ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: სისტემატურად ვთამაშობ ლატარიის სხვადასხვა გათამაშებას. ხშირად ოცნებაში ვიგებ კიდეც. იქნებ მიპასუხოთ, მოგების შემთხვევაში, უნდა გადავიხადო თუ არა გადასახადი და რა ოდენობით?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ლატარიის ხელშეკრულება ან მსგავსი თამაშობანი, წარმოშობს ვალდებულებას თუ ისინი (გათამაშება, წილისყრა, კენჭისყრა) სახელმწიფოს მიერ არის ნებადართული. რაც შეეხება გადასახადს, ლატარიაში ფულადი თანხის მოგების შემთხვევაში, თქვენ უნდა გადაიხადოთ საშემოსავლო გადასახადი მოგებული თანხის 20 პროცენტის ოდენობით.
კითხვა: ჩემმა მეზობელმა წამოიწყო სახლის მშენებლობა და გააფორმა ნარდობის ხელშეკრულება სამშენებლო ფირმასთან. მშენებლობის პროცესში მენარდემ განზრახვის გარეშე დაარღვია საზღვრები და დაიკავა ჩემი მიწის ნაკვეთი. შეტყობინებისთანავე გამოვთქვი პროტესტი და მოვითხოვე ნაგებობის სახეცვლილება იმგვარად, რომ ჩემი საკუთრების უფლება არ შელახულიყო. მეზობელმა უარი განაცხადა და მოტივად მოიყვანა, არ იცოდა, რომ იმ ადგილზე აშენებდნენ და ახლა ვეღარ დაანგრევს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ზოგადად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე მასზედ არსებული უძრავი ნივთის მესაკუთრედაც მიიჩნევა. მაგრამ, მოცემულ შემთხვევაში, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისთვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება, მიეცეს ფულადი ანაზღაურება. შესაბამისად, თქვენ შეგიძლიათ, მოითხოვოთ პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა. მაგრამ, თუ ეს არათანაზომიერად დიდ დანახარჯებს გამოიწვევს, უნდა მოითხოვოთ ფულადი კომპენსაცია.
კითხვა: მოსარჩელემ მოითხოვა მეზობლისგან მიყენებული ზარალის გადახდის დაკისრება. მოპასუხე მოურიგდა მოსარჩელეს, რომ თანხას გადაუხდიდა 2 თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მის საკუთრებაში არსებულ სახლს გაყიდდა. სასამართლომ გამოიტანა განჩინება. მათ შორის მორიგების საფუძველზე საქმის შეწყვეტის შესახებ. ამის შემდეგ, კერძო საჩივარი შეიტანა მოპასუხის მეუღლემ და აღნიშნა, რომ სახლი მისი და მისი მეუღლის ერთად ცხოვრების პერიოდშია შეძენილი და წარმოადგენს მათ ერთობლივ საკუთრებას. რამდენად სწორია მოპასუხის მეუღლის საჩივარი და მიიღებს თუ არა მას წარმოებაში სასამართლო?
პასუხი: მოპასუხის მეუღლეს აქვს სასამართლოში სარჩელის წარდგენის უფლება, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც დაამტკიცა მორიგების აქტი, უკვე ძალაშია შესული. შესაბამისად, თუ მოპასუხის საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტში, საჯარო რეესტრის ამონაწერში, არ იყო დაფიქსირებული თანასაკუთრება, მოპასუხის მეუღლეს შეუძლია, ედავოს თანასაკუთრების განკარგვის თაობაზე მხოლოდ თავის მეუღლეს.