კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აზარალებს მსოფლიოში დაწყებული სავალუტო ომი ლარს და რატომ შეჩერდა ნავთობის საერთაშორისო ფასის ვარდნა

იმის გამო, რომ უკრაინაში ომს დასასრული არ უჩანს, გარდა პოლიტიკური სირთულეებისა, ეს ფაქტი საქართველოს ეკონომიკურ სირთულეებსაც უმზადებს. თანაც, არა მხოლოდ უკრაინისა და რუსეთის, სრულიად დსთ-ის სივრციდან და თვით ევროკავშირის მიმართულებიდან. რა რისკების წინაშე დადგა ქართული ეკონომიკა მსოფლიოში შექმნილი რთული ვითარების გამო, არის თუ არა შესაძლებელი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა და რა ოდენობის ეკონომიკურ ზარალს უნდა ველოდოთ  კვანძის საბოლოოდ გახსნამდე, – ამ თემაზე ეკონომიკის ექსპერტი, ემზარ ჯგერენაია გვესაუბრება.

– უკრაინაში მიმდინარე პროცესები რა გავლენას მოახდენს, პოლიტიკა რომ გვერდით გადავდოთ, საქართველოს ეკონომიკაზე?

– უკრაინასთან 200-მილიონიანი ექსპორტი გვაქვს და იმის გამო, რომ ქვეყანა გაკოტრებულია, ანუ გადახდისუუნაროა, ეს 200-მილიონიანი ექსპორტი დაგვეკარგება.

– სრულად დაიკარგება?

– დიახ, თითქმის სრულად, იმიტომ რომ, შარშანდელი ვალებიც არ გადაუხდიათ, წელს კი ქვეყანა დეფოლტისკენ მიდის და, ამდენად, ეს თანხა სრულად დაიკარგება. თან, უკრაინის ირგვლივ არ დაწყნარებულა სიტუაცია და ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი ეს არის; მეორე –  როგორც ხედავთ, იმიტომ რომ უკრაინა არ ჩამოყალიბებულა საბოლოოდ, ჩვენი ევროინტეგრაციიის პროცესიც წინ არ მიდის. ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციაზე, ფაქტობრივად, უარს გვეუბნებიან, ანუ ევროპა ჩვენ ან მთლიანობაში გვიკეთებს რაღაცას ან საერთოდ არ გვიკეთებს.

– ერთიან პაკეტში მოგვიაზრებს ჩვენ და უკრაინას?

– დიახ, ერთიან პაკეტში, რაც უცნაურია, ჩემი შეხედულებით, მაგრამ ფაქტია. თუ ჩვენ უკრაინას ვერ ჩავითრევთ ევროინტეგრაციაში, მაშინ იქ საქართველოს ადგილი არ იქნება, მოლდოვა კი ჩვენ გარეშეც ევროინტეგრირებულია რუმინეთის გამო. ამიტომ პოლიტიკურადაც ძალიან გვაზარალებს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები.

მესამე –  უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, სანქციების მიუხედავად, რუსეთმა ჯერჯერობით პოლიტიკურად შეირჩინა, რაც გააკეთა ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში. აქედან გამომდინარე, ძალიან საშიშია საქართველოსთვის ეს პრეცედენტი, როდესაც რუსეთი ასე ბობოქრობს და მისი გავლენა არ მცირდება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებამ აღმაშფოთა და გადამრია, ვფიქრობ, ეს არის კაპიტულანტური განაცხადი დასავლეთისა ისეთი ქვეყნების მიმართ, როგორიც საქართველოა.

– ოლანდის ამ განცხადებამდე სარკოზიმ განაცხადა თავისი პარტიის ყრილობაზე, რომ, თუ კოსოვოს ეკუთვნის სერბეთისგან დამოუკიდებლობა, რატომ არ შეუძლია ყირიმს, შეუერთდეს რუსეთსო, რაც დააგვირგვინა უკვე მოქმედმა პრეზიდენტმა, რომ საქართველოსა და უკრაინას უარი უნდა ეთქვათ „ნატოს“ წევრობაზეო.

– ანუ საფრანგეთს, როგორც სახელმწიფოს, ამ საკითხისადმი აქვს ერთიანი მიდგომა,  ფაქტია, დიდ ევროპულ ქვეყნებს, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ხელს არ აძლევს რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება, იმიტომ რომ, ეს მათ ბიზნესზე უარყოფიად აისახება. ამ შემთხვევაში დიდი ბიზნესი განაპირობებს პოლიტიკას.

– უკრაინისგან 200-მილიონიანი ზარალი გველის. რუსეთიდან რა ეკონომიკური ზარალია მოსალოდნელი? თუმცა ჩვენ ისედაც ვიცით, რომ მას ნებისმიერ დროს შეუძლია, გადაკეტოს თავისი ბაზარი სხვადასხა მიზეზით და არ მგონია, WTO-ს წესებმა შეაფერხოს.

– რუსეთშიც ანალოგიური სიტუაციაა: იმის გამო, რომ იქ ეკონომიკური სიტუაცია მძიმეა, მოხმარების დონე მცირდება ყოველგვარი ცუდი განზრახვის გარეშე და ჩვენი ექსპორტიც მცირდება. მეორე –  რუსეთი ფულის გადმორიცხვის, ანუ ეგრეთ წოდებული ტრანსფერების მთავარი წყაროა, დაახლოებით, 700 მილიონზე მეტი დოლარი გადმოირიცხება რუსეთიდან იქ მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების მიერ და ამ თანხასაც, დაახლოებით, 400 მილიონი დოლარი დააკლდება. ამდენად, ესეც დამამძიმებელი გარემოება და მნიშვნელოვანი ზარალია ჩვენი ეკონომიკისთვის.

– რა პრევენციული ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი ამ ზარალის, მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც თავიდან ასაცილებლად?

– ვერანაირ პრევენციულ ნაბიჯს ვერ გადავდგამთ, იმიტომ რომ, ეს ხდება ჩვენი ქვეყნის გარეთ და ჩვენს ძალებს აღემატება ამის მოგვარება. ჩვენ კომპენსაცია უნდა გავაკეთოთ პირდაპირი ინვესტიციების მოზიდვით. სავალუტო ფონდის კრედიტების იმედი ამოგვეწურა და ამიტომ უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები. 

– საიდან?

– ინვესტიციებიც პრობლემაა: ამერიკელები არ ჩქარობენ, ევროპელებს არ სცალიათ, რუსებს ცუდი დრო უდგათ და რჩება აღმოსავლეთი, საითაც უნდა მივაპყროთ მზერა და იქ ვიპოვოთ ეს ინვესტიციები.

– რამდენად რეალურია და რა სფეროშია შესაძლებელი ჩინეთიდან ინვესტიციების მოზიდვა?

– ჩინური ინვესტიციების გარკვეული გამოცდილება ჩვენ გვაქვს, მაგალითად, ოლიმპიური ქალაქის მშენებლობა და ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯების გადადგმით, შევძლებთ, დავაინტერესოთ ჩინელები. მეორე ის არის, რომ ჩინელებს ისედაც აინტერესებთ შავი ზღვის სანაპიროზე პორტის შესყიდვა. თუ ისინი ანაკლიას შეისყდიან და განავითარებენ ინფრასტრუქტურას, ეს ნიშნავს, რომ ის მათი ბაზა გახდება და ანაკლიიდან ევროპაში შეიტანენ ჩინურ საქონელს, რომლის რაოდენობაც ყოველწლიურად იზრდება.

– საერთო ჯამში, რამდენ თანხას დავკარგავთ ექსპორტიდან ამ წელს?

– ჯამში, დავკარგავთ მილიარდს. უკრაინა კოტრდება, რეფინანსების 30 პროცენტი ნიშნავს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, ინტენსიური თერაპიის პალატაშია და ხელოვნურად აცოცხლებენ. როგორც გითხარით, ამ მიმართულებიდან 200 მილიონ დოლარს დავკარგავთ 2015-ში, რუსეთშიც დავკარგავთ ამდენივეს. მთელი დსთ-ის ბაზარი ჩვენთვის იყო მილიარდ 600 მილიონი დოლარი. ეს ის ზონაა, სადაც სავალუტო კურსის ქარიშხალი მძვინვარებს. ამდენად, სავარაუდოდ, ჩვენი ექსპორტის დანაკარგი ამ მიმართულებიდან 2015 წელს იქნება მილიარდ დოლარამდე.

– რას ნიშნავს ამ მილიარდის დაკარგა? როგორ გამოიხატება: პენსიები ვერ გაიცემა, სოციალური პროექტები ვერ განხორციელდება?

– არა, ამასთან კავშირი არ აქვს. ლაპარაკია, რომ სავალუტო კურსს, რომელიც მიბმულია ვალუტის შემოდინებაზე, დააკლდება უზარმაზარი ნაწილი.

– და ამას ვერ უშველის ეროვნული ბანკის ინტერვენციები?

– ვერანაირად ვერ უშველის ეროვნული ბანკის ჩარევა.

– რამდენი ინვესტიციაა მოსაზიდი, რომ ეს მილიარდიანი ზარალი გადაფაროს?

– დაგეგმილი გვაქვს მილიარდის ინვესტიცია, იმ ერთ მილიარდს, მინიმუმ, 700 მილიონი დოლარი მაინც უნდა დავამატოთ. თან, ევრო ახალ ცხოვრებას იწყებს. გადაწყდა, რომ კვიპროსში შერბილების პროგრამა ჩაირთვება, 60 მილიარდის ობლიგაციებს შეიძენენ და ევროს კურსი კიდევ უფრო დაეცემა. მალე ის დაუბრუნდება 1999 წლის დონეს. ამით ევროპელები ცდილობენ, აშშ-ს მიჰბაძონ და იაფი ფულით ცდილობენ ეკონომიკის წამოწევას. დღეს ნამდვილი სავალუტო ომია მსოფლიოში, მთავარი მოთამაშეები ცენტრალური ბანკები არიან და მათი იარაღი იაფი ვალუტაა. ყველა ცდილობს, გააუფასუროს თავისი ვალუტა და ამით მოიპოვოს საექსპორტო უპირატესობა. ჩვენთვის ევროპა სიდიდით მესამე საგარეო ეკონომიკური პარტნიორია და ეს ახალი გარემოება აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ლართან და ექსპორტთან მიმართებაში.

– გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტულ ეგრეთ წოდებულ სახალხო რესპუბლიკებში იბრძვიან ფრანგი მოხალისეებიც. ეს რას ნიშნავს?

– დაქირავებული მეომარი, საფრანგეთიდან იქნება თუ ჩინეთიდან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის ადამიანი, რომელიც შესაძლოა, უბრალოდ, იბრძოდეს. ის არ იბრძვის იმიტომ, რომ იქ მთავრობამ გაუშვა. ეს არის ადამიანი, რომელიც ფულის გამო იბრძვის.

– და რა გაუჭირდა ასეთი საფრანგეთის მოქალაქეს, რომ სეპარატისტების მხარეს იბრძოლოს?

– არაფერი ისეთი, უმუშევარია საფრანგეთში და მეტი საქმე არ აქვს, იმას გარდა, რომ კაცი  მოკლას და იომოს. ამას არ აქვს კავშირი პოლიტიკასთან.

– საქართველოს ამომრჩევლის მიერ დაწუნებული ქართველი პოლიტიკოსების ყოფნა უკრაინის ხელისუფლებაში რა მიზანს ისახავს: რუსეთის უფრო გაღიზიანებას, ჩვენმა პარტნიორმა აშშ-მა ისინი დაასაქმა თუ?

– ეს, უპირველესად, არის უკრაინისა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს შორის გარიგება. უკრაინას ახლა ძალიან უჭირს და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ფინანსურად, იარაღით, ჯარისკაცით თუ ნაცნობობით მოემსახურება უკრაინას და გვერდში დაუდგება, სჭირდება. ბუნებრივია, ძალიან დიდი სამსახური გაუწია სააკაშვილმა მათ. ბევრი ქართველი მებრძოლი ჩადის, თავის ნაცნობობას შეერთებულ შტატებსა და ევროპაში იყენებს უკრაინის სასარგებლოდ და ეს მთლიანობაში იყიდება ერთიან პაკეტში. უკრაინას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს და უახლოეს ხანებში რეალური ძვრა არ ჩანს.

– ჩვენი ეკონომიკა, ასე თუ ისე, გაუძლებს მილიარდიან ზარალს, მაგრამ უკრაინის დეფოლტი რას ნიშნავს, რომ ქვეყანა, ფაქტობრივად, დაინგრა?

– უკრაინა ბანკროტია, როგორც სახელმწიფო, მას ფეხზე წამოაყენებს სავალუტო ფონდის 17-მილიარდიანი კრედიტი, რომელსაც არ აძლევენ და ვნახეთ, რომ არც შეერთებულმა შტატებმა მისცა იარაღი.

– რუსეთი შეძლებს უკრაინის ეკონომიკის წამოყენებას?

– რუსეთს არასდროს ჰქონია რომელიმე ქვეყნის ფეხზე დაყენების სურვილი. რუსეთის სურვილია, უკრაინა დაიქცეს. იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს და ეკონომიკურად ისე დაიქცეს, რომ ენატრებოდეთ გუშინდელი დღე.

– დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების დაქცევაც ხომ არ უნდა? ძალიან ბევრი არ უგროვდება რუსეთს სარჩენად?

– არც მათ რჩენას აპირებს რუსეთი, დონეცკსა და ლუგანსკში, ძირითადად, სამხედროები არიან და როგორც აქამდე ცხოვრობდნენ სიღარიბეში, ისევ ისე იცხოვრებენ. თან, მათ უკრაინის მდიდარი რაიონი ჩაიგდეს ხელში და შიმშილით არ დაიხოცებიან. სამხედროებს ვგულისხმობ, თორემ ხალხზე არც იქით ფიქრობენ და არც –  აქეთ. დასავლეთ უკრაინა კი ბუნებით ლამაზი, მაგრამ რესურსებით ღარიბი მხარეა.

– ევროკავშირმა რა დოზით იზარალა რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციებით?

– საგრძნობი არის, მაგრამ რუსეთზე მეტი, ალბათ, არ განუცდია.

– მოსალოდნელია რუსეთის დეფოლტი, თუ ნავთობის ფასის ვარდნა გაგრძელდა?

– არა, რუსეთში დეფლოტი მოსალოდნელი არ არის. ნავთობის ფასი კი ჯერჯერობით კარგა ხანია, 60 დოლარზეა გაყინული. ეს ნიშნავს, რომ ამ მიმართულებით მუშაობა შეჩერებულია. სავარაუდოა, რომ 2015 წლის ივნისიდან ნავთობის ფასი მეტად აღარ შემცირდება და ის 40 დოლარს მაინც არ ჩამოსცდება. რა არის ასეთი დასკვნის საფუძველი? პირველი ის, რომ საუდის არაბეთი, რომელიც „ოპეკის“ წამყვანი ქვეყანაა, ხელისუფლებისა და მიდგომების ცვლილებაშია. გარდა ამისა, საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ მას ხელს აძლევს ნავთობის ფასის შემცირება, რათა აშშ-ში ფიქლის გაზის პროექტების განვითარებას ხელი შეუშალოს. თუმცა, მეორე მხრივ, ნავთობის ღირებულება ბარელზე 40 დოლარს ქვევით, სერიოზული დანაკარგის წყარო გახდება და ამის უფლებას აშშ-ის ხათრითაც ვერ მისცემს საკუთარ თავს. მეორე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ტერაქტამდე რამდენიმე დღით ადრე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა თავისი როლი შეასრულეს და რუსეთი არ აპირებს კიდევ ახალი ტერიტორიების დაპყრობას (ეს განცხადება ცალკე განხილვის საგანია პოლიტიკურ ჭრილში). ვფიქრობ, ეს იმის ნიშანია, რომ შესაძლოა, ახლო მომავალში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გადაიხედოს. ასევე, რუსეთს მისცენ უკან დახევის საშუალება ისე, რომ მთლად არ დაეცეს საერთაშორისო ასპარეზზე მისი იმიჯი და უკრაინაში მიიღონ გაყინული კრიზისი, სადაც რუსეთი კიდევ დახარჯავს ფულს და უფრო დასუსტდება ეკონომიკურად, მაგრამ მართვადი გახდება. ეს გვაფიქრებინებს, რომ ნავთობის ფასების ვარდნა წლის პირველ ნახევარში შეჩერდება. მესამე, ევროპა რეცესიის და დეფლაციის წინაშეა და, ბუნებრივია, მის ეკონომიკას სტიმულირება სჭირდება. რუსეთზე განხორციელებულმა სანქციებმა მასზე სერიოზული ზეგავლენა იქონია და ამის დიდხანს გაგრძელება ევროპას არ ძალუძს. მეოთხე, ჩინეთის ეკონომიკა შენელდა, რომელიც მის ძირითად პარტნიორებს –  აშშ-სა და ევროპას ემუქრება. აქედან გამომდინარე, მყარი დოლარი შენარჩუნდება 2015 წლის განმავლობაში და მეორე ნახევარში ის დაიწყებს შესუსტებას, რაც აშშ-ის ფედერალურ სარეზერვო სისტემას მისცემს ინფლაციური პროცესების მართვის საშუალებას. ბუნებრივია, ეს პრობლემებს შექმნის განვითარებად ქვეყნებშიც, საგარეო ვალების სიმძიმის ზრდა 2015 წელს გაგრძელდება და ის წითელ ხაზად იქნება გავლებული მსოფლიოს წამყვანი ქვეყნებისთვის. მაგრამ წლის ფავორიტი მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება.

 

скачать dle 11.3