კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის დააყაჩაღებინა ქალმა მანქანებით მოვაჭრე საყვარელი და როგორ ამოიცნო დაზარალებულმა სახეზე დაღდასმული თავდამსხმელი

 46  წლის ვალერი ა-ოვმა დაყაჩაღების ფაქტის შესახებ, რომლის მსხვერპლიც ის  გახდა, თავად შეატყობინა სამართალდამცველებს.  მისი განცხადების მიხედვით,  ბინაში, რომელიც დროებით ჰქონდა ნაქირავები, თავს დაესხა ორი ნიღბიანი  მამაკაცი, რომლებმაც ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით გასტაცეს 6 500 ლარი და პირადი ნივთები. დაზარალებულის თქმით, ყაჩაღობა გვიან ღამით მოხდა. თავდამსხმელები მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ – ვალერი ა-ოვს სახისა და თავის არეში აღენიშნებოდა ძალადობის კვალი, რაც  ცეცხლსასროლი იარაღის დარტყმის შედეგად ჰქონდა მიყენებული. სამედიცინო დასკვნის მიხედვით დაზიანებები მძიმე კატეგორიის დაზიანებებს მიეკუთვნებოდა. 

 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაიწყო გამოძიება.  დაზარალებულის თქმით, ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს, რომელიც მის ბინაში მოხდა, ერთ-ერთ თავდამსხმელს სახიდან მოსძვრა ნიღაბი, რომლის ასაღებად ის აღარ მობრუნებულა და სწორედ მაშინ დაინახა მან თავდამსხმელის სახე – ის იყო 24 წლამდე შავგვრემანი ახალგაზრდა, თვალთან დამახასიათებელი ტყლიპით. საქმის მასალების მიხედვით დადგინდა,  რომ  ვალერი ა-ოვი ავტომანქანებით ვაჭრობდა, შესაბამისად, გადამოწმდა ის წრე, რომელთანაც ის იყო დაკავშირებული.  ბინა, რომელშიც დაზარალებული ცხოვრობდა, მას დაყაჩაღებამდე სამი თვით ადრე ჰქონდა დაქირავებული და, მისივე განცხადებით, სულ რამდენიმე ადამიანმა იცოდა ამ ბინის არსებობის შესახებ  და სწორედ ეს  აღმოჩნდა გამოძიებისთვის მთავარი ხელმოსაჭიდი ფაქტორი. შეკითხვას, თუ  რატომ დაესხნენ მამაკაცს თავს ნაქირავებ ბინაში და არა იმ ბინაში, სადაც მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იყო და სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, მოგვიანებით, გამოძიების მსვლელობისას გაეცა პასუხი, რასაც დანაშაულის გახსნაც მოჰყვა.

   როგორც ვალერი ა-ოვისგან სამართალდამცველებისთვის გახდა ცნობილი, იმ ღამეს, როდესაც  მის ბინაში  ორი თავდამსხმელი მოხვდა, მასთან იმყოფებოდა დაზარალებულის ნაცნობი ახალგაზრდა ქალი,  რომელსაც მას სამი თვის წინ ავტომობილი  მიჰყიდა.  ვალერი ა-ოვის განცხადებით, ბოლო ორი თვის განმავლობაში მას ქალთან ინტიმური კავშირი ჰქონდა და კონფიდენციალური ბინაც ამის გამო იქირავა. როგორც გამოძიების მასალებით გახდა ცნობილი, თავდამსხმელები სახლში მაშინ შევიდნენ, როდესაც 26 წლის მაკა შ-შვილი ბინიდან ერთი საათით გავიდა და კარი ღია დატოვა ვითომ იმ მიზეზით, რომ უკან დაბრუნებულს მამაკაცი არ გაეძღვიძებინა და კარი თავად გაეღო. 

ამონაწერი დაზარალებულის ჩვენებიდან: „მაკას წასვლიდან ნახევარი საათი იყო გასული. საწოლზე მიმძინებოდა. თვალი ხმაურზე გავახილე და დავინახე, რომ თავს ორი ნიღბიანი ადამიანი მადგა. ერთმა საწოლიდან წამომაგდო და მითხრა, ფული, ოქრო და ყველაფერი, რაც გაქვს, სასწრაფოდ მოგვეციო. მე ვუთხარი, ეს ბინა ნაქირავები მაქვს, აქ არც ფულია და არც არაფერი-მეთქი. ამის თქმა იყო და, მეორე  თავდამსხმელმა თავში იარაღის ტარი ჩამარტყა, მერე მათ საწოლიდან გადმომაგდეს და ხან ფეხებით, ხან მუშტებით, სასტიკად მცემეს.  ორჯერ იარაღი მომადეს შუბლზე – თავს ნუ მოიკლავ ფულისთვისო. ერთ-ერთმა, რომელიც უფრო აგრესიული იყო, ყელიდან ოქროს ჯაჭვი ჩამომგლიჯა. დაახლოებით თხუთმეტი წუთი მაწამეს,  6 500 ლარი მქონდა სახლში, მივეცი ის ფული და ხელს გააყოლეს ჩემი პირადი ნივთებიც – ორი ოქროს სამკაული და საათი. უკვე ბინიდან გადიოდენენ,  როდესაც ერთ-ერთს ნიღაბი ჩამოუვარდა და დავინაზე, რომ თვალთან ჰქონდა ეგრეთ წოდებული ტყლიპი. უკან არცერთი აღარ მობრუნებულა, ნიღაბი იქვე დატოვეს და გაიქცნენ. როცა ერთ საათში მაკაც დაბრუნდა, მე უკვე გამოძახებული მყავდა პოლიცია“         

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებით დადგინდა, რომ ვალერი ა-ოვის ყოფილი კლიენტისა და მეგობარი ქალის მაკა შ-შვილის ძმა, მალხაზ შ-შვილი წარსულში ყაჩაღობისთვის იყო ნასამართლევი,  ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი აზარტული თამაშების დიდი მოყვარული  გახდა და, როგორც სამართლადამცველებისთვის გახდა ცნობილი, იმ დღეებში, როცა ვალერი ა-ოვი დააყაჩაღეს, მას  წაგებული ფული ჰქონდა ჩასაბარებელი. მალხაზ შ-შვილი გარეგნული მონაცემებით ძალიან ჰგავდა დაზარალებულის მიერ აღწერილ თავდამსხმელს – მას თვალთან ჰქონდა დიდი ზომის ლაქა, რომლითაც ის ვალერი ა-ოვმა დაიმახსოვრა. გატარებული ოპერატიული ღონისძიებებით დადგინდა ისიც, რომ მაკა შ-შვილმა ამ ინციდენტამდე რამდენიმე თვით ადრე გაქურდა ირანელი მოქალაქე, რომელთანაც ასევე ინტიმური კავშირი ჰქონდა. ირანელმა ისე დატოვა საქართველო, რომ კუთვნილი ნივთების დაბრუნება ვერ შეძლო და ამის შესახებ ახალგაზრდა ქალის მეზობლებისთვის გახდა ცნობილი. მოპოვებული მტკიცებულებების შემდეგ სამართალდამცველებმა დააკავეს მაკა შ-შვილი, რომელმაც თავიდან უარყო, მაგრამ შემდეგ აღიარა, რომ ძმას „ნაკოლი”  თავად მისცა და და-ძმამ მალხაზ შ-შვილის მეგობართან ერთად დაგეგმა ყაჩაღური თვადასხმის ყველა დეტალი. მათ ჰქონდათ სარეზერვო გეგმაც იმ შემთხვევისთვის, თუ ბინაში დაბრუნებულ ქალს კარი დაკეტილი დახვდებოდა – ამისთვის მან აივანზე გასასვლელი კარი წინასწარ ღია დატოვა.        

  სამართალდამცველებმა მალხაზ შ-შვილი სამდღიანი ძებნის შემდეგ დააკავეს. მან ჩადენილი დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ წაგებული ფულის ჩაბარების დრო ეწურებოდა, როცა დამ „ძუნწი” საყვარლის დაყაჩაღება თავად შესთავაზა.   დანაშაულის პირველი ვერსია იყო ძარცვის ინსცენირება – მაკას მამაკაცისთვის სასმელში ძილის წამალი უნდა ჩაეყარა და დაძინებული გაეძარცვა, თუმცა, საბოლოოდ და-ძმა დაყაჩაღებაზე შეთანხმდა იმ მოტივით, რომ ძარცვის ინსცენირება  გამოძიებას ახალგაზრდა ქალის კვალზე უფრო იოლად გაიყვანდა, ვიდრე მისი დაყაჩაღება.

სასამართლომ მაკა შ-შვილი დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა; 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდათ მალხაზ შ-შვილსა და მის მეგობარს, რომლის ბინიდანაც სამართალდამცველებმა  შემთხვევის ადგილიდან გატაცებული ფულის ნაწილი და დაზარალებულის კუთვნილი ნივთები  ამოიღეს.     

скачать dle 11.3