რატომ არის „ჰონდა“ ყველაზე სწრაფი, ეკონომიური და გამძლე მანქანა
უდავოა, რომ იაპონია ავტომობილების წარმოებაში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა. მათ შორის კი ხარისხის ნიშნით ყველაზე გამორჩეული „ჰონდა“ გახლავთ. შესაბამისად, ამ მარკის ავტომობილების რიცხვიც გაიზარდა. პროფესიონალი მრბოლელი მევლუდ მელაძე დღეს სწორედ მის საყვარელ მარკაზე, „ჰონდაზე“ გვესაუბრება: „ჰონდას“ ისტორია 1961 წლიდან იწყება და დასაწყისიდანვე ის სპორტულ ავტომობილებს ქმნიდა. თუმცა, მისი ძირითადი მიზანი იყო, მოდელები ეკონომიური და გამძლე ყოფილიყო.
– საქართველოში ყველაზე პოპულარული მოდელი „სივაკია“.
– გეთანხმებით. მასთან ერთად, ასევე, დავასახელებდი CRX-ს, „ცეერიქსს“, როგორც ჩვენ მას ვუწოდებთ.
– მოდი, მათ პლუსებსა და მინუსებზე ვისაუბროთ.
– პირველი და ჩვენთვის ყველაზე სერიოზული პლუსი მისი ეკონომიურობაა. გარდა იმისა, რომ „ჰონდა“ ძალიან ცოტას წვავს და მისი შენახვა იაფი ჯდება, ამასთან, დეტალები ძალიან იშვიათად ფუჭდება. თუ გაფუჭდა, იოლად იშოვება. მაგალითად, არასდროს გაგიფუჭდებათ საჭე; მისი ტორპედო მზეზე ყოფნისგან არ გასკდება. სხვათა შორის, ეს „მერსედესს“ ემართება ხოლმე. „ჰონდას“ ყველა მოდელი სხარტია. აღარაფერს ვამბობ მის მანევრირებაზე.
– იქნებ, უფრო ვრცლად ვისაუბროთ „ცეერვეზე“, „ჰონდას ჯიპზე“, რომელიც ამ ბოლო დროს ძალიან მოდური გახდა.
– ეს ქალაქის ტიპის „ჯიპია“, ანუ არც „ჯიპია“ და არც მსუბუქი ავტომობილი. ის უფრო ამ ორივე მოდელის სინთეზია. გარდამავალი მანქანა ძალიან მოსახერხებელია ჩვენს პირობებში, ანუ ის კარგია ასფალტზე და, თუ გზიდან გადახვევა მოგიწევთ, არ შეგეშინდებათ, რადგან უგზოობის პირობებშიც კი, არ გიღალატებთ. „ცეერვეს“ ავტომატიზებული მოწყობილობები აქვს, ის არ არის აღჭურვილი ხიდებით და სხვა დამატებითი მოწყობილობებით, რომლებსაც ჩართავ და მანქანა „მხეცი“ გახდება. ის თვითონ ფიქრობს – სად, როდის და როგორ მოიქცეს. მიუხედავად იმისა, რომ „ჯიპის“ იერი აქვს, საკმაოდ აგრესიული მანქანაა. მასში, მინიმუმ, ორვალიანი, 21 მოცულობის ძრავა დევს, რომელიც 150 ცხენის ძალას ავითარებს, ანუ საკმაოდ სწრაფია.
– ეკონომიურობას რის ხარჯზე აღწევს?
– საწვავის სისტემა იმდენად დახვეწილია, რომ მაქსიმალურად აგრესიული მანქანაც კი ცოტას წვავს. ის, რაც შეიძლება დიდ წნევაზე მუშაობს; რაც შეიძლება მეტი ჰაერი და ცოტა ბენზინი შედის; მოცულობა დიდი აქვს და ფეთქება დიდ სიმძლავრეს ავითარებს. თან, ბევრი ცხენის ძალა აქვს. პლუს ამას, „ჰონდას“ მაღალბრუნიანი ძრავა აქვს. სწორედ ბრუნის ხარჯზე ავითარებს ზედმეტ ცხენისძალას და ეკონომიას ამით ახდენს. რაც შეეხება „სივიკს“, შეგიძლიათ, ძალიან ეკონომიური, 1.3-იანი ძრავის მოცულობით, ერთვალიანი „სივიკი“ შეიძინოთ, ან აგრესიული, ეგრეთ წოდებული „ვიტეკი“ – 2.0 ძრავის მოცულობის ახალი მოდელი, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ანუ, ერთი და იმავე მოდელში 1.3 ძრავაც დევს და 2.0 – ორასცხენისძალიანი ძრავაც.
2000 წლამდე გამოსულ „ჰონდას“ მოდელებს ერთი მინუსი ჰქონდათ, მიუხედავად იმისა, რომ სალონი საკმაოდ ტევადია და ოთხი ადამიანი თავისუფლად ჯდება, მაღალ ადამიანს ჩაჯდომა უჭირს. მაგრამ, ახალ მოდელებში სალონის სიმაღლემ აიწია და ეს პრობლემა მოიხსნა.
– რა მინუსები აქვს კიდევ?
– „ჰონდას“ ბევრი მოდელი მონო-სპრისკითაა აღჭურვილი, რომელსაც ძალიან ხშირად ტემპერატურის მაჩვენებელი ინდიკატორი უფუჭდება და ძიგძიგს იწყებს. ეს შესაცვლელად ძალიან მარტივი დეტალია, მაგრამ გამოსავლენადაა რთული. თუ მაინცდამაინც „ჰონდას“ მინუსებზე გინდათ ვილაპარაკო, გეტყვით, რომ მას არ უყვარს სველი გზა და რატომ? მას გათვლა სპორტულ ხაზზე აქვს. იმისთვის, რომ ავტომობილზე კონტროლი არ დავკარგოთ, მუხრუჭების ძალა წინა თვლებზეა გადატანილი. სპორტული საზომებით, თუ უკანა თვალი ოდნავ მაინც გაგვასწრებს, ეს პირდაპირ მოცურებისკენ გვიბიძგებს.
– ეს რას ნიშნავს?
– უკანა მხარეს ავტომობილს ნაკლები წონა აქვს. ამიტომ, თუ მუხრუჭი წინა და უკანა მხარეს ერთნაირად დაიჭერს, უკანა წინას დამუხრუჭებას მოასწრებს. სველი გზის პირობებში კი, შემოცურების ეფექტი ექნებოდა. ვინაიდან „ჰონდა“ ძალიან სწრაფად მანევრირებადი მანქანაა და შესაძლოა, ასეთი მკვეთრი მანევრის დროს, მოსახვევში მუხრუჭი დაგჭირდეთ. მას ხელის მუხრუჭის ეფექტი ექნება, ანუ „ზანოსში“ წაგიღებთ და დატრიალდებით. ამიტომ, „ჰონდას“ აქცენტი წინა მუხრუჭებზე აქვს გადატანილი, რათა ის უკანას ნებისმიერ შემთხვევაში ასწრებდეს. სწორედ ამის გამო, თუ დამუხრუჭება სველ გზაზე მოგიწევთ, სამუხრუჭე მანძილი ძალიან გრძელი იქნება, გვიან გაჩერდებით, რადგან დატვირთვა მხოლოდ ორ თვალზე მოდის. ასე რომ, „ჰონდა“ მუხრუჭებში მაინც აგებს, რაც უნდა ვაღიარო.