როცა შოკმა გაუარა
მარკო კრიუგერი ძველი მეგობრის, ტიმოტი უოტკინსის გამოჩენას არ ელოდა. ის ახლა შარონთან ერთად უნდა ყოფილიყო რესტორანში, რომანტიკულ ვახშამზე. მაშინვე მიხვდა, რომ ტიმოტის კარგი არაფერი სჭირდა და გაუხარდა, თუმცა, ყველანაირად შეეცადა, ეს სიხარული დაემალა. საქმე ის იყო, რომ მარკოს ტიმოტი სძულდა. არადა, ერთ დროს გულითადი მეგობრები იყვნენ და, როცა მარკოს ბიზნესში საქმე გაურთულდა და უფსკრულის პირას აღმოჩნდა, ტიმოტიმ მისი აქციები მთლიანად შეისყიდა, რითაც ის სრულ გაკოტრებას გადაარჩინა, მაგრამ მარკო ამის გამო არც კმაყოფილი იყო და არც მადლიერი, პირიქით, შეიძულა ტიმოტი და, როცა შარონი, მარკოს გერლფრენდიც მასთან წავიდა, ისე შეიზიზღა, დღედაღამ მის სიკვდილს ნატრობდა. თან, მუდმივად მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა... ახლა კი იდგა და სიხარულს ვერ მალავდა – ტიმოტის აშკარად რაღაც პრობლემა ჰქონდა.
– რა მოხდა?
– ადამიანი მოვკალი... მე ახლა მკვლელი ვარ, გესმის? მკვლელი! მანქანით დავეჯახე და გზიდან გადავაგდე...
– სერიოზულად მეუბნები? რანაირად? დამშვიდდი და ისე მომიყევი. შეეცადე, ყველა დეტალი გაიხსენო... – მარკომ ტიმოტის ვისკი დაუსხა, ჭიქა წინ დაუდგა და მოსასმენად მოემზადა, თან გულში ზეიმობდა – ეს ის შემთხვევა იყო, რომელსაც დიდი ხანია, ელოდა.
– მარკო... ცოტა ნასვამი ვიყავი. შარონთან ერთად ვივახშმე და ხელი ვთხოვე. ისიც დამთანხმდა... რამდენიმე ჭიქა კოქტეილი დავლიეთ. არა, არ ვიყავი მთვრალი, ან, შეიძლება, ვიყავი... მოკლედ, ამას მნიშვნელობა არა აქვს. ცუდი ის არის, რომ მოვკალი. ახლა რა უნდა ვქნა?
– დალიე ვისკი, კანკალს გაგიჩერებს. მოვიფიქრებთ რამეს, – მარკო უკვე იმაზე ფიქრობდა, ეს სიტუაცია თავის სასარგებლოდ როგორ გამოეყენებინა.
– ალბათ, აქაურობის დატოვება მოგიწევს.
– რა? არა... ჩემი ბიზნესი, შარონი...
– არსებობს სხვა შესაძლებლობები და სხვა შარონებიც... მაგრამ, თუ დაგიჭირეს, ოცი წლით ჩაგსვამენ და ყველაფერი დასრულდება, გესმის?
ტიმოტიმ თავზე იტაცა ხელები:
– იქნებ, არ მომკვდარა? იქნებ ცოცხალიც გადარჩა? მე მისი გვამი არ მინახავს.
მარკო შეყოყმანდა:
– დალიე ვისკი და წამოდი.
– სად მიგყავარ?
– სადაც, სავარაუდოდ, გვამია. სად მოხდა შეჯახება?
– სახლში მივდიოდი და შარონზე ვფიქრობდი. მახსოვს, რომ ჩემ წინ, საკმაოდ დაშორებით, სატვირთო მანქანა მიდიოდა, გაჩერდა და მერე ისევ დაიძრა – ეტყობა, ჩამოსვა ის მგზავრი. არც კი დამინახავს, უბრალოდ, მერე მივხვდი, როცა უკვე დავეჯახე. სიბნელიდან ერთბაშად გამოვარდა... მუხრუჭს კი დავადგი ფეხი... მეგონა, მანქანა ამოტრიალდებოდა. მხოლოდ მაშინ აღმოვაჩინე, რომ თურმე ძალიან ჩქარა მივდიოდი, ისეთი საზიზღარი ხმა იყო...
– კარგი, ჩემი მანქანით წავიდეთ. იმედია, ადგილი გახსოვს...
– საჭესთან ვეღარ დავჯდები, არ შემიძლია.
– ჩემი მანქანით წავალთ. დარწმუნდები, რომ გვამი იქ არის, აქ დავბრუნდებით და ცოტა ფულს მოგცემ. შენ მინდობილობას დამიტოვებ შენს ბიზნესებზე და წახვალ. ნუ გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება.
გზატკეცილზე გვამი არ ეგდო. მარკომ მანქანა გააჩერა...
– დარწმუნებული ხარ, რომ აქ იყო?
– მგონი, ჰო...
– უნდა გადავიდე და შევამოწმო.
ტიმოტიმ მადლიერებით სავსე მზერა მიაპყრო:
– არ ვიცი, მადლობა როგორ გადაგიხადო. არ მინდა ამ საქმეში შენი გარევა.
– სისულელეა! ჩვენ ხომ მეგობრები ვართ, სათქმელადაც არ ღირს. როგორმე მერე გადამიხდი მადლობას... მოკლედ, აქ იჯექი და დამელოდე, – მარკომ უკვე ყველაფერი მოიფიქრა: გვამს ნახავდა და იქიდანვე მობილურით დაურეკავდა პოლიციას. ეთიკის თვალსაზრისით, შეიძლება ეს მთლად კარგ საქციელად არ ჩაითვლებოდა, მაგრამ, როგორც კანონმორჩილი მოქალაქე ვალდებულიც კი იყო, საქმის კურსში ჩაეყენებინა სამართალდამცველები...
გვამი არსად ჩანდა. მარკომ ფანარი მოიმარჯვა და გზატკეცილიდან გადაუხვია. ერთ ადგილას ბუჩქებს ტოტები დალეწილი ჰქონდა და სველ მიწაზე ისეთი კვალიც ჩანდა, თითქოს ვიღაცამ ზედ იხოხაო. ესე იგი, გვამი სადღაც აქვე იყო.. მარკომ რამდენიმე ნაბიჯი კიდევ გადადგა და მიწაზე ხელსახოცი თუ ქსოვილის ნაგლეჯი შენიშნა, რომელსაც სისხლის წვეთები აჩნდა... მაგრამ გვამი მაინც ვერ იპოვა. მარკომ კბილები გააღრჭიალა სიმწრისგან. ახლა, როცა ასე ახლოს იყო მიზანთან, მთელი გეგმები ეშლებოდა.... უცებ გონება გაუნათდა: ტიმოტიმ ხომ არ იცოდა, მან გვამი იპოვა თუ არა?! რატომ უნდა ეთქვა სიმართლე? ახლა მანქანასთან დაბრუნდება, ეტყვის, რომ გვამი ნახა და აიძულებს რომ შტატიდან წავიდეს... მანქანასთან დაბრუნდა. ფეხსაცმელები და შარვლის ტოტები დასველებოდა, აქა-იქ ტალახიც ჰქონდა მოცხებული ტიმოტი მოუთმენლად მოებღაუჭა ხელებზე.
– ჰო, – პირქუშად ჩაილაპარაკა მარკომ და ამოიოხრა, – მკვდარია. ცუდად არის საქმე...
– არ მინდა გაქცევა...
– აბა, რა გირჩევნია, ციხეში ჩაჯდომა?
– არა, არც ეგ მინდა.
– კარგი, ჩემთან წავიდეთ, იქ გადავწყვიტოთ...
ბინაში რომ შევიდნენ, მარკო კარადასთან მივიდა, უჯრიდან საფულე ამოიღო და შიგ ჩაიხედა.
– ექვსასი დოლარია. შენც თუ გაქვს რამე, ცოტა ხანს გეყოფა. მერე კიდევ გამოგიგზავნი.
– ფანჯარა გამოაღე, სული მეხუთება. ერთი ყლუპი ვისკიც არ მაწყენდა... ესე იგი, უნდა წავიდე...
– ჰო, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ. დროს ნუღარ დაკარგავ, წადი.
ტიმოტიმ თავი ასწია:
– მარკ, შენ მართლა კარგი მეგობარი ხარ. თავადაც არ იცი, როგორ დამეხმარე...
– ხომ გითხარი, მადლიერების გამომხატველი სიტყვები საჭირო არ არის-მეთქი? მაგას მერეც მოასწრებ...
– არა, დამამთავრებინე... არ იცი, როგორ დამეხმარე... დავმშვიდდი, ვისკიმ კი გონება გამინათა და მივხვდი, რომ სანერვიულო არაფერი მაქვს. წვიმამ ჩემი მანქანის ნაკვალევი გადარეცხა. ფეხსაცმელების გაწმენდას ბევრი წვალება არ სჭირდება, ამას შევძლებ. იქ კი ახლა შენი მანქანისა და შენი ფეხსაცმელების კვალია და, თუ პოლიცია ვინმეზე აიღებს ეჭვს, ეს შენ იქნები...
– ტიმოტი, რას ამბობ? – მარკო გაოგნებული მიაჩერდა – მართლა ვერ მიხვდა, რას აპირებდა მისი მეგობარი...
– ჰოდა, ახლა ერთი პატარა დეტალი დამრჩა მოსაგარებელი, – ტიმოტი გაშტერებულ მარკოს მივარდა და ღია ფანჯარაში გადააგდო. ისე, რომ მან დაყვირებაც ვერ მოასწრო...
ტიმოტიმ ხელები მოიფშვნიტა – ერთადერთი მოწმეც მოიშორა და საქმიდანაც მშრალად გამოვიდა. ახლა პოლიციას კარგი ვერსია ჰქონდა: ხელმოცარულმა ბიზნესმენმა მანქანა დააჯახა ადამიანს, მოკლა და მერე ფანჯრიდან გადახტა...
„მარკოს მანქანის ფარსაც ჩავამსხვრევ და, შემიძლია, მშვიდად ვიქორწინო შარონზე... კარგია, რომ შოკმა დროულად გამიარა,” – გაიფიქრა ტიმოტიმ.