როგორ გახდა მოდელის გარეგნობის გოგონა პროფესიონალი ქირურგი
უკვე პროფესიონალია. საოპერაციოში თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში. არ ვიღლებიო, ამბობს და შეუძლებელია არ დაუჯერო. მისი თითები ოსტატურად მოძრაობენ და ურთულეს ოპერაციებს აკეთებენ. ნუგეშა გრიგალაშვილი ქირურგია – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით და ამას, ყველაზე კარგად მაშინ გრძნობ, როცა საოპერაციოში მის მიერ ჩატარებულ ურთულეს ოპერაციებს აკვირდები... იყო საფრანგეთი და დაოსტატების სურვილი. იქ გატარებულ წელს უკვალოდ არ ჩაუვლია და დღეს რამდენიმე ჰოსპიტალში წარმატებით მუშაობს უახლესი, თანამედროვე მეთოდების გამოყენებით.
– ნუგეშა, შენი გარეგნობის გოგონები წარმატების მარტივ გზას ირჩევენ – მოდელები ხდებიან. შენ ურთულესი პროფესია აირჩიე. მედიცინა, თანაც გინეკოლოგიური ქირურგია...
ნუგეშა გრიგალაშვილი: ყოველთვის ვოცნებობდი, რომ ქირურგი ვყოფილიყავი. ჩამეცვა თეთრი ხალათი და შევსულიყავი საოპერაციოში (იცინის). ვხედავ, რომ გიკვირთ, მაგრამ ეს იმდენად ღრმად იყო ჩემში, რომ სკოლის ასაკში, აფთიაქში ვყიდულობდი შპრიცებს და სახლში თოჯინებს ნემსებს ვუკეთებდი. მაკრატლით ვჭრიდი და ვკერავდი. ჩემი მშობლები მაშინ უკვე ხვდებოდნენ, რომ თუ მე ავირჩევდი პროფესიას, ეს იქნებოდა მხოლოდ ექიმის, თანაც აუცილებლად ქირურგის პროფესია.
– ანუ, არასოდეს გიფიქრია სხვა პროფესიაზე?
– გულწრფელად გეტყვით, არასოდეს. მიუხდავად იმისა, რომ ჩემი მშობლები არ არიან ექიმები. ოჯახის არცერთი წევრი არა არის მედიცინის სფეროს წარმომადგენელი. მამაჩემმა გამიგო და მხარში დამიდგა ჩემს გადაწყვეტილებაში. თუმცა, დედაჩემს დიდად არ გახარებია ეს ამბავი. მას მიაჩნდა, რომ ქალისთვის გინეკოლოგიური ქირურგია იყო ძალიან რთული და მთხოვდა, ისეთ პროფესიაზე მეფიქრა, რომელიც ნაკლებ დროს, ენერგიას და პასუხისმგებლობას მოითხოვდა ჩემგან.
– ახლაც არ ეთანხმები დედას? შენს ხელში ხომ ხშირად ადამიანის სიცოცხლეა?
– იცით, რა არის?! მე მიმაჩნია, რომ ადამიანი უნდა აკეთებდეს იმ საქმეს, რომელიც უყვარს. მე ეს საქმე მიყვარს და საოპერაციოში თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. ეს არ არის ხმამაღალი ნათქვამი, მართლაც ასეა. სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რა განცდაა, როცა ოპერაცია წარმატებით დასრულდება და შენ ხედავ შენი შრომის შედეგს – გამოჯანმრთელებულ, გახარებულ პაციენტს. როცა საოპერაციოში ვარ, ჩემ გარშემო თუ რამე კიდევ არსებობს, ვერ ვგრძნობ. ვფიქრობ მხოლოდ პაციენტებზე და ოპერაციაზე. დანარჩენი ყველაფერი მავიწყდება.
– მუშაობ რამდენიმე ჰოსპიტალში და გაქვს ძალიან მძიმე რეჟიმი...
– მძიმე არა, ჩვეული რეჟიმია. მთელ ჩემს დროს იმ საქმეს ვახმარ, რომელიც მიყვარს. ყველა სახის გინეკოლოგიურ ოპერაციას ვაკეთებ: მუცლის კვეთის მეთოდით გაკეთებული ოპერაციებით დაწყებული, უახლესი ლაპარასკოპიული ტექნოლოგიების ჩათვლით. 2014 წლის ივნისში ჩამოვედი საფრანგეთიდან და მას მერე საოპერაციოდან აღარ გამოვსულვარ. თუმცა, დამოუკიდებლად ოპერაციებს მანამდეც ვაკეთებდი. პატარა სტაჟი ნამდვილად არ მაქვს (იღიმის). „ამტელ ჰოსპიტალსა“ და კლინიკა „ლანცეტში” ვმუშაობ. საკმაოდ სერიოზული პრობლემებით მოდიან ქალბატონები ჩემთან. ქართველ პაციენტებში, რომლებსაც ჯერ კიდევ არა აქვთ გინეკოლოგთან საკონსულტაციოდ ვიზიტის კულტურა, უფრო სასწრაფო და გადაუდებელი ოპერაციები ჭარბობს. ეს არის გამწვავებულ სტადიამდე მისული, გიგანტური ზომის მიომები, რომლებიც იწვევნ დეფიკაციის პრობლემებს, შარდვის გაძნელებას და ტკივილებს. ამ პაციენტებს დარღვეული აქვთ მენსტრუალური ციკლი, ძილი, ფიზიკური აქტივობა. მოდიან დიდი ზომის კისტებითაც.
– მე ვნახე, როგორ გააკეთე ძალიან რთული ოპერაცია...
– ეს იყო 43 წლის ქალბატონი, საკმაოდ დიდი წონის, არასწორი დიაგნოზი იქნა დასმული მკურნალობის დასაწყისში და ჩემთან მოვიდა საკმაოდ მძიმე ჩივილებით. ჩავუტარე სათანადო გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა საშვილოსნოს გიგანტური ზომის მიომა. რომ წარმოიდგინოთ, ის შეესაბამებოდა 28-29 კვირის ორსულობის ნაყოფის ზომას. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, პაციენტი დღეს გავწერე და კარგად გრძნობდა თავს.
– ბევრმა შენმა პაციენტმა მითხრა, რომ ნუგეშას ოპერაციები ყოველთვის წარმატებით სრულდებაო. ძალიან გენდობიან.
– მიხარია, ამას რომ მეუბნებით. ბედნიერი მაშინ ვარ, როცა მადლიერი პაციენტები მერე ჩემს მოსანახულებლად მოდიან და ზოგიერთი ხელებზე მკოცნის. ამაზე მაგარი განცდა არ არსებობს.
– უშვილო ქალბატონებსაც ხომ ეხმარები?
– მხოლოდ მათ, ვინც ემზადება ინ ვიტრო განაყოფიერებისთვის და არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, ანთებითი დაავადებების გადატანით წარმოქმნილი შეხორცებების სახით. ასევე, აქტუალური პრობლემაა ენდომეტრიოზი.
– ყოველთვის გულახდილი ხარ პაციენტთან?
– კი, აუცილებლად. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა იმ პაციენტთან, რომელმაც ჩემს ხელში გაიარა, ვიყავი აბსულუტურად გულწრფელი და მხოლოდ ამის ხარჯზე მივიღეთ ის სასურველი შედეგი, რაც მივიღეთ.
– წარმომიდგენია, დღის განმავლობაში რამდენი პაციენტი გირეკავს...
– ჩემი ტელეფონი ყოველთვის ჩართულია და ის თითქმის მთელი დღის განმავლობაში რეკავს. მაგრამ, ამას შეჩვეული ვარ და სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. მე ვარ ნუგეშა ექიმი და ეს არის ჩემი დანიშნულება. მეუბნებიან, ოთხი, ხუთი და ზოგჯერ მეტი საათიც რომ დგახარ საოპერაციოში, არ ფიქრობ, რომ უკეთესი იქნება, სამეცნიერო სფეროში გააგრძელო საქმიანობაო, – ჩემი პასუხია – არა! მე კარგად ვგრძნობ თავს სწორედ იმ საოპერაციოში და თუ გნებავთ, გავამხელ ჩემი ტელეფონის ნომერსაც: 577 33 39 75. როცა ადამიანს უჭირს, მან უნდა იცოდეს ვის დაურეკოს და კვალიფიციური დახმარება მიიღოს (იღიმის). ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს შეუძლიათ, დამირეკონ.
– მე ვფიქრობ, რომ შენი გარეგნობა ძალიან დადებით ემოციას უნდა იწვევდეს პაციენტებში.
– (იცინის) კი, უთქვამთ ასეთი რაღაც. თანაც, საკმაოდ ხშირად. ასეთ დროს ვფიქრობ, რომ ნამდვილად არ შევცდი არჩევანში. საფრანგეთში, ლაპარასკოპიულ ქირურგიაში სტაჟირებას რომ გავდიოდი, მაშინ ვუთხარი საკუთარ თავს, ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმს გავაკეთებ-მეთქი და ვცდილობ, ეს პირობა არ დავარღვიო.