სად მიუჩინა საპატიო ადგილი ბრენდონ სტოუნმა „გრემის” ჯილდოს და როგორ გახდა გაჩერებაზე მის მიერ ნანახი ბიჭი ინდონეზიის სუპერვარსკვლავი
სასიხარულოა, როცა უცხოეთში მცხოვრები ქართველი წარმატებებს აღწევს და, ორმაგად სასიხარულო და საამაყო, როცა მის პიროვნებას აღიარებენ და ხმამაღლა აღნიშნავენ, რომ ის ქართველია. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდონ სტოუნი წლების წინ წავიდა საქართველოდან და იშვიათად ჩამოდის სამშობლოში, მაინც ახერხებს თავისი სიმღერებით შორიდან მოგვეფეროს. სულ ახლახან, ის ინდონეზიის ერთ-ერთი საპატიო პრიზის – „გრემის” მფლობელიც გახდა.
ბრენდონ სტოუნი: რამდენიმე წლის წინ, სრულიად შემთხვევით, ბერლინის ქუჩაში ვნახე ბიჭი, რომელიც ძალიან მაგრად უკრავდა და მღეროდა. მის შესახებ გაგონილი მქონდა – მეუბნებოდნენ, ერთი ბიჭია, საოცარი ნიჭიერებით უკრავს და მღერის და, ცოდვაა, ქუჩაში რომ დგასო. მოკლედ, მივედი მეტროს გაჩერებაზე, დავდექი, მოვუსმინე და, ისე მღეროდა სოულს, ჩემთვის ჩავილაპარაკე: ვა, მართლა რა მაგარი ვინმეა-მეთქი. გავეცანი, გამოვართვი ტელეფონის ნომერი და დავპირდი, „იურმალაში” რომ ჩატარდება „ახალი ტალღის” კონკურსი, აუცილებლად ჩაგიყვან-მეთქი. ბევრი რომ არ გავაგრძელო, რიგაში ჩავიყვანე, შესარჩევ ტურზე ძალიან მოეწონათ და ოთხი წლის წინ „ახალი ტალღის” გამარჯვებული გახდა. ეს ბიჭი ინდონეზიიდანაა, მაგრამ გერმანიაში ცხოვრობდა.
– შენ მიერ ბერლინის ქუჩაში აღმოჩენილი მომღერალი, სანდი სონდორო, დღეს ინდონეზიაში შოუ-ბიზნესის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. გამოდის, რომ მისი წარმატებული მუსიკალური კარიერა შენი დამსახურებაა?
– თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ, ასე გამოდის. არ დამავიწყდება, ერთხელ ვუთხარი: ასე კარგად მღერი და უკრავ და, ასეთი ნიჭისა და ხმის პატრონს რატომ არ გყავს მენეჯერი-მეთქი. მიპასუხა: ათი წელია, გერმანიაში ვარ და, სანამ შენ არ დამინახე და მომისმინე, არავინ მამჩნევდაო. ისიც კი ვუთხარი, წადი ინდონეზიაში, იქ 250 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და ვარსკვლავი გახდები-მეთქი. ჭკუაში დაუჯდა და, მეგობრების დახმარებით, ერთ-ერთ ინდონეზიურ ჟურნალში პატარა ანონსი გამოაქვეყნა „იურმალაზე” თავისი წარმატებული გამოსვლის შესახებ. სწორედ აქედან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა თავის სამშობლოში – მიიპატიჟეს და აღარც გამოუშვეს. სხვათა შორის, ჩემი დაწერილი სიმღერა, რომელიც პირადად მისთვის შევქმენი, ინდონეზიაში ჰიტი გახდა. დავუწერე მეორე სიმღერა – ისიც გაჰიტდა, მესამეც და ასე შემდეგ. ბოლოს, დაურეკეს და უთხრეს, შენი სიმღერები ხუთ ნომინაციაზეა წარდგენილიო. ინდონეზიაში ყოველ წელს ტარდება „გრემის” გადაცემის ცერემონიალი, ანუ, ეს არის ამერიკული „გრემის” დაჯილდოების ანალოგი. წარმოიდგინეთ, ხუთივე ნომინაცია მოიგო და, მეც, როგორც პროდიუსერი, მაღიარეს საუკეთესოდ და ავიღე „გრემი.” მართალია, ეს ინდონეზიის „გრემია,” მაგრამ, მაინც დიდი დაფასება და აღია©რებაა მუსიკოსისა და პროდიუსერისთვის და, იმედია, ამის შემდეგი ნაბიჯი ამერიკული „გრემი” იქნება (იცინის). თავიდან, რომ დამირეკა სანდიმ და მითხრა, ძმაო, „გრემზე” ხარ წარდგენილიო, ძალიან გამიხარდა. ჩავედი, დამაჯილდოეს და ახლა ეს ჯილდო ჩემ გვერდით, სტუდიაში, საპატიო ადგილზე დევს. მუშაობის პროცესში დროდადრო გავხედავ, ვუყურებ და უფრო მეტი სტიმული მეძლევა, სიამაყე მეძალება და ენერგიით ვივსები – ეს ჯილდო მომავლის იმედს მაძლევს.
– როგორც ვიცი, პრეზენტაციისთვის ემზადები, რომელიც მოსკოვში გაიმართება და საქართველოს ეძღვნება. როგორ აპირებ დიდი რუსეთიდან მშობლიური ქართველი ერის მოფერებას?
– ახლა გერმანიაში ვარ და სულ მალე ჩავალ მოსკოვში, სადაც მაგარი ამბები უნდა დავატრიალო (იცინის). მოკლედ, დავწერე სიმღერა საქართველოზე, რომელსაც მე და ქართველი მომღერალი ეთერ ბერიაშვილი ქართულად ვასრულებთ. ამ სიმღერაზე კლიპი კიევში გადავიღეთ და სწორედ ამ კლიპისა და სიმღერის პრეზენტაცია ჩატარდება მოსკოვში, რასაც რუსები მოუთმენლად ელიან. ეთერი მოსკოვში ცხოვრობს და საკმაოდ კარგი მომღერალია. ოთხი წელია, ვგეგმავთ დუეტის ჩაწერას და, როგორც იქნა, მოვახერხეთ.
– თუმცა, როგორც გავიგე, მოსკოვში პრეზენტაციაზე სიმღერა რუსულ ენაზე აჟღერდება და არა ქართულად. რატომ?
– იმიტომ, რომ რუსებმაც გაიგონ, რაზე ვმღერით, თორემ, მე და ეთერს ისედაც კარგად გვაქვს გათავისებული ყოველი ფრაზა და ბგერა. მართლა ძალიან კარგი სიმღერა გამოვიდა და ჰქვია „საქართველო, ჩემი დედა ხარ”. მოსკოვში მეც და ეთერსაც ყველა გვიცნობს როგორც ქართველ მომღერლებს, მაგრამ, ჯერ არ იციან, რა განცდით ვასრულებთ დუეტში სიმღერას საქართველოზე და როგორი სითბოთი ვეფერებით შორიდან ჩვენს ქვეყანას, რასაც სულ მალე ნახავენ. აი, სწორედ ამიტომ გადავიღეთ კლიპი რუსულ და ქართულ ენებზე, რომ ყველასთვის გასაგები ყოფილიყო მისი შინაარსი. რუსეთში რუსულენოვან კლიპს ვაჩვენებთ, მაისში კი ბათუმში მაქვს კონცერტი დაგეგმილი და ქართულენოვანი კლიპის პრეზენტაციაც იქ შედგება.
– კლიპი კიევში გადაიღეთ. საქართველოში რატომ არა?
– დიახ, საქართველოს მთებში, სოფლებში, ეკლესიებისა და მდინარეების ფონზე უნდა გადაღებულიყო კლიპი. პრობლემა ის იყო, რომ არც მე არ მეცალა და არც ეთერს, რომ დრო დაგვემთხვია და საქართველოში ერთდროულად ჩამოვსულიყავით გადაღებებისთვის. დავუკავშირდი უკრაინაში მაგარ ახალგაზრდა კლიპმეიკერებს და ვუთხარი, როგორ შეიძლება გადავიღო კლიპი საქართველოზე ისე, რომ იქ არ ვიმყოფებოდე-მეთქი. ისეთი იდეები მოგვაწოდეს და სასწაული ჩაიდინეს, გაკვირვებული დავრჩი. ქართული კადრები და ელემენტები დაადეს სიმღერას, მე და ეთერი ვიდექით მწვანე ფონზე და, რომ უყურებ, ასე გგონია, მართლაც საქართველოშია გადაღებული. ასე რომ, მე და ეთერმა, აბსტრაქტულად ვიმოგზაურეთ საქართველოში (იცინის). სხვათა შორის, ამ სიმღერის პრეს-რელიზი რომ გავაკეთეთ, ჯერ პრეზენტაცია არ ყოფილა, მაგრამ, კლიპი საქართვლოზე უკვე პოპულარულია ბალტიისპირეთსა და უკრაინაში. ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა ეს სიმღერა, არც კი მიფიქრია, უბრალოდ, მინდოდა, ორ ქართველს, რომლებიც სამშობლოდან შორს ვართ, ჩვენს ქვეყანაზე გვემღერა ქართულად. გვეჩვენებინა, რომ გვახსოვს, საიდან ვართ, საიდან მოდის ჩვენი ფესვები, ჯიში და გენი – სულ ეს იყო. მაგრამ, მიხარია, რომ უკრაინისა და ლიტვის რადიოებში აიტაცეს და ხშირად ითხოვენ მის გაშვებას. სულ ვამბობ: არ მინდა ოცნებები ასი პროცენტით ამიხდეს, მერე ასახდენი აღარ დამრჩება და არც მიზანი მექნება-მეთქი. ასე რომ, ახლა ჩემი მთავარი მიზანია, უფრო მეტი სიმღერა დავწერო და ბევრი ვიშრომო. აი, ერთი ოცნების ახდენა კი ძალიან მინდა და, თან – სწრაფად (იცინის).
– რა არის ეს ოცნება?
– ფილმის მუსიკის შექმნისთვის აღებული ამერიკული „გრემი”. ჰოლივუდის ერთ-ერთმა ცნობილმა რეჟისორმა უკვე შემომთავაზა ფილმისთვის მუსიკის შექმნა, თუმცა, ამაზე ჯერ არ ვლაპარაკობ. ოცნებები ნელ-ნელა მიხდება, თუმცა, არც არსად მეჩქარება (იცინის).