აღელვებული ცხინვალი
ანუ ყველას გიმკურნალებთ!
ჯერ იყო და, სოხუმში აღელდნენ, ჩვენი მოქალაქეები თბილისსა და ზუგდიდში დადიან სამკურნალოდო, ახლა კი მათ აღელვებას ცხინვალიც მიუერთდა: „პრ.“ ლეონიდ თიბილოვის აზრით, ცხინვალის რეგიონის მკვიდრთა ქმედება (ქართულ სამედიცინო დახმარებას რომ ანიჭებენ უპირატესობას), ძირითადად, უსაფუძვლოა, ვინაიდან, მისი თქმით, „ადგილობრივ მოსახლეობას შეუძლია, ისარგებლოს არცთუ ურიგო ადგილობრივი სამედიცინო მომსახურებით (იმდენი ლეონიდს დაუმშვენდა ცხვირი!)“.
მომყავს ციტატა „პრ.“-ის განცხადებიდან: „არც იქ არიან ღმერთები. არ შეიძლება, უკაცრავად და, ნაწლავური ინფექციებით დაავადებული ხალხის გაგზავნა, თითქოს ეს მოურჩენელი იყოს (თუ მისი ამ სიტყვებით ვიმსჯელებთ, ესე იგი, ჩვენებურ, ამჯერად ცხინვალელ სეპარატისტებს, უმეტესად ფაღარათი აწუხებთ?!).
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ იქვე დასძინა: „იწყება თანამედროვე ცენტრის მშენებლობა შესაბამისი აღჭურვილობით, გაგრძელდება მუშაობა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების მოზიდვისა და გადამზადების მიმართულებით“, გამოდის, რომ ხმები „არც თუ ურიგო სამედიცინო მომსახურების შესახებ“, რბილად რომ ვთქვათ, გადაჭარბებულია.
თუ სეპარატისტულ სტატისტიკას დავუჯერებთ, 2014 წელს 400-მდე პაციენტი გადმოვიდა ჩვენკენ. თუმცა ჩივიან, რომ მათ უმეტესობას „ოკუპანტმა“ ქართველებმა არასწორად უმკურნალეს (ესეც – ვირისა და მადლის შარი?!).
როგორც ირკვევა, სეპარატისტული მთავრობა ყველას არ უშვებს „საზღვარზე“ (მხოლოდ ნაცნობ-მეგობრებსო), ამიტომაც ავადმყოფ ცხინვალელებს ჩრდილოეთ ოსეთში უწევთ გადასვლა, საიდანაც საქართველოს ტერიტორიაზე ლარსიდან ხვდებიან.
ჩვენ არ ვიცით, რატომ ურჩევნია ჯანმრთელს დაავადებული მოსახლეობა „პრ.“ თიბილოვს, თუმცა პირობას ვდებთ, რომ თვით ლეონიდსაც ვუმკურნალებთ (ივან ივანიჩის პათოსით: è òåხÿ âûëå÷èì)! –