კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ზნედაცემული ანგელოზები

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N9(740)

დოდოშკას უცხოდ მოეჩვენა საკუთარი ხმა – თითქოს ის კი არა, ვიღაც სხვა, ანჩხლი და ავი ქალი ყვიროდა:

– შენ ქმარი ტყუილად გქვია! ნეტავი ვიცოდე, რაში მჭირდები... რა აზრი აქვს, აქვე იქნები თუ სხვაგან... ჩემ გვერდით თუ ცხრა მთას იქით? ვერაფერზე დაგელაპარაკება ადამიანი... სულ სხვაგან ხარ... ყოველთვის სხვაგან, მაშინაც კი, როცა აქ ხარ...

კაცმა მშვიდად დაასრისა საფერფლეზე სიგარეტი. ოდნავაც არ აუღელვებია ცოლის ყვირილს, თითქოს მისთვის სულერთი იყო...

– ფეხებზე გკიდივარ, ხომ? – ხმას აუწია ქალმა.

– გეყოფა, მეტისმეტი მოგდის, – თითქოს ოდნავ აღელდა კაცი, მაგრამ სიმშვიდეს მაინც ინარჩუნებდა. არც გულგრილობის ნიღაბი მოშორებია სახიდან.

– ნამდვილი ისტერიჩკა ხარ! – ხელი უკმაყოფილოდ ჩაიქნია.

– იცოდე, ერთხელაც იქნება, თავზე ხელს ავიღებ, – თითი მუქარით დაუქნია ცოლმა.

– ნუ მაშანტაჟებ, ძალიან გთხოვ. შენი პრეტენზიებით დავიღალე. მაინც, რა გინდა, რას ითხოვ ჩემგან? ევროპა შენ არ გაკლია და ხმელთაშუა ზღვა, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი კარადაში არ გეტევა...

– ვერ ხვდები, ხომ, რა მაკლია?! ვერ ხვდები?! ყურადღება მჭირდება მეტი. დავიღალე... არასდროს მისმენ და არასოდეს ჩემ გვერდით არ ხარ...

– რას დაიჩემე – ჩემ გვერდით არ ხარ, ჩემ გვერდით არ ხარ... მოკლედ, წავედი, რა... – კაცმა მანქანის გასაღები ხელში შეათამაშა და კარისკენ წავიდა...

– იცოდე, თუ გავიგებ, რომ მღალატობ, არ გაპატიებ, სამაგიეროს გადაგიხდი...

კარი ყრუდ და უსიამოვნოდ გაჯახუნდა...

***

ტატამ სიგარეტის კვამლი ღრმად შეისუნთქა და დოდოშკას თანაგრძნობით შეხედა. მერე ერთბაშად გაცხარდა:

– რაზე ფიქრობდი ახლა? ოღონდ, გულახდილად მითხარი, ტყუილი ჩემთან არ გაგივა... შენი ქმარი კი არ ვარ...

– აი, სხვათა შორის, მე ჩემი ქმარი არ მომიტყუებია. როგორც კი ვუღალატე, ეგრევე ვუთხარი, – თითი გამაფრთხილებლად დაუქნია დოდოშკამ ტატას და ფრთხილად დაიწყო უსწორმასწოროდ დაჭრილი და დაგლეჯილი გოზინაყის თეფშზე დალაგება. 

 – ჰო, აბა, რა... შენ ხომ ჩვენი „მის გულახდილობა“ ხარ...  სულელო... რომელი ქალი ეუბნება კაცს სიმართლეს, მით უმეტეს – ქმარს... თვითონ რამდენ ხანს გატყუებდა?

– მერე რა, ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. მე ჩემი პრინციპები მაქვს, – არ დათმო დოდოშკამ. ტატამ ტუჩები გაბუსხა: 

– პრინციპები... პრინციპები... მაგ პრინციპებმა გიყო, რომ ქუჩაში აღმოჩნდი... კიდევ კარგი, მე გამოგიჩნდი მხსნელად.

– გირჩევნია, გაჩუმდე და, ბოლოს და ბოლოს, დაურეკე ლალის, დამაწყდა ნერვები..

– შენ რა განერვიულებს, მაინც ვერ გავიგე, დედამისი ხარ? მოვა, სად წავა?

– თერთმეტი სრულდება უკვე. ამას უპასუხისმგებლობა ჰქვია. მაშინ, არ უნდა შევთანხმებულიყავით... ეთქვა, მე ასე არ მინდაო და მორჩებოდა ამით.

– შენ ისე გადაირიე, რომ უარი ვეღარ გაგიბედა – არ ვაწყენინოო, იფიქრა... საერთოდაც, მოეშვი რა, ლალის. იცი, ეგ ბოლოს რას იზამს?

– რას იზამს? – უფრო მექანიკურად, საუბრის გასაგრძელებლად იკითხა დოდოშკამ, რომელსაც ისევ რაღაც გაახსენდა.

– გათხოვდება, გოგო... ფულს აგროვებს ჩუმად... ზუსტად ვიცი... მერე იყიდის ბინას, მოძებნის ვინმეს, თავისნაირ სოფლელს და გათხოვდება...

– ჯერ ერთი, ლალის უფლება აქვს, ისე იცხოვროს, როგორც საჭიროდ მიიჩნევს და, მეორეც, ვერაფერს ვხედავ სახალისოს დაცინვაში.

– დოდოშკა, დღეს რაღაც სხვანაირი ხარ, ძალიან სხვანაირი... დღესასწაულმა იმოქმედა შენზე?

– ჩვეულებრივი ვარ. მაგრამ ახლა საკუთარ თავზე მეშლება ნერვები – რისთვის ავიტეხე ეს ყველაფერი, რა ძალა მადგა?

– ახლა სინანული გვიანაა, – წაუმღერა ტატამ, – თანაც, საჩუქარს ველოდები. ეგრე არ გამოვა, რადგან დამპირდი, უნდა შეასრულო კიდეც. მისაღები უნდა მივიღო, დაო, ეგრე სად არის? მაგრად მაინტერესებს, რა მიყიდე.

– ვარდისფერი პრეზერვატივები, მარწყვის არომატით, – გაღიზიანებული ტონით მიუგო დოდოშკამ.

– სერიოზულად ამბობ? აბა, მომეცი! პრინციპში, მაგარი საჩუქარია, მადლობის მეტი რა მეთქმის... კრეატიულობას გიწონებ.

– რა კრეატიულობა, შენ გგონია, მართლა პრეზერვატივები გიყიდე?

– აბა?!

– მოიცადე თორმეტ საათამდე და ნახავ.

– აუ, ხომ იცი, რომ ყველაზე ძალიან ლოდინი მძულს. საშინელი სულსწრაფი ვარ.

დოდოშკამ მხრები აიჩეჩა:

– ვერაფერს გიშველი, მოცდა მოგიწევს. ახლა კი, მიდი და კარი გააღე. მობრძანდა, მგონი, ქალბატონი.

ლალი დაღლილი, მაგრამ კმაყოფილი სახით შემოვიდა ოთახში. ჩანთა იქვე მიაგდო და კარიდანვე დაიწყო:

– აუ, გოგოებო, რომ იცოდეთ, რა ხდება ქალაქში?! ისეთი საცობებია, ძლივს მოვაღწიე აქამდე. მაგრამ, მგონი, ძალიანაც არ დამიგვიანია, მოვასწარი... 

– მოასწარი, აბა რა... გაშლილ სუფრასთან დაჯდომა ორივეს კარგად გეხერხებათ... – მიახალა დოდოშკამ უკმაყოფილო ტონით.

ლალიკომ დამნაშავესავით გაიღიმა:

– არ მეჩხუბო, რა... რომ არ წავსულიყავი, არაფრით არ შეიძლებოდა. ეგ ტიპი ფულს იმაში მიხდის, როცა დამირეკავს, ფორმაში ვიყო და დაუგვიანებლად გამოვცხადდე დანიშნულების ადგილზე.

– ანუ, ეგრევე უნდა მივარდე, რომ იმანაც არ დაკარგოს ფორმა?! – ახარხარდა ტატა, – მაგარი კლიენტები გყავს, „ვიაგრის“ დაუხმარებლად ვერცერთი ვერ ქაჩავს.

– შენ გყავს, სამაგიეროდ, მზეჭაბუკები, – ვალში არ დარჩა ლალი, – და, საერთოდ, ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს და მიხედოს, არა?!

– შენ ეს მითხარი, შამპანური მოიტანე? – დოინჯი შემოიყარა დოდოშკამ.

– ვაიმე! – ლალიკო წამოხტა, – ახლავე ჩავალ და ამოვიტან. აუ, დამავიწყდა და რა ვქნა?

– ასეც ვიცოდი. არცერთი არ ხართ სანდო. იყავი მანდ, მე თვითონ ჩავალ და ამოვიტან, – გაბრაზებულმა დოდოშკამ ქურქი ჩაიცვა და კარი გაიჯახუნა.

– რა სჭირს ამას? – გაოცებით იკითხა ლალიმ და ტატას შეხედა. ტატამ მხრები აიჩეჩა.

– რა ვიცი, დილიდან იღრინება. წარსულის ნოსტალგია აქვს და განიცდის.

– ჰო,  ისე, ცოდოა...

– კარგი, რა... ეგრეც არ არის საქმე, როგორც წუწუნებს. ყველა ისე ვცხოვრობთ, როგორც ვიმსახურებთ და გვინდა, ამიტომ, ნურავის ნურაფერს დააბრალებს.

– შენ მაინც როგორ ამბობ ამას?

– ვითომ, მე რა ვარ? – ტატამ სიგარეტს მოუკიდა და თავისი გრძელი, გარუჯული ფეხები სიამაყით შეათვალიერა.

– კარგი ახლა. ვითომ, ვერ ხვდები, რას ვგულისხმობ?

– როგორ ვერ ვხვდები, მაგრამ, მე არაფერ შუაში ვარ, დამიჯერე.

– ჰო, რა თქმა უნდა, მე ვარ შუაში, – გაიცინა ლალიმ. კიდევ აპირებდა რაღაცის თქმას, მაგრამ, გაჩუმება ამჯობინა და მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა.

 ტატამ უკმაყოფილოდ გაბუსხა ტუჩები:

– ვაიმე, სულ ტყუილად ფიქრობ ასე ჩემზე. მე ძალიან წესიერი და გულისხმიერი ადამიანი ვარ. კაცების უმეტესობა რომ გარყვნილია, ეგ რა ჩემი ბრალია. ზოგადადაც, ასე უნდა მიუდგე საკითხს: რატომ ვართ ჩვენ ბოზები?! იმიტომ, რომ ჩვენს სერვისზე მოთხოვნაა. ანუ, რომ არ არსებობდნენ ხამი, უნახავი და „აზაბოჩენი“ კაცები, ვისხდებოდით უსაქმოდ და ბარში ჭურჭლის რეცხვა მოგვიწევდა. ყოველ შემთხვევაში, შენ ნამდვილად მოგიწევდა.

ლალიმ ყურადღება არ მიაქცია ტატას ირონიულ ტონს. სწორედ იმ მომენტში ჩექმას იხდიდა.

– არ დაყარო გამოსაჩენ ადგილას, თორემ, ამოვა და სულ ცხვირში გირტყამს მაგ ჩექმებს.

ლალი უკმაყოფილო დაიჭყანა.

– ეგეც გამომივიდა, რა... ვაფშე, შეგვეშვას... ვინ დაავალა ჩემი აღზრდა? სადაც მინდა, იქ დავყრი ჩემს ტანსაცმელს, დიახ... თავისუფალი ქალი ვარ და არ მჭირდება ზედამხედველები, მით უმეტეს – მორალისტი ზედამხედველი. აჰა, შენი მანქანის გასაღები!

– მოიცა, ჩემი მანქანით იყავი წასული? – წარბი შეიკრა  ტატამ, – და, არ მითხარი?!

– როგორ არ გითხარი. ეტყობა, ყურადღება არ მომაქციე.

– ერთხელ ჩაიბურტყუნებდი... როცა გინდა, ტვინს ბურღავ ხოლმე... – უცებ ტატამ თვალები მოჭუტა: – ახლა, არ მითხრა, რომ პირდაპირ ჩემს მანქანაში აუწიე ფეხები...

– იცი, რა იყო?! – ყოყმანით დაიწყო ლალიმ, – ხომ ხვდები, ახალი წელი მოდის... თან, მეჩქარებოდა...

– აუ, შენ რა ყოფილხარ! და, გეგონა, ვერ გავიგებდი? თანაც, ჩემს მანქანაში ფეხების აწევის უფლება მარტო მე მაქვს. მოკლედ, ჩემი ფული მინდა. გამოუშვი...

– რა ფული?

– ჩემი პროცენტი. რა იყო, რა გაშტერებული მიყურებ?

– მოიცა, პროცენტი, ეგ როცა აქ მომყავს კლიენტი... მანქანა რა შუაშია?

– შენ ხომ არ გარეკე? ჯერ ერთი, ჩემი მანქანა გამოიყენე „ხატად“. მეორეც – დოდოშკას რომ ამ სულელური ოჯახ-ფართის მოწყობის იდეა არ გასჩენოდა, ის ტიპი ხომ აქ უნდა მოგეყვანა?! ასე რომ, მორჩი მიამიტობას და გამოუშვი. წესი – წესია, შეთანხმება – შეთანხმება.

ლალიმ უკმაყოფილო სახით გახსნა საფულე და რამდენიმე კუპიურა გაუწოდა.

– რა არის, გოგო, ეს? – უკმაყოფილოდ დაიჭყანა ტატა, – რას მაიმუნობ?

– შენ რა გგონია, ორასი დოლარი გადამიხადა? ასი დოლარი მომიგდო და ეგ იყო.

– რატომ, მერე? ფასებს ნუ აგდებ-მეთქი, რამდენჯერ გითხარი... თუ, საახალწლოდ ფასდაკლება გქონდა?

– რა მექნა? მეტი არ მაქვსო... სულ უფულობას, ასი დოლარი ვარჩიე.

– ლალი, არ გირჩევ კლიენტებთან ასეთ ურთიერთობას. ცირკის ბოზი ხარ, ას დოლარად რომ იძლევი? შენი ფასი არ უნდა გქონდეს?!

– აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი... – ლალი მაგიდასთან მივიდა და თეფშზე დაწყობილ გოზინაყს დახედა.

– ეს რა არის?

– დოდოშკამ მოთხიპნა – გოზინაყიაო.

– ეს არის გოზინაყი? – გაიცინა ლალიმ, – შეიძლება, ტრადიციულ სექსში და „სალამურზე დაკვრაში“ მაგარი ხარ, მაგრამ გოზინაყის კეთებაში ნუ შემედავები. რაც ვიცი, ვიცი, – თავი გამოიდო ლალიმ.

– მერე, თუ იცი, გეკეთებინა გოზინაყი და ყოფილიყავი შენთვის... რას ეტენებოდი ამ ბიზნესში, ადვილი გეგონა?

– გოზინაყის კეთებაში ფულს არავინ მიხდიდა. მორჩი? – ლალიმ ერთი ნატეხი აიღო და პირისკენ გააქანა, – ისე, გემრიელია, ხომ იცი?!

– გოზინაყი ფიგურას აფუჭებს. ძალიანაც ნუ ამოივსებ მუცელს, – ჭკუა დაარიგა ტატამ და მაშინვე დააყოლა: – ისე, შენ სანერვიულო არაფერი გაქვს: ორი კილოთი მეტი, ორი კილოთი ნაკლები – რა მნიშვნელობა აქვს, ჩემნაირ ვიდზე მაინც ვერასოდეს იქნები.

– ანუ, მსუქანი ვარ?

– მომსუქნო. მაგრამ, რა განაღვლებს? შეგიძლია, არ ინერვიულო. ბაზარი კრემიან პონჩიკებსაც ითვისებს და ამის მშვენიერი მაგალითი ხარ.

ლალიმ ამოიოხრა. სხეულის მრგვალი ფორმები მართლაც ჰქონდა. ვერც ტატასნაირი გრძელი ფეხებითა და დიდი მკერდით მოიწონებდა თავს. სამაგიეროდ, ლამაზი სახე ჰქონდა. თვალის გრძელი ჭრილი და გაბუსხული, მსუქანი ტუჩები. სოფლუშკა სახე გაქვსო, – ეუბნებოდა ტატა ირონიული ღიმილით. ლალის ცოტა კი სწყინდა, მაგრამ, არ იმჩნევდა. ჯერ ფინანსურად ისე არ იყო მომძლავრებული, რომ ცალკე ექირავებინა ბინა. თან, ტატას პირობაც არ იყო ისეთი ძნელად შესასრულებელი – კლიენტის გადახდილი ფულიდან პროცენტს უხდიდა. დოდოშკაც ასე აკეთებდა. ზოგჯერ კი წააყრიდნენ ხოლმე ერთმანეთს, მაგრამ, კლიენტი ხელშეუხებელი იყო. ერთმანეთის კაცებს არ „ეჩალიჩებოდნენ“. ლალის უფრო ტატასა და დოდოშკას ურთიერთობა აკვირვებდა. ინტერესი კლავდა, ბოლომდე მოესმინა მათი ისტორია, მაგრამ, ვერცერთხელ ვერ მოახერხა, საუბარი ისე წარემართა, რომ გოგოებს ბოლომდე „გაეხსნათ კარტები“...

– მანქანაში პირველად გქონდა სექსი? – დაინტერესდა ტატა.

– დეტალები მოგიყვე?

– ჰო, ცოტას გავერთობი.

– სურვილი არ მაქვს, – იუარა ლალიმ.

– რატომ? მე ხომ გიყვები ხოლმე ჩემს ინტიმურ დეტალებს. სახელმძღვანელოდ გყავართ ორივეს. რამდენი რაღაც გასწავლეთ.

– მაგაშიც ხომ არ გინდა, ფული გადაგიხადოთ?

– პრინციპში, ცუდი არ იქნებოდა. ისე, სპეციალური კურსების გახსნაზე ხომ არ მეფიქრა?! არ არის ცუდი იდეა, ფულსაც ვიშოვიდი.

– მერე, ვინ ივლიდა შენს კურსებზე, დამწყები პუტანკები? – დასცინა ლალიმ, – მაგას ყველა ქალი ახერხებს, თუ უნდა.

– ვინ გითხრა, რომ ყველა ქალი ახერხებს? თუ საშუალოდ დაბალ დონეს გულისხმობ, შეიძლება, მაგრამ, მე მაღალი კლასი მაქვს და ამიტომაც ვაგიჟებ კაცებს. თანაც, დამწყები პუტანკებისთვის კი არა, ცოლებისთვის ჩავატარებდი მასტერკლასებს. გგონია, მსურველები არ გამოჩნდებოდნენ?

– ჰო... და, თვალსაჩინოებად მათ ქმრებს გამოიყენებდი! – დაეთანხმა ლალი.

– რატომაც არა, ცოდნის გაღრმავებისა და საკითხის ღრმად შესწავლის მიზნით... – გამხიარულდა ტატა, – მაგარი იქნება...

– რაზე ლაპარაკობდი? რა იქნება მაგარი? – დოდოშკამ შამპანურის ორი ბოთლი მაგიდაზე დადგა და ქურქის გახდას შეუდგა.

ტატამ მისკენ გაიშვირა ხელი:

– აი, კლასიკური ცოლის მშვენიერი მაგალითი. რა მოუტანა ტრადიციულმა სექსმა? ღალატი! კიდევ კარგი, დროზე მიხვდა და აიწყვიტა! ამით მხოლოდ მოიგო!

– გაჩუმდი, ძალიან გთხოვ, – გაბრაზდა დოდოშკა და ლალის თვალები დაუბრიალა: ჩექმები თავის ადგილზე დააწყვე, ახლავე!

– აჰა, რას გეუბნებოდი? ეს ისევ წესიერი ცოლის ამპლუაშია, საწყალი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3