სამარხვო ფლავი
საჭირო ინგრედიენტები: 2 ჭიქა გრძელმარცვლიანი ბრინჯი (ხარშვისას რომ არ იქცევა ფაფად); 1 ჭიქა შავი, მწვანე ან შერეული მუხუდო; 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო, 150 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში, 4 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი, ნებისმიერი მწვანილი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა, ზეთი.
მომზადების წესი: ფლავი მზადდება სქელძირიან ქვაბში. გააცხელეთ მასში ზეთი და ოდნავ მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და წვრილ ჩხირებად დაჭრილი სტაფილო. ბრინჯი და მუხუდო კარგად გარეცხეთ, ჩაყარეთ ბოსტნეულში და დაუმატეთ პომიდორი თავის წვენთან ერთად, ოღონდ, პომიდვრები ჩანგლით დასრისეთ.
უყავით მარილი, პილპილი, დაასხით იმდენი ცხელი წყალი, რომ ბრინჯს ზედაპირზე ორი თითით ზემოთ მოადგეს. ჩაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი კურკუმა (კურკუმას, კარგი გემოს გარდა, ერთი შესანიშნავი თვისებაც აქვს: ის ანტიბაქტერიული ეფექტით გამოირჩევა. ორგანიზმს იმუნიტეტს უმაღლებს). მიიყვანეთ კერძი ადუღებამდე, შემდეგ დაუკელით ცეცხლს და ხარშეთ ფლავი თავდახურულ ქვაბში 20 წუთის განმავლობაში. არ ამოურიოთ.
როცა ბრინჯი და მუხუდო სითხეს სრულად შეიშრობს, ქვაბი გადმოდგით ცეცხლიდან, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ცოცხალი მწვანილი და მზად არის.