კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აირჩიეს ხუთეულში „გუჩის“ ჩვენებაში მონაწილეობის მისაღებად ნუკა ყარალაშვილი და რატომ აქვს მას მილანში „მწვანე ანთებული“

„იმიჯ-ცენტრის“ მოდელი ნუკა ყარალაშვილი ევროპაში წლების განმავლობაში განაგრძობდა თავის წარმატებულ სამოდელო კარიერას. მიუხედავად დიდი კონკურენციისა, ის მილანში მუშაობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორებიცაა: „ჯასთ კავალი,” „დონა კარანი,” „ემილიო პუჩი,” „ანტონიო მარა”, „ლუიჯი ბორბონე,” „ჯადა კურტი”, „ეზმე ვიე” და ასე შემდეგ. რომის „ფეშენ-ვიქიდან” მისი ფოტოები დაიბეჭდა იტალიურ „ვოგსა“ და „ელ ოფისიელში“. ევროპის, კერძოდ კი მილანის შემდეგ, ნუკამ და სააგენტომ არჩევანი უკვე აზიაზე გააკეთეს, საიდანაც წარმატებული ქართველი მოდელი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

ნუკა ყარალაშვილი: თბილისში სექტემბრის შემდეგ არ ვყოფილვარ. საკმაოდ დიდხანს მომიწია აზიაში დარჩენა. პირველად ვიყავი შანხაიში, ჰანჯოუში, სადაც ძირითადად კატალოგებისთვის იღებენ მოდელებს და, შესაბამისად, დატვირთული და რთული სამუშაოა, მაგრამ, ანაზღაურებაა საკმაოდ მაღალი. ძალიან კარგ სააგენტოში ვიყავი, კარგ პირობებში, საკმაოდ კარგ სახლში. დღის განმავლობაში ბევრ ქასთინგზე მიწევდა წასვლა. იმდენი გადაღება მქონდა და ისე დაემთხვა, რომ ორი კვირის განმავლობაში თითქმის არ მძინებია, ანუ, ღამეში 3-4 საათი მეძინა. ძირითადად იქაურ ბრენდებთან ვმუშაობდი. ჩინეთში რომ მივდიოდი, თავიდან ვფიქრობდი: ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორ ვერ უნდა ვიმუშაო-მეთქი. მაგრამ, არ ყოფილა ასე, საკმაოდ მაღალია კონკურენცია, თუმცა, საბოლოოდ გამიმართლა და ყოველდღე დაკავებული ვიყავი, სულ მქონდა სამუშაო. მერე ჰონკონგის ერთ-ერთი საუკეთესო სააგენტოდან მომივიდა მოწვევა. ვფიქრობდი, წავსულიყავი თუ არა. რომ არ წავსულიყავი, ალბათ, თავს მოვიკლავდი, ძალიან ვინანებდი, რადგან იქაურობა ძალიან მომეწონა და კმაყოფილი ვარ. ჰონკონგი – ეს არის ნიუ-იორკისა და ლონდონის მიქსი, ყველა ინგლისურად ლაპარაკობს, ძალიან სუფთა და კარგი ხალხია, გეხმარებიან; ისეთი კარგი იყო, გავგიჟდი. 

–  წარმატებული გამოდგა შენთვის აზიაში წასვლა და იქ მუშაობა? 

– საშობაოდ ჩავედი და, სამწუხაროდ, ბევრი ქასთინგი გავაცდინე. თუმცა რაზეც მივედი, იმ ჩვენებაზე გამოვედი. მქონდა რამდენიმე გადაღება, ერთ-ერთი იყო ჟურნალებისთვის – Style და Harper’s Bazaar. საინტერესო გადაღება იყო, რეტროს სტილში; მეცვა „დოლჩე გაბანას“, „შანელისა“ და სხვა ცნობილი ბრენდების სამოსი. გარდა ამისა, გამოვედი „გუჩის” ჩვენებაზე, რომლის ქასთინგზეც მთელი ჰონკონგის მოდელები იყვნენ მოსულები, ჩინეთიდანაც კი ჩამოვიდნენ. მეც მივედი და ხუთ გოგონაში ამარჩიეს, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა. იტალიიდანაც იყვნენ „გუჩის“ წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივებიც. საკმაოდ კარგი ჩვენება იყო, კმაყოფილი დავრჩი. ასევე, გამოვედი ჰონკონგის „ფეშენ-ვიქზე,“ იქაური ერთ-ერთი ცნობილი დიზაინერის ჩვენებაზე. განსაკუთრებით დამამახსოვრდა ერთი გადაღება, როდესაც გარეთ, სიცივეში ვიღებდით ზაფხულის კოლექციას – ეს იყო საშინელება, ვიყინებოდით, მაგრამ, კარგი გამოვიდა. 

– კიდევ აპირებ სამუშაოდ წასვლას აზიაში ან ევროპაში? 

– არ ვიცი, ჯერჯერობით აგონიაში ვარ – ხუმრობით, რა თქმა უნდა. ცოტა გაურკვევლობაში ვარ: არ ვიცი, წავიდე თუ საქართველოში დავრჩე ცოტა ხნით. ძალიან მინდა ტელევიზიაში მუშაობის დაწყება, თუმცა, საიდან და როგორ უნდა მოვხვდე იქ, არ ვიცი.

– აზიამდე მილანში მუშაობდი, თან, საკმაოდ წარმატებულად. 

– მილანში სულ „მწვანე” მაქვს უკვე ანთებული. ბოლოს რომ ვიყავი, ვიმუშავე „დონა კარანის,” „ჯასთ კავალის” შოუ-რუმებზე, ბევრი ცნობილი იტალიური ბრენდის პრეზენტაცია გავაკეთე. როდესაც ერთხელ მუშაობ ვინმესთან და მას მოსწონხარ, მერე, როდესაც ჩემი ბუქერისგან იგებენ, რომ ნუკა იქ არის, – „უი, ნუკა აქ არის? გადაეცით, რომ მუშაობს“. დამირეკავენ და მივდივარ. მილანში გარანტირებულად არაფერი ხდება, თან, სადაც უფრო კარგად იხდიან, სააგენტოც იქით გიშვებს. „დონა კარანი,” „ჯასთ კავალი,” „ანტონიო მარა” უკვე მიცნობენ და, რომ ჩავდივარ და იგებენ, იქ ვარ, მეძახიან სამუშაოდ. მაგრამ, თუ ვინმე უკეთ იხდის და მეც არ ვარ მასთან ნამყოფი, რა თქმა უნდა, სააგენტო ცდილობს, მასთან გამიშვას. რომის „ფეშენ-ვიქზეც“ რამდენჯერმე მომიწია გამოსვლა და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან, ძირითადად ოტ-კუტიურია და საზოგადოებაც სხვანაირია – ძველი იტალიელი არისტოკრატები. პარიზში არასდროს მიმუშავია, ამიტომ, ძალიან მინდა, იქაურ კარგ სააგენტოში მოვხვდე და მერე ვნახოთ, რა იქნება. მილანში მიღებული გამოცდილება ძალიან დამეხმარა ჰონკონგში და, თუ პარიზში წავალ, იქ, მილანის გამოცდილებასთან ერთად, ჩინეთში მიღებული გამოცდილებაც დამეხმარება. ჩინეთშიც ბევრი რამ ვისწავლე: წამში შემიძლია ბევრი პოზის გაკეთება, შეცვლა, რადგან, იქ ბევრი გადაღება მიწევდა. კიდევ ვისწავლე ის, რომ ბევრი არ უნდა ვიწუწუნო. გავიზარდე, შევიცვალე და, როგორც სააგენტოში მეუბნებიან, რაც უფრო იზრდები, სახეზე ასაკი უფრო გაკლდება და უფრო კარგი სამუშაოა შენი სახეო. იმასაც მეუბნებიან, რომ  ჩემს სახეს აქვს კიდევ ერთი პლუსი: როგორც დამხატავენ, ანუ, როგორი სახის მიღებაც უნდათ, ისეთი გამოვდივარ, რაც იმას ნიშნავს, რომ კარგი გამოსაძერწი და სამუშაო სახე მაქვს. 

– ეს საქმე, მაგრამ, პირად ცხოვრებაში რა ხდება?

– რა არის პირადი ცხოვრება, აღარც მახსოვს, მაგრამ, სიტყვა კი მეცნობა. არაფერი ხდება პირად ცხოვრებაში, ალბათ, იმიტომ, რომ დრო არ მაქვს, თუმცა, რომც მქონდეს, ჯერჯერობით არ გამოჩენილა ისეთი ადამიანი, ვისთანაც ამ დროს გავყოფდი. ვისაც აქამდე შევხვედრივარ, ალბათ, არ იყო „ჩემი”, თორემ, შედეგიც გვექნებოდა. ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია, როდესაც საყვარელი ადამიანი ჰყავს გვერდით. უცხოეთშიც არის ხოლმე გამოხატვები და, თავიდან რომ მოდიან, რა თქმა უნდა, კულტურული და კარგი გოგო ვარ, მაგრამ, მერე კიდევ რომ შემაწუხებენ და რაღაცას მკითხავენ, უხეში და რაღაცნაირი გოგო ვხდები: მიდი, გაიარე, კარგად იყავი – მეკეტება უკვე. ერთი ნახვით მოწონებისა და სიყვარულის კი მჯერა, მაგრამ, ჰონკონგში ან მილანში რომ ხარ, მოდის ბიჭი და გეუბნება, მე შენ მიყვარხარო, ეს არარეალურია და სხვანაირად როგორ უნდა უპასუხო?! 

– მოგწონს უცხოელი ბიჭები?

– ყოველთვის მინდოდა, ქართველი მამაკაცი მყოლოდა გვერდით, თან, ქართველებს გავამრავლებთ. თუმცა, უცხოელებიც მომწონს, განსაკუთრებით სერბები – კარგი ხალხია. 

скачать dle 11.3