როგორ მოკლა იტალიის დიდ სცენაზე სამი ქალი დანით მიშა შეშაბერიძემ და რის გამო გახდა ის ლუჩიანო პავაროტის ცოლის ფავორიტი
31 წლის მიშა შეშაბერიძე უკვე რვა წელია, იტალიაში ცხოვრობს და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. თუმცა, როგორც მასთან საუბრიდან შევიტყვე, საკმაოდ თავმდაბალია და არ უყვარს საკუთარ თავზე საუბარი. მიშა, რვა წლის განმავლობაში, სულ სამჯერ ჩამოვიდა საქართველოში. ინტერვიუც ტელეფონით ჩავწერეთ. თუმცა, გამოგვიტყდა, ძალიან მენატრება ჩემი ქვეყანა და სულ მალე ჩამოვალო. თუ როგორ გახდა ქართველი ტენორი დიდი პავაროტის ცოლის ფავორიტი და რატომ მიიწვია მან მიშა საკუთარ ვილაში, ამაზე თავად გესაუბრებათ.
მიშა შეშაბერიძე: იტალიაში რვა წლის წინ ჩამოვედი სასწავლებლად, ცნობილ, ამერიკელ სოპრანოსთან ქალბატონ ლელა კუბერლისთან. ათი წლის წინ, ვიყავი ბარსელონაში, ცნობილ კონკურსზე და იქ იყო ქალბატონი ლელა კონკურსის თავმჯდომარე. მომისმინა, მოვეწონე და გადაწყვიტა, დავეპატიჟე იტალიაში. მითხრა, საკმაოდ კარგი ხმა გაქვს და თუ იტალიაში ჩამოხვალ, ხელს შეგიწყობო. ზუსტად ექვსი თვის შემდეგ ჩავედი იტალიაში მასთან სამეცადინოდ. მაშინ 20 წლის ვიყავი და ხმაც ჩამოუყალიბებელი მქონდა. მთელი სამი წელი ვმეცადინეობდი. მოკლედ, ამ ქალბატონს, დიდი როლი მიუძღვის ჩემს წარმატებებში... გასული წელი წარმატებული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩემი კარიერისთვის. დღეს, იტალიური პუბლიკა მიცნობს და სერიოზულ პროექტებშიც ვიღებ მონაწილეობას.
– როგორც ვიცი, დიდი მაესტროს, ლუჩიანო პავაროტის ცოლი შენით აღფრთოვანდა და საკუთარ ვილაშიც მიგიწვია. სად გაიცანი ის და რით მოხიბლე?
– პავაროტის ცოლმა, ნიკოლეტა მარტოვანიმ, ჩაატარა ახალგაზრდა მომღერლების მოსმენა, რომლებიც დიდი სცენისკენ იკვალავენ გზას და მისი დახმარება სჭირდებათ. ანუ, შექმნილია ფონდი, რომელსაც პავაროტის ცოლი ხელმძღვანელობს და აფინანსებს პერსპექტიულ დამწყებ მომღერლებს. ასი მომღერალი ვცდიდით ბედს. რვა საუკეთესო აარჩიეს და ამ რვას შორის აღმოვჩნდი მეც. გამიმართლა, მისი ფავოტირი გავხდი. კონკურსის მესამე დღეს, ტელეფონზე გაისმა ზარი, ქალბატონი ნიკოლეტა მირეკავდა. მითხრა, მე ნიკოლეტა პავაროტი ვარ, ერთი სათხოვარი მაქვს შენთან და უარი არ მითხრაო. ბრძანეთ-მეთქი. მოკლედ, ორშაბათს, იმ ვილაში, სადაც ლუჩიანო პავაროტი ცხოვრობდა და გარდაიცვალა, მართავდა კონცერტს და მთხოვა, სოპრანოსთან ერთად მემღერა, მოწვეული ამერიკელი სტუმრებისთვის. ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რა მომენტი იყო ჩემთვის?! თან, ის დანარჩენი, გამარჯვებული კონკურსანტები, ყველა იტალიელი გახლდათ. მან კი მე, ქართველი ამომარჩია და მიმიწვია ვილაში. სხვათა შორის, პავაროტის ფონდში, სულ 40 მომღერალია და მათ შორის, ერთადერთი ქართველი ვარ.
– პავაროტის ვილაში რომ შედგი ფეხი, რა იგრძენი?
– სიმართელე გითხრათ, ზღაპარში მეგონა თავი (იცინის). სამწუხაროდ, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ ძალიან მომწონდა და ვაფასებდი და რას წარმოვიდგენდი, თუ მის სამფლობელოში ამოვყოფდი თავს. სულ ვოცნებობდი მასთან ერთად დუეტზე. თუმცა, ეს აუხდენელი დამრჩა. მაგრამ, თუ ეზოთერიკული თვალსაზრისით მივუდგებით, მისი სული დამყურებდა და ალბათ, ეამაყებოდა, მისი ფავორიტი რომ ვმღეროდი მისსავე ვილაში.
– ალბათ, ბევრი ცნობილი ადამიანი გაიცანი და მეგობრობს შენთან?
– ახლა, როცა ინტერვიუს გაძლევთ, გვერდით მიზის ჩემი უახლოესი მეგობარი, მსოფლიოში პირველი ბანი, ბულგარელი, ორლინ ანასტასოვი. რომ გამიცნო, მკითხა, საიდან ხარო. ვუთხარი, საქართველოდან-მეთქი და აღფრთოვანდა. თუ ქართველი ხარ, ესე იგი ჩემი ძმა ხარო (იცინის). ძალიან უყვარს ქართველები და ბევრ ცნობილ, ჩვენს თანამემამულე ოპერის მომღერლებთან აქვს ნამღერი. ხომ ამბობენ, ქართული ტემპერამენტი, ენერგეტიკა და ნიჭი უცხოეთში ჭრისო? ჰოდა, ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. მადლობა ღმერთს, ქართველი ვარ. ქართველებს გენეტიკურად, სულ სხვა, გამორჩეული აურა და ტემპერამენტი გვაქვს. იტალიაში ოპერა ძალიან უყვართ და საკმაოდ ბევრი ხალხი დადის თეატრში. მათ შორის, პოლიტიკოსები, მსახიობები, მომღერლები და საზოგადოებისთვის სხვა, ცნობილი სახეები. სპექტაკლის შემდეგ, ხშირად გამოთქვანენ გაცნობის სურვილს და მადლობას გვიხდიან. იტალიაში დაიბადა ოპერა და გასაგებია, რატომაც არის ის ამ ხალხისთვის, ასეთი მისაღები და ღირებული. იღბლიანი ვარ, რომ აქ მოვხვდი და ჩემი წილი წარმატება ვიგემე. მარტო ხმა და ნიჭი არაფერს გიშველის უცხოეთში, აქ ბევრი სირთულე და ბარიერიცაა და თუ არ იშრომე, არავინ დაგაფასებს. დიდი ნაბიჯები კი გადავდგი, მაგრამ უფრო მეტის მიღწევა მინდა. ამისთვის კი ყველაფერს გავაკეთებ. მადლობა ღმერთს, უცხო ენებს ადვილად ვითვისებ. ხუთი ენა ვიცი და მათ შორის, იტალიური სამ თვეში შევისწავლე. სულ ვხუმრობ, მომღერლობასთან ერთად, პოლიგლოტობაზეც მაქვს ამბიცია-მეთქი (იცინის).
– ბევრი მომღერალი ამბობს, როცა სცენაზე ვდგები, ყველაფერი მავიწყდება, თითქოს დედამიწა ფეხქვეშ მეცლება და ირგვლივ ვერაფერს ვამჩნევო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
– აბსოლუტურად ასეა. როცა სიმღერას ვიწყებ, სხვა განზომილებაში ვხვდები და ეს მდგომარეობა ვერაფრით ამიხსნია. ბევრჯერ ვეცადე, ის განცდა შემეგრძნო, როცა სცენაზე გავდივარ და ვმღერი, მაგრამ, დამიჯერეთ, ამ დროს სხვა სამყაროში ვარ, დედამიწიდან შორს და თითქოს შეგრძნებებიც მეკარგება. ანუ, სცენა ჩემთვის ბერმუდის სამკუთხედივითაა, სადღაც უსასრულობაში ვხვდები.
– ამბობენ, იტალიელები ძალიან გვგვანან ქართველებსო. ეს მსგავსება შენც შეამჩნიე?
– იტალიელები ჩვენსავით სტუმართმოყვარე ხალხია, თბილი და მეგობრული. თუმცა, მაინც არ იციან ისეთი მეგობრობა, როგორც ჩვენ, ქართველებმა. ჩემს მეგობრებს ვუხსნი ხოლმე, საქართველოში ასე ვიქცევით, ასეთი მეგობრობა და ერთმანეთის გატანა ვიცით-მეთქი და ცდილობენ, ზუსტად ასეთები იყვნენ ჩემ გვერდით.
– ოპერის მომღერლის ცხოვრება საკმაოდ რთულია – უნდა გაუფრთხილდეს ხმას, ყელს, ღამის ცხოვრება უარყოს, სწორად შეარჩიოს საკვები მენიუ, ჯანმრთელობაზე იზრუნოს დ ასე შემდეგ. ასეთი აკრძალვები შენც გაქვს?
– აკრძალვები ჩემთვის არ არსებობს. ცხოვრებაში რასაც აკეთებ, იმისგან სიამოვნება უნდა მიიღო და არა დაიტანჯო. მაღიზიანებენ მომღერლები, ზაფხულში რომ კაშნეთი დადიან, ნაყინს არ ჭამენ ან ცივ სასმელს ერიდებიან. ეს ჩემთვის მიუღებელია! პროფესია კი არ უნდა გტანჯავდეს, პირიქით, სიამოვნებას განიჭებდეს და მე ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებ (იცინის). რასაკვირველია, თუ გენერალური რეპეტიცია მაქვს, ან სპექტაკლის დღე, წინა საღამოს ვერიდები მეგობრებთან დროსტარებას.
– სიმართლე მითხარი და აღიარე, როგორც ტიპური ქართველი მამაკაცი, ნაბახუსევზე არ გასულხარ სცენაზე?
– როგორ არა, ასეც მომხდარა. მაგრამ, მინანია, რადგან ისე ვერ ვიმღერე, როგორც საჭირო იყო. შესაბამისად, მაყურებელსაც ისე ვერ მოვეწონე, როგორც უნდა, მოვწონებოდი. მაყურებელი რომ ფულს იხდის შენს მოსასმენად და გარკვეულ დროს გითმობს, არ გაქვს უფლება, მის წინაშე რაიმე „გაახალტურო”. თუმცა, იმასაც ვაღიარებ, შეუძლებელია ყოველთვის კარგ ფორმაში იყო, გამონაკლისებიც ხდება. ეს ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, გამოგიტყდებით და, სპექტაკლის შემდეგ, მეგობრებთან ერთად, ყოველთვის ვქეიფობ და დროს ვატარებ – დისკოთეკიდან დაწყებული რესტორნებით დამთავრებული.
– ვიცი, არ გიყვარს პირად ცხოვრებაზე საუბარი, მაგრამ არ შემიძლია, არ გკითხო, გვერდით თუ გყავს საყვარელი ადამიანი?
– შეყვარებული არ ვარ. რომანტიკული შეხვედრებისთვის არ მცალია-მეთქი, ვერ გეტყვით, მაგრამ, ალბათ, ჯერ არ გამოჩენილა ჩემთვის ის ერთადერთი. სულ ვხუმრობ, მე ვინ შემიყვარებს, სამი ქალი მყავს მოკლული-მეთქი (იცინის).
– ეგ როგორ?
– სამ ქალზე ვიძიე შური. სამი კარმენი მყავს დანით მოკლული და როცა ვკლავდი, იმწუთას ამომიტივტივდა ყველა ის წყენა, რაც ქალბატონებისგან მიგემია და დიდ სიამოვნებას ვიღებდი, გული მოვიოხე (იცინის).