რა სახელები დაერქმევა ქუჩებს თბილისის ახალ უბნებში და რატომ ეწოდა ერთადერთ ქუჩას ცოცხალი ადამიანის სახელი
თბილისის საკრებულო დედაქალაქის ქუჩებს ცნობილი ქართველი ქალი მოღვაწეების სახელებს დაარქმევს, რის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარეს, ლია ჯახველაძეს გავესაუბრეთ.
– თბილისის საკრებულოს მონაცემებით, დედაქალაქში დაახლოებით 1 200 ქუჩაა, რომლებსაც პიროვნებების სახელები აქვს მინიჭებული, აქედან დაახლოებით 1 120-მდე ქუჩა მამაკაცი მოღვაწის სახელობისაა, ქალი მოღვაწეების სახელი კი მხოლოდ 80-მდე ქუჩას აქვს. გასულ წლებში ამ თემას ყურადღება არ ექცეოდა, თორემ, ცნობილ და სახელოვან ქალ მოღვაწეზე მეტი რა გვყავდა?! ჩვენ ამ ფორმით გამოვხატეთ ჩვენი პროტესტი იმ პროცესების წინააღმდეგ, რაც ბოლო პერიოდში დაიწყო ქალების ძალადობასთან დაკავშირებით, ანუ, საკრებულო ამით გამოეხმაურა ქალთა ძალადობის წინააღმდეგ მოძრაობას. ჩვენ ვთანამშრომლობთ ჰაინრიხ ბიოლის გერმანულ ფონდთან; განსაკუთრებით აქტიურობს კავკასიის ბიურო, რომელიც ჩვენთან თანამშრომლობს მუნიციპალურ პროექტებზე. ბიოლის ფონდის წარმომადგნელობასა და თბილისის საკრებულოს შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლითაც საკრებულომ ვალდებულება აიღო, რომ ამ წლის განმავლობაში დაახლოებით ორმოცდაათამდე ქუჩას დაერქმევა ქალი მოღვაწის სახელი. ამ სიაში შემავალ ყველა ქალბატონს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში თავისი წვლილი აქვს შეტანილი. უკვე შერჩეულია ხუთი ქუჩა, რომლებსაც დაერქმევა ქალი მოღვაწეების სახელები, ესენი არიან მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს და მეოცე საუკუნის დასაწყისში საზოგადოებრივი აქტივობებით გამორჩეული ქალბატონები: ქრისტინე შარაშიძე, ჩიტო შარაშიძე, ანა სოლოღაშვილი, მინადორა ტოროშელიძე და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძე. ქუჩებისთვის სახელების მინიჭების პროცესი დაწყებულია; ასევე, ცვლილებები შეეხება იმ ხარვეზებს, რაც არსებობს ქუჩების სახელდების პროცესში და ეს ხარვეზები აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული. ცვლილებების შემდეგ გამოსწორდება ქუჩების გაორების საკითხი, რაც უფრო და უფრო მეტ პრობლემად იქცევა. მაგალითად, თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში გვაქვს თამარ მეფის 7 ქუჩა და ერთი გამზირი, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც თბილისს შემოუერთდა სხვა ტერიტორიული ერთეულები. მით უმეტეს რთულია, როცა ერთი და იმავე გვარის ქუჩა ერთსა და იმავე უბანშია.
– ამ ცვლილებებით ხომ არ მოხდება ქუჩის, გამზირის ან ჩიხის სტატუსების შეცვლა? ახალი უბნები, ალბათ, ძველ სურათს მთლიანად ცვლის.
– ჩიხის, ქუჩის, გამზირის დეფინიცია განისაზღვრება სტანდარტული მოცემულობით, თუმცა, ქუჩების ის რუკა, რაც დაიდება ახალ გენ-გეგმაში, აბსოლუტურად განსხვავებული იქნება იმისგან, რაც ახლა გვაქვს. თბილისმა ძალიან შეიცვალა იერსახე, ურბანულმა განვითარებამ გამოიწვია ის, რომ ჩიხი ქუჩად იქცა, ქუჩა – გამზირად. ჩვენი მიზანი არაა ქუჩების ძველი სახელწოდებების შეცვლა, უკვე შეიცვალა 95 პროცენტი იმ ქუჩების დასახელებების, რაც შესაცვლელი იყო, მათ შორისაა პარტიული ნომენკლატურისა და იდეოლოგიის სახელობის ქუჩები. თბილისში 4 000-ზე ცოტა მეტი ქუჩაა და, როგორც გითხარით, აქედან 1 200-ზე მეტ ქუჩას კი – პიროვნებების სახელები ჰქვია, სამი ათასამდე ქუჩას ტოპონიმების, ჩვენი ეკლესია-მონატრების, სოფლების, დროებით დაკარგული ტერიტორიების სახელები. ქუჩები, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ სახელები, ძირითადად ახალ, მშენებარე უბნებშია; თავიდან დაიქსელა და თავიდან მოხდა ქუჩების სახელდება იმ სოფლებში, რომლებიც შემოუერთდა თბილისს. ქუჩების სახელდებაა აუცილებელი ისეთ ფართო დასახლებებში, როგორიცაა ეგრეთ წოდებული 31-ე ქარხნის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა. იცით, რომ აქ მთელი დასახლებები ერთი ქუჩის სახელით მოიაზრება? ჩვენ სამისამართო სამსახურთან ერთად მოგვყავს სისტემაში ამ ქუჩების ქსელი. ასევე, დაგეგმილი გვაქვს აბრების დიზაინის გაუმჯობესებაც. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ აბრაზე გამოყენებული უნდა იყოს ისეთი შრიფტი, რომ მოძრავი მანქანიდან იკითხებოდეს. ყველა ქუჩის დასაწყისში იქნება იმ პიროვნების მოკლე ბიოგრაფია, ვისი სახელიც ჰქვია ამ ქუჩას. წესდება პირდაპირ მიგვითითებს, რომ ქუჩის სახელწოდება უნდა გამოითქმებოდეს მარტივად, იყოს ჟღერადობით ლამაზი, უცხოურად იწერებოდეს მარტივად და დასამახსოვრებლად იყოს ადვილი. როცა წინა მოწვევის საკრებულომ თბილისის რამდენიმე ქუჩას „ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟების სახელი უწოდა, დიღმის დასახლებაში გაჩნდა მულღაზანზარის ქუჩა. მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, ჩვენ შევცვალეთ ამ ქუჩის სახელი, რადგან, მისი დასახელება წესდების არცერთ მოთხოვნას არ ექვემდებარებოდა. კანონით, ქუჩისთვის ცოცხალი ადამიანის სახელის დარქმევა არ შეიძლება, თუმცა, თბილისში გვაქვს ერთადერთი ქუჩა, რომელსაც ცოცხალი ადამიანის სახელი ჰქვია – ამ შემთხვევაში, ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩას ვგულისხმობ.
– როგორც ვიცი, იგეგმება სახელწოდებების დარქმევა მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებებისთვის.
– ჩვენი ინიციატივა უცხოეთის, ევროპული ქალაქების გამოცდილებას ეყრდნობა. იქ, ისევე, როგორც მეტროს სადგურებზე ცხადდება სახელები მუნიციპალური ტრანსპორტის სხვა სახეობების გაჩერებებზეც. ჩვენ ვაპირებთ ამის გაკეთებას თბილისშიც, რაც ბევრი თვალსაზრისით იქნება კარგი. თუ ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დავუშვათ, ხუთი გაჩერებაა, მათ შეიძლება ეწოდოთ სახელები, იმ ღირსშესანიშნაობის მიხედვით, რაც ამ გაჩერებასთან არის ახლოს. უცხოელ სტუმარს იმას კი აღარ ვეტყვით, მესამე გაჩერებაზე ჩამოდიო, უკვე ვეტყვით, რომ მას შეუძლია ისარგებლოს გაჩერებით, ვთქვათ, „რესპუბლიკური საავადმყოფო”. ჩვენ ქუჩებსა და გაჩერებებს ვერ დავნომრავთ ისე, როგორც არის ამერიკასა და ევროპაში. იქ მხოლოდ დიდ ქუჩებს აქვს სახელები, შიდა ქუჩებს კი ნუმერაციები აქვს მინიჭებული. თბილისი გეოგრაფიული ფორმით ისეთი ქალაქია, შეუძლებელია, მათემატიკური სიზუსტით დახაზო და ნუმერაციები მიანიჭო; ამას გარდა, მათ არ ჰყავთ იმდენი ცნობილი პიროვნება, რამდენიც გვყავს ჩვენ და, რატომ უნდა ვთქვათ ამაზე უარი?!