კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ძმობის სადღეგრძელო

ბაბუაჩემი, ვიქტორ კვაშალი, როგორც თითქმის ყველა გურული, უსაზღვროდ ენამოსწრებული, კვიმატი კაცი იყო, ცნობილი თამადა ყველასთვის საყვარელი კაძახი. 

ცოდვა გამხელილი ჯობია, – უთქვამს ბრძენს და ხშირად თვითონაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდნილა თავისი სიტყვამოსწრებულობის „გამოისობით“, მაგრამ რჯული რჯულია და მიდიოდა სუფრა თავისი გზით.

როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ბაბუა ცნობილი თამადა იყო და თამადობა მარტო ღვინის სმით რომ არ შემოიფარგლება, ყველამ ვიცით.

„ბნელი დრო“ იყო მაშინ და ყველა თამადას ყოველთვის და ყველგან ვიღაც „ჭინჭყლი“ მოშურნე აუცილებლად გამოუჩნდებოდა. გურულებმა სმა „ჩაფსმამდე“ რომ იციან, ისიც ყველასთვის ცნობილია და ყველა თუ არ „აალაგა“, ისე თამადა რა თამადაა?

მოკლედ, ერთი პირმშვენიერი დღე და მეზობლის ქორწილია. რა თქმა უნდა, ბაბუა ვიქტორია თამადა. კარგად გადამთვრალია სუფრა. „ერთი-ერთზე“ მიდის სმა.

ვიღაც რაიონული მილიციის ჩინოვნიკი „ჩაეჯინა“ სმაში ჩემს ბაბუას. დალევს ეს (ბაბუა) – დალევს ისიც (ჩაჯინებული).

ზოგმა რა მოიმიზეზა, ზოგმა რა. გაეცალნენ სუფრას. დარჩა რამდენიმე კაცი, რომელთაც კიდევ შეუძლიათ ლუღლუღი და რა თქმა უნდა, შემართული და გამართული დგას კლდესავით თამადა – ბაბუაჩემი. ვუყურებ მე ამ ამბავს, პატარა, თავბომბორა ნუგზარა. არადა, არ ეშვება ის ჩინოვნიკი. განსხვავებული დალიე, ყაზილარო, განსხვავებული!

ამანაც უზარამაზარი თასი მოითხოვა, რომელიც წამსვე მიართვეს. გაავსო, გაალიცლიცა, გაათიმთიმა და ძმობის, სიყვარულის (მშვიდობის სადღეგრძელო თავში ჰქონდა დაქუხებული, როგორც ყველა გურულს) სადღეგრძელო წარმოთქვა. მკაფიოდ ილაპარაკა, თუ რა კარგია ძმობა და მეგობრობა, თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცებს (ქალებსაც) ერთმანეთი და „რა ჯობია ქეიფსა და ლხენასა“. მიიდგა ტუჩზე და შეუსვენებლად შესვა.

შესვა და „ჩამჯინებელს“ გადაუგდო (ალავერდი).

„ჩამჯინებელი“ ახალი „ჩაქინდრული იყო“. თასი თავში მოხვდა, წამსვე გამოფხიზლდა, არ შეიმჩნია, შეავსო და.. 

შევსებული თასით მიუახლოვდა ბაბუას, ცალი ხელით თასი უჭირავს გაპიპინებული, მეორე ხელი მხარზე მოჰხვია და მოჰყვა სადღეგრძელოს:

– ჩვენ... ჩვენ ძმობას (თან ბარბაცებს და ვითომ შემთხვევით – ნელ-ნელა აქცევს) გაუმარჯოს... ჩვენ ერთმანეთი რო არ გვიყვარდეს, რა საკადრისია, ჩემო იმანო, ჩვენი ძმობა, ხო იცი, რაფრა ფასობსო... 

ასე ილაპარაკა და აქცია ლაპარაკ-ლაპარაკში და ძიროზედა შერჩა ღვინო თასს.

მოილია სადღეგრძელო და წაიღო თასი პირისკენ.

– მასთე სადააო, – იქვე, „პატრულივით“ გამოიჭირა ბაბუმ და ის თასი პირთამდე შეუვსო, – მიდი, ახლა დალიეო.

სავსე თასის დანახვაზე ის ჩინოვნიკი – ქალაქი „ანარა“ როა – ქაფიანიძესავით „წახდა“.

„წახდა“, მაგრამ მაინც არ გაიტეხა იხტიბარი და არ სვამს.

– ბატონო ბიქტორრრ! – დაასლოკინა მონდომებით, ის უნდა ვთქ...

– სტოპ! – ბაბუამ, – ჯარიმა გეკუთვნის.

– რა... რა... რატომ, ბიქტორ?! – დაიყლოჭინა საცოდავად, – რრატომ?

 – იმიტომ, რომ მე ბიქტორი არ მქვია.

– ა, აბბაა, რრრა გქვია, ბიქტორ?

– რა და – ვიქტორი.

– კაი ახლა... ისევ დაასლოკინა „ჩამჯინებელს“. ერთი ასო რაა? „ბ“ იქნება თუ „ვ“? ერთ ასოს რა მნიშვნელობა აქვს?

– თქვენ თვითონ რა გქვიათ, ბატონო? – ეკითხება ბაბუა.

– რა მქვია, ბიჭო, მე? – პირად მძღოლს შეეკითხა „ჩამჯინებელი“. გამახსენე ერთი, ტყუილა გიხდი ხელფასს?

– რა, ბატონო და, ვასო! – წამსვე მოახსენა მძღოლმა.

– მაშინ, ჩემო ვასო, – თქვა ბაბუამ, – შენ რომ მითხარი, ერთ ასოს არ აქვს მნიშვნელობაო, მოვაშორებ იმ შენს სახელს ერთ წინა ვ-ს, და რაც დარჩება, ის გრქმევია შენო...

„ვ-ასოს“ აღარაფრის თავი აღარ ჰქონდა და:

– კაი, ის ვარ, რაც შენ გინდა, ასო ვარ, ასო!

ე... ასეთი ბაბუა მყავდა მე!

ანსამბლ „ივერიის“ სოლისტის, ნუგზარ კვაშალის ნაამბობის მიხედვით

 

ბატონო გალაკტიონ!

გალაკტიონმა საკუთარი ინციატივით დაბეჭდა  აფიშები, რომლებზედაც დააწერა: „გალაკტიონი შეხვედრებს აწყობს მკითხველებთან.“ უნიჭო და თავხედი მწერლები ქართულ სიტყვაკაზმულ პროზასა და პოეზიას არასდროს გამოლევია და დღესაც მრავლად არიან. ჰოდა, ასეთმა ხალხმა, „კაგებესთან“ რომ იყვნენ შეკრული, ცენტრალურ კომიტეტში ენა მიიტანეს, თავისი ნებით დაბეჭდა აფიშები და ზედ გვარი არ მიაწერაო. ამაზე ცეკაში გაცხარებულან: რაშია საქმე, მარტო სახელს რომ აწერს და გვარს არ ახსენებს, მეორე აკაკი გაგვიხდა, თუ რაო და გამოუძახებიათ გალაკტიონი. მისულა პოეტი და უთქვამს: „ძამიკო, დაბარებული ვარ, რაშია საქმეო“. საერთოდ, ვისაც არ უნდა დალაპარაკებოდა, გინდ ბავშვს, გინდ მოხუცს, ყველას „ძამიკოს“ ეძახდა. „ბატონო გალაკტიონ, დაბრძანდით! “ – სთხოვეს ცეკაში. „რა მითხარით, ძამიკო?“ – ჰკითხა გალაკტიონმა. „ბატონო გალაკტიონ“..., – უთხრეს ისევ. „კიდევ მითხარით, კიდევ“. ისევ გაუმეორეს:  „ბატონო გალაკტიონ“... „გმადლობთ, ძამიკო“, – მიუგო და გამოვიდა ცეკადან. რაზეც იბარებდნენ, მშვენივრად იცოდა გალაკტიონმა. გზაში შეაჩერეს – სად მიბრძანდებითო? „თქვენც გალაკტიონს არ მეძახით, ძამიკო?“ – გადაიხარხარა და წავიდა. რა ჯობია, როცა პოეტს მარტო სახელის ხსენებით აღიქვამს ხალხი. 

скачать dle 11.3