რა ერთობლივი პროექტის მიყვანას აპირებენ ბოლომდე ზალიკო ბერგერი და ნინა წკრიალაშვილი და რატომ დაერქმევა ზალიკოს ერთ-ერთ კოლექციას „ნინას ხაზი“
ცოტა ხნის წინ ზალიკო ბერგერი და ნინა წკრიალაშვილი საინტერესო სიახლეებით ჰოლანდიიდან დაბრუნდნენ. მოგზაურობა ორივეს ძალიან უყვარს. როგორც ნინა ამბობს, ოღონდ იმოგზაუროს და ყველაფერს დათმობს. ამ მოგზაურობაში საინტერესო ის არის, რომ ისინი ჰოლანდიაში გასართობად და თან, საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ.
თუ რას ემსახურებოდა მათი ვიზიტი, რა საინტერესო პროექტები დაგეგმეს, რა თავგადასავლები გადახდათ ამ მოგზაურობისას, რა სიახლეებია მათ ცხოვრებაში, ზალიკო და ნინა ჩვეული ხალისით გვიამბობენ.
– რატომ გადაწყვიტეთ სამოგზაუროდ ერთად წასვლა?
ნინა: მე და ზალიკოს გვყავს საერთო ნათლული, ჩვენი მეგობრების შვილი – პატარა ელისაბედი, რომელიც ცხოვრობს როტერდამში. მეორედ ახლახან ვიყავით. პირველად ნათლისღებას დაგვპატიჟეს და წავედით. ისეთი დიდი სიხარულით წავედით, რომ... ზალიკო, ახლა გააგრძლე, აეროპორტში პირველად როგორ მივედით...
ზალიკო: ბილეთზე გაფრენის დროდ 06:15 ეწერა. ნინამ ღამის ოთხის ნახევარზე გამომიარა და ჩვენი ჩემოდნებით აეროპორტში წავედით. იქ აღმოჩნდა, რომ საღამოს 06:15 საათზეა ფრენა. ვდგავართ ბარგით ხელში და არ ვიცით, რა ვქნათ. ერთმანეთს ვუყურებდით, ყველა ჩვენ დაგვცინოდა. რაღას ვიზამდით, წავედით, ყავა დავლიეთ და დავიშალეთ სახლებში. საღამოს ოთხის ნახევარზე თავიდან წავედით აეროპორტში.
ნინა: ისე დაგვემართა, თითქოს პირველად მივდიოდით და გამოუცდელები ვიყავით. თორმეტი საათით ადრე მივედით. ვიდექით, ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცოდით, გვეტირა, თუ გვეცინა. ვიფიქრეთ, ვერც მოვიფიქრეთ, რა გვექნა და ჩვენი ჩემოდნებით უკან წამოვედით...
ზალიკო: „ბორბალი“ მოვყვე?
ნინა: მოყევი...
ზალიკო: აეროპორტში მივედით (ალბათ, იმ ტაქსისტის თვალი გვეცა). სამი დღით მივდიოდით, თან საქმიანი ვიზიტი გვქონდა. ნინა მაინც ვარსკვლავი გოგოა, ბევრი ტანსაცმელი სჭირდებოდა და იმხელა ჩემოდანი ჰქონდა, გეგონებოდათ, საცხოვრებლად მიდისო. თორმეტი საათით ადრე ბორბალი მოტყდა და სამთვლიანი ჩემოდნით ვიმგზავრეთ, მეოთხე თვალი კი ჯიბეში ედო.
– გართობა ორივეს ძალიან გიყვართ, მოგვიყევით, იქ როგორ ერთობოდით...
ნინა: ორჯერ ვიყავით და ორივეჯერ შაბათ-კვირა დაემთხვა. იქაურ ვიპ-კლუბებში ვიყავით.
– რით განსხვავდება იქაური კლუბები თბილისური კლუბებისგან?
– პირველი, რაც დიდ კომფორტს მიქმნის, არის ის, რომ იქ არავინ მიცნობს და როგორც მინდა, ისე ვიქცევი. ზალიკო კი არ ცეკვავდა, იჯდა მოსაწევ ოთახში და ყველას გააცნო ჩემი თავი.
ზალიკო: მე ყველას ვეუბნებოდი famous singer Nina from Georgia, ყველას ვუგზავნიდი „იუთუბის“ კლიპებს, ნინას „ნახვები” მოემატა... ყველაზე კარგი ისაა, რომ თავისუფლად დასეირნობ ქუჩებში. ნინა დილის 6 საათზე რომ გავიდოდა, საღამოს 8 საათზე შემოდიოდა საჩუქრებით და ტანსაცმლით დატვირთული.
ნინა: იქ ისეთი სიტუაციაა, ან ტრამვაი დაგეჯახება, ან ველოსიპედი. ძალიან დიდი სისწრაფით დადიან. ერთხელ პარკი გამიწყდა და თან, ტრამვაი მეჯახებოდა... ვფიქრობ, ან ჩემი ლამაზი ფეხსაცმელები, ან ჩემი სიცოცხლე. გავრისკე, პარკი ავიღე და ტრამვაიმაც ჩამიქროლა.
– თქვით, რომ თქვენი მოგზაურობა საქმესაც უკავშირდებოდა... ხომ ვერ გვეტყვით, რა საქმეს გულისხმობთ?
– რაღაც არასამთავრობოს ვაპირებთ. თარიღს ჯერ არ ვასახელებთ. შეიძლება, იყოს ფონდი ან არასამთავრობო. გვინდა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კარგი საქმის გაკეთება. ჩვენ გვყავს მეგობარი, რომელიც ეტლით მოსარგებლეა და თავის დროზე მასაც ასეთმა პროგრამებმა შეუწყო ხელი. შშმ პირები იმდენად უამრავი მიმართულებით არიან, რომ ყველას ვერ გავწვდებით, ამიტომ გადავწყვიტეთ, ეტლით მოსიარულეებს დავეხმაროთ. ამ ფონდში ბევრი ცნობილი სახე იაქტიურებს. გვინდა, სახელოვნებო სკოლა გავხსნათ, სადაც ეტლით მოსარგებლე პროფესიონალი ადამიანები ეტლით მოსარგებლეებს ასწავლიან. მე, ზალიკოსა და ჩვენ ჰოლანდიელ მეგობრებს გვინდა, ევროპელ დონორებზე გავიდეთ. ერთი შეხვედრაც გვქონდა. გვითხრეს, უფრო დაკონკრეტდითო და ახლა ვემზადებით. მხოლოდ გასართობად არ დავდივართ. საქმე და თან, მეგობრები.
– არასამთავრობოს იდეა საიდან მოგივიდათ?
– მე ადრე ძალიან მინდოდა არასამთავრობოს გაკეთება. უკვე პროექტზე ვმუშაობთ. მერე ყველა ორგანიზაციას უნდა დავუკავშირდეთ. ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა გვჭირდება. არავის ადგილს არ ვართმევთ, არავის ნიშას არ დავიკავებთ. თუ ვერ დავეხმარებით, სურვილი მაინც უნდა გამოვთქვათ, რომ ამ ადამიანებს გვერდით დავუდგეთ. არავინ არავისზე მეტი არ არის. არავინ იცის ცხოვრებაში რა შეემთხვევა. ყველამ საკუთარ თავზე უნდა წარმოვიდგინოთ და გავიაზროთ, ამ ადამიანებს რა ძლიერი ფსიქოლოგია აქვთ, რომ ფარ-ხმალი არ დაყარეს, განაგრძეს გზა და სურვილი აქვთ, ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მიხარია, რომ ეს წელი ამ მხრივ აქტიურ წლად გამოცხადდა და არის რაღაც წინსვლები. მე და ზალიკო ამ პროექტზე ისეთი გადართულები ვართ... ზალიკოს წერა ეზარება და მირეკავს: „ეს იდეა მაქვს, ჩაიწერე“... მე შავად ვწერ. პროექტების წერა არ ვიცი და ბოლოს დაალაგებს ვინმე, ვისაც პროექტების წერა შეუძლია. ჩვენი მიზანია ეს პროექტი ბოლომდე მივიყვანოთ. ცხოვრებაში რაღაც კარგი ხომ უნდა გააკეთო, მხოლოდ გაუღიმო ვიღაცას, არ კმარა. თუმცა, ჩვენს საზოგადოებაში ღიმილის დეფიციტიცაა.
ერთხელ, ერთ-ერთ ინტერვიუში სიტყვა „სულელის“ სინონიმად უნებურად ვთქვი „დაუნი“. თავს არ ვიმართლებ, დამნაშავე ვარ, მაგრამ მართლა უნებურად ვთქვი. თუმცა, ესეც ჩვენი საზოგადოების ბრალია, რადგან ამ სიტყვას უფრო დაავადების კი არა, იმ მნიშვნელობით ხმარობენ, როგორც მე გამოვიყენე. ყველანი ვალდებული ვართ, გავიაზროთ და დაუკვირვებლად არ ვაბრახუნოთ სიტყვები. მე ამ ფაქტის გამო ძალიან ვინერვიულე, მთელი ღამე არ მეძინა და ბევრი ბოდიშის მოხდა მომიწია.
ზალიკო: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა – „მზის შვილები“ და მათთვის ჩვენება მოვაწყვეთ. თვითონ ეს ბავშვები მონაწილეობდნენ და ძალიან უხაროდათ. მთავარია, ყურადღების მიქცევა.
– როგორ ვიცი, სხვა პროექტებიც გაქვთ, მოგვიყევით...
– მე და ჰოლანდიაში ცნობილ დიზაინერს, ტესა კუპს გვაქვს პროექტი, ვაპირებ ჩვენების გამართვას. წარმოდგენილი იქნება მისი კაბები და ჩემი აქსესუარები. ასევე, მისი კაბები მე უნდა მოვრთო. ნინაც გვეხმარება კაბების დიზაინში. ისე გამოდის, რომ, მგონი, ნინას ხაზი გვექნება წარმოდგენილი. თბილისში მის ჩამოყვანასაც ვგეგმავთ. სატელევიზიო გადაცემაც „მარაოზე“ სექტემბრიდან გავა.
ნინა: ზალიკოს აქვს თავისი ატელიე და ჩემი გადაცემისთვის კაბები მან უნდა შემიკეროს.