გლდანის ციხის ნოსტალგია
„ვაი, ვეღარ ვხედავ მზეს!“
თანაგუნდელებს პათოსში არც ასევე არაერთგზის პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე ჩამორჩა და კიდევ ერთხელ განამტკიცა მოსაზრება, რომ ენისთვის ძვალი, შუბლისთვის კი ძარღვი ჰაერივით აუცილებელია.
ასე და ამგვარად, ბ-ნმა თარგამაძემ გაგვიმხილა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილი საპროტესტო აქციის მიზანი მოქმედი მთავრობის გადადგომა და ახალი, „ტექნიკური” კაბინეტის დანიშვნაა (ანუ დანარჩენი ტექნიკის საქმეაო?!), რომელიც ანტიკრიზისულ ზომებს გაატარებს (პრინციპით: „ამ ქალბატონს მე გავჩხრეკ“!) და მომავალი არჩევნებისთვის კონკურენტულ გარემოს შექმნის (ოო, რაც მართალია, მართალია, ისეთ კონკურენტულ გარემოებს ქმნიდნენ აქამომდე, რომ სატელევიზიო ეთერი მხოლოდ მართვად-პარტიულ მედიას ეპყრო). ამ ყოველივეს ფონს კი, თურმე, „გაბრაზებული ხალხი“ შეუქმნის!
ასეა თუ ისე, ბ-ნი თარგამაძე გვპირდება, თუმცა ჩვენ რა, მთავრობას ჰპირდება: „ჩვენ დავიწყებთ მთავრობის გადაყენებას და ჩვენ ამ მიზანს მივაღწევთ ყველა მეთოდით, მათ შორის, მიტინგებით, საპარლამენტო ბრძოლით და ა. შ.“ რაკი „ა. შ.“ არ დაუკონკრეტებია, სავარაუდოა, რომ აქ „სულის ამოხდა“ იგულისხმება. –
მე კი კვლავ გლდანის ციხის თემას დავუბრუნდები: თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი თარგამაძის ხელისუფლებაში ყოფნის დროს გლდანის ციხე უსაშინლეს ციხეთა ათეულში იყო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ მთავრობის შეცვლა ბ-ნ გივის გლდანის ციხისთვის იმავე ჩამონათვალში პირველი ადგილის მოპოვებისთვის აქვს განზრახული.