კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაფიის შვილობილი

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28-9(740) 

– ასე იყოს. მოვილაპარაკეთ, – უთხრა აჰმად მანსურმა კარლო მოზესს და ხელი ჩამოართვა. ერთი საათის შემდეგ კი, ჯამალთან ერთად, ვილა დატოვა და ავღანეთში გაემგზავრა.

***

მარტინ პოული აღელვებული ეახლა შეფს და უთხრა:

– ათიანში გაარტყით, სერ. უშბა გამოვიდა კონტაქტზე.

– რა გითხრა?

– ერთ კვირაში ავღანელი ტერორისტები ორი ათას ცალ „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატს მიიღებენ ტაჯიკეთიდან. პაკისტანიდან კი  ჰუმანიტარული მისია ოთხას ცალ „სტინგერს“ ჩაუტანს მათ ქალაქ ღაზნიში და მას ჯალალი ჩამოაცილებს.

– მონსტრი დაიძრა, – თავი გააქნია „ფებეერის“ დირექტორმა და ოთახში გაიარ-გამოიარა.

– რას აპირებთ, სერ? ავღანელმა ტერორისტებმა ამდენი შეიარაღება რომ მიიღონ, ბევრად უფრო გაძლიერდებიან და ტერორიზმის საფრთხე გაათმაგდება.

– უნდა მოვიცადოთ. ხომ შევთანხმდით. მერწმუნე, მარტინ, რომ ამ ეტაპზე უძლურები ვართ. პრეზიდენტსაც რომ მოვახსენო ეს ყველაფერი, ასე მეტყვის – სტრატეგიული ოპერაციის ნაწილიაო. არ გახსოვს, ბრაუნმა რომ გვითხრა, პრეზიდენტთან მომავალი სტრატეგიული ოპერაციის დეტალები შევათანხმეო?

– სერ, ნუთუ პრეზიდენტი ვერ ხვდება, რომ აბითურებენ?

– მე ასე არ ვიტყოდი, მარტინ.

– რას გულისხმობთ, სერ. თქვენ ფიქრობთ, პრეზიდენტი ყველაფრის საქმის კურსშია და დუმს?

– აქ უფრო რთულადაა საქმე.

– რთულად?

– უბრალოდ, თამაშის წესია ისეთი, რომ თუ არ დაემორჩილე, ამით ქვეყანა დაზარალდება. ქვეყნის ინტერესების ღალატი კი არავის ეპატიება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, ყველაფერზე თვალები დავხუჭოთ. ნაყოფის მომწიფებას უნდა დაველოდოთ და შემდეგ მოვწყვიტოთ. ისე, რომ ხე არ დავაზიანოთ, – მრავალმნიშვნელოვნად თქვა „ფებეერის“ დირექტორმა, – სიმართლე რომ გითხრა, ვფიქრობ, უშბა საფრთხეშია.

– რატომ ფიქრობთ, სერ?

– იმიტომ, მარტინ, რომ გამორიცხული არ არის, ბრაუნმა და მისმა ბანდამ ჩვენი აგენტი გაშიფრონ. ჯიჰადისტებს ჩაუგდონ ხელში და ამით თავიანთი კვალი წაშალონ. ამიტომ, უშბა ყველაფრის საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. მან უნდა იცოდეს, რომ უფსკრულის პირას დადის და თუკი კრიტიკული მომენტი დაუდგება, თავს უშველოს და თამაშიდან გამოვიდეს.

– კავშირზე გავალ, – მიუგო შეფს პოულმა.

– არავითარ შემთხვევაში. გამორიცხული არაა, რომ ბრაუნის კანტორა უშბას სატელიტს ისმენს და ეს რომ გავაკეთოთ, გავიშიფრებით. ამით კი მასაც დავღუპავთ და საკუთარ თავსაც. ამიტომ, მასთან ნდობით აღჭურვილი მეკავშირე უნდა გავგზავნოთ, რომელიც ჩვენს აგენტს დაშიფრულ წერილს გადასცემს. ასეთი ვარიანტი, ალბათ გათვალისწინებულია ოპერაციის გეგმით.

– დიახ, სერ. თანაც ძალიან საიმედო და მოხერხებული მეკავშირეც გვყავს.

– ჰოდა, დაუყოვნებლივ იმოქმედე. ახლავე შეადგინე შიფროგრამა და მისწერე, რომ საფრთხის შემთხვევაში, თამაშიდან გამოსვლის სათადარიგო ვარიანტი გამოიყენოს და იქაურობას მოშორდეს. რა გაქვთ გათვალისწინებული?

– რა, სერ და აგენტი გამოგვყავს. საიმედო ადგილზე ვმალავთ. ვუცვლით გარეგნობას. ვაძლევთ ახალ საბუთებს და ის ახალ ცხოვრებას იწყებს. ამის შესახებ კი, ეცოდინება სულ ოთხ-ხუთ ადამიანს, – განუმარტა პაულმა დირექტორს.

– გასაგებია. მანამდე, ალბათ ჯერ ადრეა, მაგრამ წინასწარ გააფრთხილეთ ამის შესახებ. ჩვენ თავს არ უნდა მივცეთ უფლება, რომ საკუთარი აგენტები ასე უმოწყალოდ გავწიროთ. იმოქმედე, მარტინ! შეიძლება ინსტრუქციას ვარღვევ, მაგრამ, დარწმუნებული ვარ, სწორად ვიქცევი და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ.

შეფის სიტყვებზე პოული გახალისდა და თქვა:

– ამ პასუხისმგებლობას მეც ვინაწილებ, სერ. შიფროგრამას კი ახლავე შევადგენ და მეკავშირესაც გავუშვებ. მაქსიმუმ ოცდაოთხ საათში, უშბას ყველაფერი ეცოდინება.

***

სწრაფმავალი ლიფტი თვალის დახამხამებაში  აიჭრა ზემოთ და ორმოცდამეათე სართულზე გაჩერდა. თომას ბრაუნი კაბინიდან გამოვიდა. მარმარილოთი მოპირკეთებულ ძვირფას დერეფანს გაუყვა და ინკუსტრირებული, მუხის უზარმაზარი კარი შეაღო. მისაღებში, ლურჯ კოსტიუმში გამოწყობილი, უზარმაზარი ათლეტი იდგა. ბრაუნი მიესალმა და უთხრა:

– მისტერ სემთან მივდივარ. მე თომას ბრაუნი ვარ და მელოდება.

– ერთი წუთით მოითმინეთ და სავალდებულო პროცედურას რომ გაივლით, შეგიშვებთ, – მიუგო ათლეტმა ბრაუნს. შემდეგ სპეციალური ელექტრომოწყობილობით მთელი სხეული შეუმოწმა და უთხრა, – შეგიძლიათ, შეხვიდეთ.

ბრაუნმა მეორე მძიმე კარი შეაღო და მდიდრულად მოწყობილ უზარმაზარ კაბინეტში შევიდა. გიგანტურ მაგიდასთან ფრაკში გამოყწობილი, სამოცდაათიოდე წლის ჭაღარათმიანი მამაკაცი იჯდა. ბრაუნი მოწიწებით მიესალმა მასპინძელს, რომელიც არც კი განძრეულა. მხოლოდ თავი დაუკრა ახალმოსულს და უსიტყვოდ ანიშნა, დაჯექიო.

თომას ბრაუნი მასპინძლის მარჯვნივ, მოგრძო მაგიდასთან, სკამზე ჩამოჯდა და თქვა:

– გისმენთ, მისტერ სემ. რისთვის მიბარებდით?

მასპინძელს ბრაუნის სიტყვებისთვის ყურადღება არ მიუქცევია და მაგიდაში ჩამონტაჟებულ ზარის ღილაკს თითი მიაჭირა. კაბინეტში უმალვე ის ათლეტი შემოვიდა, რომელიც ბრაუნს მისაღებში დახვდა.

– გისმენთ, მისტერ სემ, – თქვა ათლეტმა.

მასპინძელმა ათლეტს უსიტყვოდ მიანიშნა მისგან მარჯვნივ მდგომ კარადაზე. ათლეტი მინიშნებული ადგილისკენ დინჯად გაემართა და კარადიდან ვისკის უზარმაზარი ბოთლი და ერთი ჭიქა გამოიღო. ვისკი ჭიქაში ჩამოასხა და ორი ცალი ყინული ჩააგდო.  ვისკიანი ჭიქა ლანგარზე დადო და მასპინძელს მიუტანა. სიგარების ყუთიდან უზარმაზარი სიგარა ამოიღო და ისიც მასპინძელს მიუტანა. შემდეგ, ასევე უზარმაზარი ასანთის კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და მასპინძელს სიგარაზე მოუკიდა. საფერფლე დაუდგა და კაბინეტიდან გავიდა. მასპინძელმა სიგარის მშრალი წვერი ვისკიში დაასველა და მოქაჩა. ჭიქიდან ვისკი მოსვა. კვამლი გამოუშვა და პაუზის შემდეგ სტუმარს უთხრა:

– რა ქენი, ბრაუნ, შეასრულე ბრძანება?

– დიახ, მისტერ სემ. ოპერაცია „მოსავალი“ დაიწყო და მისი პირველი ეტაპი, რომელსაც „მიქცევა“ ვუწოდეთ, უკვე ხორციელდება. მეორე ეტაპი „მოქცევაა“ და იმედია,  წარმატებას მივაღწევთ.

– მე მთელი მოსავალი მაინტერესებს, ბრაუნ.

– მოსვალი უხვი იქნება, სერ. ასე ვთქვათ, ზეგეგმური.

– არ გადააჭარბოთ და სიტუაცია კონტროლიდან არ გაგექცეს. წამითაც არ მოდუნდე. არ დაგავიწყდეს, რომ ყველაფერზე საკუთარი თავით აგებ პასუხს.

– მახსოვს, სერ. არ მოვდუნდები.

კაბინეტის მასპინძელმა ვისკი მოსვა. სიგარა მოქაჩა და ბრაუნს ჰკითხა:

– თოჯინა რას ამბობს?

– პრეზიდენტს გულისხმობთ, მისტერ სემ?

– ჰო. თოჯინას.

– პრეზიდენტმა მოიწონა თქვენს უწყებაში შედგენილი გეგმა და დარწმუნებულია, რომ ის ამერიკის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას წაადგება.

– შენიშვნები არ ჰქონია?

– პრეზიდენტს – არა. ფედერალებმა გამოთქვეს პრეტენზიები. დირექტორმა თქვა, ტერორისტები გაძლიერდებიანო.

– არ მიყვარს „ფებეერი“. ცხვირს ყოველთვის იქ ყოფენ, სადაც არაფერი ესაქმებათ. კანტორასთან უფრო ადვილად გამონახავ საერთო ენას, ვიდრე იმ მაძებრებთან, – თქვა სემმა. სიგარა მოქაჩა და რგოლები გამოუშვა. მერე ვისკი მოსვა და დააყოლა, – არ შეიძლება, ისე ვქნათ, რომ პრეტენზიები აღარ ჰქონდეთ?

– რას გულისხმობთ, სერ?

– მათ კომპრომეტაციას თოჯინის თვალში. ვერ შესძლებ, რომ თოჯინას მათზე გული აუცრუვდეს და გადააყენოს?

– ამ ეტაპზე ვერა, სერ.

– რატომ?

– იმიტომ, სერ, რომ ასეთ შემთხვევაში, მათი ოპერაცია უნდა ჩაფლავდეს და სერიოზული ზარალი  განიცადოს ქვეყანამ.

– განიცადოს მერე. თუკი ეს მომავალში ათმაგი სიკეთით ანაზღაურდება, ზარალი რა მოსატანია?

– გეთანხმებით, სერ, მაგრამ ამ ეტაპზე ეს არ გვაწყობს. ასეთ შემთხვევაში, მათი აგენტი უნდა გავშიფროთ. ახლა რომ ასე ვქნათ, მაშინ არც ჩვენი ოპერაცია გამოვა. ისე კი, ეს ყველაფერი გათვალისწინებული მაქვს და დრო რომ მოვა, უშბას გავუშიფრავთ ავღანელებს.

– უშბა ვინაა?

– „ფებეერის“ საიდუმლო სპეცაგენტი. ის მთელი ამ ოპერაციის ღერძია და ამ ეტაპზე მის გარეშე არაფერი გამოვა. ერთი სიტყვით, დრო გვჭირდება.

– რამდენი?

– ზუსტად არ ვიცი, სერ. ამას მოვლენები გვიჩვენებს.

– დრო ფულია, ბრაუნ. არ დაგავიწყდეს.

– მახსოვს, სერ.

– არც ის დაგავიწყდეს, რომ ფედერალების კლანჭებიდან გამოგგლიჯე და ელექტრონულ სკამს თუ არა, მუდმივ პატიმრობას გადაგარჩინე.

– მახსოვს, სერ.

– კარგია, რომ გახსოვს და არ დაგავიწყდეს. ახლა წადი და როცა დამჭირდები, გამოგიძახებ.

– ნახვამდის, სერ, – უთხრა ბრაუნმა მასპინძელს და წამოდგა. სემს მისთვის არც კი შეუხედავს. სიგარა მოქაჩა. რგოლები გამოუშვა და ყურადღებით აკვირდებოდა მათ.

 როგორც კი თომას ბრაუნი კაბინეტიდან გავიდა, სემი გვერდითა ოთახში გავიდა და სავარძელში მოკალათებულ, სამოცდათორმეტი წლის მამაკაცს, რომელიც უზარმაზარი მონიტორის წინ იჯდა, ჰკითხა:

– რას იტყვი, სიდ, როგორი შთაბეჭდილება დაგრჩა ბრაუნზე.

– არარაობაა. დროა, მოვიშოროთ.

– არარაობაზე მეტია. მაგრამ, ჯერ ადრეა მისი მოშორება. მოსავალი ავიღოთ და შემდეგ გავუყენოთ გზას.

– რამდენს ელოდები?

– ოცდაათ მილიარდს. თუ გაგვიმართლა, ორმოცსაც.

– ხუთი კაცისთვის ბევრი არაა, მაგრამ არცთუ ისე ცუდია.

– დასაწყისისთვის ურიგო არაა. მთავარია, კვლავ ჩვენი თოჯინა დავტოვოთ თეთრ სახლში და ოცჯერ მეტს ვიშოვით.

– ჩვენი მეტოქეებიც ძალიან აქტიურობენ და, რომ იცოდე, რეალური შანსებიც აქვთ.

– მაინც ჩვენი გაჭრის. ჩვენი თოჯინა მყარად ზის და არაფერს აშავებს. ისეთს ვერაფერს მოუძებნიან, რომ დაამარცხონ. თუმცა, ფხიზლად უნდა ვიყოთ, რომ ხელიდან არ გამოგვაცალონ, – გაეცინა სემს, – გვეყოფა თოჯინებზე საუბარი. მოდი, ბანქო ვითამაშოთ.

– ბანქო? – ირონიულად ჩაეცინა სიდს, – მერე, ფული გაქვს? ხომ არ დაგავიწყდა, რომ ჩემი ოცდახუთი დოლარი გმართებს?

– აი, შენი ვალი, – სემმა სიდს ხუთი ცალი ხუთდოლარიანი დაუდო მაგიდაზე. რვა ცალი ათდოლარიანი კი წინ დაიდო და ბანქო ამოიღო უჯრიდან, – დავარიგო თუ დაარიგებ?

– რამდენიანი ფსონი ვითამაშოთ?

– მინიმალური ხუთი ცენტი. მაქსიმალური კი ოცი ცენტი. მაგრამ, თაღლითობა რომ შეგნიშნო, აღარ ვითამაშებ.

სიდს გაეცინა. ბანქო დაარიგა და სემს მიუგო:

– თუ შემნიშნე, მასე იყოს.

***

„გაეროს“ ოცდაათი სატვირთო მანქანისგან შემდგარი კოლონა მშვიდობიანად ჩავიდა ავღანეთის ქალაქ ღაზნიში. სხვადასხვა ჰუმანიტარული, პირველადი მოხმარების პროდუქტით დატვირთული ოცდაექვსი მანქანა სპეციალურ ტერმინალში შეაყენეს. ოთხი სატვირთო კი დახურულ შენობაში შეიყვანეს და რამზან ბეის მებრძოლებმა იქიდან ოთხასი ცალი ამერიკული რეაქტიული რაკეტა „სტინგერი“ გადმოტვირთეს, შემდეგ კი სპეციალურ ბუნკერში ჩაიტანეს შესანახად. მანქანები ტერმინალში გადაიყვანეს.

ჩამოტვირთვის ოპერაციას ჯალალი ხელმძღვანელობდა და როდესაც ბოლო ყუთიც დააბინავეს, ის საწყობიდან შალაშიშკენ გაემართა. რამზან ბეის ეახლა და უთხრა:

– რაკეტები ადგილზეა, რამზან ბეი. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.

– დიდება ალაჰს! – თქვა საველე მეთაურმა, – მაცნობეს, რომ ორი ათასი ავტომატი და ტყვია-წამალი გზაშია და ხვალ დილით ადგილზე იქნება.

– დიდება ალაჰს, – გაიმეორა თვალებანთებულმა ჯალალმა, – ახლა კი ცეცხლის წვიმას დავატეხთ ურჯულოებს.

– დავატეხთ და გავიმარჯვებთ კიდეც. შენ ეს მითხარი, ჯალალ, რას ფიქრობ, რომ ჯამალს საბრძოლო ასეული ჩავაბაროთ?

– ღირსეული კანდიდატია, რამზან ბეი, მაგრამ ვფიქრობ, მისი გამოყენება სხვაგან უფრო დიდ სარგებელს მოგვიტანს.

– რას გულისხმობ?

– რამზან ბეი, ჯამალი ძალიან ჭკვიანი და განათლებულია. ასეულს რომ ჩაუდგეს სათავეში და ბრძოლაში დაიღუპოს, დიდ ძალას დავკარგავთ. მე მგონი, უკეთესი იქნება, რომ მას ეს საფრთხე ავარიდოთ, – მოწიწებით მიუგო ჯალალმა რამზან ბეის.

– მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ დაჟინებით მთხოვს საბრძოლველად გაშვებას. ასე ამბობს, ნებისმიერ დავალებას შევასრულებ, თუნდაც შაჰიდის ქამარს შევიბამო, – თქვა რამზან ბეიმ.

– გასაგებია მისი ასეთი სწრაფვა. ნამდვილი ალაჰის მებრძოლია და იმიტომ. მაპატიეთ კადნიერება, მაგრამ მისი ასე გაწირვა, დიდი შეცდომა იქნება და ჩვენი საერთო საქმე იზარალებს. ბრძოლას კი ყოველთვის მოასწრებს.

– მართალს ამბობ, მაგრამ მას არ უნდა ვაგრძნობინოთ, რომ შეგნებულად ვარიდებთ ბრძოლას. ისეთი რამ უნდა ვუთხრათ,  ღირსება არ შეელახოს.

– ეს, თქვენ უნდა ქნათ, რამზან ბეი. პირდაპირ უთხარით, რომ ჯერჯერობით სხვა მიმართულებაზეა ის საჭირო. მან უნდა გაითავისოს, რომ ალაჰის საქმის კეთება მარტო ურჯულოების ფიზიკური მოსპობა არაა. ვფიქრობ, ჯამალი სწორად გაიგებს თქვენს სიტყვებს.

– მართალი ხარ. მას ეს საფრთხე უნდა ავარიდოთ, – თქვა რამზან ბეიმ და ჩაფიქრდა, – ამაში კი შენ უნდა დამეხმარო.

– მე – როგორ?

– ჯამალთან ერთად იმოძრავებ და რომ დაინახავს, ბრძოლებში არც შენ მონაწილეობ, უფრო ეფექტურად იმუშავებს.

– რამზან ბეი, ჯამალი უჩემოდა მშვენივრად უძღვება საქმეს. თანაც, მე არაფერი გამეგება დიპლომატიაში. მთავარი კი ისაა, რომ ჩვენი მებრძოლი ძმები რას იტყვიან.

– რა უნდა თქვან, ჯალალ. ასეა საჭირო საერთო საქმისთვის.

– რამზან ბეი, ბავშვობიდან ბრძოლის მეტი არაფერი მიკეთებია და აქ უფრო გამოვადგები ჩვენს საქმეს. იქნებ სხვა შეუწყვილოთ ჯამალს.

– არა, ჯალალ. შენზე უკეთესს ვერავის გავაყოლებ ჯამალს. შვილად მიმაჩნიხარ და ბოლომდე გენდობი. რამე რომ იყოს, ჯამალი ვერაფერს გამოგაპარებს.

– ბოდიშს გიხდით, რამზან ბეი, მაგრამ თავს დავდებ, რომ ჯამალი აბსოლუტურად სანდოა.

– და მაინც, ყურადღების მიქცევა მას არ აწყენს. შენზე უკეთ კი ამას ვერავინ შეძლებს. თანაც, დაიცავ მას.

– რამზან ბეი, შეიძლება შეგეკითხოთ?

– მკითხე.

– მაინც, რატომ გეპარებათ ჯამალში ეჭვი?

– ეს უფრო სიფრთხილეა, ვიდრე უნდობლობა. რვა წელი ამერიკაშია ნაცხოვრები და ზუსტად ხომ არ ვიცით, იქ რას აკეთებდა? თანაც, ნარკობიზნესი ისეთი საქმეა, ადამიანი შეიძლება, ადვილად ცდუნდეს. დიდ ფულს დიდი ყურადღებაც სჭირდება და ამიტომაც შეგაწყვილე მასთან.

– გასაგებია, რამზან ბეი. მეტი კითხვა არ მაქვს. მიბრძანებთ რამეს?

– წადი და დაისვენე. ხვალ იარაღს გავანაწილებთ და ბანაკში დავბრუნდებით. აჰმად მანსური გველოდება. სხვა მეთაურებიც მოვლენ და მომავალი დიდი სამხედრო ოპერაცია უნდა დავგეგმოთ, – უთხრა რამზან ბეიმ ჯალალს და შალაშიდან გაისტუმრა.

***

მოხუცი ლიფტიდან გამოვიდა. შეჩერდა და მიაყურა. როდესაც დარწმუნდა, რომ დერეფანი ცარიელი იყო, ზვიადაურების ბინისკენ გაემართა და ზარი დარეკა. კარი ნინომ გააღო. მოხუცს გაუღიმა და უთხრა:

– დილა მშვიდობისა, ბატონო. გისმენთ. გნებავთ რამე?

– მე, შვილო, ვაჟასთანა ვარ, ძველი მეღვინე. ახმეტიდან ჩამოვედი. საქმე მაქვს მასთან. სახლშია?

– არ არის სახლში, მაგრამ მალე მოვა. შემობრძანდით სახლში და დაელოდეთ.

– მარტო ხარ, შვილო სახლში?

– დიახ. შემობრძანდით.

– არა, შვილო, უხერხულია. კაცი სახლში არაა და რა მინდა. აქ დაველოდები.

– რას ამბობ, ძია. აბა, ეგ როგორ იქნება. სტუმარი ღვთისაა. შემობრძანდით და დაელოდეთ, – ნინომ ხელკავი გაუკეთა მოხუცს და ბინაში შეიყვანა. სავარძელში ჩასვა და უთხრა, – ყავა მოგართვათ თუ ჩაი? 

– მადლობა, შვილო. ყავას და ჩაის არ გეახლებით.

– მაშინ, ხილს მოგართმევთ, – თქვა ნინომ და სამზარეულოსკენ გაემართა.

მოხუცი ფანჯარასთან მივიდა და გამჭირვალე ფარდიდან ქუჩაში გაიხედა. ნინო უზარმაზარი, ხილით სავსე  ბროლის თასით დაბრუნდა ოთახში. ვაზა მაგიდაზე დადგა და სტუმარს უთხრა:

– მობრძანდით, ძია, ხილი მიირთვით.

სტუმარი შემობრუნდა და ნინოს გაუღიმა. დიასახლისი შეცბა და ადგილზე გაქვავდა. შემდეგ გამოერკვა. სტუმრისკენ შურდულივით გაქანდა და სანამ გულში ჩაიხუტებდა, შეჰკივლა, – ჯაბა, შვილო...

– დედიკო, საყვარელო... როგორ ხარ, ჩემო კარგო, – ჯაბამ გულში ჩაიხუტა ატირებული დედა და თავზე მიეფერა.

შვილის ალერსით რომ იჯერა გული, ნინომ ცრემლები შეიმშრალა და ჯაბას უთხრა:

– მოშიებული იქნები, შვილო. სუფრას გაგიწყობ. მალე ვაჟაც მოვა.

– მალე მოვა მამა? – იკითხა ჯაბამ და საათს დახედა.

– კი, მალე მოვა. საათზე რატომ იყურები, გეჩქარება სადმე?

– სულ სამი საათით გამოვიპარე, დედი და ისევ უკან უნდა დავბრუნდე.

– სამი საათით? – ელდა ეცა ნინოს, – როგორ, სულ არ ჩამოხვედი?

– არა, დედიკო, რა სულ. აქ რომ ვიყავი, შენი და მამას გარდა, არავინ უნდა გაიგოს. ტყუილად კი არ მოვაწყვე ეს მასკარადი და მოხუცის ფორმაში გამოვეწყვე.

– როდის დაბრუნდები, შვილო?

– არ ვიცი, დედი.

– ერთ კვირაში?

– არა, დედი, რა ერთ კვირაში. ერთ წელიწადში თუ დავბრუნდი, კარგი იქნება.

– რაო? – შეიცხადა ნინომ, – თითქმის ერთი წელია, არ ჩანდი და კიდევ ამდენი ხნით უნდა დაგვეკარგო?

– რას იზამ, დედი, ასეთი პროფესია მაქვს.

– მაინც, რას საქმიანობ, შვილო?

– არ გეწყინოს, დედი, მაგრამ ვერ გეტყვი. საიდუმლოა და სწორად გამიგე. განა იმიტომ, რომ არ გენდობი... მაგრამ, ასე ჯობია.

– ვინ იცის, რა ბეწვის ხიდზე დადიხარ. ასე იყო ცხონებული მამაშენიც და დედაშენიც, იმას გადაჰყ... – ნინომ ენაზე იკბინა და სიტყვა აღარ დაასრულა, მაგრამ უკვე გვიან იყო.

დედის სიტყვებმა ჯაბა გააოგნა. მან ნინოს შეხედა და ჰკითხა:

– ვინ მამაჩემზე მელაპარაკები, დედი? გამაგებინე, რა ხდება.

– არაფერი, შვილო. წამოვროშე რაღაც. ახლავე გაგიწყობ სუფრას.

– არ მშია... – თქვა ჯაბამ, – სიმართლე მითხარი, დედი, რას ნიშნავს შენი სიტყვები. რა, თქვენი შვილი არ ვარ?

– რას სულელობ, ჯაბა, – ნინომ გულში ჩაიხუტა შვილი, – აბა, ვისი შვილი ხარ?!

– სიმართლე მითხარი, დედი, – გაიმეორა ჯაბამ. ამ დროს კარზე ზარი დარეკეს. ნინომ ამით ისარგებლა და ჯაბას უთხრა:

– მამაშენი მოვიდა. გავუღებ.

– თუ მარტო არაა, ვერ გამოვჩნდები, – მიუგო ჯაბამ. პარიკს ხელი დაავლო და სხვა ოთახში გავიდა.

ვაჟა ზვიადაური მარტო იყო. მას ნინომ შემოასწრო ოთახში და დამალულ შვილს გასძახა:

– გამოდი, ჯაბა. მამაშენი მარტოა.

– ვინაო? – აღმოხდა ვაჟას. ამ დროს ჯაბაც გამოჩნდა და მამა-შვილი ერთმანეთს ჩაეხუტა. ვაჟამ თავი ვეღარ შეიკავა და თვალები აუცრემლდა. ჯაბას კი გაეცინა და უთხრა:

– რა გატირებს, მამი. ცოცხალი ვარ, ხომ არაფერი მომსვლია?!

– მიხარია, რომ დაბრუნდი, – თქვა ვაჟამ და ცრემლები შეიმშრალა.

– სამ საათში ისევ მიდის, – უთხრა ნინომ მეუღლეს.

ჯაბამ კი საათს დახედა და თქვა:

– ორ საათსა და ორმოც წუთში.

– ისევ უნდა წახვიდე? – ჰკითხა ვაჟამ ჯაბას.

– ჰო, მამი. უნდა წავიდე. შენ და დედას მეტი არავინ იცის, აქ რომ ვარ და არც არავინ უნდა გაიგოს, – მიუგო ჯაბამ და მამას პარიკი და საგრიმიორო მოწყობილობა დაანახვა, – აი, ასე დავდივარ, რომ შემთხვევით არ გავიშიფრო.

– თბილისში გამოგგზავნეს დავალებით? – ჰკითხა ვაჟამ შვილს. ჯაბას კი გაეცინა და მიუგო:

– სად, რას და როგორ ვაკეთებ, დიდი საიდუმლოა. იმდენად დიდი, რომ შენ და დედასაც კი ვერ გეტყვით, არ გეწყინოს.

– შენ კარგად იყავი, შვილო და ნუ მეტყვი. მთავარია, ჯანმრთელად და მალე დაგვიბრუნდე.

– ასე ამბობს, ერთ წელიწადში თუ დავბრუნდი, კარგი იქნებაო, – ლაპარაკში ჩაერთო ნინო.

– ჰო, ეს იმას ნიშნავს, რომ უსერიოზულეს ოპერაციაში მონაწილეობს, – თქვა ვაჟამ.

– რა მშვიდად ამბობ, კაცო. სერიოზული ოპერაცია, სერიოზულ საფრთხესაც შეიცავს, – აღშფოთდა ნინო.

– კი მაგრამ, ჩვენს ვაჟკაცს სერიოზული მომზადებაც ექნება გავლილი. ასეთია ჩვენი ცხოვრება. ასე არ ვიყავი მეც? კვიცი, გვარზე ხტისო, ნინო,  – თქვა ვაჟამ.

ჯაბამ დედას შეხედა. შემდეგ ვაჟას და ჰკითხა:

– მამი, სიმართლე მითხარი, ვინ იყო მამაჩემი და საერთოდ, რა საიდუმლოს მიმალავთ შენ და დედა.

ვაჟას არ გაჰკვირვებია შვილის სიტყვები. მან ნინოს შეხედა და შემდეგ ჯაბას მიუბრუნდა:

– ეტყობა, დედაშენს წამოსცდა რაღაც. დაჯექი, სიმართლეს მოგიყვები.

ჯაბა სავარძელში მოკალათდა და ვაჟას უთხრა:

– გისმენ, მამი.

ვაჟა ზვიადაურმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო შვილს და ბოლოს უთხრა:

– აი, ამიტომ გაგარიდეთ აქაურობას და უცხოეთში გაგიშვით შენ და დედაშენი.

– ესე იგი, ჩემი ნამდვილი გვარი ჯაფარიძეა და შენ მხოლოდ ჩემი ნათლია ხარ, – თქვა ჯაბამ და დაამატა, – ეს არაფერს ცვლის. მე ჯაბა ზვიადაური ვარ. თქვენ კი ჩემი დედ-მამა და ყველანი ძალიან მიყვარხართ. ჩემმა და-ძმებმა ხომ არაფერი იციან?

– არა, – მიუგო ვაჟამ.

– სიტყვაც არ დაგცდეთ.

– არც ვაპირებთ, – მიუგო ვაჟამ.

– მამი, შენი მონაყოლიდან გამოდის, რომ ის ფანტომ-კალმარი სინამდვილეში ვამეხ მანძულიაა, ხომ?

– კი. მასეა.

– მან მოკლა გივი ჯაფარიძე.

– კი. მან მოკლა.

– ასეთი ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ და გამორიცხული არაა, კალმარი ახლაც ცოცხალი იყოს.

– ყოველ შემთხვევაში, დიდი ხანია, არ შეუხსენებია თავი.

– ჯანდაბას წაუღია მისი ოხერი თავი. სუფრას მივუსხედით. ცოტა ჭამეთ რამე, – უთხრა ნინომ ქმარ-შვილს და გაშლილ სუფრასთან მიიპატიჟა.

– ზუსტად ერთ საათში უნდა გავიდე, – თქვა ჯაბამ და სუფრას მიუჯდა. ალკოჰოლური სასმელების დალევაზე უარი თქვა და ჭამას შეუდგა.

ნინო თავს ევლებოდა მონატრებულ შვილს. ჯაბას პირდაპირ მჯდომ ვაჟას კი თვალებში ცრემლი უბრწყინავდა და მართალია, ხმამაღლა არ გამოხატავდა, მაგრამ ძალიან განიცდიდა შვილის საიდუმლო საქმიანობას. ვაჟა ზვიადაური გულში ლოცულობდა და ღმერთს ჯაბას მშვიდობით დაბრუნებას ევედრებოდა.

– ის, მაინც მითხარი, შვილო, დაახლოებით რამდენ ხანში გამოჩნდები, – უთხრა ნინომ ჯაბას.

– არ ვიცი, დედი. ნამდვილად არ ვიცი. აქაც, ახლა ძალიან დიდი რისკის ფასად მოვედი. ძალიან, ძალიან მომენატრეთ და იმიტომ. ჩემმა უფროსობამ რომ გაიგოს თქვენთან კონტაქტი მქონდა, სამუდამოდ გამომაგდებენ სამსახურიდან, – მიუგო ჯაბამ დედას და ჩაეხუტა.

– შენ შესახებ არც მერაბ გამრეკელს ვუთხრა? – ჰკითხა ჯაბას ვაჟამ.

– არა, მამი, არც მას, – მიუგო ჯაბამ.

წასვლის წინ ჯაბამ კვლავ მოხუცის გრიმი მოირგო და ისე შეიცვალა, რომ ვერავინ იცნობდა. შემდეგ დედ-მამას გამოემშვიდობა და წავიდა.

მოხუცის ფორმაში გამოწყობილმა ჯაბამ ორიოდე კვარტალი ფეხით გაიარა და რომ დარწმუნდა, არავინ უთვალთვალებდა, ერთ-ერთ სადარბაზოში შევიდა. იქიდან ხუთი წუთის შემდეგ გამოვიდა და ახლა უკვე ახალგაზრდა, ქერათმიან, სათვალიან უცხოელს ჰგავდა. მას ნახევრად სპორტულად ეცვა. ზურგზე სამგზავრო ზურგჩანთა ჰქონდა მოგდებული და სქელბორბლიანი ველოსიპედით მიიკვლევდა გზას.

ჯაბამ ველოსიპედით რიყემდე იარა. შემდეგ პატარა კაფესთან ჩამოქვეითდა და ფებეერელ დენის მორისს მიუჯდა მაგიდასთან, რომელიც ოპერაცია „კარტელს“ კურირებდა.

– თავისუფალია, სენიორ? – ესპანურად ჰკითხა ჯაბამ მორისს და ცარიელ სკამზე ანიშნა.

– დაბრძანდით, – ესპანურადვე მიუგო მორისმა და ჰკითხა, – რა ხდება, რატომ გამომიყვანე შეხვედრაზე?

– აი, ამ კაფსულაში რომ ქაღალდია მოთავსებული, ყველაფერი დაწვრილებით წერია და სასწრაფო რეაგირება სჭირდება. მას მე ვერც სატელიტით გეტყოდით და ვერც ინტერნეტით გამოვუშვებდი. ვინმეს რომ ჩაეგდო ხელში ეს ინფორმაცია, შეიძლება, დიდი საფრთხის ქვეშ დავმდგარიყავი და ამიტომ არ გავრისკე.

– რა ინფორმაციაა აქ?

– რა და, ავღანელი საველე მეთაურების მიერ შემუშავებული თავდასხმის გეგმის ყველა დეტალი. სასწრაფოდ რეაგირება სჭირდება.

– გასაგებია. თბილისში რატომ ხარ?

– პანკისის ხეობაში მივემგზავრები. ჩემს მეწყვილეს უნდა შევხვდე, რომელიც საღამოს ჩამოვა აქ.

– პანკისში რა გინდათ?

– ნარკოსაქმეებზე მოსალაპარაკებლად.

– რა ხდება?

– პატარა კონფლიქტია მოსაგვარებელი. ერთი ნაგლი საველე მეთაურია, უსმან ბადალოვი და ჩეხებს დაერია. თავისი ტავარის გასაღება სურს და კლაუს ჰაშეკს ორი კაცი მოუკლა.

– მერე და თქვენ რა შუაში ხართ?

– მოზესმა და ჰაშეკმა სთხოვეს აჰმად მანსურს, მაინც ერთი რჯულის ხალხი ხართ და საერთო ენას გამონახავთო. აჰმად მანსურმა და რამზან ბეიმ კი ჩვენ დაგვავალეს ეს საქმე. მეც ამით ვისარგებლე და აქ დაგითქვი შეხვედრა. სწრაფი რეაგირებაა მოსახდენი, თორემ ბევრი სისხლი დაიღვრება.

– ერთ საათში ეს ინფორმაცია შეფის მაგიდაზე იდება. შენ კი თავს გაუფრთხილდი და ზედმეტ რისკს მოერიდე.

– გასაგებია.

– მე წავედი, – მორისი მაგიდიდან ადგა და ფეხით გაუყვა ვიწრო ქუჩას.

ჯაბა კიდევ ოციოდე წუთი იჯდა მაგიდასთან და ყავასა და ფორთოხლის წვენს სვამდა. შემდეგ ფული გადაიხადა. ველოსიპედს მოაჯდა და სანაპიროზე გაისეირნა. თავის მეწყვილესთან შეხვედრამდე სამიოდე საათი იყო დარჩენილი. ამიტომ, ჯაბა ზვიადაური ქალაქში დასეირნობდა, თან ამოწმებდა, ხომ არავინ აჯდა კუდზე. რომ დარწმუნდა „სუფთა“ იყო, საბურთალოზე დაბრუნდა, ველოსიპედი ისევ იმ სადარბაზოში დამალა და შეხვედრაზე ფეხით გაემართა.

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3