როგორ ცხოვრობდა მაკა ჩახნაშვილი წელიწადში 10 თვის განმავლობაში მთელ მსოფლიოში და როგორ გახდა იტალიელი მწვრთნელი მისი მეუღლე
პროფესიონალ ქართველ ჩოგბურთელს, დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს პირველ ჩოგანს, მაკა ჩახნაშვილს მკითხველის წინაშე წარდგენა ნამდვილად არ სჭირდება. მან არაერთხელ ასახელა საქართველო და ქართველი ხალხი. სულ ცოტა დააკლდა, მსოფლიო ასეულში შესულიყო, თუმცა ამისთვის გარკვეული მიზეზები არსებოდა. ცოტა ხნის წინ კი უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, გაიმართა ევროპა-აფრიკის უმაღლესი, პირველი ლიგის შეხვედრები ქალ ჩოგბურთელთა შორის C ჯგუფში. ამ ტურნირში საქართველოს ნაკრები შემდეგი შემადგენლობით მონაწილეობდა: მაკა ჩახნაშვილი, რომელიც დღეს გუნდის კაპიტანია, ასევე სოფო შაფათავა, ეკო გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და მარიამ ბოლქვაძე.
მაკა ჩახნაშვილი: ეს იყო ფედერაციის თასი, ევროპა-აფრიკული ზონის პირველი ლიგა, სადაც, რაც გოგონებმა გააკეთეს – გმირობის ტოლფასი იყო. ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ გუნდში, პირველ ლიგაში დარჩენის უფლება, რაც ძალიან დიდი წარმატებაა. თან, სერიოზული მეტოქეები გვყავდა, ჩვენს გუნდში იყო: ბელორუსია, ბულგრეთი და პორტუგალია. ანუ, ერთ გუნდში 4 ჯგუფი ვიყავით და ბელორუსიასთან რამდენიმე სეტი დაგვაკლდა, რომ „ფლეიოფში” გვეთამაშა. ანუ, მეორე ადგილზე გავედით, რაც ძალიან დიდი შედეგია. შარშან მეორე ლიგაში ვიყავით, გუნდიდან გადავედით და ვფიქრობ, წლევანდელი გუნდში დარჩენა უფრო რთული იყო. მე ვამაყობ ჩემი გოგონებით, ჩემი გუნდით. მინდა, მათ დიდი მადლობა გადავუხადო. ასევე, მადლობა მინდა, ვუთხრა გუნდის ხელმძღვანელს, ლალი ზერეკიძეს; ალექსანდრე მეტრეველს გვერდში დგომისთვის, რომელიც ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტია; ასევე, ჩვენს ექიმს გიორგი მგელაძეს, რომელიც გოგონებს ძალიან ეხმარებოდა. ეს არის მთლიანად გუნდის წარმატება. თან, ასეთ დროს პასუხისმგელობა ძალიან დიდია. მხოლოდ შენთვის არ თამაშობ და ეს ფსიქოლოგიურად, ორმაგად რთულია. ძალიან კარგი გუნდი გვყავს და მიხარია, რომ მე ამ გუნდის კაპიტანი ვარ.
– შენი კარიერა დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ამჟამად აღარ ხარ მოთამაშე კაპიტანი. ამ გადაწყვეტილების მიღება არ იქნებოდა ადვილი.
– 14 წლის ვიყავი, ფედერაციის თასის თამაში რომ დავიწყე და 30 წლამდე მხოლოდ რამდენიმე წელი გამოვტოვე, ალბათ ორი-სამი, დანარჩენი სულ ვთამაშობდი. ძალიან ბევრი წელი ვითამაშე. ჯერ კიდევ 2013 წელს მოთამაშე-კაპიტანი ვიყავი. ამდენი წელი როგორც პროფესიონალი ჩოგბურთელი, ამ საქმეს ვემსახურებოდი. შესაბამისად, გადაწყვეტილების მიღება, გავსულიყავი დიდი სპორტიდან, რთული იყო. მაგრამ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ბევრი ვითამაშე და ახლა ახალგაზრდებს უნდა დავუთმოთ ასპარეზი. მოთამაშე და კაპიტანი ძალიან რთულია, პირველი წელი ძალიან გამიჭირდა. ჩემი აზრით, ასე უფრო ვეხმრები გოგონებს – ეს შედეგებიდანაც ჩანს. თავიდან რომ დამირეკეს და შემომთავაზეს კაპიტნობა, მოულოდნელი და სასიხარული იყო, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდი. ვფიქრობ, ჩემი ამდენწლიანი შრომა დაფასდა.
– შენი პროფესიიდან გამომდინარე, თითქმის არ გიწევს საქართველოში ცხოვრება. რთული არ არის იტალიიდან გუნდის კაპიტნობა?
– 19 წლამდე ვცხოვრობდი საქართველოში და მაშინაც ძალიან ბევრს დავდიოდი. 20 წლიდან იტალიაში ვცხოვრობ, ანუ ჩემი პროფესიული კარიერა იქ გავაგრძელე. ყველა გოგონას ვიცნობ, ხანდახან ტურნირებზეც ვხვდები. სამწუხაროდ, ბევრი შეკრება არ გვაქვს. თუმცა, იმედია, მომავალში უფრო მეტი გვექნება, სახელმწიფო უნდა დაგვეხმაროს ამაში. სხვა შემთხვევაში, ჩოგბურთელს გაზრდის საშუალება არ მიეცემა. ფედერაციას, მის პრეზიდენტს დიდ მადლობას ვუხდი, რადგან ყველანაირად ეხმარება ჩვენს ჩოგბურთელებს, ყველაფერს აკეთებს მათთვის. მაგრამ, დანარჩენი უკვე სახელმწიფოს გვერდში დგომაზეა დამოკიდებული. იმედი მაქვს, საშუალება ექნებათ და ფედერაციას დაეხმარებიან, რომ ჩოგბურთი კიდევ უფრო წინ წავიდეს. პირადად მე, როდესაც ვთამაშობდი, ისე გავხდი მსოფლიოში 130-ე, რომ საქართველოდან არანაირი დახმარება არ მქონია. ყველაფერს ჩემი ოჯახისა და უფრო მეტად, ჩემი ფინანსებით ვაკეთებდი. როგორც პირველ ნომერს, 200 ლარი მქონდა საქართველოში ხელფასი, დიდი ხნის განმავლობაში.
– ბოლომდე მაინც არ დაგინებებია ჩოგბურთის თამაშისთვის თავი.
– ცოტას ვთამაშობ: წელიწადში რამდენიმე ტურნირს, რომ ფორმაში ვიყო. იტალიაში, საფრანგეთში საკლუბო მატჩებს ვთამაშობ. დიდი სპორტიდან 2 წელია, წამოვედი და უკვე ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო და მისი დახმარებით მივაღწიე დიდ შედეგებს, ვავარჯიშებ ბავშვებს. გვაქვს ჩვენი აკადემია.
– რა მიგაჩნია შენს კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებად?
– ბევრი წარმატება მახსოვს და ბევრიც – მარცხი. 18 წლამდე მსოფლიო ოლიმპიადა იყო ქალთა შორის მოსკოვში, სადაც ვერცხლის პრიზიორი გავხდი, საკუთარი თავის ვიწამე და მივხვდი, რომ შემეძლო, დიდი ჩოგბურთი მეთამაშა. რა თქმა უნდა, მერე იყო საერთაშორისო ტუნირები, დიდი სლემები, ოლიმპიადაზე ვიყავი ლონდონში – ყველა სპორტსმენსა და ჩოგბურთელს ვუსურვებ, რომ ეს გამოცდილება აუცილებლად მიიღოს და მოხვდნენ ოლიმპიადაზე.
– მომიყევი როდის გაიცანით ერთმანეთი შენ და შენმა მომავალმა მეუღლემ – ყოფილმა მწვრთნელმა?
– 23 წლის ვიყავი, როცა გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე, რაულ რანცინგერი, ანუ ჩემი მწვრთნელი. ის იტალიელია. ბაზა ჰქონდა იტალიაში და შემომთავაზა მასთან მევარჯიშა. პროფესიონალი ჩოგბურთელია... ნოემბერში ვამთავრებდი ტურნირებს და იანვარში ავსტრალიის ღია ჩემპიონატით ვიწყებდი. წელიწადში გადაბმულად 2 თვე ვცხოვრობდი ერთ ადგილას, დანარჩენ დროს კი – მთელ მსოფლიოში, სასტუმროებში მიწევდა ყოფნა. თუმცა, ბოლო რამდენიმე წელია, იტალიაში უფრო ვარ. ჩვენი ურთიერთობა თავიდანვე პროფესიონალური იყო. ის რომ გავიცანი მესამასე ვიყავი და ზუსტად 4 თვეში, 130-ე ადგილზე გადმოვინაცვლე. ძალიან დამეხმარა, რადგან მაღალი დონის მწვრთნელია, სულ ათეულების, ოცეულების, ასეულების მოთამაშეები ჰყავს – საკმაოდ ცნობილები. ანუ, მისი ხელი მეც დამეტყო, ბევრი რამ მასწავლა. დღეს კი, როგორც საჩოგბურთო კარიერაში წამიძღვა, ასე მიძღვება სამწვრთნელო კარიერაში. ეს ჩემთვის დიდი მასტერკლასია.
– სიმკაცრეს იჩენდა შენ მიმართ?
– ძალიან რთულია, ემოციურად იყო დამოკიდებული მასზე და იყოს შენი მწვრთნელიც. საერთოდ, სპორტსმენსა და მწვრთნელს შორის უნდა იყოს კედელი, რადგან, თუ ეს კედელი ირღვევა, მერე რთულია მისთვისაც და შენთვისაც. შესაბამისად, ჩვენთვისაც რთული გამოდგა, გვიჭირდა მუშაობა.
– როდის დაირღვა კედელი?
– დაახლოებით 2-3 წელიწადში. ორივესგან წამოვიდა უკვე ეს ემოციები, გრძნობები. საბოლოოდ, რომ გადავწყვიტეთ და ჩამოვყალიბდით, მერე ხელი მოვაწერეთ იტალიაში და შემდეგ საქართველოში დავიწერეთ ჯვარი. სხვათა შორის, ოჯახის წევრებმა მითხრეს: რამე რომ იყოს, ჩოხას ჩაიცვამსო?! თავისუფალი ტიპია, ტრადიციებიც უყვარს და რომ შევთავაზე, რატომაც არაო. ის ჩოხაში იყო – ქართულად, მე კი უფრო ევროპულად. ჯვრისწერამდე მართლმადიდებლად მოინათლა, კათოლიკე იყო, მაგრამ თვითონ მოინდომა ასე. საკმაოდ ემოციურად შეხვდა ყველაფერს. ძალიან მოეწონა ასეთი სიწმიდე და სისუფთავე რომ არის ჩვენს ეკლესიაში. ქორწილმაც კარგად ჩაიარა, მთლად ვერ დაათვრეს ქართველებმა, რადგან ფორმაშია. ძალიან მოეწონა საქართველო, თუმცა ბევრი რამის ნახვა ვერ მოვასწარით. ხალხზე გაგიჟდა: როგორი შეკრული ხალხი ხართო. მთელი მსოფლიო აქვს მოვლილი და თქვა: საქართველო ძალიან განსხვავებულიაო. მომავალში ვაპირებთ ადგილის შეცვლას, სხვა ქალაქში გადასვლას., ერთი მწვრთნელიც გვემატება, რომელიც 30-ეულში იყო და ვაპირებთ ერთად აკადემიის გახსნას.