აიტანს თუ არა საყვარელი ადამიანისგან ჩაცმულობასთან დაკავშირებულ აკრძალვებს ეკო ფანგანი და ვინ აჩუქა მას ცხენი
ეკო ფანგანის ცხოვრება ყოველთვის იწვევს საზოგადოების ინტერესს. მას შეუძლია, ბევრი ილაპარაკოს თავის სამსახურსა და საქმიანობაზე, თუმცა, ბოლო ხანებში პირად ცხოვრებაზე კონკრეტულ საუბარს ერიდება და მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლება. ამის მიზეზი მისი წინა ურთიერთობაა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანის ინტერესის საგანი გახდა და, აღარ უნდა, იგივე განმეორდეს. თუმცა, ამბობს, რომ მისი გულის მოგება რთულია, არასასურველი თაყვანისმცემლები კი ხშირად აღვიძებენ მასში სვანურ ხასიათს.
– ეკო, როგორია „დღის შოუსთვის“ სამზადისი?
– წინა დღეების განმავლობაში იგეგმება ჩემი რუბრიკების დღე – პარასკევი. მთელი კვირა ვგეგმავთ გადაცემის სტუმრებს, გმირებს, გვაქვს სხვადასხვა სიუჟეტის გადაღება. გადაცემამდე ერთი საათით ადრე წამყვანები პროდიუსერებთან ერთად გავდივართ „ვიორსტკას“. სამზადისი დილიდანვე იწყება – მაკიაჟი, ვარცხნილობა და ასე შემდეგ.
– კადრს მიღმა სახალისო შემთხვევები ხშირად ხდება?
– ხშირად ვდებ ხოლმე ამის ამსახველ ვიდეოებს „ფეისბუქზე”. მაგალითად, რეკლამის დროს ხმამაღალზე ჩართული მუსიკა და ნანიკოს ცეკვა. გადაცემაზე დიდი გუნდი მუშაობს. ძალიან ბევრი ოპერატორი გვყავს. იქ საეთერო და, ბუნებრივია, სახალისო შემთხვევა ბევრია, მაგრამ, ასე კონკრეტულად ვერ ვიხსენებ რამე განსაკუთრებულს. ისეთი შემთხვევებია, რაზეც იმ წუთში გეცინება, ანუ, მაშინაა ის სასაცილო. საერთოდ, მე კადრს მიღმა ამბები და კურიოზები უფრო მიყვარს – უფრო საინტერესოა, ვიდრე ის, რაც სცენაზე ხდება.
– სამოსს თავად არჩევთ თუ გადაცემას დიზაინერი ჰყავს?
– არა, ჩვენ თვითონ ვარჩევთ.
– მაკიაჟსა და ვარცხნილობას რაც შეეხება, თუ ხარ პრეტენზიული და შენეული შტრიხები თუ შეგაქვს ხოლმე მასში?
– ჩემი შტრიხები არა, მთლიანად ისე მიკეთებენ, როგორც ვეუბნები. ძალიან კარგი სტილისტები და ვიზაჟისტები გვყავს, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, მაგრამ, მეკითხებიან, მე რა მინდა და იმას მიკეთებენ. ანუ, თავიდან ბოლომდე ჩემი აწყობილი ვარ (იცინის).
– ზოგადად, სად იმოსები, საქართველოში თუ უცხოეთში?
– ყველგან, საქართველოშიც და უცხოეთშიც, გააჩნია, რა მინდა. ვიწერ საიტებიდან, ხშირად ქართველ დიზაინერებთანაც ვიმოსები და, ასევე, ჩვეულებრივ მაღაზიებშიც. მაგალითად, „თბილისი მოლში“ ძალიან ბევრი მაღაზიაა და იქაც მშვენივრად ვყიდულობ ყოველდღიურ ტანსაცმელს. როცა უცხოეთში გიწევს წასვლა, რა თქმა უნდა, თუ საშუალება გაქვს, იქ გირჩევნია ყიდვა.
– ძვირად ღირებულ სამოსსა და ცნობილ ბრენდებს თუ ანიჭებ დიდ მნიშვნელობა?
– არავინ თქვას, რომ ბრენდებს და ძვირად ღირებულ სამოსს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს. არ არსებობს ადამიანი, ვისაც არ უნდა რაღაც განსაკუთრებული ერთი ნივთი მაინც. თუმცა, ეს ყველაფერი საშუალებებზეა დამოკიდებული, რაც ზოგს აქვს, ზოგს – არა. მე არ მომწონს, როცა ვინმეს აქვს ამის საშუალება და სულ ამაზეა ჩაციკლული. ჩემთვის მარტო ფასს არ აქვს მნიშვნელობა. როცა რამე მომწონს და ძვირი არ ღირს, ძალიან სახალისოა. თუმცა, არ მომწონს, არ გამაჩნია და არც მინდა-მეთქი, ამას ვერ ვიტყვი (იცინის).
– ქართველი ცნობილი ადამიანების ჩაცმის სტილზე რას ფიქრობ, ვინმეს თუ გამოარჩევ განსაკუთრებით?
– გამორჩევით არ გამოვარჩევ, არ მიყვარს ეგეთი რამეები, თუმცა, ბევრი მომწონს. ქართველ ცნობილ ადამიანებს სხვადასხვანაირი სტილი აქვთ. ერთ ნაწილს თვალში მოსახვედრი სტილი აქვს – რომ დაინახავ და თვალს რომ გჭრის. ზოგი ასეთი თვალისმომჭრელი არაა, თუმცა, უფრო მეტად გლამურულია. ყველანაირი ჩაცმულობის ადამიანს ნახავთ ჩვენს შოუ-ბიზნესში.
– შენ თუ ითვალისწინებ ვინმეს რჩევებს სამოსის შერჩევისას?
– თუ დიზაინერთან მივდივარ, ბუნებრივია, ვითვალისწინებ მის რჩევებს, თუმცა, უნდა დაემთხვას ჩვენი აზრები. მაგრამ, ძირითადად, მაინც მე თვითონ ვწყვეტ ამ საკითხს.
– საყვარელი ადამიანისგან ჩაცმასთან დაკავშირებულ აკრძალვებს თუ აიტანდი?
– ამასთან დაკავშირებული პრობლემები სულ მაქვს (იცინის). ყოველთვის ვიტანდი და ვიტან. არის რაღაცეები, რაც ქართველებს მაინც არ სიამოვნებთ. თუ ეს დამოკიდებულება კატასტროფული არ არის და ადამიანმა წელიწადში ერთხელ მითხრა, რომ ამ სიტუაციაში ეს არ მოსწონს, ვითვალისწინებ. ერთი ცალი ნაჭერი არ მიღირს კონფლიქტად. ორმხრივ ურთიერთობაში მეც მომთხოვნი ვარ და, თუ ის ადამიანი მითმობს რაღაცეებს, მეც დავუთმობ – ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ. არ დავიწყებ „ვერ ავიტან“ და მსგავს საუბრებს. ყველაფერს აიტან, ადამიანი თუ გიყვარს. მე თვითონ არ ვიცვამ ისე, რომ რამე ამიკრძალონ, მაგრამ, თუ იმ მომენტში ჩემი ჩაცმულობა არ ესიამოვნება იმ ადამიანს, ძალიან ჩვეულებრივად გავითვალისწინებ მის აზრს და ბევრჯერ გამითვალისწინებია კიდეც.
– ცოტა ხნის წინ ვარცხნილობა შეიცვალე. შეიჭერი და ახლახან შავადაც შეიღებე. რატომ გადაწყვიტე ეს ცვლილება?
– მინდოდა შეჭრა, თან, გადაცემაშიც დაემთხვა და იქ გავაკეთე ეს ყველაფერი. მაგრამ უკვე მომეზარდა. შეღებვას რაც შეეხება, ზოგადად, მიყვარს ექსპერიმენტები. შავი ფერი მომეწონა, ასე რომ არ ყოფილიყო, გარეთ არც გამოვიდოდი. თუმცა, არა მგონია დიდხანს დავიტოვო, რადგან რუჯთან ერთად ქერა თმა მომწონს. ახლა კი ზუსტად რუჯის სეზონი მოდის. ასე რომ, შეიძლება, გავიღიავო. ჩემი ახალი იმიჯი ზოგს მოეწონა, ზოგს ისე რა. არავის წყენინება არ მინდა, მაგრამ ზოგადად, სხვის აზრებს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა. მთავარი ჩემი აზრია.
– ისეთი თაყვანისმცემლები თუ გყავს, საჩუქრებითა და სიურპრიზებით რომ ცდილობენ შენს მოხიბვლას?
– მყავდა, სხვათა შორის, ეგეთები, მაგრამ, ახლა აღარ არიან. შეიძლება, უფრო პატარები არიან ეგეთები ან შეიძლება, დაკომპლექსდნენ და გაზარმაცდნენ – არ ვიცი. ერთხელ, ეკატერინეობაზე ცხენი მაჩუქეს. როცა ადამიანთან ურთიერთობა არ გაქვს, იმისგან არ გინდა არც ცხენი და არც არაფერი. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, შენთვის ძვირფასმა ადამიანმა გაჩუქოს თუნდაც რამე უბრალო.
– ისეთი თაყვანისმცემელი თუ გყოლია, რომელსაც თავისი არსებობით იმდენად გაუღიზიანებიხარ, რომ შენში სვანური ხასიათი გაუღვიძებია?
– თუ ადამიანი არ მინდა, ის კი ამას ვერ იგებს და მაინც არ ჩერდება, ბოლოს, რაც უნდა კარგად მოიქცეს, ჩემი სვანური ხასიათი იღვიძებს და ამ დროს ვხდები აფთარი – ძალიან ბევრს ვჩხუბობ.
– როგორი მამაკაცები გაღიზიანებენ?
– ზედმეტად თავდაჯერებულები, ყეყეჩები და ტრიპაჩები, აფერისტები და, ეგრევე ვცნობ მათ – უსაქმურები და უყურადღებოები. თავმდაბლობა არის თვისება, რომელსაც ვაფასებ, რადგან, ადამიანს ალამაზებს. განსაკუთრებულად მომწონს სამართლიანი და ერთგული ადამიანები.
– ბიჭის გარეგნობას არ აქცევ ყურადღებას?
– ალბათ ვაქცევ, მაგრამ, ქალს შეიძლება შეუყვარდეს ცოტა უშნო კაცი. შეიძლება, არ იყოს სიმპათიური, ოღონდ, მსუქანი არ უნდა იყოს (იცინის). თუ ექნება ის მამაკაცური თვისებები, რომლებიც მე მომწონს, მის გარეგნობას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევ.
– რთულია შენი მოხიბვლა?
– მე ვარ ძალიან კონტაქტური. შემიძლია, ადამიანს რაღაც დონეზე, უბრალოდ, ვეკონტაქტო, მაგრამ, გრძნობები რომ გამიჩნდეს, ეს რთულია, დრო მჭირდება ამისთვის, თან, ალბათ, რაღაცეებში უნდა დავრწმუნდე. პირველი დღიდან შეყვარების ზღაპრების არ მჯერა. სამაგიეროდ, როცა მიყვარს, სულ ვცდილობ, რომ იმ ადამიანს ვასიამოვნო, თვალებში ვუყურო, გავახარო და გავაბედნიერო.
– ახლა თუ ხდება რამე შენს პირად ცხოვრებაში?
– ქალის პირად ცხოვრებაში როცა არაფერი ხდება, უნდა დაიხუროს ქუდი და წავიდეს ამქვეყნიდან (იცინის). რაღაც სულ უნდა ხდებოდეს, პატარა თუ დიდი, მნიშვნელოვანი თუ უმნიშვნელო – იმისთვის, რომ იყოს გაღიმებული.
– ადრე გულახდილად საუბრობდი პირად ამბებზე, ახლა რატომ გადაწყვიტე, ტაბუ დაგედო?
– ზუსტად იმ ამბების შემდეგ იმდენი ადამიანი დაინტერესდა ჩემი ცხოვრებით, რომ აღარ მინდა. რაც ჩემია – ჩემია, აფიშირებას კარგი არაფერი მოჰყოლია.