ენას – ძვალი
ანუ შუბლს ძარღვი აკლდაო
გასულ კვირას აწ უკვე თბილისურ პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელსაც მიწვეული მინისტრებიც ესწრებოდნენ, სადაც უმცირესობამ უმრავლესოელ კოლეგებსა და მთავრობის წევრებს არა მხოლოდ თავის მიერ შემუშავებული „ანტიკრიზისული გეგმა“ გააცნეს, არამედ ტრიბუნა 21 მარტს დაანონსებული აქციის რეკლამირებისთვისაც გამოიყენეს (რაც, ამ კონკრეტული პარტიის ბუნების გათვალისწინებით, სავსებით ბუნებრივი იყო).
სახელდობრ, გიორგი ბარამიძემ, აწ ვიცე-სპიკერმა, ზოგადად კი, არაერთგზის ნამინისტრალმა და უფრო არაერთგზის – არაერთი მოწვევის პარლამენტის წევრმა, მმართველი გუნდი, არც მეტი, არც ნაკლები, შემდეგნაირად გააფრთხილა: „ნუ გაგიკვირდებათ, თუკი 21 მარტს ხალხი გამოვა და მთავრობას მოსთხოვს, დაუთმოს ადგილი იმ პოლიტიკურ ძალებს, ვისაც ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა შეუძლია.“
მართალია, ქადილს მრავლობითი ფორმა ჰქონდა („იმ პოლიტიკური ძალებსო“), მაგრამ, ისევ და ისევ „ნაციონალური“ ბუნების გათვალისწინებით, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ლამის დაზუსტებით ვიცით (დაახლოებით, ასე: თქვენი ხმალი, ჩემი კისერიო), რომ ვამბობთ „ჩვენ“ და ვგულისხმობთ „მე-ს“. –
უფრო მეტიც, ბ-ნმა ბარამიძემ გულდათუთქულმა შენიშნა, რომ „საქართველოს უპასუხისმგებლო მთავრობა მართავს, რომლის პათოსი არის მხოლოდ ის, რომ ქვეყანა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანგრია“; და, რაც მთავარია, შეაგონა: „ვიდრე საქართველოში კონფრონტაცია და პოლიტიკური დევნა არ დასრულდება, ქვეყანა ვერ ამოისუნთქავს.“
სხვა რომ არაფერი, თუ მხოლოდ იმას გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, გლდანის ციხე მსოფლიოს ათ უსაშინლეს ციხეთა ჩამონათვალში მოხვდა, ხოლო ეს „საპატიო“ ტიტული მან სწორედ ბ-ნი ბარამიძის თანაგუნდელების ხელისუფლებისას მოიპოვა (ამჟამად კი დაკარგა), ფაქტია, რომ სავალდებულო უნდა გავხადოთ ენისთვის ძვალი, შუბლისთვის კი – ძარღვი! –