კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ადგენენ ლარის კურსს რეალური სავალუტო ოპერაციების ჩატარების გარეშე და როგორ დგინდება ვალუტის კურსი სპეკულაციური გარიგებებით

თუმცა ლარის კურსმა ნელ-ნელა დაღმა იწყო სვლა და ბაზარმა მისი გაუფასურებით გამოწვეული პირველი შოკიც გადაიტანა, მაგრამ ვალუტის კურსი და ამ კურსის რყევაში ბანკების მიერ ხელის წაშველება, კვლავ აქტუალური თემაა. საქართველოში მოქმედი წესით, ვალუტის კურსს კერძო ბანკები ადგენენ ეროვნული ბანკის მზრუნველი მეთვალყურეობის ქვეშ, რამაც, წესითა და რიგით, უნდა გამორიცხოს სპეკულაციები და კურსის ხელოვნური ცვლილება. ოღონდ ექსპერტების თქმით, ლარის ეს ბოლოდროინდელი ძლიერი რყევა, ბანკებს შორის სპეკულაციური გარიგებების შედეგიცაა, იმას გარდა, რომ მხოლოდ ბანკების მიერ ერთმანეთთან ვალუტის ვაჭრობა ვერ ასახავს ქვეყნის ეკონომიკის საერთო სურათს. ეკონომიკის ექსპერტ ლია ელიავასთან ერთად განვიხილავთ სქემას, თუ რა პრინციპით ადგენენ საქართველოში ვალუტის კურსს ბანკები – ეროვნულით დაწყებული და კერძოთი დამთავრებული.

– როგორ, რა სქემით დგინდება საქართველოში ლარის კურსი?

– საქართველოში ვალუტის ოფიციალური გაცვლითი კურსი ეროვნული ბანკის მიერ დგინდება კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგების მიხედვით. კომერციული ბანკები ერთმანეთთან ვაჭრობენ ბლუმბერგის პლატფორმაზე, რომელიც ეროვნული ბანკის მიერ შექმნილია სპეციალურად მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის. ამ პლატფორმაზე კომერციული ბანკების ვაჭრობის შედეგები საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მხოლოდ ზოგადი სახით, ხოლო ის, თუ რამდენი კომერციული ბანკი ვაჭრობს, რამდენი და რა მოცულობის გარიგება იდება, ანუ ის ინფორმაცია, რომელიც, ჩვეულებრივ, ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის, ჩვენთან არ არის ხელმისაწვდომი არავისთვის, გარდა კომერციული ბანკებისა და ეროვნული ბანკისა. შედეგად გამოდის, რომ საზოგადოებამ, ფაქტობრივად, არ იცის, რა ხდება ბლუმბერგის პლატფორმაზე კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის შედეგად: რა ტიპის გარიგებები იდება, რამდენმა კომერციულმა ბანკმა ივაჭრა ერთმანეთთან და ხომ არ ხდება ისე, რომ ორი კომერციული ბანკის მიერ 1 000 დოლარით ვაჭრობის შედეგად გამოიყვანა ეროვნულმა ბანკმა ოფიციალური გაცვლითი კურსი და რამდენად ასახვს ის ეკონომიკაში მიმდინარე რეალურ პროცესებს?! ეს ყველაფერი ჩვენთვის უცნობია. სამაგიეროდ, მოარული ხმებით, თუ თქვენ გაინტერესებთ ეს ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიმართოთ ეროვნულ ბანკს. გადაიხადოთ 24 000 დოლარი და ეროვნული ბანკის სურვილის შემთხვევაში, გექნებათ წვდომა ბლუმბერგის ვაჭრობის პროცესებზე. თუმცა წინასწარ არ არის ცნობილი, მოგცემთ თუ არა ეროვნული ბანკი ამ ნებართვას.

– ბლუმბერგის პლატფორმით ვაჭრობა დაშვებული სქემაა და ამაში ეროვნულ ბანკს ვერ შევედავებით. მაგრამ, როგორც თქვენი პასუხიდან მივხვდი, სხვა ქვეყნებში ასეთი ინფორმაცია სრულადაა ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. ჩვენთან რატომ არის დახურული მონაცემები, რის საფუძველზე?

– საქართველოს კანონმდებლობა საერთოდ არ ითვალისწინებს ამ პროცედურებს, ანუ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო ბირჟის შექმნას. სავალუტო ბირჟის არქონა განაპირობებს, რომ ქვეყნის სავალუტო სექტორი განუვითარებელია და ეროვნულმა ბანკმა შეიქმნა ლეგიტიმური საფუძველი იმისთვის, რომ დაადგინოს სავალუტო კურსი და უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა, ასახავს თუ არა ეს კურსი ეკონომიკაში მიმდინარე რეალურ პროცესებს. ფაქტია, ბანკს საშუალება აქვს, ოფიციალურად დაადგინოს სავალუტო კურსი. სხვა ქვეყნებში, სადაც შედარებით განვითარებულია საფინანსო სექტორი, სავალუტო ბირჟის საქმიანობა გახსნილია საზოგადოებისთვის. იქ ვაჭრობაში მონაწილეობს არა მარტო კომერციული ბანკები, არამედ ექსპორტიორები და იმპორტიორები, სხვა იურიდიული თუ ფიზიკური პირები.

– დავაზუსტოთ, ყველა, ვისაც სჭირდება ვალუტა.

– დიახ, ვისაც ვალუტით ვაჭრობის სურვილი აქვს, შეუძლია, დარეგისტრირდეს ბირჟაზე და მიიღოს მონაწილეობა ვალუტით ვაჭრობაში. შესაბამისად, თითოეული სავაჭრო დღის დაწვრილებითი ანგარიშგება ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის. 

მეორე მომენტი: ბლუმბერგის პლატფორმაზე კომერციულ ბანკებს შორის ვაჭრობის  პროცედურაში ეროვნულმა ბანკმა დაუშვა ის ფაქტი, რომ დადებულ გარიგებებზე ანგარიშსწორება შესაძლებელია, განხორციელდეს არა მარტო კომერციული ბანკების საანგარიშსწორებო საკორესპონდენტო ანგარიშებზე, რომლებიც მათ გახნილი აქვთ ეროვნულ ბანკში, არამედ მათ შეუძლიათ, პირდაპირ ბლუმბერგის სისტემაში განახორციელონ ერთმანეთთან ანგარიშსწორება სავალუტო გარიგებებისას.

– რას ნიშნავს ეს მარტივად?

– გასაგებ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ კომერციულ ბანკებს შორის ანგარიშსწორება გამოსულია ეროვნული ბანკის კონტროლიდან. ის არ ხორციელდება საკორესპონდენტო ანგარიშებით, რაც იძლევა საშუალებას, საკმაოდ დიდი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია, ეს სავაჭრო გარიგებები ვალუტაზე, ატარებდეს ნაწილობრივ ფიქტიურ ხასიათს. ანუ რეალურად არ სრულდებოდეს ანგარიშსწორება ბანკებს შორის და ხდებოდეს  სავალუტო სპეკულაცია. ერთია ვალუტაზე დადებული გარიგებები და მეორე, რომ გარიგება შეიძლება, დაიდოს, მაგრამ გადარიცხვა რეალურად არ განხორციელდეს. ანუ ეროვნულმა ბანკმა მიიღოს ინფორმაცია, რომ გარიგება დადებულია და ჩათვალოს, რომ ამ გარიგებაზე შესრულებულია გადახდები, სინამდვილეში კი, გადახდები არ შესრულდეს და ამის კონტროლის საშუალება ეროვნულ ბანკს არ აქვს.

– ანუ ბანკებმა ვითომ ივაჭრეს ერთმანეთთან და დაადგინეს კურსი 2,37. ამ დროს კი იმ დღეს ისინი რეალურად არანაირ სავალუტო ოპერაციას არ ახორციელებენ, დანარჩენი ქვეყანა კი იძულებულია, ივაჭროს და იცხოვროს მათ მიერ დადგენილი ძალიან მაღალი კურსით?

– დიახ, ეს იმის ბრალია, რომ ეროვნულმა ბანკმა დაუშვა კომერციულ ბანკებს შორის პირდაპირი ანგარიშსწორება ბლუმბერგის სისტემაში და არა საკორესპონდენტო ანგარიშებზე, რომლებიც კერძო ბანკებს ეროვნულ ბანკში აქვთ გახსნილი. ანუ ვალუტით სპეკულაციის დიდი ალბათობა არსებობს,  რომ კურსი შეიძლება, ხელოვნურად იყოს დავარდნილი. ეს საკმოდ მნიშვნელოვანი მომენტია. თუმცა ისიც მინდა, გითხრათ, რომ სავალუტო კურსის ვარდნა გამოწვეული იყო რამდენიმე მიზეზით. როდესაც ლარის კურსის ვარდნა დაიწყო და ეროვნულმა ბანკმა არ მიიღო ზომები მის შესაჩერებლად, რისთვისაც მას გააჩნია სავალუტო ინტერვენციების მექანიზმი, რაკი საფინანსო წრეებმა დაინახეს, რომ ლარი უპატრონოდაა, ანერვიულდნენ და დაიწყეს ფულის გადარიცხვა უცხოეთში. ფული, მოგეხსენებათ, ირიცხება კომერციული ბანკების მეშვეობით, ანუ გაიზარდა კომერციული ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და ლარის კურსი კიდევ უფრო დაეცა. როდესაც ამის შემდეგაც დაინახეს, რომ ეროვნული ბანკი არ რეაგირებს ვალუტის ვარდნაზე, ეს პანიკა მოედო მთელ მოსახლეობას და კიდევ უფრო გაიზარდა ზეწოლა ლარზე და ის  კიდევ უფრო გაუფასურდა. ამდენად, ამ სპეკულაციურმა და პანიკის მომენტებმა ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ვალუტის გაუფასურებაში. გაიხსენეთ, საუბარი იყო იმაზე, რომ ლარის გაუფასურება გამოიწვია გარე ფაქტორებმა, მაგრამ ახლა, როდესაც ლარი გამყარდა, გარე ფაქტორები ხომ არსად წასულა?! პანიკის საფუძველი შექმნა ეროვნული ბანკის უმოქმედობამ.

– აღვუწეროთ მკითხველს: ვთქვათ, ორშაბათს კომერციულმა ბანკებმა უნდა დაადგინონ ვალუტის კურსი. რა ხდება ამ დროს, „საქართველოს ბანკი“ ამბობს, მე მინდა 10 000 დოლარი, „თი ბი სი“ ამბობს, მე მინდა 15 000 დოლარი და 5  000 ევრო, „ბანკი რესპუბლიკა“ ითხოვს 7 000 დოლარს და ამის მიხედვით დგინდება ლარის კურსი?

– ფაქტობრივად, ასეა, წამოაყენებს მოთხოვნას, მინდა ამდენი და ამდენი თანხა, თუ სხვა დანარჩენ ბანკებს არ გააჩნიათ ეს თანხა ან აქვთ მცირე რაოდენობით, ბუნებრივია, დეფიციტის პირობებში, ფასი იზრდება. ეს არის ბუნებრივი ეკონომიკური კანონი და ფასის ზრდა გამოისახება იმაში, რომ ლარი უფასურდება. ანუ კომერციული ბანკები იძულებულები არიან, მეტი გადაიხადონ დოლარში, იმისთვის, რომ დაიკმაყოფილონ მოთხოვნა.

– რად უნდათ მათ ეს დოლარები?

– გადარიცხვებისთვის როგორც  საკუთარი ინტერესებისთვის, ისე კლიენტების დავალებით და როდესაც ეროვნული ბანკი არ რეაგირებს კომერციული ბანკების ასეთ მოთხოვნაზე, იქმნება პანიკა იმ ფინანსურ წრეებში, რომლებიც ვერ რიცხავენ ფულს იმის გამო, რომ ვალუტის დეფიციტია. პანიკა ფინანსური წრეებიდან გადაედება მთლიანად მოსახლეობას. ეროვნულ ბანკს უნდა ჰქონოდა უნარი, განეჭვრიტა ეს სიტუაცია და არ მიეტოვებინა ლარი უპატრონოდ. თავის დროზე, ნოემბერშივე რომ მიეღო მას ზომები და დაეკმაყოფილებინა კომერციული ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, ლარი ასე ძლიერად არ გაუფასურდებოდა.

– ექსპერტების ნაწილი ლარის გაუფასურებას ხსნის ეკონომიკის განვითარების დაბალი დონით, რაც უნდა განვითარდეს ეკონომიკა, თუ ვალუტის კურსი დგინდება კომერციული ბანკების მიერ, ეს მაინც ეკონომიკის დონეზეა დამოკიდებული, რადგან ეკონომიკის მოთამაშეები ანგარიშსწორებას აწარმოებენ ბანკების მეშვეობით?

– ვინაიდან საქართველოს ეკონომიკა, ფაქტობრივად, დამოკიდებულია იმპორტზე და არის ღრმად დოლარიზებული, ეკონომიკის სუბიექტებს სჭირდებათ გარკვეული თანხა, რომ განახორციელონ საქონლის იმპორტი და ეს პროცედურები ხორციელდება კომერციული ბანკების მეშვეობით. ამიტომაც იზრდება ბანკების მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე –  კლიენტის დავალებით, ან ბანკის საკუთარი ინტერესიდან გამომდინარე. საქართველოს ეკონომიკა არის სუსტი და მასზე ყოველთვის იმოქმედებს  ნეგატიური ფაქტორები როგორც გარე, ისე შიგა. იმიტომ არსებობს საქართველოში ეროვნული ბანკი, რომ მან უნდა მოახდინოს ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ რისკებზე ადეკვატური რეაგირება, მიიღოს შესაბამისი ზომები, რომ ეს ნეგატიური ზეგავლენა მინიმუმამდე დავიდეს. ის ჩართული უნდა იყოს ეკონომიკურ პროცესებში და ეხმარებოდეს საქართველოს მთავრობას წარმოქმნილი პრობლემების გადაწყვეტაში.

– რა განაპირობებს ვალუტის კურსის სხვაობას ჯიხურებსა და ბანკებში? ჯიხურებისთვის სხვა კურსი დგინდება და ბანკი სხვა რეალობას ქმნის და ჯიხური –  სხვას?

– სხვაობა იმითაა განპირობებული, რომ საქართველოში არ რეგულირდება საფინანსო ბაზარი, ის თავისუფალია და ყველა ჯიხური თავისუფალია ლარის კურსის დადგენაში. ჯიხურები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მოსახლეობის მოთხოვნაზე ვალუტის მიმართ და რეაგირებენ მხოლოდ და მხოლოდ ამაზე, კომერციული ბანკები უმეტესად რეაგირებენ იურიდიული პირების მოთხოვნაზე ვალუტის მიმართ. ამიტომ კურსთა განსხვავება ნორმალური პროცედურაა და არ უნდა იწვევდეს შეშფოთებას. შეშფოთებას უნდა იწვევდეს სხვა რამ: ის, რომ ქვეყანაში მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს აქვს შემოსავალი უცხოურ ვალუტაში. ეს არ არის ნორმალური მოვლენა. საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შავით თეთრზე წერია, რომ საქართველოში გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება არის ლარი და ეს მოთხოვნა აუცილებლად უნდა სრულდებოდეს. ამ შემთხვევაში დამნაშავეა ეროვნული ბანკი, რომელიც არ რეაგირებს კანონმდებლობისა და საფინანსო დისციპლინის დარღვევის ფაქტებზე და ეს სასწრაფოდ უნდა გამოსწორდეს. 

– ბანკებში ერთი და იმავე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსს შორის დიდი სხვაობა რითაა განპირობებული?

– ეს საკითხიც არ რეგულირდება კანონით, კომერციული ბანკები თავისუფლები არიან კურსის განსაზღვრისას. როდესაც თქვენ სერიოზულ სხვაობას ხედავთ ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსთა შორის, არის სპეკულაციური პროცესი, თორემ საკანონმდებლო პროცედურით ეს საკითხი საქართველოში არ რეგულირდება. სხვა ქვეყნებში სპეკულაციური მომენტები რეგულირდება.

–   ეროვნული ბანკი ვერ აღმოაჩენს, თუ კერძო ბანკებმა ფიქტიური კურსი დააწესეს, რაზეც თქვენ ზემოთ ილაპარაკეთ, მაშინ როგორ უნდა გამოავლინოს მან სპეკულაციური გარიგებები და, თუ გამოავლენს, რეაგირების რა მექანიზმები აქვს?

– მე თქვენ დასაწყისშივე გითხარით, რომ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის გვერდის ავლით ახდენენ ანგარიშსწორებას და ბლუმბერგის სისტემაში ეროვნული ბანკი ვერაფრით გადაამოწმებს ამას. ეროვნულ ბანკს შეუძლია, თვალი ადევნოს კომერციული ბანკის საკორესპონდენტო ანგარიშებს და ამის მიხედვით განსაზღვროს გარიგება რეალურია თუ თუ ფიქტიური. ამდენად საბანკო გარიგებების გარკვეული ნაწილი ამოვარდნილია კონტროლიდან, რაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ შეიძლება, ხდებოდეს სავალუტო სპეკულაცია.

– არ შეიძლება, კანონით დარეგულირდეს ეს საკითხი, რომ ასეთი ეჭვი არ არსებობდეს? ბოლოს და ბოლოს, როგორ შეიძლება, კერძო სტრუქტურას, თუნდაც, ბანკს ჰქონდეს ვალუტის კურსის დადგენის ერთპიროვნული უფლება და ამ პროცესს სახელმწიფო ვერც კი აკვირდებოდეს?   

– ყველაფერია შესაძლებელი. ეს არის ეროვნული ბანკის ინიციატივის ამბავი. თუ მას აწუხებს ქვეყნის ეროვნული ვალუტის ბედი და მისი კურსი, უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები.

– ვხედავთ, რომ არ იღებს ეროვნული ბანკი ამ ზომებს, სხვა ვერ მიიღებს, მაგალითად, პარლამენტი, რომლის წინაშეცაა ანგარიშვალდებული ეროვნული ბანკი?

– შეუძლია პარლამენტს ამის გაკეთება საკანონმდებლო წესით, თუმცა იმასაც გეტყვით, რომ ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტიც კი ჰყოფნის ამ საკითხის დარეგულირებას.

скачать dle 11.3