კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიტაცა ციმბირიდან 25 კილოგრამი ოქრო ქართველმა მძარცველმა, მეტსახელად „ტეტემ“

25 კილოგრამი ოქრო

– ნოდარ, შენი ძველი ნაცნობი უახლოეს დღეებში,  შეიძლება, თბილისში გამოჩნდეს და ამიტომ დაგიბარე. „ტეტეზე“ მაქვს ლაპარაკი, – უთხრა მილიციის სამმართველოს უფროსმა კაპიტან ნოდარ კაშიას.

– ციხიდან გაიქცა?

– თანაც ორჯერ, – თქვა პოლკოვნიკმა   – პირველად ტეტე ორი კვირის წინ გაიქცა მორდოვიის კოლონიიდან. ერთ კვირაში ექსპედიტორი გაძარცვა დაბა ტაიოჟნაიაში, მაგრამ, იმავე დღეს, ის ჭაობიდან ამოიყვანეს, თუმცა, ნაძარცვი ოქრო თან არ აღმოაჩნდა. ასე უთქვამს, ჭაობში ჩაიძირაო. ეტაპით კვლავ კოლონიაში რომ აბრუნებდნენ, პატიმრების მწკრივში ბაქანზე მდგარი ტეტე უცებ ნელი სვლით მომავალ მატარებელს შეახტა, მეორე მხარეს გაძვრა და გაიქცა.

– რა რაოდენობის ოქროა გატაცებული?

– ოცდახუთი კილოგრამი. საბადოზე მოპოვებული ნატეხებია და ექსპედიტორს შესანახად მიჰქონდა.

– ცოტა უცნაურად ხომ არ გეჩვენებათ ოცდახუთი კილოგრამი ოქროს „დახრჩობა“?

– კი, მეჩვენება. ნაძარცვი ოქროს ნატეხები ტეტეს ზურგჩანთაში ჰქონია შენახული. ჩვენებაში უწერია, ჭაობში რომ ჩავვარდი, ზურგჩანთა მოვიხსენი, რომ არ დავმხრჩვალიყავიო, მე კი მგონია, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა და ჩანთა მას გადაუგდო მეორე ნაპირზე, მაგრამ, ჭაობს ვერ გადაახტა და ჩავარდა. თანამზრახველმა კი ის მიატოვა და ოქროსთან ერთად გაიქცა. ტეტესთვის მდევარს რომ არ მიესწრო, დაიხრჩობოდა.

– თქვენი ვერსია უფრო რეალურია.

– მეტსაც გეტყვი: გაქცევამდე ორი დღით ადრე, ტეტეს კოლონიაში ვინმე ოთარ ხომასურიძე ესტუმრა. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ისაა მისი თანამზრახველი. ხომასურიძე მესაათედ მუშაობს უნივერმაღში.

– თუ თქვენი ვერსია სწორია, გამოდის, რომ ოქრო ხომასურიძეს აქვს.

– კი, ასე გამოდის.

– მაშინ, ავიყვანოთ და გამოვტეხოთ.

– არავითარ შემთხვევაში! რომ ვცდებოდე, მაშინ? თანაც, ტეტეს დავაფრთხობთ. გამორიცხული არაა, რომ, ხომასურიძეს ოქრო რომც არ ჰქონდეს, ტეტემ მაინც მას მიაკითხოს თავის შესაფარებლად. ამიტომ, მესაათეზე თვალთვალი უნდა დავაწესოთ. მე კი ერთი აზრი მაქვს და ოქროს აღმოსაჩენად ერთი კომბინაცია უნდა ჩავატაროთ, – უთხრა მილიციის სამმართველოს უფროსმა ნოდარ კაშიას და კაპიტანს მომავალი ოპერაციის დეტალები დაწვრილებით გააცნო.

ტეტე

ტეტე, იგივე ომარ ხვადაგიანი, 39 წლის მძარცველი-რეციდივისტი იყო. ის მართლაც ჩამოვიდა თბილისში და ვინმე ჯემალ თომაშვილს სახლში ესტუმრა. 

– შენზე შევიტყვე, ჭაობში დაიხრჩოო.

– ოთარამ გითხრა, ხომ, მაგ ნაბოზარმა? – ზიზღით თქვა ტეტემ, – რაო, კიდევ რა მოგატყუა?

– მეტი არაფერი.

– მოკლედ, მომისმინე. ციმბირში ოცდახუთი კილო ოქრო გავწიე, ოთარამ კი ოქრო წაიღო და მე ჭაობში ჩამტოვა. „ძაღლებს” რომ არ მოესწროთ, დავიბრიდებოდი. კაროჩე, წილში ხარ. ოთარას მისამართი უნდა მითხრა და მეათედი შენია – ორკილონახევრიან ოქროს მოგცემ. თანაც, შენთან გავჩერდები. ხომ მარტო ცხოვრობ?

– ჩემთან გაჩერდი, მაგრამ, ოთარას კოორდინატები ნამდვილად არ ვიცი. პლეხანოვის ბინა გაყიდა და, სად გადავიდა, აზრზე არა ვარ. ერთი ნაშა ჰყავს – ანა ჯოხაძე, კაფე „მეტროში“ მუშაობს ოფიციანტად და მისი მეშვეობით თუ მიაგნებ ოთარას. 

კაფე რომ დაიკეტა, ტეტე გოგონას უკან გაჰყვა. ხვადაგიანს ჯოხაძის შეშინება ჰქონდა განზრახული, რომ ხომასურიძის მისამართი ეთქმევინებინა. ტეტეს „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტი ჰქონდა ქამარში გარჭობილი და ჯოხაძეს ოციოდე მეტრის დაშორებით მიჰყვებოდა. ანა ზემო მთაწმინდაზე ცხოვრობდა და ჩაბნელებულ, ვიწრო ქუჩებს სწრაფად მიუყვებოდა. ერთ-ერთ ბნელ შესახვევში გოგონას ორი მამაკაცი დახვდა და გაძარცვა დაუპირა. ანა გაიქცა. მძარცველები დაედევნენ. ათიოდე მეტრი რომ გაირბინა, ერთ-ერთი სადარბაზოდან მაღალი მამაკაცი გამოვიდა, მძარცველებს ფიზიკურად გაუსწორდა და ისინი გაიქცნენ. უცებ მილიციის მანქანა მოვიდა და ოფიცერმა ანას გადამრჩენელს საბუთები მოსთხოვა.

– კაკაბაძე ივანე ანდროს ძე. კოლონიიდან გათავისუფლებულია 9 მაისს, – ხმამაღლა წაიკითხა მილიციელმა გათავისუფლების ცნობა. მამაკაცს უკან დაუბრუნა და ანას ჰკითხა:  რა ხდება, რა ხმაური იყო?

ანამ მამაკაცს ხელკავი გამოსდო და მილიციელს მიუგო:

– არაფერი. ჩემი მამიდაშვილია და სახლში მივდივართ.

მილიცია წავიდა. კაკაბაძე და ანა ჯოხაძე აღმართს აუყვნენ, ტეტემ კი, რომელიც ერთ-ერთ სადარბაზოში იყო დამალული და ყველაფერი გაიგო, პისტოლეტი კვლავ ქამარში გაირჭო, გადააფურთხა და ბნელი ჩიხებით განაგრძო გზა, რომ მილიციას არ გადაჰყროდა.

მესაათე

სახლში დაბრუნებულმა ტეტემ მასპინძელს ყველაფერი მოუყვა და ბოლოს თქვა:

 – კიდევ კარგი, „ძაღლებმა” არ დამწვეს, თორემ, სროლა უნდა ამეტეხა.

– შენთვის სიურპრიზი მაქვს.

– რა სიურპრიზი?

– დღეს უნივერმაღში შევედი რაღაცის საყიდლად და ოთარა ვნახე – იმ ბოზს იქ მესაათედ დაუწყია მუშაობა.

– თვითონაც დაგინახა?

– არა.

ტეტემ მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ მოიხელთა ხომასურიძე, რომელიც საბურთალოზე, ახლადნაყიდ კერძო სახლში ცხოვრობდა. მან მასპინძელს „ტეტე“ შუბლზე მიადო და უთხრა:

– გეგონა, დავიხრჩობოდი და შეგრჩებოდა, შე ნაბოზარო? ჩქარა, მოჯვი ოქროები, თორემ, შუბლს გაგიხვრეტ!

– გამიხვრეტ და ვერაფერს მიიღებ. ოქრო გადამალული მაქვს. ერთ კვირაში ჩამოგიტან, – მიუგო ხომასურიძემ ტეტეს, რომელიც დაარწმუნა, რომ მთელ ოქროს დაუბრუნებდა და გაისტუმრა.

გასტროლიორი

ტეტეს ვიზიტამდე ორი დღით ადრე, ხომასურიძემ თავისი საყვარელი უცხო მამაკაცთან ერთად დაინახა ქუჩაში. ოთარმა ანას კაფეში მიაკითხა, გვერდზე გაიხმო და სკანდალი მოუწყო. ანამ კი მას უთხრა:

– ჰო, ჩემთან ცხოვრობს, მაგრამ, ჯერ ერთად არ ვწევართ. ის ნამდვილი მამაკაცია და მის გვერდით თავს ქალად ვგრძნობ.

– თავს მოვაჭრი და შენც მიგაყოლებ!

ტეტეს ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ შუადღეზე, ხომასურიძე ანას სახლში მივიდა და, მის სტუმარს, რომელიც იმ დროს ბინაში არ იმყოფებოდა, საბუთები გაუჩხრიკა, რომელშიც ეწერა, რომ მან თხუთმეტწლიანი პატიმრობა მოიხადა მკვლელობისთვის; მის ნივთებში კი „ბრაუნინგის“ პისტოლეტი აღმოაჩინა. ხომასურიძეს ანას ბინის სათადარიგო გასაღები ჰქონდა და შიგნით მისი მეშვეობით შეაღწია. ოთარი სავარძელში მოკალათდა და, სტუმარი რომ დაბრუნდა, უთხრა:

– გასტროლიორი ხარ?

– მე თქვენ არ გიცნობთ, – მშვიდად მიუგო ოთარს კაკაბაძემ.

– სამაგიეროდ, მე გიცნობ: თხუთმეტწლიანი სროკი გაქვს მოხდილი და ფული გჭირდება. კარგი რკინა გაქვს. გეტყობა, რომ გასტროლიორი ხარ და საჩალიჩოდ ჩამოხვედი, თორემ, შენს სოფელში დაბრუნდებოდი ციხიდან.

– არაა ლამაზი სხვისი ნივთების შმონი.

– შენთვის სამუშაო მაქვს. კარგად გადაგიხდი.

– რა სამუშაო?

– ერთი ნაბოზარია დასაბრედი. ათი ათასს მოგცემ, თუ გაასაღებ.

– ოცი. ათი – წინასწარ, ათიც – მერე.

– კარგი. ხვალ ამ დროს მაყუთს მოგიტან. 

შეკვეთილი მკვლელობა

მეორე დღეს, დათქმულ დროს, ხომასურიძემ კაკაბაძეს ფული მიუტანა. 

– როდის უნდა შევასრულო?

– დღეს, საღამოს ათ საათზე. ლისის ტბასთან რომ ნაკვეთებია,  ის ნაბოზარი ერთ პატარა სახლში მელოდება. ცხრაზე ლენინის მოედნის მეტროსთან მოდი და ჩემი მანქანით წავიდეთ.

ხომასურიძეს  ტეტე ოქროს გამოსართმევად ელოდებოდა. ხომასურიძემ მანქანა ასიოდე მეტრის მოშორებით გააჩერა და კაკაბაძეს უთხრა:

– აქედან ფეხით წადი, მაგრამ, ძალიან ფრთხილად იყავი, ის ნაბოზარი განსაკუთრებით საშიშია.

თხუთმეტი წუთის შემდეგ კაკაბაძე სახლიდან გამოვიდა. ხომასურიძე მანქანით მივიდა სახლთან, შენობაში შევიდა და სისხლში ამოსვრილი ტეტე დაინახა, რომელიც პირქვე ეგდო. ხომასურიძემ იქვე გადაიხადა დარჩენილი თანხა. კაკაბაძემ კი მას უთხრა:

– წადი. გვამს ტბაში ჩავაგდებ და გავუჩინარდები.

ხომასურიძე რომ წავიდა, კაკაბაძემ მოასულიერა გათიშული ტეტე, რომელმაც ჰკითხა:

– რა მოხდა?

– მკვლელობა გავითამაშე და ამიტომ მიგთიშე.

– ოთარამ დაგავალა, ხომ, ჩემი მოშორება? – ზიზღით თქვა ტეტემ.

– ჰო.

– მერე, რატომ „გადააგდე”?

– კაცი რომ ოცი ათასს ასე ადვილად იხდის, ესე იგი, დიდი მაყუთი აქვს. რატომ უნდა გავისვარო ხელი, არ ჯობია, ფული წავართვათ? რისთვის გიშორებდა თავიდან?

– ოქროს გამო, – მიუგო ტეტემ და კაკაბაძეს ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა.

– მოკლედ, ასე ვქნათ: დავადგინე, რომ ის ბოზი, უნივერმაღთან რომ სასადილოა, იქ ჭამს ხოლმე შესვენებაზე. შენ სასადილოს წინ გაივლი. ცოცხალს რომ დაგინახავს, დაფეთდება და ოქროთი გაქცევას მოინდომებს. ჩვენ დავხვოსტავთ. ოქროს წავართმევთ და მაგ ბოზსაც გავარასხოდებთ. 

მეორე დღეს ტეტემ სასადილოს ჩაუარა და ხომასურიძეს დაენახვა. გაოგნებული ხომასურიძე ცოტა ხნის მერე სასადილოდან გამოვიდა. მანქანაში ჩაჯდა და წავიდა. კაკაბაძე და ტეტე მას ფრთხილად აედევნენ. ხომასურიძე ჯერ სადგურში მივიდა და მატარებლის ბილეთი იყიდა. შემდეგ სახლში შეიარა, და იქიდან დიდი ჩანთით გამოვიდა, რომელიც ვაგზლის შემნახველ საკანში შეინახა. ბოლოს მანქანაში ჩაჯდა და ლისის ტბის მიმდებარე ტყისკენ აიღო გეზი. ტყესთან მანქანა გააჩერა. ნიჩაბი აიღო და უზარმაზარ ფიჭვთან მიწის თხრას შეუდგა. ნახევარი საათის შემდეგ ორმოდან ოქროთი სავსე ზურგჩანთა ამოიღო და, სწორედ ამ დროს, მას კაკაბაძე და ტეტე მიადგნენ. ტეტემ ორმოში მდგარ ხომასურიძეს ზურგჩანთა გამოართვა და თავის გვერდით დააგდო. შემდეგ „ტეტეს“ პისტოლეტი გადატენა და ხომასურიძეს დაუმიზნა. მაგრამ უცბად კაკაბაძემ ტეტეს პისტოლეტი აართვა, წიხლი ჰკრა, ორმოში ჩააგდო და ორივეს გაუნძრევლად დგომა უბრძანა. ამ დროს მანქანებით მილიციის ოპერმუშაკები მოვიდნენ. მათ შორის იყო კაპიტანი ნოდარ კაშიაც. ის კაკაბაძესთან მივიდა, ზურგზე ხელი დაარტყა და უთხრა:

– გილოცავ, ბონდო, კარგი შესრულება იყო!

„ნაციხარი” კაკაბაძე, სინამდვილეში, მილიციის კაპიტანი ბონდო დოლიძე იყო.

скачать dle 11.3