიდნენ. მე კი ამ ყველაფერში უფასოდ ვარ: არის სცენა და უდიდესი გამოცდილება.
– ჩერქეზეთში ბებო რომ გყავს, ცუდად არისო, ამბობდი. ის თუ უყურებს შენს გამოსვლებს?
– ბებო ვერ მიყურებდა, თუმცა, მთელი ჩერქეზეთი მიყურებს. ესემესების გამოგზავნა უნდათ, მაგრამ იქიდან ვერ გზავნიან. სხვათა შორის, „კულინარიულ დუელში“ ლექსი ვთქვი ჩერქეზულად. ჩერქეზებს ნელ-ნელა ავიწყდებათ თავიანთი ენა რადგან, რუსეთთან ასიმილაცია ხდება. მერე იქ თურმე ყველას ტელეფონში ჰქონდა – აი, მე როგორ ვთქვი ჩერქეზულად ლექსი, „იუთუბიზეც“ ბევრი ნახვა ჰქონდა. ორი წელი ვსწავლობდი ჩერქეზეთში და, საერთოდ, ლაპარაკი ჩერქეზულად დავიწყე და არა ქართულად. აქ ბაღიდან გამომაგდეს – ეს ბავშვი ქართველი არ არის, არაბიაო. ახლა ვარ ნახევარი. იმ პრობლემების გამო, რაც არის რუსეთთან, ასევე, ვიზებთან დაკავშირებით, ათი წელია, ვერ მივდივარ და, ეს, იცი, როგორ არის? ნახევარი მხარე რომ გქონდეს ჩამოჭრილი. ფაქტობრივად, ჩემი შვილები ნახევრად ჩერქეზები გამოდიან და არ აქვთ ის ადგილები ნანახი, სადაც გავიზარდე. ისე მინდა იქ წასვლა – ინსპირაციის დიდი წყაროა.
– ხომ არ ასწავლი ჩერქეზულს?
– ჯერჯერობით ვერ ვახერხებ – ბავშვისთვის ერთდროულად რამდენიმე ენის სწავლა არ შეიძლება. სესილი ამ ეტაპზე რუსულად ლაპარაკობს, რადგან ჩემი მეუღლის დედაა რუსი; მეუღლის რა, ჩემი შვილების დედის და, იმედია, შევრიგდებით.
– არის ამ კუთხით ძვრები?
– არის რაღაც ძვრები და, იმედი მაქვს, ყველაფერი დალაგდება. მაგრამ, ასეთი გრაფიკით ძალიან რთულია პირადი ცხოვრება დაალაგო – მიდიხარ დილით ადრე და სახლში გვიან ბრუნდები...
როდესაც ტელევიზიაში მოდიხარ, ამბიცია გაქვს, მაგრამ, რაღაცეებისთვის მზად უნდა იყო – უნდა შეეჩვიო, რომ გაკრიტიკებენ. მე მტკივნეულად განვიცდი, როცა მაკრიტიკებენ, ანუ, თუ საკუთარ თავთან მართალი ვარ და შრომა მაქვს ჩადებული, მაშინ კრიტიკა დიდად არ მეხება, რა თქმა უნდა, თუ ის კონსტრუქციულია. მაგრამ, თუ საკუთარ თავთან მართალი არ ვარ, შრომა დავაკელი, ვიზარმაცე და მერე სხვაც იტყვის ამას, გული მწყდება: როგორ შემემჩნა, რომ ეს ვერ გავაკეთე. ნუცას აქვს ის თვისებები, რაც ჩვენი თაობის ადამიანებს არ გვაქვს და მათზე უნდა ვიმუშავოთ. გარდა ამისა, მას აქვს მდგრადი ფსიქიკა და ბევრს მუშაობს საკუთარ თავზე. როდესაც „იურმალაზე“ გამოდიოდა, თან, იმ პოლიტიკურ ფონზე, რაც მაშინ იყო, ნუცამ ისე იმღერა, ისე მოიქცა, რომ გზა არ დაუტოვა არავის. როცა შინაგანი ძალა გაქვს, ამას გააკეთებ.
– არაპროფესიონალისთვის „ორ ვარსკვლავშიც“ არ იქნება ადვილი.
– არის სირთულეები არაპროფესიონალისთვის, დაბნეულობაც. პირველ სიმღერაზე არ მეტყობოდა ნერვიულობა, მერე კი ჩემთან, პროექტების მხრივ, რაღაცეები დაემატა, მაგრამ, მერე რა. კონკურსი ისეთ სტადიაში შედის, რომ, რაც კი რესურსი მაქვს, მინდა, ამისთვის გამოვიყენო, ყველაზე პრიორიტეტულად „ორი ვარსკვლავი“ ჩავთვალო, პირველ ადგილზე დავაყენო. იმედი მაქვს, ამ შინაგან ენერგიას ვიპოვი ამისთვის.
– ნუცა, როდესაც ამ კონკურსში მონაწილეობას აპირებდი, გქონდა გარკვეული მოთხოვნა პარტნიორთან დაკავშირებით?
ნუცა ბუზალაძე: თავიდანვე ჩემ გვერდით ილო წარმოვიდგინე. ჩემი თაობა გიჟდება ილოზე, ჩემმა დაქალმა მაჩვენა პირველად ილოს ვიდეო და ვთქვი, რომ მინდოდა ილოსთან ყოფნა. მერე „იმედის” შესასვლელში შევხვდით შემთხვევით ერთმანეთს და, ზემოთ რომ ავედით, ილომ დაინახა, რომ ჩვენი ფოტოები ერთად იყო. ძალიან გამიხარდა – საამაყოა, როცა ასეთი მეწყვილე გყავს, ყველა ინატრებდა ილოსნაირ მეწყვილეს. თან, ყველა პლუსთან ერთად, ილოს აღმოაჩნდა კარგი ხმა, კარგად მღერის და, რაც მთავარია, სცენაზე არ იბნევა. ამ პროექტში ტუზი დამეცა და მიკვირს ჩემი ბედის: სადაც არ უნდა მივიდე, ყველგან იღბლიანი ვარ. წარმოიდგინეთ, რომ შემხვედროდა ვინმე უსმენო, უნიჭო, უხმო, თუნდაც კარგი, ცნობილი ადამიანი, რა ცოდო ვიქნებოდი!
ილო: ნუცას უწევს, მე გამითვალისწინოს და კომპრომისებზეც უწევს წასვლა.
ნუცა: ლაივზე რომ ვმღერი, იცი, როგორ მიჭირს ჩემი ენერგიის, ემოციის, თავის კონტროლი?! მე თუ ვოკალიც დავდე და არტისტულობაც, ილო ისე დარჩება და ამიტომაც არის ჩემთვის ძალიან რთული. ეს ილოს პროექტია, ილომ უნდა მოიგოს და, ამიტომ, ვცდილობ, ისე გავაკეთო, ისე შევფუთო საკუთარი თავი, რომ ილო ენერგეტიკულად არ გადავფარო, შეთავსებულები ვიყოთ კარგად.
ილო: როცა კონკურსზე დაიწყო საუბარი, ვფიქრობდი, ვისთან ერთად მომიწევდა ყოფნა, თან, პოზიტიური იმიჯი მქონდა და მეშინოდა, ვინმეს არ ეთქვა – რა გინდოდა, გააკეთე შენი საქმეო. მინდოდა, ისეთი ადამიანი შემხვედროდა, ვის მიმართაც არ იქნებოდა აგრესია. ძალიან გამიხარდა, რომ ნუცა შემხვდა. თან, არის მომენტები, როდესაც ნუცა სამი-ოთხი საათი მელოდება, როდის მოვალ გადაღებებიდან. ბევრი მომღერალი იტყოდა – მე არ ვარ ვიღაც, რომ მალოდინოო.
ნუცა: ეს არის ზუსტად დამღუპველი. რომ ვიცოდე, ილო ამას რაღაც დებილობის გამო აკეთებს, მაშინ სხვა საქმეა, შეიძლება ავტეხო ამბავი. მაგრამ, როცა აქვს ამის მიზეზი?! თუ ხართ წყვილი, ხომ უნდა გაუგოთ ერთმანეთს.
ილო: შემოქმედებითი კამათი ძირითადად მომდის დეტალებზე: ეს ასე უნდა იყოს, ასე კარგია. ნუცა ერთადერთი ადამიანია, რომელიც ჩემზე უფრო მანიაკი აღმოჩნდა – დიდ პატივს სცემს მაყურებელს და თითოეულ დეტალზე ფიქრობს, რადგან, არ მიაჩნია, რომ მაყურებელი შტერია და ამას ვერ მიხვდება.
ნუცა: არადა, „კარგია, კარგიას” არასდროს ამბობს, ყველაფრით უკმაყოფილოა, მაგრამ, სასიამოვნოა მასთან ერთად მუშაობა.
ნათია უტიაშვილი