კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიცილოთ თავიდან ვირუსები და რატომ არის კარგი ორგანიზმისთვის ცემინება

ყელის ტკივილს და სასუნთქ გზებში უსიამოვნო შეგრძნებებს ის ვირუსები იწვევს, რომლებიც ზედა სასუნთქ ორგანოებში ხვდება. დაბალ ტემპერატურაზე ვირუსი უფრო სიცოცხლისუნარიანია. გარდა ამისა, გაზაფხულზე შესუსტებულია ორგანიზმის თავდაცვისუნარიანობა, რადგან მთელი ძალები და შინაგანი რესურსები ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას ხმარდება.

ვირუსებისა და მიკრობების გარდა, ორგანიზმზე ზედმეტად გამომშრალი ჰაერიც მოქმედებს – სხვადასხვა სახის გამათბობლები ოთახში ჰაერს აშრობს და სასუნთქ გზებს აზიანებს. იმუნიტეტზე უარყოფითად მოქმედებს ავიტამინოზი და სტრესი. რაც უფრო ხშირად დააცემინებთ, მით უკეთესია, რადგან დაცემინება სასუნთქი ორგანოს ბუნებრივი, თავდაცვითი რეფლექსია. მისი მიზანია, გამოდევნოს ყელიდან და ცხვირიდან „მტრები”, მაგრამ, არ დაგავიწყდეთ დაცემინებისას პირზე ცხვირსახოცის აფარება. ასევე, გახსოვდეთ, რომ:

* გამოიყენეთ მხოლოდ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები და ყოველი დაცემინების შემდეგ გამოცვალეთ ის, შემდეგ კი დაიბანეთ ხელები.

* თუ ხელსახოცის ამოღებას ვერ ასწრებთ, პირზე ხელი აიფარეთ, მერე კი სასწრაფოდ დაიბანეთ საპნით.

* საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის შემდეგ კარგად დაიბანეთ ხელები, რადგან სახელურებზე ბევრი სიცოცხლისუნარიანი მიკრობია.

* ნუ მიეჩვევით ცხვირის წვეთებს – ის სწრაფად ხსნის სასუნთქ გზებს, მაგრამ ართულებს განკურნების პროცესს.

* მოერიდეთ დაბალკალორიულ დიეტას. ორგანიზმს გაზაფხულის პერიოდში ვიტამინები აკლია, ამიტომ, მიირთვით ბევრი ხილი და ბოსტნეული.

გრიპის მორჩენა ორ-სამ დღეში პრაქტიკულად შეუძლებელია. ანტიბიოტიკები საკმაოდ ეფექტურია ბაქტერიების წინააღმდეგ ბრძოლის დროს, მაგრამ, აბსოლუტურად უძლურია ვირუსების წინაშე. ამიტომ, ტყუილად ნუ გაიჭყიპებით წამლებით, რადგან ანტიბიოტიკი დასუსტებულ ორგანიზმზე უარყოფითად მოქმედებს, კერძოდ, იწვევს ალერგიებსა და დისბაქტერიოზს.

გრიპის ვირუსი თავს იჩენს ორგანიზმში მოხვედრიდან 18-24 საათის შემდეგ; აქტიურდება 48 საათის შემდეგ; ზენიტშია მეორე-მესამე დღეს, მეოთხე დღიდან კი უკან დახევას იწყებს.

გრიპსა და სურდოს კარგად უმკლავდება  C ვიტამინით მდიდარი ორგანიზმი. ამ მიზნით ლიმონი და ნიორი შეუცვლელი პროდუქტებია. ასევე, აუცილებელია ხილის ნახარშებისა და ნატურალური წვენების დალევა.

 

რომელი დაავადება იწვევს უშვილობას და როგორ ავიცილოთ ის თავიდან

ქლამიდიოზით დაავადების მიზეზებია: თავისუფალი სექსი, სქესობრივი ცხოვრების ადრეული ასაკიდან დაწყება და იმუნიტეტის საერთო დაქვეითება. დაავადების მსხვერპლი, ძირითადად 20-დან 40 წლამდე ადამიანები არიან და მამაკაცებთან შედარებით, ქალები, უფრო მეტად ავადდებიან. ქლამიდიოზის მკურნალობა ხანგრძლივი და ურთულესი პროცესია.

ქლამიდიოზი სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს და შარდსასქესო გზით გადადის. თუ ის ორგანიზმში მოხვდა, კარგად „ჩაჯდება” თვალის კონიუნქტივიტში, ურეთრაში, საშვილოსნოს ყელში, სწორ ნაწლავში. ამ დროს, სამწუხაროდ, პაციენტებს, არ აღენიშნებათ უსიამოვნო შეგრძნებები და სიმპტომები სუსტადაა გამოხატული.

ქლამიდიოზით დაავადებულ მამაკაცებს დილას, შარდვისას, აქვთ თეთრი გამონადენი, ქალებს კი – ლორწოვანი გამონადენი; მუცლის ქვედა არეში ტკივილი და მენსტრუალური ციკლის შეფერხება აღენიშნებათ.

ქლამიდია უნაყოფობასაც იწვევს. დაინფიცირებულ ორსულებში, შეიძლება, აღინიშნოს ნაადრევი მშობიარობა ან მენჯის ღრუს ორგანოების ანთებითი პროცესები განვითარდეს.

ბავშვი, რომელსაც ქლამიდებით დაინფიცირებული დედა აჩენს, რისკის ქვეშ იმყოფება: სიცოცხლის პირველ თვეებში მას შეიძლება განუვითარდეს პნევმონია, თვალის ინფექციები, მომავალში კი – ფილტვების ან სახსრების დაავადებები.

თუ ადამიანი ამ პარაზიტებს ხანგრძლივად ატარებს, შეიძლება, განვითარდეს პნევმონიის ქლამიდია, რაც ასთმით მთავრდება. ასევე, ეს ბაქტერია იწვევს ათეროსკლეროზს, ცისტიტს, იშემიასა და პიელონეფრიტს. მამაკაცებში ხანდახან ერთდროულად ხდება შარდსასქესო ორგანოების, სახსრებისა და თვალის დაავადებების განვითარება. ასევე, ზიანდება ურეთრა და იწყება პროსტატიტი. ამიტომ, საჭიროა, წელიწადში ერთხელ მაინც ჩაიტაროთ გამოკვლევა ქლამიდიოზზე და, მისი აღმოჩენის შემთხვევაში, სასწრაფოდ დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. მის სამკურნალოდ გამოიყენება ანტიბიოტიკები, იმუნომოდულატორები და ფიზიოთერაპია. თვითნებური მკურნალობა სასტიკად აკრძალულია, რადგან ასე ინფექციას უფრო გაამწვავებთ.

გამოჯანმრთელების შემდეგ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, თავი შეიკავეთ სქესობრივი ცხოვრებისგან. მკურნალობის შემდეგ მიიღეთ იმუნიტეტის ასამაღლებელი პრეპარატები, მიირთვით რძემჟავა პროდუქტები და ნაღველმდენი ბალახეული ნაკრების ჩაი, რომ კუჭ-ნაწლავის ფლორა არ გაღიზიანდეს. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს საკვები რაციონიდან უნდა გამორიცხოთ მარილიანი, შებოლილი და ცხიმიანი საკვები.

 

სტრესის დროს წონის მომატება ჩვეულებრივი მომენტია

სტრესის წყალობით ჭარბი წონის მქონე ადამიანის ორგანიზმი უფრო მეტ კორტიზონს გამოიმუშავებს, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანის ორგანიზმი.

სტრესის ჰორმონი – კორტიზონი, ადრენალინთან ერთად, მუცლის ღრუში ცხიმის ჩალაგებას ასტიმულირებს. სტრესი ორგანიზმს აიძულებს, ცხიმი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაანაწილოს.

ნუ ეცდებით, სტრესს სიგარეტით ან ალკოჰოლით ებრძოლოთ. ამან, შეიძლება, ორმაგი უსიამოვნება მოგაყენოთ: მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, წელ-თეძოს კოეფიციენტი მეტი აქვთ, ამიტომ ცხიმის ღრმად და საფუძვლიანად ჩალაგებაც უფრო მეტად ემუქრებათ. გამხდარი მწეველების უმეტესობას ჰგონია, რომ, თუ სიგარეტს თავს დაანებებენ, აუცილებლად წონაში მოიმატებენ და გასუქდებიან. შეიძლება, რამდენიმე კილოგრამი მართლაც მოიმატონ, მაგრამ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ნამდვილად ღირს.

წელ-თეძოს კოეფიციენტი ალკოჰოლის მოყვარულებსაც მაღალი აქვთ, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ გასუქების საფრთხეს სასმლის ყოველი წვეთი ნამდვილად არ შეიცავს. თუ დღეში ორ ჭიქა ღვინოზე მეტს არ მიირთმევთ, მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვების ალბათობა ნაკლები გექნებათ.

ასევე, სიმსუქნეს ნურც გენეტიკას დააბრალებთ და ნურც ასაკში შესვლას. მემკვიდრეობა და ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს. დადგენილია, რომ სიმსუქნის მხოლოდ 40 პროცენტი აიხსნება გენეტიკური ფაქტორით, დანარჩენი 60 პროცენტი კი თქვენს ხელთაა.

 

გაზაფხულზე ტვინის ინფარქტისა და ინსულტის რისკი იზრდება

ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვალებადობა საკმაოდ რთული გადასატანია მეტეომგრძნობიარე ადამიანებისთვის. ის უარყოფითად მოქმედებს სისხლძარღვებზე, ამ დროს, ასევე, ზიანდება ნერვული სისტემაც და, არ არის გამორიცხული, ეს ყოველივე ინსულტის მიზეზი გახდეს, რადგან ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევა ორგანიზმისთვის ძალიან ცუდი და სახიფათოა.

ზოგადად, ინსულტის ორი სახე არსებობს: 1) ჰემორაგიული (ანუ სისხლჩაქცევა ტვინში), რომელიც სისხლძარღვის გახეთქვის შედეგად ვითარდება, მიზეზი კი სუსტი სისხლძარღვები და მაღალი არტერიული წნევაა; ჰემორაგიული ინსულტის განვითარების დროდ ექიმებს შუადღე ან საღამო მიაჩნიათ და არა დილა. 2) იშემიური (ანუ ტვინის ინფარქტი), რომელიც განპირობებულია ტვინის უბნების სისხლით მომარაგების მკვეთრად შემცირებით ან მთლიანად შეწყვეტით. ის ძალიან ხშირია და ძირითადად ღამით ან დილით ადრე ვლინდება. რისკის ჯგუფებში კი ის ადამიანები შედიან, ვისაც აწუხებთ ათეროსკლეროზი, ჰიპერტონია და შაქრიანი დიაბეტი.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ინსულტის შემთხვევების რისკი იმატებს. ამ დროს არტერიული წნევა მძაფრად რეაგირებს ამინდის სეზონურ ცვლილებებზე.

სისხლძარღვების დაავადებებისადმი მიდრეკილება მემკვიდრეობით გადადის, თუმცა, პროფილაქტიკით მისგან თავის დაცვა შესაძლებელია.

არტერიული წნევის მკვეთრი მომატების შედეგად, შესაძლოა, სისხლძარღვის სპაზმი განვითარდეს, რამაც, არ არის გამორიცხული, მისი გახეთქვა გამოიწვიოს, რაც ტვინის ინფარქტით ან ტვინში სისხლის ჩაქცევით მთავრდება. ამისგან თავი რომ დაიცვათ, აუცილებელია, აკონტროლოთ წნევა, უარი თქვათ სიგარეტზე, კარგად გამოიძინოთ, ივარჯიშოთ და დიდი დრო დაყოთ სუფთა ჰაერზე. ასევე, საკვებში უნდა შეზღუდოთ მარილის მოხმარება და დააბალანსოთ კვება. ჭამეთ მცენარეული საკვები, ბევრი ხილი, ბოსტნეული და თევზი. აკონტროლეთ სისხლში ქოლესტერინის შემცველობა; მოდუნდით და ნუ აჰყვებით ემოციებს.

ტვინის ინფარქტის წინამორბედი პროცესები ხშირად ინიღბება სხვა გავრცელებული დაავადებების სახით, ამიტომ, რისკის ქვეშ მყოფმა ადამიანმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს: არ წაუყრუოთ ისეთ სიმპტომებს, როგორებიცაა: თავბრუხვევა, გულისრევა, თავის ტკივილი, ძილიანობა, კრუნჩხვითი მოვლენები, გონების დაკარგვა და ასე შემდეგ. ეს სიმპტომები მკვეთრი და გამოხატულია ჰემორაგიული ინსულტის დროს, იშემიების დროს კი ისინი იშვიათად აღინიშნება.

სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო ზიანდება ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა უბნები, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციაზე აგებენ პასუხს. მაგალითად, შესაძლოა, განვითარდეს სხეულის დაბუჟება, მეტყველების დარღვევა, სიელმე ან კუნთების სისუსტე. ამიტომ, გირჩევთ, დროულად მიხედოთ ჯანმრთელობას.

 

შოკოლადი და ბანანი იმუნიტეტს ამყარებს

გაზაფხულზე ერთ-ერთი მთავარი საკვები შოკოლადია, თანაც, მწარე და არა თეთრი ან რძის. ის საგრძნობლად აუმჯობესებს გუნება-განწყობას და სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. შოკოლადი შეიცავს თეობრომინს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს სეროტონინის გამომუშავებაში, ზრდის იმუნიტეტს და შეიცავს ანტიოქსიდანტებს. ასე რომ, თუ ზომიერად ჭამთ შოკოლადს, ჯანმრთელობას ნამდვილად კეთილ სამსახურს გაუწევთ. შოკოლადი, აგრეთვე, ამაგრებს იმუნიტეტს და დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე.

იმუნური უჯრედების დაახლოებით 60-70 პროცენტი ნაწლავებშია თავმოყრილი და, ამიტომ, გვჭირდება ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ეხმარება მას სწორად მუშაობაში. აუცილებელია, მივიღოთ ბიფიდოკეფირები, ბოსტნეული და ხილი, რომელიც შეიცავს უჯრედისს.

გაზაფხულზე დღის განმავლობაში, უნდა მიირთვათ: 2 ცალი ციტრუსი, ვაშლი, 2 ცალი ბანანი და კივი. თუ გრძნობთ, რომ გაციებული ხართ, დალიეთ დარიჩინიანი ჩაი.

ნაწლავების ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს მისი არასწორი მუშაობა, ნერვული სტრესი, დისბაქტერიოზი და, რასაკვირველია, არასწორი კვება. ამიტომ, ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის აუცილებლად ჩაიტარეთ პროფილაქტიკა დისბაქტერიოზზე. გაზაფხულზე მიირთვით ბევრი ბოსტნეული, ყოველდღიურად მიიღეთ რძის პროდუქტები, 2 ლიტრამდე სითხე და, ასევე, რაც შეიძლება მეტი დრო გაატარეთ ჰაერზე და მეტი ივარჯიშეთ.

სისხლძარღვების გასამაგრებლად საჭიროა 3 ცალი ლიმონი, 250-300 გრამი ნატურალური თაფლი და 3 კბილი ნიორი. ეს პროდუქტები ორჯერ გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, მოათავსეთ ქილაში, მჭიდროდ დაახურეთ თავზე და შედგით მაცივარში. მიირთვით ყოველდღე, უზმოზე, 1 სადილის კოვზი და დააყოლეთ 1 ჩაის ჭიქა ცივი წყალი, ოღონდ, აუცილებლად ანადუღარი. ეს კურსი ორ თვეს გააგრძელეთ.

მომატებული მჟავიანობის დროს კი მიიღეთ 1 ჩაის ჭიქა გადადუღებულ წყალში გახსნილი 2 სადილის კოვზი თაფლი, ჭამამდე 1 საათით ადრე.

скачать dle 11.3