როგორ „აახია“ ანრი ჯოხაძე „იმედს“ „რუსთავი 2-მა“ და შეძლებს თუ არა მის „დაკაწვრას“ გიორგი გაბუნია
წლებია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მუსიკალური გადაცემების ლიდერია და განსაკუთრებული ორგანიზატორულობითაც გამოირჩევა. სწორედ ასეთმა პროექტებმა გაუხსნა გზა უამრავ მომღერალს და მისცა საშუალება, ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა ქართულ ესტრადაზე. სხვა საკითხია, ვინ როგორ გამოიყენა ეს შანსი, მაგრამ, ფაქტია, რომ არაერთი პროფესიონალი მომღერალი შემორჩა მცირებიუჯეტიან ქართულ ესტრადას. მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ მუსიკალურ ტელეპროექტად აღიარებულმა „X ფაქტორმა“ საქართველოშიც უზარმაზარი აუდიტორია მიაჯაჭვა ეკრანებს და ყოველ ორშაბათს პირდაპირი ეთერით ვადევნებთ თვალს დამწყები მომღერლებისა და მენტორების ორთაბრძოლას. რაც შეეხება წლევანდელი სეზონის „X ფაქტორს“, გამორჩეული იმითაც იქნება, რომ შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური, ენაკვიმატი და სუპერვოკალისტი ანრი ჯოხაძე მიიწვიეს, თუმცა, გადაცემას გამორჩეულობას გაბუნია-ჯოხაძის ტანდემიც შეჰმატებს და, მოლოდინი იმისა, რომელი რომელს „დაპორჭყნის, დაკაწრავს და დაკბენს,” ძალიან დიდია.
– ყოველთვის მაინტერესებდა, რატომ არ ჯდებოდი არცერთი შოუს ჟიურიში და რატომ კარგავდნენ ამ შანსს გადაცემის პროდიუსერები; ახლა კი, „რუსთავი 2-მა,“ შენივე ტერმინოლოგიას თუ გამოვიყენებ, „იმედს“ „აახია“ შენი თავი.
ანრი ჯოხაძე: „ახევა“ ცოტა უტრირებულია, თუმცა, ასეც შეიძლება ითქვას. ჟიურის წევრობაზე არასდროს დავფიქრებულვარ, ყოველ შემთხვევაში, ამ საკითხს ასე არ ჩავღრმავებივარ და, როგორც ჩანს, ამის დრო ახლა მოვიდა. სხვათა შორის, ორი ტელევიზიიდან თითქმის ერთდროულად მივიღე შემოთავაზება და ცოტა გამიკვირდა კიდეც.
– გასაკვირი ჟიურის წევრობა იყო თუ ორი არხის ერთდროული შემოთავაზება?
– ორივე, მაგრამ, ერთდროული შემოთავაზება რომ გაკეთდა, ამან უფრო გამაკვირვა, თუმცა, არჩევანი „X ფაქტორზე“ გავაკეთე.
– უფრო პრესტიჟულ გადაცემად მიგაჩნია და იმიტომ, თუ, ფინანსური დაინტერესება იყო მეტი?
– შეიძლება ითქვას, ორივე ფაქტორმა იქონია გავლენა.
– თუ საიდუმლო არ არის, მეორე შეთავაზება რომელი პროექტიდან იყო?
– რა თქმა უნდა, საიდუმლო არ არის. „იმედზე“ გადმოვიდა პროექტი „ერთი ერთში“ რომლის პირველ სეზონშიც ვმონაწილეობდი და, შესაბამისად, ამ კონკურსის ჟიურის წევრობა შემომთავაზეს, მაგრამ, მეორე დღეს „რუსთავი 2-მა“ დამირეკა და „X ფაქტორი“ შემომთავაზა. – გარდა საინტერესო წინადადებისა, ამ კონკურსის სტილი უფრო მისაღები იყო ჩემთვის, თანაც, ჩემი თავი აქ უფრო დავინახე.
– სხვათა შორის, პროექტ „ორ ვარსკვლავში“ მონაწილეობაზეც განაცხადე უარი – ბოიკოტს ხომ არ უცხადებ „იმედს“?
– არა, ბოიკოტი რა შუაშია! „ორ ვარსკვლავს“ რაც შეეხება, ამ შემთხვევაშიც არ აღმოჩნდა ჩემთვის მისაღები წინადადება, რაზეც, შესაბამისად, უარი ვთქვი. არ მინდა, ვიღაცამ ზედმეტ ამბიციურობაში ჩამითვალოს, მაგრამ, მე აღარ ვარ დამწყები მომღერალი, რომლისთვისაც ყველაფერი მისაღებია – „ოღონდ კი იყოს” პრინციპით.
– თუმცა, შენი მონაწილეობა „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა ასე მონათლა.
– არა მგონია, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანმა დაიჯეროს, რომ ანრი ჯოხაძე „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების ან კარგად მოცეკვავის ამბიციით გამოვიდა. იმ პერიოდში ძალიან ვიყავი გასუქებული და, თან, მომღერლისთვის პლასტიკის დახვეწა სავალდებულოც არის, ამიტომ, ვალდებულებისა და იძულების წესით ვარჯიში ჩემთვის კარგი იქნებოდა და მეც არ ვთქვი უარი, თორემ, ცხოვრებაში საკუთარი ნებით ცეკვის გაკვეთილსაც არ დავესწრები, არამცთუ ცეკვა გავბედო.
– შენ რას მოგცემს „X ფაქტორი“ ან, პირიქით, რას შეჰმატებ ამ კონკურსს?
– სხვათა შორის, ეს არის კონკურსი, რომელშიც კონკურსანტთან ერთად ჟიურიც იზრდება, მით უმეტეს – ვოკალისტი ჟიურის წევრი... გაბუნიას აწი რაღა გაზრდის, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, წელს მაგარ შოუს იხილავს „რუსთავი 2-ის“ მაყურებელი.
– როგორც ჩანს, შენც ვერ გადაურჩები გიორგი გაბუნიას ბრჭყალებით დაკაწვრას.
– გიორგი ჰოროსკოპით ლომია, ბუნებით – ლიდერი და საკუთარი ძალის დემონსტრატორი, ისევე, როგორც სტეფანე და, ამიტომაც, მათი „დაკაწვრა” პირველობის დამტკიცებას უფრო ჰგავდა. მე და გაბუნიას რაც შეგვეხება, არა მგონია, ჩემი დაკაწვრა შეძლოს – მე ხომ მორიელი ვარ!
გიორგი გაბუნია: ეს პროექტი ჩემთვის არის – „ამოვისუნთქო მძიმე პოლიტიკისგან“. თავის დროზე აქტიური შეხება მქონდა მუსიკასთან და, ბუნებრივია, ეს სფერო შორს არ არის ჩემგან, რაც შეეხება ჟიურის წევრებს შორის „შპილკაობას,” თავიდან თითქოს იყო მოლოდინი, რომ ჩვენ შორის ეს იქნებოდა, მაგრამ, ვამბობდი, რა სისულელეა-მეთქი, თუმცა, როგორც ვხედავ, ეს გარდაუვალია – კინკლაობა უკვე მიდის და იმედი მაქვს, დიდ დაპირისპირებაში არ გადაიზრდება.
სოფო ნიჟარაძე: „X ფაქტორი“ არის ახალი ტალანტების აღმოჩენის ყველაზე კარგი საშუალება. „რუსთავი 2-ს“ სჩვევია კარგი პროექტების კეთება და ბევრი ჩემი კოლეგა სწორედ ამ პროექტებით არის გამოსული. ასეთი მუსიკალური კონკურსებით იმდენ ახალ ვარსკვლავს ვიძენთ, რომ საქართველომ დაამტკიცა – ამ სფეროში მისი შესაძლებლობები ულევია.
თამთა გოდუაძე: ეს პროექტი, სხვა კონკურსებისგან განსხვავებით, ადამიანს აძლევს საშუალებას, მასში ჩამალული „X ფაქტორი” გამოიტანოს საჯაროდ. ჩვენ არ ვეძებთ ხალხს კონკრეტულად ერთი ფაქტორის გამოსავლენად, ეს უნდა იყოს ვიზუალური ესთეტიკის (რა თქმა უნდა, ამაში არ იგულისხმება ლამაზი ან სიმპათიური) – სცენური მომხიბვლელობისა და ვოკალის სინთეზი. გარდა ამისა, „X ფაქტორი“ პირდაპირ კავშირშია ჩემს ქვეყანასთან, რისი მეშვეობითაც მეძლევა საშუალება, ჩამოვიდე საქართველოში, აღმოვაჩინო, გავიცნო და შევიყვარო ახალი ადამიანები.