რომელ წლამდე გაგრძელდება მსოფლიოს გადაწყობის, საომარი მოქმედებებისა და ინფლაციის პერიოდები და რა ელის ამ მხრივ საქართველოს
ბოლო დროს ეკონომიკურ სფეროში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ჩვენი ჟურნალის მკითხველს ასტროლოგმა დავით ბუტიკაშვილმა დღევანდელ ეკონომიკურ მდგომარეობაზე ჯერ კიდევ წლების წინ მიაწოდა ინფორმაცია, სადაც ამბობდა, რომ მოსალოდნელი იყო ლარის კურსის ვარდნა და ეს პროცესი გარკვეული დროის შემდეგ დასტაბილურდებოდა.
დავით ბუტიკაშვილი: ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა მაიას კალენდრის მიხედვით, მთელი მსოფლიო ელოდა დედამიწაზე სერიოზულ კატაკლიზმებს, ვთქვი, რომ ეს არ იქნებოდა ისეთი კატაკლიზმი, რომელსაც ყველა შეიგრძნობდა, საქართველოში კი 2015 წელს იყო მოსალოდნელი ლარის კურსის ვარდნა. უბრალოდ, დღეს მოდაშია ასტოლოგიის კრიტიკა, სინამდვილეში კი მანამდე უნდა დაიწყონ ფიქრი, სანამ პრობლემა იჩენს თავს. ინფორმაცია, რომელსაც ასტროლოგები ვაწვდით საზოგადოებას, ღრმა კვლევის შედეგია და ის უმეტესწილად ცხადდება.
– დიახ, ჩვენი ჟურნალის მკითხველს, იმედია, ეს ინტერვიუ წაკითხული აქვს და ახსოვს თქვენი წინასწარმეტყველება. და მაინც, ეს პროგნოზი, რომელიც სიტყვასიტყვით ახდა, რისი დასკვნის საფუძველზე გააკეთეთ?
– 2012 წელს შევედით კოსმოსური სინქრონიზაციის ახალ ზონაში და დედამიწაზე დაიწყო ახალი პერიოდი, რომელიც განაპირობებდა გლობალურ ცვლილებებს. ეს ცვლილებები ჯერ ადამიანების ცნობიერებაში დაიწყო, გაგრძელდა 2013-2014 წლებში და 2014 წლის ნოემბერში დაგვირგვინდა, ანუ, დაიწყო ეკონომიკური კრიზისით საქართველოში. მე ვთქვი, რომ ეს ეგრეთ წოდებული ასტროლოგიური აპოკალიფსი აისახებოდა ლარის კურსზე, ხოლო მთელ მსოფლიოში მოიმატებდა უმუშევრობა და მისგან გამოწვეული აგრესია. ისიც აღვნიშნე, რომ ლარის კურსის გაუფასურება გაგრძელდებოდა 2015 წლის 12 აგვისტომდე. 12 აგვისტოს შემდგომ კი ლარის კურსი მყარად დასტაბილურდება უახლოესი ცხრა წლის განმავლობაში, შესაბამისად, ეკონომიკური მდგომარეობაც გამოსწორდება. ასევე, 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდში ევროპაში შენელდება უმუშევრობის ზრდა, თუმცა მოსალოდნელია აგრესიული დაპირისპირებები გარკვეულ სახელმწიფოებს შორის. ეს, რასაკვირველია, საქართველოს არ ემუქრება. მუსლიმანური სახელწიფოების მხრიდან წამოსული აგრესია მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოხვდება. ზოგადად, ასეთი მღელვარებისა და მსოფლიოს გადაწყობის პერიოდი გაგრძელდება 2024 წლამდე. მანამდე კი, 2018 წლამდე, მოსალოდნელია მთელი რიგი აგრესიებისა, კერძოდ, უკრაინის გარდა, საომარი კერები კიდევ ბევრ ქვეყანაში გაჩნდება. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს აგრესია 2018 წელს მიაღწევს კულმინაციას, შემდეგ კი ჩაცხრება.
– ეს საომარი კერები საქართველოშიც არის მოსალოდნელი?
– საქართველოს ამ მხრივ საფრთხე არ ემუქრება, რადგან, აგრესიის ტალღა, ანუ ასტროლოგიური აპოკალიფსი, ლარის კურსის ვარდნით უკვე დაფიქსირდა. ასე რომ, საომარი მოქმედებები ჩვენ არა, მაგრამ ევროპას, აზიას, რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, ნამდვილად შეეხება, ანუ, ეს ქვეყნები ერთგვარი აგრესიის ტალღაზე იქნებიან. აქვე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი პოლიტიკოსები ასტროლოგიას ირონიულად უყურებენ და სერიოზულად არ აღიქვამენ. თუმცა, როგორც თავად თქვით, ჩემი ინტერვიუდან ნათლად ჩანს და შავით თეთრზე წერია, რომ ლარის კურსის ცვლილება თუ მსოფლიოში მიმდინარე დღევანდელი პროცესები წლების წინ ვიწინასწარმეტყველე და ახდა კიდეც. ეს ხომ ფაქტია? არადა, ცუდია, როცა ურემი გადაბრუნდება და მერე ვიწყებთ გზის ძებნას.
– თქვით, 12 აგვისტომდე ლარის კურსი დასტაბილურდება და მთელი ცხრა წლის განმავლობაში მისი კურსი მყარი იქნებაო. სხვა მხრივ რა ცვლილებებია მოსალოდნელი ჩვენს ქვეყანაში, თქვენი ასტროლოგიური გათვლით?
– 12 აგვისტომდე მოსალოდნელია მოსახლეობის მღელვარება და ხელისუფლების მხრიდან ერთჯერადი ნაბიჯები, რომ ლარის კურსი კიდევ უფრო არ დაეცეს. 21 მარტიდან 20 აპრილამდე პერიოდში კი მოსალოდნელია სერიოზული რადიკალური ცვლილება საგარეო ურთიერთობების სფეროში; კერძოდ, ამ პერიოდში საგარეო ურთიერთობებში მოსალოდნელია გარღვევა, რომელიც, საბოლოო ჯამში, დააბალანსებს ურთიერთობებს როგორც ევროპასთან, ისე რუსეთთან. ეს ჩვენთვის სასიკეთო პერიოდად შეიძლება მიმოვიხილოთ, რადგან მომავალში პოზიტიურად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ზოგადად, 21 მარტიდან 20 აპრილამდე „ცხელი” პერიოდია პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან მოსალოდნელია თანამდებობის პირების გადადგომა, არსებული კოალიციების დაშლა და ახალი კოალიციების შექმნა. ეს გადაწყობის პროცესები 12 აგვისტომდე გასტანს და შემდგომ სასიკეთოდ აისახება. 12 აგვისტოს შემდეგ საქართველოში დაიწყება საკმაოდ რთული პერიოდი მასობრივი საშუალებებისთვის, რომელიც გასტანს 2016 წლის 9 სექტემბრამდე – ამ დღეს კონკურენცია კულმინაციას მიაღწევს. მასობრივი საინფორმაციო საშუალებები ისეთ წნეხში მოხვდება, რომ, შესაძლოა, ბევრმა ვერ გაუძლოს და დაიხუროს. ასევე, რთული პერიოდია საგარეო სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით და, მოსალოდნელია, ტურისტული კომუნიკაციის სფეროში გაჩნდეს პრობლემები. სამაგიეროდ, 12 აგვისტოს შემდგომ პერიოდში მთელი აქცენტი მიმართული იქნება ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაზე. მთავრობა დაამუშავებს პროგრამას, რომელიც ხალხისთვის მომგებიანი აღმოჩნდება დასაქმების კუთხით. რაც შეეხება მსოფლიოს, მოსალოდნელია, რომ, ევროპის ქვეყნები, რომლებიც მოკავშირეები იყვნენ, კონფრონტაციაში შევიდნენ და გამწვავდეს უთანხმოებები. ეს კი საკმაოდ მძიმე დარტყმას მიაყენებს ევროკავშირს.
– პირად საუბარში აღნიშნეთ, რომ უახლოეს მომავალში საქართველო აუცილებლად დაიწყებს, მართალია, ნელ-ნელა, მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. რას გულისმობდით?
– დიახ. გეტყვით, რომ 2017 წლის სექტემბრიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდში საკმაოდ მკაფიო ნაბიჯები გადაიდგმევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით. ამ პერიოდში მოხდება ცვლილებები როგორც ჩვენ გარშემო, ასევე საქართველოს პოლიტიკაში, რაც მყარ საფუძველს შექმნის, დაიწყოს მოწყვეტილი რეგიონების დაახლოება. რასაკვირველია, შეერთებაზე საუბარი ადრეა, მაგრამ, მყარი კომუნიკაცია და კავშირი აუცილებლად დამყარდება და იქნება წინაპირობა, დავიბრუნოთ დაკარგული ტერიტორიები მომავალში.
– არ შემიძლია, არ გკითხოთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე რუსეთში.
– სხვათა შორის, 55 წლის ბორის ნემცოვის სიკვდილის შემდეგ დავინტერესდი მისი ჰოროსკოპით – ვცდილობდი, გამერკვია, რამ გამოიწვია მისი დაღუპვა და რა შეცდომები დაუშვა მან ცხოვრებაში. უამრავი ფაქტორი აღმოვაჩინე, კერძოდ, ნემცოვს არ ჰქონდა აწყობილი პირადი ცხოვრება: ჰყავდა რამდენიმე ცოლი, ასაკით საკმაოდ პატარა საყვარელი და, სწორედ ეს არეული პირადი ცხოვრება არღვევდა მის კარმას. აშკარად ჩანდა მის ჰოროსკოპში, რომ ასეთი არეული ცხოვრება მას ტრაგიკულ სიკვდილამდე მიიყვანდა. მას რომ ჰქონოდა სტაბილური, მყარი ოჯახი და მისი კარმული კვანძი არ დარღვეულიყო, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა.
– ბატონო დავით, ამ მკვლელობას პოლიტიკური სარჩული დაუდეს და მისი მოღვაწეობაც ამისკენ მიანიშნებს. არ მეთანხმებით?
– მინდა დაგეთანხმოთ, მაგრამ, ჩემი, როგორც ასტროლოგის აზრით, ნემცოვის სიკვდილი პოლიტიკურ შურისძიებას არ ჰგავს, უფრო ბიზნესპარტნიორების მხრიდან მოწყობილი საქმეა. უბრალოდ, ისე მოაწყვეს მათ ეს საქმე, რომ პოლიტიკური სარჩული დასდებოდა. რაც დედამიწაზე ხდება, ვცდილობ, ასტროლოგიურად გამოვიკვლიო, ვეძებო მიზეზები და, სანამ გარკვეულ შედეგამდე არ მივალ, მანამდე არ ვეშვები. ასე რომ, რასაც ვამბობ, მე მასზე გარკვეული პასუხისმგებლობა მაქვს.