თამადის ამპლუა
ანუ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ
იმის გათვალისწინებით, რომ რფ-ის პრ. პუტინი საზოგადოების წინაშე აგერ უკვე 6 მარტიდან არ გამოჩენილა (თუმცა არც ისაა გამორიცხული, სანამ ეს ჟურნალი გამოვა, უკვე გამოანათოს კიდეც – კრემლმა დააანონსა, 16 მარტს ყირგიზეთის პრეზიდენტს შეხვდებაო), არა მხოლოდ ქართული, რუსულ-დასავლური მედიაც დაინტერესდა მისი ადგილსამყოფლით და ვერსიები შემოგვთავაზა: იშემიური ინსულტის შეტევით დაწყებული და თვით გაღმა გასვლით დამთავრებული.
ინტერესი ვლ. პუტინის ყაზახეთში დაგეგმილი ვიზიტის გადადებამ გააცხოველა და ის ვერც 8 მარტს რფ-ის ტეელვიზიით მისმა სარვამარტო მილოცვამ ჩააცხრო (სპეციალისტებმა დაიჟინეს, ჩანაწერი 5 მარტსაა გაკეთებულიო) და ვერც წინა კვირის მიწურულს ვლადიმირისა და რფ-ის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის შეხვედრის ამსახველი ფოტოს გავრცელებამ.
თვალთმაქცობა იქნებოდა, გვეთქვა, დიდად დაგვამწუხრა ხმებმა რფ-ის პირველი პირის ავადობის შესახებო, მაგრამ, თუ იმ ლამის საყოველთაო განწყობას გავიხსენებთ, რომ, თუ ვლ. პუტინი მიიცვლება, ჩვენც გავიხარებთ, იბადება რიტორიკული კითხვა: თუ მთავარ მტერს ზენაარი ჩამოგვაშორებს, ევროკავშირი ფულს მოგვცემს, „ნატო“ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას დაიცავს, ჩვენ რა უნდა ვქნათ: ამ ყოველივეს ვუზედამხედველოთ თამადის ამპლუაში?!