ფლორის სამყაროში
კითხვა: მაინტერესებს, ბრუგმანსიაზე როგორ მოქმედებს ტემპერატურა და მზე?
პასუხი: თუ მიწა ტენიანი ექნება, ზაფხულის მცხუნვარე მზე ამ მცენარეს ვერაფერს ავნებს. მას სინათლე უყვარს და, გირჩევთ, ნათელ სასტუმრო ოთახში მოათავსოთ. მთელი წლის განმავლობაში იდეალურია 16-25 გრადუსი, თუმცა, ზამთარში 4 გრადუსსაც აიტანს.
კითხვა: ბინაში მაქვს კამპანულა, სოკოვანი დაავადება შეეყარა. იქნებ მირჩიოთ, როგორ დავეხმარო?
პასუხი: სიცივეში აუცილებლად დადგით ჰაერიან და მშრალ ადგილას. ზამთრის „ძილის“ წინ მცენარე აუცილებლად გაასუფთავეთ; ასევე, საჭიროა დამჭკნარი ყვავილების მოშორება – ამით მცენარეს ყვავილობას გაუხანგრძლივებთ. ეცადეთ, წყალი ფოთლებს არ მოხვედეს, რომ არ დაულპეს.
კითხვა: ჩემს ცეროპეგიას ღეროები ძალიან გაეზარდა. ხომ არ აჯობებს, ქოთანი შევუცვალო?
პასუხი: ქოთნის შეცვლა არ არის საჭირო. უბრალოდ, ისეთ ადგილას მოათავსეთ, რომ ღეროებს გაზრდას ხელი არ შეეშალოს. მისთვის შესაფერისი ადგილია საკიდ კალათაში ან თაროზე, სადაც მზე კარგად აცხუნებს. ამ მცენარეს პირდაპირი შუქი არ მოაკლოთ, თორემ, ცუდი და მეჩხერი ფოთლები ექნება.
კითხვა: პილეასთვის თუ არის კარგი ბევრი წყალი?
პასუხი: აქტიური ზრდის პერიოდში მიწა მუდმივად ტენიანი უნდა იყოს. სიგრილეში, როდესაც მცენარეს, ფაქტობრივად, სძინავს, მიწას შეშრობა უნდა აცადოთ და იშვიათად მორწყათ. მას ზედმეტი წყალი ვნებს. ზაფხულში ორ კვირაში ერთხელ მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ფორმის შესანარჩუნელბად მცენარე რეგულარულად გაკრიჭეთ.
კითხვა: ეონიუმი რა სინათლესა და ტემპერატურაზე უნდა მოვათავსო?
პასუხი: ამ მცენარეს მთელი წლის განმავლობაში სინათლე სჭირდება, ზამთარშიც კი ნათელ ადგილას უნდა დადგათ. რაც შეეხება ტემპერატურას, მას ამ დროს სიგრილე მოსწონს და შეგიძლიათ, ამყოფოთ 8-11 გრადუსზე. ზაფხულში კი 18-24 გრადუსიც საკმარისია მისთვის.
კითხვა: როდის ყვავის კლივია?
პასუხი: კლივია რეგულარულად ყვავის, თუ ზამთრის დასაწყისში დაასვენებთ. ორი თვის განმავლობაში დაახლოებით 7 გრადუს ტემპერატურაზე ამყოფეთ და იშვიათად მორწყეთ. ეს ყველაფერი მცენარეს ხელს შეუწყობს, დროულად იყვავილოს. ზედმეტი სითბო მისთვის არ შეიძლება, რადგან ყვავილობის პერიოდს შეამოკლებს.
კითხვა: ბინაში მაქვს ჰიპოესტესი, არ ვიცი როგორ მოვუარო, იქნებ დამეხმაროთ...
პასუხი: ეს მცენარე ზაფხულში უხვად მორწყეთ, მაგრამ ნიადაგი უნდა შეაშროთ ხოლმე. ზამთარში ნაკლები წყალი დაასხით. მას უყვარს ტენიანი გარემო, მაგრამ ზედმეტი წყალი ავნებს. ღეროები დროთა განმავლობაში უგრძელდება, ამიტომ გაზაფხულსა და ზაფხულში გაკრიჭეთ, რომ გაიბუჩქოს. ზაფხულში მორწყეთ ბალანსირებული თხევადი სასუქით. ზამთარში მას დამატებითი კვება არ სჭირდება.
კითხვა: ცეროპეგიას ფერი შეეცვალა და ხომ ვერ მეტყვით, რის ბრალია?
პასუხი: თქვენ, ალბათ, პირდაპირი შუქი მოაკელით მცენარეს და ამიტომ შეიცვალა ფერი. მისი ფოთლები შეიძლება, მეჩხერიც გახდეს. სიცივეში კი ეცადეთ, ტემპერატურა 8 გრადუსზე ნაკლები არ იყოს. ზოგადად, მას ჰყოფნის ოთახის ნორმალური ტემპერატურა – 18-24 გრადუსი.