წარ, რომ თავი ავარიდოთ სკანდალებს, განქორწინებებსა და სიძულვილს საკუთარი შვილებისა და საყვარელი ადამიანების მხრიდან
ყველა ჩვენგანი ზოდიაქოს კონკრეტული ნიშნით იბადება, რომელსაც ოთხი სტიქია მართავს – ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. ყველა სტიქია არ ეწყობა ერთმანეთს. ამაზე მოწმობს ადამიანების ხასიათსა და ურთიერთდამოკიდებულებაზე ვარსკვლავების ზემოქმედების შესწავლა. საკმარისია, ჩაიხედოთ ნებისმიერ ასტროლოგიურ წიგნში, რომ გაიგებთ, როგორ უნდა მოიქცეთ უთანხმოების მინიმუმამდე დასაყვანად და მომავალი უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად.
აუცილებელია, რომ მომავალი შვილების ჯანმრთელობაზე, ნიჭსა და თვით სილამაზეზეც კი, ქორწინებამდე ვიზრუნოთ.
არსებობს ჰარმონიისა და შეთავსებადობის საკმაოდ მარტივი, ასტროლოგიური კანონები. მაგალითად, ცეცხლის ნიშანი ყველაზე კარგად ეგუება ჰაერის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, წყლის ნიშანი კი მიწის ნიშნით დაბადებულს. ამის მიხედვით, შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ აისახება ყოველივე ეს ოჯახური თანაცხოვრებაზე.
დავუშვათ, თქვენ ხართ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, ანუ ცეცხლის სტიქია გმართავთ. თქვენი მეუღლე კი კუროა, ანუ მიწის სტიქიის ქვეშაა დაბადებული. თქვენი შვილი მორიელის ზოდიაქოს ნიშნითაა დაბადებული, ანუ წყლის სტიქიაა. ამ შემთხვევაში, მშობლებს შორის ურთიერთობა სულ დაძაბული და კონფლიქტურია. შვილს კი დედასთან უფრო კარგი და ჰარმონიული დამოკიდებულება აქვს, ვიდრე მამასთან. ეს იმიტომ, რომ მშობლებმა წინასწარ არ გათვალეს ან არ იცოდნენ სტიქიათა ჰარმონიის შესახებ, როცა დაქორწინება და შვილის ყოლა გადაწყვიტეს.
თუ შვილი ერთ მშობელს ძნელად ეგუება, მეორესთან კი პირიქით, კარგად არის, ასეთ შემთხვევაში, გამოსავალი ისევ ვარსკვლავებს უნდა დაეკითხოთ. კერძოდ, მალე გააჩინეთ მეორე და მესამე ბავშვი, რადგან, რაც მეტი წევრია ოჯახში, ჰარმონიის მიღწევის მით მეტი ვარიანტი და შანსი არსებობს.
ყველას სურს, ჰქონდეს მშვიდი და მყუდრო ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, ვიმედოვნებთ, მივაღწიოთ ურთიერთგაგებას, რათა ჩვენი შვილები ჯანმრთელები, ჭკვიანები, ლამაზები, ლაღები და მზრუნველები იყვნენ დედმამიშვილების, მშობლების, ბებია-ბაბუის, ნათესავებისა და ახლობლების მიმართ. ამის მიღწევაში კი დაგეხმარებათ ადამიანზე მთვარის გავლენის ცოდნა. რადგან ღამის მნათობი ძლიერ ზეგავლენას ახდენს დედამიწის ყოველ არსებაზე და ბუნებრივია, ჩვენს შვილებზეც.
ასტროლოგიურად, ბავშვის ჩასახვისთვის არ არის ხელსაყრელი მთვარის 30-ე დღე. ასევე, ეცადეთ, შვილის ჩასახვა არ დაემთხვეს ახალმთვარეობიდან 3, 5, 9, 12, 13, 15, 17, 18, 20, 23, 25, 27 და 29-ე დღეებს. ამ დღეს ჩასახული ბავშვები მშობლებისა და საერთოდ, წინაპრების გენეტიკიდან მხოლოდ უარყოფითს იღებენ მემკვიდრეობით. ამიტომ, აუცილებელია, სწორად დაგეგმოთ მომავალი შვილის ჩასახვის დღე და ასევე, მისი დაბადება. ამ მხრივ, კვირის დღეებსაც თავისი „ხასიათი“, ენერგეტიკა და ასტროლოგიური დატვირთვა აქვს. კერძოდ:
ორშაბათი კარგი დღეა ახლო ნათესავების მოსანახულებლად და მათგან დადებითი ემოციებითა და ენერგეტიკით დასამუხტად. არ გიჩევთ განმარტოებას. განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ ბავშვების მიმართ. არავითარ შემთხვევაში, არ ეჩხუბოთ და არ შეარცხვინოთ ისინი. ამ დღეს ნერვიულობა კატეგორიულად იკრძალება.
სამშაბათს იგრძნობა ძალის მოზღვავება. ამ დღეს სწრაფად გაუმკლავდებით საქმეს. გეკრძალებათ სიზარმაცე. საყვარელ ადამიანს კი ტკბილი სიტყვით ადვილად აიყოლიებთ და თქვენს სასარგებლოდ მომართავთ. თუ ბავშვისთვის შენიშვნის მიცემა გსურთ, ამისთვის სამშაბათი საუკეთესო დღეა, ოღონდ, ეცადეთ, ზედმეტი არ მოგივიდეთ.
ოთხშაბათი საუკეთესოა ურთიერთობებისა და მეგობრებთან შეხვედრებისთვის. ნუ დაუჯერებთ დაპირებებს, რადგან დიდი შანსია, მოტყუვდეთ. არავითარ შემთხვევაში, არ დაარიგოთ ოთხშაბათს ბავშვს ჭკუა, რადგან ის ამას ვერ შეისმენს, პირიქით, გაღიზიანდება და პროტესტს აგრესიით გამოხატავს.
ხუთშაბათი კარგი დროა საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის. სასურველია ბავშვებთან სერიოზულ თემებზე საუბარი. დასახეთ მათთან ერთად სამომავლო გეგმები. საყვარელი ადამიანი კი, ამ დღეს მეტად გულახდილი იქნება. ეცადეთ, ნაკლები იფიქროთ საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. გეკრძალებათ კამათი.
პარასკევს ეცადეთ, სახლში შექმნათ სასიამოვნო გარემო. ეს დღე ყველაზე კარგია იმიჯის შესაცვლელად და რაიმე ახლის საყიდლად. ნუ დაიტვირთებით ზედმეტი საქმით და ნუ დაისახავთ დიდ გეგმებს. ეს დღე საუკეთესოა ურთიერთობების გასარკვევად და სიყვარულის ასახსნელად.
შაბათს არ გირჩევთ გრძნობების აფიშირებას, ზედმეტ საუბარს. შეგიძლიათ, მეუღლესა და შვილებს შეახსენოთ მოვალეობები და მოსთხოვოთ მათი შესრულება. ასევე, სასიკეთოდ იმოქმედებს განმარტოება, მომავლის დაგეგმვა და ახალი მიზნების დასახვა.
კვირას არ დაიტვირთოთ სახლის საქმეებით. უკეთესი იქნება, თუ ამ დღეს ოჯახის წევრებსა და ახლობლებთან გაატარებთ. თავს უფლება მიეცით, გაერთოთ და დახარჯოთ ფული თქვენთვის სასურველ ნივთებზე.