კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ წამოიწყეს აფხაზეთში გალელი ქართველების ხელოვნურად გააფხაზების კამპანია და რა წერია კანონპროექტში, რომელიც ქართველებს „დაკარგული“ აფხაზური გვარებისა და ეროვნების „აღდგენის“ საშუალებას მისცემს

აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც, სურვილის შემთხვევაში, საშუალებას მისცემს აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს, დაიბრუნონ თავიანთი აფხაზური გვარი და ეროვნება. თუმცა დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ხსენებული კანონპროექტის სამიზნე ჯგუფი აფხაზეთის ქართველობაა, რომელთა აფხაზურ ფესვებსა და თითქოს ძალით გაქართველებაზე კარგა ხანია, კეთდება აქცენტი. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველების „გააფხაზების“ ინიციატივას მოწინაღმდეგეებიც ჰყავს (მათ შორის, აფხაზეთის გმირი და ეგრეთ წოდებული პარლამენტის წევრი ასლან კობახია), რომლებსაც მიაჩნიათ, რომ შედეგად აფხაზური „სახელმწიფო“ მიიღებს 40 000-50 000 პროქართველ აფხაზს. ამის პარალელურად, მარტიდან გალის რაიონში მეგრულენოვანი ტელევიზიის ამოქმედებაც იგეგმება (გალის რაიონში უკვე გამომავალ მეგრულენოვან გაზეთთან ერთად), რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს სეპარატისტებსა და მათ უკან მდგომ სპეცსამსახურებს ორი მიმართულებით აქვთ ფრონტის ხაზი გაშლილი. მათ მიზნებსა და მიზნის მიღწევის პერსპექტივაზე მამუკა არეშიძესთან ერთად ვისაუბრებთ.

– რატომ გახდა გალელი ქართველების ვითომ აფხაზური წარმოშობა აქტუალური ახლა?

–  ეს თემა ახლა არ გამხდარა აქტუალური, ამაზე სული იყო ლაპარაკი, მაგრამ სამეცნიერო დონეზე არ იყო ბოლომდე მომზადებული და აი, ახლა, როგორც ჩანს, დაადგინეს ის გვარები, რომლებსაც, მათი აზრით, აქვს აფხაზური ფუძე და იწყებენ ამ პროცესს. თავიანთ პარლამენტზე გაიტანეს ეს საკითხი, მაგრამ პარლამენტარების დიდმა ნაწილმა მხარი არ დაუჭირა იმ მოტივით, რომ ეს კორუფციის წყარო გახდებოდა და ამიტომ პროექტად დარჩა, თუმცა არ ნიშნავს, რომ ხვალ არ მიუბრუნდებიან.

– რა წერია კონკრეტულად ამ პროექტში?

– ამ პროექტში წერია, რომ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ აფხაზური წარმოშობა, მაგრამ ისტორიული მიზეზების გამო იძულებული გახდნენ, გვარი გადაეკეთებინათ და სხვა ეროვნება მიეღოთ, აქვთ უფლება, დაიბრუნონ თავანთი წინაპრების როგორც გვარი, ისე ეროვნება.

– აფხაზებსაც ვეკითხები ამის შესახებ და ისინი მპასუხობენ, რომ ადამიანებს ახსოვთ თავიანთი გვარები და ეს საკმარისია, მაგრამ ამ ლოგიკით, მეც შემიძლია, საკუთარი თავი ვალუად გავასაღო. რის საფუძველზე ამტკიცებენ, რომ ამა და ამ ქართული გვარის მქონე წარსულში იყო იმა და იმ აფხაზური გვარის წარმომადგენელი? მათ აქვთ შესაბამისი დოკუმენტაცია, საარქივო მონაცემები?

– ეს არის პროექტი და იქ გაწერილი არ არის, გინდა თუ არა, დაამტკიცე აფხაზური წარმოშობაო. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა შექმნეს თეორია, რომ ქრისტიანული ძეგლები, რომლებიც ჟამთა სიავის გამო დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოხვდა, არ არის ქართული და არის ალბანური. ამის დამამტკიცებელი საბუთი მათ არ აქვთ, მაგრამ, როგორც ისინი ამბობენ, არსებობს ისტორიული ლოგიკა: რადგან არსებობდა ალბანური სამეფო, რომელშიც იყო ქრისტიანული და დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორია ალბანეთის სამეფოს ტერიტორიაზეა, ყველა ისტორიული, ქრისტიანული ძეგლი, რომელიც ახლა აზერბაიჯანშია, არის ალბანური. საინგილოში მდებარე ქრისტიანული ძეგლებითა და დავით გარეჯის კომპლექსით დაწყებული და ყარაბაღში განლაგებული სომხური ეკლესიებით დამთავრებული.

– გასაგებია, რომ ეს თეორია მათ სჭირდებათ ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის კუთვნილების დასადასტურებლად, აფხაზები რა მიზნის მიღწევას ცდილობენ გალელი ქართველების აფხაზებად გამოცხადებით, მხოლოდ მათი ასიმილაციის?

– ნახმარია ტერმინი, ისტორიული ლოგიკა გვკარნახობსო და მიდი და ამტკიცე, რომ ასე არ არის, მით უფრო, რომ გალის რაიონის მოსახლეობის ზოგიერთ გვარს მართლაც აქვს დაბოლოება, რომელიც ტრადიციულია აფხაზური გვარებისთვის: ქეცბაია, ლაკერბაია, ლაცუზბაია. თუმცა არის თუ არა ეს გვარები იმ აფხაზების გვარები, რომლებიც დღეს აფხაზეთში ცხოვრობენ, ცნობილი რუსი სასულიერო პირის, კურაევის, გამონათქვამის არ იყოს, უკვე სხვა საკითხია. ასეა თუ ისე, ამ ისტორიული ლოგიკიდან გამომდინარე მსჯელობენ.

– და მათ მართლაც ჰგონიათ, რომ გალელი ქართველები აფხაზები გახდებიან გვარის შეცვლით?

– ეს საკითხი კომპლექსურად უნდა გავნიხილოთ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელსაც აფხაზები ახორციელებენ. რამდენი ხანია, ვლაპარაკობთ, რომ აფხაზეთში მიმდინარეობდა მეგრელიზაციის აქტიური პროცესი, განსაკუთრებით, იმ სოფლებში, რომლებიც განლაგებულია ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონებში, გამოკვეთილად კი იმ სოფლებში, რომლებიც გალს ჩამოაჭრეს და ოჩამჩირეს გადასცეს. ეს მოხდა ომის შემდეგ და იმ ახალგაზრდების პრეზენტირება, რომლებიც ამ სოფლებიდან ჯარში მიჰყავდათ, ხდებოდა, როგორც მეგრელების. ჩვენ გვაქვს ისტორიული გამოცდილება, როდესაც რიგი ისტორიული უსამართლობის გამო ქართველთა ერთი ნაწილი უცებ გახდა აფხაზი. ახლა, თუკი მეგრელიზაცია არის ერთი პროცესი, მეორე პროცესიც ჩართეს, რომელიც ქართველების პირდაპირ აფხაზობაში გადასვლას გულისხმობს. იმისთვის, რომ ყველანაირად მოხდეს იქ მაცხოვრებლების დისტანცირება ქართველებისგან, ამიტომაც შეიქმნა გალში მეგრული ტელევიზია, ამიტომ გამოდის ის მეგრულენოვანი გაზეთი, რომელიც, მართალია, პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ მაინც გამოდის. რათა თვითონ სამეგრელოშიც მოხდეს გაუცხოება ადგილობრივ მოსახლეობასა და თბილისს შორის, ამიტომაც ხარჯავენ აფხაზები და, როგორც ჩანს, რუსული სპეცსამსახურები ფულს, იმ ორგანიზაციების შექმნაზე სამეგრელოში, რომლებიც მეგრულ ენაზე ამუშავებენ რადიოს, მეგრულ ენაზე გამოსცემენ პრესას და ასე შემდეგ.

– რეალისტურია ასლან კობახიას მოსაზრება-შიში, რომ ამ პროექტის მიღებით აფხაზეთი გალში მიიღებს  40 000-50 000 პროქართული ორიენტაციისა და ქართული ცნობიერების აფხაზს?

– ეს შესაძლებელია, მაგრამ გაზვიადებული. ასლან კობახიას თავისი გასჭირვებია, იმიტომ რომ კობახიაა და ამას ვერ მოუხერხა ვერაფერი. კობახია კლასიკური მეგრული გვარია. ჩვენ ამ პროცესში ეტაპებს უნდა მივაქციოთ ყურადღება: თავიდან ლაპარაკი იყო იმაზე, რომ მეგრელები ქართველები არ არიან; შემდეგ გადაწყვიტეს, რომ მეგრელიზაციის პროცესი დაეწყოთ აფხაზეთში, მაგრამ ნელა მიდის, იმიტომ რომ, ყველა აღწერით, მხოლოდ 3 500-მდე მეგრელი აღმოჩნდა. 

– მეგრელი, ანუ ვინც აღწერისას თქვა, რომ იყო არა ქართველი, არამედ  –  მეგრელი?

– დიახ, აღწერისას 3 500-მდე ადამიანმა თქვა, რომ მეგრელია, 40 000-მა –  ქართველიო, ანუ ესეც ნელი პროცესია. გალის გამგებლად დანიშნულია ადამიანი, რომელიც ძალიან ენერგიულად შეუდგა ამ საქმეს, გვარად ნადარაია. გასაგებია, როგორი აფხაზია ნადარია, ამიტომაც ცდილობს, მაქსიმალურად სუფთა აფხაზურად ილაპარაკოს ინტერვიუების დროს, ამას ხაჯიმბაც არ აკეთებს, მაგრამ ნადარაიას უნდა, რომ ყველაზე მეტი აფხაზი იყოს. მეგრულენოვანი ტელევიზიის ასამუშავებლადაც დიდ ფულს ხარჯავს.

– დაარწმუნებს აფხაზების მეგრულენოვანი ტელევიზია  და გაზეთი გალელ ქართველებს, მეგრელები ქართველები არ არიან?

– ეს იმუშავებს გალის ზედა ზონის სოფლებში. 

– ენგურს აქეთ, სამეგრელოში?

– აქ გადამწყვეტი მნიშვნელობა ამას არ ექნება, იმიტომ რომ სამეგრელოში საკმაოდ აქტუალურია ანტაგონიზმი აფხაზური პოლიტიკის მიმართ და არა აფხაზების მიმართ. ეს არის ისტორიული ანტაგონიზმი აფხაზეთისა და სამეგრელოს სამთავროებს შორის, თუმცა აფხაზებსა და მეგრელებს ძალიან ახლო ნათესაური კავშირები ჰქონდათ და ტრადიციული და კეთილმეზობლური ურთიერთობა, მაგრამ აფხაზური პოლიტიკისადმი ყოველთვის იყო ანტაგონიზმი. ამდენად, ის მიდგომა, რაზეც ვისაუბრეთ, სამეგრელოში ვერ იმუშავებს, სამეგრელოში სხვა პოლიტიკა იმუშავებს, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, თუმცა ისიც გარკვეულ ჩარჩოებს არ გასცდება. სამეგრელოს მცხოვრებლები მიიჩნევენ, რომ ისინი არიან ზუსტად ძირძველი ქართველები და ქართული ენის სათავე მოდის მეგრული ენიდან, მე თუ მკითხავ. ამიტომაც ვამბობდი ამდენი წლის განმავლობაში და ვამბობ დღესაც, რომ მეგრული და სვანური ენების შესასწავლად შესაბამისი უწყება უნდა შეიქმნას, სამეცნიერო ინსტიტუტს ვგულისხმობ, უზრუნველყოფილი ფინანსურად, რომელიც იმუშავებს ასეთ თემაზე. მართლაც უნიკალურია ეს ორი ენა და უამრავ სიბრძნესა და საიდუმლოებას ინახავს.

– ქართულის წყაროა მეგრული და სვანური ენები.

– მე ასე მიმაჩნია და ვფიქრობ, მათ შენარჩუნებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ილიამ და მისმა მეგობრებმა ძალიან ბევრი რამ გააკეთეს ქართველთა კონსოლიდაციისთვის ქართული ენის მეშვეობით, მაგრამ ახლა, როდესაც ეს კონსოლიდაცია აღარ არის აქტუალური, მეგრულს, რომელიც ძირძველი ქართული ენაა, შესწავლა უნდა, მეტიც, კილოკავებსაც კი. ყველა ქართულ რეგიონში არის ორიგინალური მიდგომა ენისადმი და ზოგიერთი კილო იკარგება, მაგალითად, ინგილოების სალაპარაკო ენას, მიუხედავად იმისა, რომ სუფთა ქართულია, მაგრამ აქვს თავისი ხიბლი და ნიუანსები, რაც უნდა შენარჩუნდეს. მე არ ვიცი, შეიძლება, ენათმეცნიერებისა თუ ლიტერატურის ინსტიტუტი არის ამით დაკავებული.

– აფხაზების ზრუნვა მეგრელებზე ძალიან კომიკურია, თითქოს ვინმე სხვა გამოყარეს აფხაზეთიდან, მაგრამ, როგორ ფიქრობთ, რუსული სპეცსამსახურები, რომლებიც ამის უკან დგას, ფულს ტყუილად ხარჯავენ თუ მართლაც ჰგონიათ, რომ მეგრელებს დაარმწუნებენ, რომ ქართველები არ არიან?

– ეს ისტორიული გამოცდილება რუსეთს აქვს: უამრავი ქართველის დარწმუნება მოახერხეს და იმ ქართველებმა აფხაზობა არჩიეს. აბა, კობახია ვინ არის?! და რამდენია ასეთი?! უკვე არიან აფხაზეთში ქართველი ახალგაზრდები, განსაკუთრებით, ზემო ზონის სოფლებში, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული და იციან მეგრული და რუსული. ამდენად, არ არის გამორიცხული, რომ მათმა შემდგომმა თაობამ თავი იგრძნოს აფხაზად, ზეწოლა იქნება და მათ გარემო აიძულებს ამას. გახსოვთ, პირველად ქართველების დიდმა ნაწილმა რატომ მიიღო აფხაზობა?!

– ომში არ მიჰყავდათ აფხაზები.

– დიახ, შესაბამისი გარემო შეიქმნა, ომში არ მიჰყავდათ, პირველ მსოფლიო ომს ვგულისხმობ. ზოგმა ამით გადაირჩინა თავი და ამიტომ გახდა აფხაზი. იოსებ გულია, დიმიტრი გულიას მამა, იყო ქართველი გლეხი, ყმა, რომელიც თავისმა ბატონმა წაიყვანა მოჰაჯირობაში, იოსები ქრისტიანი იყო, მაგრამ თურქეთში აღმოჩნდა აფხაზურ გარემოცვაში, ნელ-ნელა შეიცვალა ნირი და ენა და იქიდან დაბრუნდა უკვე აფხაზი. დიმიტრი გულია კი, მისი შვილი, უკვე აფხაზი იყო. სხვა საკითხია, როგორი აფხაზი იყო დიმიტრი გულია გენეტიკურად.

– სამეგრელოსთვის იმის მტკიცებაზე, რომ მეგრელები ქართველები არ არიან, ხომ არ ჩაიქნიეს ხელი, რადგან გალელების გააფხაზებაზე გადაერთვნენ?

– როგორ ჩაიქნიეს ხელი, როდესაც ის ორგანიზაციები, რომლებიც სამეგრელოს ავტონომიურობის თემას ააქტიურებენ სამეგრელოში, სამკაოდ დიდ ფულს იღებენ?!

– რატომ გადის მეგრული რადიო თურქეთიდან? თურქეთი რა როლს ასრულებს ამ პროცესში? 

– თურქეთში ვინ არის სიგნალის მიმღები?! იქაური აფხაზური დიასპორების მიერ შექმნილი შესაბამისი ორგანიზაცია. გეოგრაფიულად არის თურქეთის ტერიტორიაზე, თორემ ეს არის აფხაზური პროექტი და რუსული ფული მიდის თურქეთშიც და სხვაგანაც. მაგალითად, სოჭის ოლიმპიადის წინ რუსებმა ნახევარი ჩერქეზული ორგანიზაციები იყიდეს. 

– როდესაც იურა ღვინჯილია აქვეყნებს „სამეგრელოს დამუკიდებელი რესპუბლიკის რუკას“, იქ კაი გვარიანი ტერიტორია შედის აფხაზეთისაც. ანუ ეს თამაშია?

– რასაკვირველია. 

– ერთია, რას აკეთებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები და მეორე, ჩვენ რის იმედზე ვართ, რომ ათასწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ ცნობიერებას მტრის სპეცსამსახური ვერ მოერევა თუ პრევენციას მაინც ვატარებთ?

– აქ ღონისძიებათა კომპლექსია გასატარებელი. ჩემს ხელში რომ იყოს, ბევრ რამეს გავაკეთებდი, მაგრამ ერთს გეტყვით: იქით გავუკეთებდი მეგრულ ენაზე ტელევიზიასა და რადიოს აფხაზეთში; ენას, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა, მაგრამ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს შინაარსს. მაგალითად, აფხაზეთში მცხოვრები 14-15 წლის ბიჭი მეგრულ ენაზე რომ ისმენს ყოველდღე, რომ მეგრელები განსაკუთრებული ხალხია, რომ აფხაზები მათი უფროსი ძმები არიან, ქართველები კი –  მტრები, ეს წერია კიდეც ერთ-ერთ სახელმძღვანელოში, მან შეიძლება, ეს ახლა არ დაიჯეროს და ცნობიერებაში არ გაუჯდეს, მაგრამ მის შვილს უკვე კარგი ბაზა ექნება, რომ შეეცვალოს ცნობიერება და ჩვენ ხომ გვაქვს ამის გამოცდილება?! ხომ ვიცით, რომ ჩვენ წინააღმდეგ იბრძოდნენ არა მხოლოდ მეგრულგვარიანი ქართველები, არამედ შავლოხაშვილი, წერეთელი, ახვლედიანი… რომელი ერთი ჩამოგითვალოთ…

скачать dle 11.3