როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები
ლოლიაშვილი
გვარის ფუძედ გამოყენებულია ქალის საკუთარი სახელი ლოლი, ლოლა.
„იოვე ლოლიაშვილი დიდ თონეთში მოიხსენიება 1843 წლის აღწერაში“.
ლოლიაშვილები მოიხსენიებიან სოფელ საღარაშენში.
საქართველოში 81 ლოლიაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 19, ქარელში – 9, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.
ლუქუნიძე
გვარის ფუძე, სავარაუდოდ, არის საკუთარი სახელი ლუკა, ლუკიანე, რაც ლათინურად „მანათობელს“, „ბრწყინვალეს“ ნიშნავს. მომდინარეობს სიტყვისგან ლუქსი – „სინათლე“. ასევე, სავარაუდოდ, ამ გვარის თავდაპირველი ძირი იყო ლუხუმი, ლუხუმა.
საქართველოში 125 ლუქუნიძე ცხოვრობს: ქარელში – 91, ბორჯომში – 7, თბილისში – 2. არიან სხვაგანაც.
ამირხანაშვილი
ქართული გვარი ამირხანაშვილი, რომელიც ზოგჯერ რუსული ფორმანტი ოვით გვხვდება გაფორმებული (მაგალითად, ამირხანოვი), ნაწარმოებია მამაკაცის საკუთარი სახელიდან – ამირხანა. ეს სახელი გვხვდება 1537-1538 წლებშიც, 1646 წელს კი უკვე მოიხსენიება როგორც გვარი, ისე თიკუნი – ამირხანაანი.
ამირხანაშვილი და ამირხანოვი ქართული გვარებია, ამირხანიანი კი – სომხური. ქართველებსა და სომხებს საერთო სახელები ბევრი გაგვაჩნია. ყველა ისინი, როგორც ერთმა, ისე მეორე მხარემ, ვისესხეთ უცხო ხალხისგან და, სწორედ ამიტომ გვაქვს მსგავსი ფუძის გვარები. აქ არაფერია უცნაური და დასაძრახი, ასევე იქცეოდნენ სხვა ერებიც.
საქართველოში 694 ამირხანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 244, ნინოწმინდაში – 160, ახალქალაქში – 98. არიან სხვაგანაც.
კახიშვილი
გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი – კახაბერი. მისი კნინობით-ალერსობითი ფორმაა კახა და აქედანაა გვარი კახიშვილი. კახაბერიდან არის წარმოქმნილი ქართული გვარები: კახაბერაშვილი, კახაბერიძე, კახაბრიშვილი, კახაია, კახაშვილი, კახაძე, კახაჯორაული, კახიანი, კახიაშვილი, კახიშვილი, კახიძე.
კახიშვილები თავადები იყვნენ. მათ გვარი ვახვახიშვილიდან მიიღეს. „თოთხმეტი თავადი ვახვახიშვილი, იყვნენ პირველ სამცხის თავადნი, ვახვახად წოდებულნი, მეფობასა დიმიტრისა, წელსა 1294-ისა, ხოლო უკანასკნელ მოვიდნენ კახეთსა შინა თელავს და დასახლდნენ მუნ და იწოდებიან ვახვახისშვილნად, თავადად, აგრეთვე, ბაზიერთ-ხუცისშვილადაც. ხოლო სახლის კაცნი ამათნი იწოდებიან ყორჩიბაშისშვილებად და კახისშვილებად... ყორჩიბაშისულსა გაუთვისდათ სახელისა გამო, რომელ ყორჩიბაში სპარსულად ნიშნავს აბჯართუხუცესობას, ხოლო კახისშვილთ მამულ სახელისა გამო გაუთვისდათ“ (იოანე ბაგრატიონი, შემოკლებითი აღწერა).
საქართველოში 420 კახიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 192, კასპში – 44, ახალციხეში – 33. არიან სხვაგანაც.
ციმაკურიძე
აზნაური ციმაკურიძეები თავდაპირველად ჩანდნენ ახალციხეში და „მუნიდგან იმერეთს და ამათგანი გარდმოვიდნენ ქართლს და დაეშვნენ და ჩანდნენ ვახტანგ მეფისავე დროსა აზნაურად წელსა 1717 და არიან რომელნიმე სამეფოც და საკათალიკოზოც იმერეთს და ქართლსა შინა მოსახლენი და მოხსენებულნი ტრაკტატსა შინაცა“ (იოანე ბაგრატიონი. „შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა ოჯახებისა“). „ციმაკურიძე – სათაქთაქიშვილო აზნაური“.
აზნაური ციმაკურიძეები თავად თაქთაქიშვილის აზნაურები იყვნენ. აზნაური ციმაკურიძეები შეტანილნი არიან 1783 წლის 24 ივნისს ხელმოწერილ გეორგიევსკის ტრაქტატის თანდართულ სიაში. ციმაკურიძე თავად ამილახორისშვილის აზნაურიც არის.
საქართველოში 529 ციმაკურიძე ცხოვრობს: თბილისში – 255, ბოლნისში – 75, საჩხერეში – 48. არიან სხვაგანაც.
კვეკვესქირი-კვეკვესკირი
ამ გვარის ისტორიაზე მომუშავე პირები გვარის შემადგენლობაში მონაწილე ფუძეს – კვეკვეს, მამაკაცის საკუთარ სახელს – კვირიკეს უკავშირებენ. წმიდა კვირიკეს შესატყვისია ქართულში – უფლისა, აქედანაა გვარი – უფლისაშვილი; ბერძნული კვირა, კვირიოს („უფალი“, „ბატონი“), საიდანაც ნაწარმოებია კვირიკე, საფუძვლად უდევს, ასევე, არაერთ სხვა სახელსაც, მაგალითად: კაცის სახელები – კვირიონ (კირიონ), კვირაისი (კიროსი), კირიაკ, კირიან. ამათგან წარმოქმნილია ქალის სახელებიც: კირა, კირიაკა, კირიანა და სხვანი.
კვირიკედან მომდინარეობს ქართული გვარები: კვირიკაშვილი, კვირიკაძე, კვეკვესქირი, კვეკვესკირი (სუფიქსად გამოყენებული სქირი-სკირი მეგრულში შვილს ნიშნავს – კვეკვეშვილი). მეგრულში კვირიკეს ვარიანტებია: კვეკე, კვეკვე, კვერკვე. სოფლის სახელწოდებაა წინაკვერკვე – „წმიდა კვირიკე“.
საქართველოში 20 კვეკესქირი ცხოვრობს: თბილისში – 17, ბორჯომში – 3.
852 კვეკვესკირი: ზუგდიდში – 293, თბილისში – 228, წალენჯიხაში – 89. არიან სხვაგანაც.
115 კვეკვესქირი; ზუგდიდში – 73, თბილისში – 24, სენაკში – 4. არიან სხვაგანაც.
ასრაკაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრაკი.
სოფელ ფარცხისში 1871 წელს მოიხსენიება ოლიკო ასრაკაძე-კიხოლაშვილი.
ასრაკაძე, არსაკაძე და არსაკიძე – ერთი და იგივე გვარებია.
ბოგვში მცხოვრებ დავით არსაკიძის მეუღლეს 1820 წელს შეეძინა ქალიშვილი – თამარი. მიმრქმელი იყო ბორბალოში მცხოვრები იმერელი კვირია ქებაძე.
საქართველოში 26 ასრაკაძე ცხოვრობს: თბილისში – 16, გარდაბანში – 5, თეთრი წყაროში – 3. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით