უბილეთო გულშემატკივრები
ზომაზე მეტი მოუვიდა წუხელ... თუმცა, რაღაც წუხელ, გამთენიისას ძლივს მიაღწია სახლამდე. ის ბოლო ჭიქა კი ნამდვილად ზედმეტი იყოო, გაიფიქრა და ცუდ ხასიათზე დადგა, მაგრამ, გაახსენდა, რომ დღეს სანუკვარი თბილისის „დინამო“ კიეველ თანაკლუბელებს ხვდება დედაქალაქის ცენტრალურ სტადიონზე და განწყობა წამსვე გამოუკეთდა.
მაგრამ, დაბრკოლება რომაა?! – ბილეთი არ აქვს.
სამაგიეროდ, აქვს გუშინდელი ათმანეთიანი. გავა „დინამოზე”. ნაცნობი ჰყავს, ერთ ბილეთს როგორმე შეიძენს იმ გადარჩენილი ფულით და დაჯდება მშვენივრად... მერე ჩვენები გაიტანენ პირველ ბურთს... კიეველები გაბრაზდებიან, მალე გაგვიქვითავენ... მერე ჩვენები გადაირევიან, შეუტევენ და მეორე ბურთს შეაგდებენ უკრაინელთა კარში. მაგრამ კიეველები ასე ადვილად რას დათმობენ?! შეეცდებიან, კვლავ გაქვითონ, ჩვენები მესამე ბურთსაც შეაგდებენ და...
... მოკლედ, გამოვიდა ჩვენი ნიაზი სახლიდან და გეზი პირდაპირ სტადიონისკენ აიღო.
ძმაკაცი არ გაეჩითა? შოთა რ-ძე.
– ნიაზ, დღეს სტადიონზე არ მიდიხარ, მამაძაღლი?
ნიაზი თავმოყვარე იყო და ვითომ ჩვენები დატუქსა:
– არა, ნაწყენი ვარ მაგათზე.
– რატომ, ნიაზ, რატომ?
– მაგას კითხვა უნდა, კაცო? ნაწყენი ვიქნები, აბა, რა მომივა, ერთი თვის წინ რომ სამარცხვინოდ წააგეს 4:1 რუსეთში, კი არ დამვიწყებია!
– კაი ახლა, – გაუადვილა ვითომ შოთამ, – წაგება-მოგება ძმები არიან. თანაც, იმიტომ წააგეს, რომ იმ დღეს, თამაშის დროს კოკისპირული წვიმა იყო, შე კაცო!
– გამოუწმინდე ახლა შენ ნამუსი! ოთხი ბურთი რო შეგვიგდეს რუსებმა, რა, „ზონტიკებით“ თამაშობდნენ?!
– მეიცა ახლა, თუ ძმა ხარ, დღეს მეიგებენ... სტაპრაცენტ გეუბნები, შვილიშვილს გეფიცები – გოგოს მხრიდან.
– ოო, რა ხარ, შოთა, შენ, რა ხარ... კაი, წამოვალ, ბილეთი გექნება შენ ზედმეტი.
– ზედმეტი კი არა, ჩემთვის არ მაქ! – სასწაულად მოიწყინა შოთამ, – არც შენ გქონია... არც მე მაქვს... აბა, ისე ვინ შეგვიშობს, თუ ძმა ხარ?!
– მაგის დედა არ ვატირე?! – ოპტიმისტურად შესძახა ნიაზმა, – აგერ, თუმანი მაქვს, პახმელიაზე ვარ უსაშველოდ, შევიდეთ სპარტაკას პივნოიში, თან მოვიფიქრებთ რამეს.
ორ საათში კარგად შეზარხოშებულები გამოტაატდნენ აღნიშნული დაწესებულებიდან.
აღარც თუმანია, არც ბილეთი (თანაც – ორი), მაგრამ ნიაზს „მანქანა-ტვინი“ ჰქონდა.
– რა ვქნათ?! – სახეზე სასოწარკვეთილება დაეხატა ახლა შოთას.
ნიაზ დიასამიძის თავში, როგორც ყოველთვის, უიდეალურესი და უნიჭიერესი სქემა ჩამოყალიბდა.
– გასაგებია? – გამომცდელად შეხედა შოთას.
– ვა, შენ რ ხარ, შე ოჯახაშენებულისშვილო?! – გაიხარა შოთამ, – გამოგვივა ვითომ?!
– მე მგონი, უნდა გაამართლოს! – და, იდეის განხორციელებას შეუდგნენ.
ხორცსაკეპ მანქანას ჰგავს რკინის დერეფანი. ჯგროდ აწყდებიან გულშემატკივრები. ნიაზი „რიგში“ ჩადგა და მიჰყავთ ინერციით. კონტროლიორები თავბედს იწყევლიან. აი, ნიაზიც (ჩაფიქრებული გეგმის მიხედვით) მიუახლოვდა (მიიტანეს) კონტროლიორს.
– შენი ბილეთი! – ეუბნება კონტროლიორი.
– ვისი, ჩემი? – უცოდველი კრავის სახით შეხედა ნიაზმა და უკან მოიხედა, – უთხარი რა (შოთა მეშვიდე თუ მეექვსე იყო)!
– ჯემალ, გაუშვი, ტო, ჩემთანაა! – იყვირა უკნიდან შოთამ.
იღბალი არ გინდა? – კონტროლიორი მართლა ჯემალი აღმოჩნდა და ნიაზი გაატარა. ჯგლერთვა-ჯგლერთვაში შოთაც „მიიტანეს“ კონტროლიორამდე:
– თქვენი ბილეთი, მოქალაქევ, – ეცა შოთას.
სამშვიდობოს გასულმა ნიაზმა ჯემალს ომახიანად შესძახა:
– ჯემალ, გამოუშვი, ტო, ჩემთანაა, ჩემთან! ხო მოგეცი მაგის ბილეთიც, ტო! – და ძმაკაცები ტრიბუნებისკენ გაენთნენ.