ვინ მიუქსია სინამდვილეში მანჩო გიორგობიანსა და მის მეგობრებს „ლა ტრუფეში“ ნიკანორ მელია და ბესიკ გაზდელიანი და რატომ უცხადებს ის უნდობლობას ამ საქმეზე სასამართლოს
მანჩო გიორგობიანი – ეს სახელი და გვარი უკვე კარგად ნაცნობია ფართო საზოგადოებისათვის. ის ნიკა მელიასა და ზოგადად, ნაც-მოძრაობის მუდმივი, მწვავე კრიტიკით გახდა ცნობილი. მე არ ვიცი, ვის არ მოსწონს ან მოსწონს ეს პიროვნება, მაგრამ ვინც ახლოდან არ იცნობთ, გეტყვით: მიუხედავად იმისა რომ მანჩოს თავისი „წიკები” აქვს (როგორც ყველა ჩვენგანს), მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესოა.
– გავიგე „ლა ტრუფეში” მომხდარ ჩხუბთან დაკავშირებით სასამართლო განახლდაო. რა ხდება, შეგიძლია, გვითხრა?
– სასამართლოდან არ მომსვლია შეტყობინება, მაგრამ, რამდენადაც ყური მოვკარი, განახლებულა. სასამართლოზე არ ვიცი, რა იქნება, უპირველესად, პროკურატურის მუშაობით ვარ უკმაყოფილო. დაკითხულია 52 ადამიანი. რატომღაც არ დაკითხეს მერაბიშვილი და სალაყაია, რომლებიც ბოლომდე უყურებდნენ ჩხუბს. პროკურატურა ყველანაირად შეეცადა, შეემსუბუქებინა ნაციონალების დანაშაული და დაემძიმებინა ჩვენი (ბექა მაზიაშვილსაც იგივე მუხლი მიუყენეს, რაც მელიას). მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აშკარა უმცირესობაში ვიყავით. კიდევ კარგი, ჩხუბის აზრზე არ არიან და შევძელით, მოგერიება. ტყუილად კი არ ვამბობ, ქათმები არიან-მეთქი. არც ის გამოიძიეს, ნაცების პარტ-აქტივის დაფრთხობის შემდეგ, ავტომატიანები რომ შემოცვივდნენ (სავარაუდოდ, სააკაშვილის დაცვა მობრუნდა) და უკვე დამთავრებული ჩხუბი, თავიდან დაიწყეს, არც საყვარელიძის მესიჯები ამოიღეს, მელიას რომ უგზავნიდა ჩხუბის დაწყების წინ. სავარაუდოდ, მან მოგვიქსია გამოცდილი ზონდერები – მელია და ბესიკ გაზდელიანი. მთელი კაფე ეგენი იყვნენ. პროკურატურამ გაზდელიანი საერთოდ გააქრო საქმიდან, ერთი წლის მერე, 9 აპრილის ინციდენტის დროს ამოვიცანი. ამიტომ, არ ვიცი, სასამართლო როგორ წარიმართება.
– შენი გამოსვლებით, თუნდაც ფეისბუქ-სტატუსების მიხედვით, ძალიან უკომპლექსო ხარ. არასდროს არაფრის თქმას არ ერიდები.
– სტატუსების დაწერა უცბად ვიცი ხოლმე, ემოციურად. ადვილია, როდესაც მხოლოდ შენი მეგობრები ნახავენ და ზუსტად ისე იგებენ, როგორც ამბობ. მაგრამ, როგორც კი გამახსენდება, რომ შეიძლება, საჯარო სივრცეში გააქანონ უკითხავად, ვცდილობ, უფრო გასაგებად დავწერო. რაც შეეხება უკომპლექსობას, უკომპლექსო ნამდვილად ვარ და ბიჭებთან მეგობრობა უფრო მიადვილდება. საერთო თემაც ბევრი გვაქვს – ომი, მშვიდობა, ბიზნესი, პოლიტიკა…
– მაგრამ, რამდენად უჭირთ შენს გარშემო მყოფებს შენი გაგება მაშინ, როცა რაღაცაზე აფეთქდები და მკვეთრ განცხადებებს აკეთებ, თუნდაც ოჯახში?
– საერთოდ მიყვარს, როდესაც ვამხიარულებ ადამიანებს. თუ ცუდ ხასიათზე ვარ, არავის ვენახვები, ჩემი განწყობა რომ არ გადავდო. ერთადერთი, ვინც შენიშვნას მაძლევდა და უჭირს ჩემი გაგება, დედაჩემია. თვითონ აკადემიურია, ძალიან განვსხვავდებით ხასიათით. მამაჩემს ვგავარ. მე და მამა ძალიან ვმეგობრობდით, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა. ბიჭური ხასიათიც ამიტომ გამომყვა ალბათ. მე და ჩემი შვილიც ასე ვართ. ჩვენ ყველაფერზე ვსაუბრობთ თუ რამ საპრეტენზიო გვაქვს, არც ამას ვუმალავთ ერთმანეთს.
– ისე, წასულიყავი პოლიტიკაში, მაინც ისეთი გამოსვლები გაქვს...
– არ გამომიტოვებია არცერთი მნიშვნელოვანი მოვლენა. თუმცა, არასდროს, არცერთ პარტიაში არ ვყოფილვარ და არც მინდა, რადგან ეს დიდი პასუხისმგებლობაა. შენ პასუხიმგებელი ხარ სხვა ადამიანების საქციელზეც, რაც ძალიან რთულია. ძნელია, ჩვენს დროში ენდო ვინმეს და მიჰყვე. ხშირია შემთხვევა, გჯერა ადამიანის და შეიძლება, ის ვიღაცასთან შეკრული აღმოჩნდეს ან რომელიმე საგარეო ძალის მსახური. შეიძლება, ქვეყნის საზიანოდაც იკადროს რამე. ასეთი რამის გადატანა ძალიან გამიჭირდებოდა.
– როცა გაკრიტიკებენ, როგორი რეაქცია გაქვს. გინდა წამოხტე და იყვირო?
– კრიტიკას გააჩნია. შეიძლება, თავის მართლებაც დავიწყო უცნობ ადამიანთან. შევეცადო, დავარწმუნო ჩემს სიმართლეში. მაგრამ, უაზრო ტექსტებს არ ვაქცევ ყურადღებას. ნაციონალები და მათი მოგზავნილები რას დამიწერენ და იტყვიან, არ მედარდება! უფრო ის მედარდება, ვისაც ჩემი იმედი აქვს რაღაცაში, არ შემეშალოს, არ გავუცრუო.
– „ვანოს შოუში“ რომ გაგაშარჟეს, მაგ გაბრაზებამ უკვე გაგიარა?
– ბიჭებისგან აშკარად ვგრძნობ, რომ უბოროტოდ აკეთებენ ჩემს პაროდიას. რაღაცეებზე მეცინება კიდეც. მე თვითონ მიყვარს, როცა კლოუნადას ვატარებ და ადამიანებს ვაცინებ. ამიტომ ჩემზე გაკეთებული პაროდიით თუ ვინმე გახალისდება, ნამდვილად არ მეწყინება, პირიქით.
– ხომ ხედავ, ის არაფერს გერჩის. შერიგდით და ყველაფერი დალაგდება. ისე, არაა ცუდი ბიჭი ნიკა მელია.
– გამორიცხულია! იყო ასეთი მცდელობა, ჩვენ შარდენზეც გადავეყარეთ ერთმანეთს და კიდევ გავარჩიეთ ჩვენი ურთიერთობა. მელია ეცადა, ურთიერთობის დალაგებას, თავიც იმართლა, მაგრამ აქ პრობლემა კაფეში ჩხუბი ხომ არ არის მხოლოდ. ასეთ „ლა ტრუფეს” მილიონჯერ ვაპატიებდით ერთმანეთს. ქართველები ვართ ბოლო-ბოლო. ნაცხროვა ჩემთვის არიან კრიმინალები, რომლებმაც დააქციეს ჩემი ქვეყანა და გაამწარეს უამრავი ადამიანი...
– ისე, შენი ერთ-ერთი სტატუსი, მელიას დადებით მხარეს რომ ასახავს, გამიკვირდა. ნიკანორ მელია გადაჰყვა მთაწმინდელებს, რაც მართალია მართალიაო, – წერ. ისიც თბილისელია, შენც ძირძველი თბილისელი ხარ, ჰოდა, ვიფიქრე, იქნებ გაუგონ ერთმანეთს-მეთქი...
– საერთოდ, მე არ მომწონს კატეგორიებად დაყოფა. ეს სააკაშვილმა გაამწვავა – „ორი ქუჩა” და „სოფლელები”. სააკაშვილმა დანერგა ქსენოფობიაც, არადა, ამ ქალაქის კოლორიტი ზუსტად მულტიკულტურალიზმია. ერთადერთი, რასაც ვაქცევ ყურადღებას ისაა, როდესაც ადამიანი მალავს თავის დაბადების ადგილს და ეს ესირცხვილება. ასეთ ადამიანს არ შეიძლება, ჩემი ქალაქი შეუყვარდეს და პატივს სცემდეს, საკუთარი ფუძე თუ არ უნდა. პირადად მე, მეგობრებს დაბადების ადგილით არ ვარჩევ.
– როგორია შენი ყოველდღიურობა, სად მუშაობ?
– ვაკეთებ იმას, რაც მსიამოვნებს. როგორც ყველა, მეც მივდივარ-მოვდივარ, შეძლებისდაგვარად, არ ვიკლებ არაფერს. სეირნობა, კონცერტები, კინო – ცოტა მომბეზრდა, არა იმიტომ, რომ თბილისი გახდა უინტერესო, ალბათ, მოსაწყენი ასაკი დამეწყო, როცა ყველაფერი ნანახი და მოყირჭებული გაქვს. ახლა დოკუმენტალისტიკამ გამიტაცა, რუსული არხი „კულტურა“ დაინტერესდა და მათთვის ვეძებ ფილმებს. სამსახურს რაც შეეხება, ამწუთას არ მაქვს და მომავალში არ ვიცი, რას გავაკეთებ. ჯერჯერობით, მეგობრებთან ერთად, რაღაც ბიზნესთემებს ვალაგებ. მქონია პერიოდი, თავზე გადამდიოდა. მქონია პერიოდი, კატასტროფულად გამჭირვებია, მაგრამ ამისგან პრობლემა არ მექმნება. ვცდილობ, სხვას დავეხმარო, თუ ამის საშუალება არ მაქვს, აი, მაშინ განვიცდი.
– კიდევ რას განიცდი?
– შეცდომები დამმართნია, მაგრამ გამოუსწორებელი, მგონი – არა. თუ ვინმეს რამეს დავუშავებ, მერე დიდხანს ვიცი განცდა და არც მობოდიშება მიჭირს. თუმცა, არიან ადამიანები, ვინც ბოლომდე გამიმეტებია. ახლა რომ იციან, გალანძღავენ ადამიანს, მიწაში ჩადებენ და მეორე წუთას, ვითომც არაფერი, ისევ განუყრელი მეგობრები არიან. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია. დიდხანს ვფიქრობ და ვაანალიზებ, უნდა დავშორდე თუ არა. ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, ჩემი დახმარება თუ დასჭირდა, არ დავეხმარები. უბრალოდ, ურთიერთობა აღარ მაქვს. ისე, ყოველთვის ვცდილობ, სხვის „ტყავში” შევძვრე და იქიდან გადმოვხედო ჩემს თავს.
– როგორც ვიცი, საოჯახო საქმეები არ გიტაცებს. ამ მხრივ რამე ხომ არ შეიცვალა?
– საოჯახო საქმეები არც არასდროს მეხებოდა. ამ მხრივ გამიმართლა. რა ვქნა, ერთი კერძის გაკეთებას, მირჩევნია, ოთხი საბურავი გამოვუცვალო მანქანას. ჩაქუჩი, ლურსმანი, სახელოსნო ინსტრუმენტები მიყვარს, სარეცხი მანქანა და უთო – არა.
– იარაღიც გეყვარება...
– ქვეყანას თუ დასჭირდა, იარაღსაც ავიღებ და ვიბრძოლებ კიდეც. იარაღი მიყვარს საერთოდ და „პერესტრელკებშიც” ვყოფილვარ. არ ვიბნევი და არც მეშინია.