რას მიხვდა ჰაერში სექსის შემდეგ იუნა შაფათავა და რატომ ოცნებობდა ის ეშმაკის ბორბალზე მამაკაცთან განმარტოებაზე
იშვიათად შემხვედრია ისეთი გულახდილი და თამამი რესპონდენტი, როგორიც იუნა შაფათავაა. მისთვის დახურული თემა არ არსებობს და არც იმ საკითხებზე ერიდება საუბარი, რომელსაც ბევრი თავს არიდებს. იუნა, საკმაოდ ძლიერი ქალია და უყვარს გულწრფელ ადამიანებთან ურთიერთობა. თუ რატომ უნდება მას ექსტრემალურ სიტუაციებში სექსი, რას აფასებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებში და რატომ უღალატა საკუთარ პრინციპებს გათხოვებით, ამაზე თავად გესაუბრებათ.
იუნა შაფათავა: იღბლიანი ქალი ვარ, რადგან, ისეთი მამაკაცები შემხვერდია ცხოვრებაში, რომლებზედაც, ბევრი ქალი ვერც კი იოცნებებდა. მე, მამაკაცებისგან უფრო სხვა რამე მინდა, ვიდრე დანარჩენ ქალებს. ჩარჩოებში ვერ მოვექცევი და ვერ დავთმობ იმ თავისუფლებას, რითაც დღეს ვტკბები.
– ეს სხვა რამ, რა არის? ანუ, რას ითხოვ მამაკაცებისგან სხვა ქალებისგან განსხვავებით?
– მე მამაკაცთან მინდა სრული თანხვედრა. შეიძლება, შევხვდე კაცს და ეს შეხვედრა იყოს პირველი და უკანასკნელი. პირველივე შეხვედრაზე ვხვდები, ეს ისაა, ვინც მინდა, თუ არა. მე, აბსოლუტური კომფორტი მაქვს ჭკვიან მამაკაცებთან და მიყვარს სიახლეები, ეიფორია, ექსტრემი მათთან ურთიერთობისას. მერწმუნეთ, მე მამაკაცებს არ ვიყენებ. ასე რომ იყოს, ყველაზე მდიდარი ქალი ვიქნებოდი საქართველოში. მიყვარს სრულყოფილ მამაკაცებთან ურთიერთობა.
– ანუ, ერთჯერადი შეხვედრები მამაკაცებთან შენთვის „მოსულა”?
– რასაკვირველია „მოსულა“ და ასეთი, ბევრიც ყოფილა. არ დაგიმალავთ, ერთ-ერთი, საკმაოდ მაღალჩინოსანი ამერიკელი მამაკაცი გავიცანი დახურულ შეხვედრაზე. მითხრა, აქ დაანებე თავი ყველაფერს და წამოდი ჩემთანო. მაგრამ, მე ამაზე უარი ვთქვი. ხანდახან, რომ ვფიქრდები ჩემს წარსულზე, თავი ზღაპრის გმირი, ხან, მადამ ბოვარი მგონია (იცინის). სახეზეც მეტყობა, რომ ცხოვრებაში ბევრი რამ მაქვს ნანახი, განცდილი, ბევრი გიჟობა გაკეთებული. თუმცა, დღეს მარტო ვარ და ეს ბევრს არ სჯერა. მართლა არ მინდა მადამ ბოვარი ან ანა კარენინა ვიყო. მე დამოუკიდებელი ქალი ვარ და არც ფულზე ვარ „მიბმული”. ყოველთვის მორალური ვალდებულება გამაჩნია საყვარელ მამაკაცთან და არ ვფიქრობ მის გამოყენებაზე. ქალებმა რომ იციან, დღეს გამოვიყენებ და ხვალ მაგის დედაცო, ეს ჩემთვის მიუღებელია. აი, თანხვედრა რომ არ მაქვს მამაკაცთან და არც მხოლოდ მატერიალურზე ვფიქრობ, ამიტომაც ვარ მარტო. მე თუ მიყვარს ადამიანი, უპირობოდ მიყვარს.
– მახსოვს, თქვი, რომ გავთხოვდი, ამით ჩემს პრინციპებს ვუღალატეო. რას გულისხმობდი?
– გავთხოვდი იმიტომ, რომ მთელი დღეები ერთად ვიყავით, გვიან ღამემდე. მასთან ვიცხოვრე მთელი ათი წელი და მერე დავიწერე ჯვარი. მაგრამ, აი, აქ დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. ურთიერთობის დაკანონების შემდეგ, კატასტროფული თანაცხოვრება დაიწყო და დავშორდით. ჩემთვის თავისუფლების შეზღუდვა, პრინციპის შეზღუდვაა, რადგან ქმართან ვალდებულებებიც გამაჩნდა. მიყვარს რეალიზებული ქალები, რომლებიც საკუთარ თავისუფლებას სცემენ პატივს. სიმართლე გითხრათ, მე ჩემს გენეტიკას სწორად ვერ ვიყენებ, რადგან სულ სხვა რამ მინდა ცხოვრებაში და სულ სხვა რამის კეთება მიწევს. მიმაჩნია, რომ, მე განსხვავებული არ ვარ, უბრალოდ სწორად ვაზროვნებ.
– საკმაოდ თამამი ხარ და არასდროს მალავ საკუთარ, პირად ცხოვრებას. ერთხელ, ისიც თქვი, თვითმფრინავში მინდოდა სექსი და ეს სურვილი ავიხდინეო. ჰაერში ინტიმის სურვილი საიდან გაგიჩნდა?
– კი, ნამდვილად ავიხდინე ეს ოცნება და თვითმფრინავში მქონდა სექსი. კარგ ხასიათზე ვიყავი, ცოტა კონიაკი დავლიე. გერმანიის აეროპორტში გავიცანი ქართველი ბიჭი, რომელიც ჩემზე ასაკით საკმაოდ პატარა იყო. მე არ გამომიჩენია ინიციატივა, უკნიდან მომიახლოვდა, დამადო მხარზე ხელი და მკითხა, ქართველი ხარო. ისიც კარგ ხასიათზე იყო და ჰაერში სექსი გვქონდა. ძალიან დავმეგობრდით და დღესაც ვეკონტაქტებით ერთმანეთს. თვითმფრინავში რომ ზიხარ, ეიფორიას გრძნობ, დაუცველი ხარ, დედამიწიდან მოწყვეტილი და რატომაც არ უნდა მოწყდე ბოლომდე ამ სამყაროს, თუნდაც სექსით? ხომ შეიძლება, ერთ წუთში თვითმფრინავი ჩამოვარდეს და ცოცხალი ვერ გადარჩე? ინტიმის დროს კი, ამ საშინელებებზე არ ფიქრობ. იმ ბიჭს სუფთა მამაკაცური აურა ჰქონდა, მე კი ძალიან კავკასიელი ქალი ვარ და საკმაოდ დიდხანს ვიყავი იმ შთაბეჭდილების ქვეშ, რაც მასთან ერთად განვიცადე ჰაერში. ზოგადად, როცა ძლიერი მამაკაცი გიდგას გვერდით, დაცული ხარ ქალი ჰაერშიც და მიწაზეც. მასთან ურთიერთობა კი მაღლაც გინდა და დაბლაც. კაცს, თქმა არ უნდა სჭირდებოდეს, თვალებით უნდა ხვდებოდეს შენს სურვილებს. თუ სიმართლე გინდათ, აი, სწორედ, ჰაერში მივხვდი, როგორი მამაკაცი მინდა გვერდით (იცინის).
– და მაინც, როგორი მამაკაცი გჭირდება გვერდით?
– მე გვერდით მჭირდება სერიოზული მამაკაცი – „მანქანასთან” ვერ ვიცხოვრებ, თან, ერთ ჭერქვეშ. მჭირდება საერთაშორისო ადამიანი, რომლის გვერდით მე ჩემს საქმესაც გავაკეთებ, ის კი თავისი საქმით იქნება დაკავებული, მასთანაც ვიქნები და დროდადრო გავერთობი.
– ის თუ არის მართალი, რომ მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალზე, საკმაოდ ცნობილ ქართველ მამაკაცთან ერთად, განმარტოვდი და აიხდინე ინტიმური ოცნება?
– კი, მართალია (იცინის). ბევრი მირეკავდა და მეკითხებოდა, გავიგეთ, ეშმაკის ბორბალზე სექსი გქონდა და გაფიცებ, როგორ მოასწარითო (იცინის). ძალიან ცნობილ მამაკაცთან სერიოზულ შეხვედრაზე გახლდით. მაგრამ, არ მკითხოთ მისი ვინაობა, ვერ გეტყვით. მოკლედ, გარკვეული თავისუფალი დრო გვქონდა და შევთავაზე, დრო მოვკლათ და გავერთოთ-მეთქი. მკითხა, სად გინდა გართობაო და ვუპასუხე, მთაწმინდაზე მინდა, ეშმაკის ბორბალზე-მეთქი. ისიც ექსტრემალი, ძალიან მაგარი ადამიანი აღმოჩნდა და გავუგეთ ერთმანეთს. ეტყობა, ვინც ამ ეშმაკის ბორბალს რთავს, მიხვდა ჩვენს ქმედებებზე, რასაც ვაპირებდით ჰაერში და მაღლა რომ ავედით, ძრავა გამორთო. ნამდვილად ვერ გეტყვით, რამდენი ხანი დავყავით იქ, მაგრამ, ეს ფაქტი არასდროს დამავიწყდება (იცინის). თავისუფალი ქალი ვარ და ჩემთვის ნებისმიერ სიტუაციაშია სექსი მისაღები, გააჩნია განწყობას. ზოგადად, მე იმ ქალების კატეგორიას მივეკუთვნები, ვინც თავის ცხოვრების დეტალებს არ მალავს, არ მიყვარს ქალები, რომ ინიღბებიან და მალავენ თავიანთ ჩადენილს. გინდა? – გააკეთე და ისიამოვნე! საკმაო გამოცდილება მაქვს და არ მიჭირს ურთიერთობებზე გულახდილი საუბარი. თან, მარტო სექსიც ხომ არ არის? მე ბევრ მამაკაცთან ვმეგობრობ და ხშირად რჩევებსაც მეკითხებიან კარგი ფსიქოლოგი ვარ. დიდი ხანია, ვფიქრობ, შევქმნა ქალთა რჩევების ცენტრი, სადაც ქალებს კომპლექსებს მოვუხსნით. ამაზე სერიოზულად ვფიქრობ.