კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოკლეს ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავე ირმა დონდუა ქმარ-შვილის თვალწინ და ვინ აუშენა მას თბილისში ტაძარი

ანსამბლ „რუსთავს” ორი ლიდერი ჰყავდა – ქართული ხალხური სიმღერების რაინდი ჰამლეტ გონაშვილი და ქართული ცეკვების ნამდვილი დედოფალი – ირმა დონდუა. ცხოვრებისეული ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ, ძალიან მძიმეა მოსაყოლად და წასაკითხადაც, მაგრამ მაინც ვწერთ. ეს ამბავი 24 წლის წინ, თბილისში მოხდა. სამი თვის ფეხმძიმე ირმა დონდუა ქმარ-შვილის თვალწინ მოკლეს. მესამე სართულზე ღია აივნიდან შემოვარდნილი ტყვია მას კისრის არტერიაში მოხვდა. იმ დილით ირმას (თითქოს გუმანით) ქმრისთვის უთქვამს – ჩვენი შვილი შენ უნდა გაზარდო ნამდვილ ვაჟკაცადო. მაგრამ, საყვარელ მეუღლეს დევიმ დანაბარები ვერ შეუსრულა, ბიჭი რამდენიმე წელში მოსკოვში, მამის თვალწინ დაიღუპა... 2002 წელს დევი ქუთათელაძემ ჩიქოვანის ქუჩაზე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში ირმას და ვიტალის სახელზე წმიდა ბარბარეს სახელობის ეკლესია ააშენა.

დევი ქუთათელაძე: 1971 წელს სუხიშვილების სტუდია გაიხსნა და მათთან მივედი. რამდენიმე ბიჭი აგვირჩიეს. ჩემი ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე იყო. მერე, ფრიდონს რაღაც ინციდენტი მოუვიდა და დაიჭირეს. როცა გამოვიდა, ანსამბლ „რუსთავის” მთავარ ქორეოგრაფად დანიშნეს. ერთხელ „რუსთავი” გასტროლებზე ფეოდოსიიდან სუდაკში მიდიოდა, ავტობუსი ხრამში გადავარდა და ანსამბლის შემადგენლობის ნახევარი დაიღუპა. ამის შემდეგ გადავედი ამ ანსამბლში. ირმა ჩვენთან 1983 წელს მოვიდა. ის 16 წლის იყო, მე – 25-ის. როგორც კი დავინახე, გული ამიფორიაქდა. იმდენად მომეწონა, გავიფიქრე, ნეტავი მშობლები არ ჰყავდეს, რომ მისი თავი არ წამართვან-მეთქი. ძალიან ლამაზი იყო, ორი თვის შემდეგ გასტროლებზე რუსეთში წავედით. თითქმის ყველა ქალაქში ვიყავით. ერთხელაც სუფრასთან ვისხედით. საცეკვაოდ გამოვიწვიე და ცეკვის დროს ვუთხარი, რომ ძალიან მომწონდა. მე არ მომწონხარო. მაინც მოგიყვან ცოლად-მეთქი, – გულში ვთქვი. დაახლოებით ორი თვე საერთოდ არ მივაქციე ყურადღება – თუ არ მოგწონვარ, ნუ მოგწონვარ-მეთქი. სპეციალურად ვიქცეოდი ისე, რომ მეეჭვიანებინა. გასტროლების დამთავრებამდე 15 დღე იყო დარჩენილი. ჯგუფში ვინც უცოლო იყო, ყველას ირმა უყვარდა. ფრიდონმა გვითხრა:  ძლივს მოვიყვანე ეს ბავშვი, „სუხიშვილებს” გამოვტაცე ხელიდან და ძალიან გთხოვთ, არ გამიქციოთო. მე გვერდზე გამიყვანა და მირჩია, თავი დაანებეო. ვერ დავანებებ თავს, მიყვარს და მინდა, ცოლად შევირთო-მეთქი. ერთხელ, ირმას პასპორტი გამოვართვი, გადავშალე და ვუთხარი: აქ რეგისტრაცია აკლია-მეთქი. რა რეგისტრაციაო, გაუკვირდა. ჩემი სახელი და გვარის ჩარტყმა სჭირდება-მეთქი... წავედით კრუიზში ოდესაში. ერთი თვის შემდეგ ჩამოვედით... 29 ოქტომბერს ქორწილი გვქონდა. მეორე წელს, 12 აგვისტოს ვაჟი შეგვეძინა. ვიტალი დავარქვით.  
– რა შეიცვალა თქვენი დაქორწინების შემდეგ, ირმამ ცეკვა გააგრძელა?   
– ცეკვავდა. ბავშვი რომ გაჩნდა, ქალი ავიყვანეთ, რომელიც ხუთი საათით რჩებოდა ჩვენთან, სანამ რეპეტიციებიდან დავბრუნდებოდით. ირმა არსად არ მომყვებოდა სადმე რომ წავიდოდი. სახლში ყოფნა ერჩივნა. რეცხავდა, აუთოვებდა, ყველაფერს აკეთებდა, რაც კი შეიძლება, აკეთოს ქალმა.
– მის გარდაცვალებამდე რაიმე წინათგრძნობა ხომ არ გქონიათ?
– წინათგრძნობა არა, მაგრამ ერთმანეთისთვის გვიკითხავს, ერთ-ერთი თუ მოვკვდებოდით, მეორე რას იზამდა. ვეუბნებოდი: მე თუ მოვკვდი, გათხოვდი. შენ თუ მოკვდი, მე ცოლს აღარასდროს მოვიყვან, შენს გვერდით დავიმარხები-მეთქი.
– ძალიან უცნაურია, სიკვდილზე რომ საუბრობდით, ეს მაინც  წინათგრძნობაა. და რა მოხდა?
– 28 დეკემბერი ჩემი დაბადების დღეა. გავიგე, რომ ქუთაისიდან ჩემი მეგობარი ჩამოიყვანეს დამწვარი და დამწვრობის ცენტრში მიეყვანათ. მის სანახავად წავედი. საავადმყოფოში რომ მივედი, ვხედავ, მისი ცოლი რეანიმაციის კართან დგას, ხელში ანთებული სანთელი უჭირავს და ტირის. ვიფიქრე, ირმას მოვიყვან, მაინც ქალია და დაელაპარაკება, დააწყნარებს-მეთქი. ბავშვი ქვისლთან მყავდა დატოვებული, გავუარე, წამოვიყვანე. გზაში მანქანა გაფუჭდა, შევაკეთე, მერე ირმას მივაკითხეთ საავადმყოფოში წამოსაყვანად. მაპატიე, მთელი დღე მშიერი დაგტოვე-მეთქი. უსინდისო ხარო. კარგი, დაწყნარდი-მეთქი, ხელი გადავხვიე და ამ დროს იკივლა. დღის 4 საათი იყო. გასროლის ხმა არ გამიგია. ტყვიამ ჩემს თითებშორის გაიარა და ბავშვსაც ხუთი სანტიმეტრით ასცდა. ირმამ რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, ჩაიკეცა და თქვა, მომკლესო. ვეცი, ტანსაცმელი შემოვახიე, მინდოდა მენახა, სად მოხვდა ტყვია. სასწრაფოდ „არამიანცის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, მერე მე-9 საავადმყოფოში. გზა განგებ ამიბნიეს. ბოლოს მითხრეს, რომ აღარ იყო, მანქანაში გარდაცვლილიყო.
– ბავშვი როგორ დაგეღუპათ? 
– ირმას ორმოცმა რომ ჩაიარა, ჩემს მეგობარს თავდაცვის მიზნით იარაღი გამოვართვი და მოსკოვში წავედი, მაგრამ არა – საცხოვრებლად. რაღაც თანხა მქონდა და მინდოდა, ბავშვი იაპონიაში წამეყვანა, რომ როგორმე გადამეტანინებინა მისთვის ეს ტკივილი – ძალიან განიცდიდა. სულ ტიროდა, მუცელი მტკივა, თავი მტკივაო, – იძახდა. ამ დროს დედა უნდოდა, მართლა რამე კი არ სტკიოდა. დედაშენი ამერიკაშია და მალე ჩამოვა-მეთქი – ვატყუებდი. მოსკოვში რომ წავიყვანე, ცოტა გამოკეთდა. იქ ერთ აისორს შევხვდი, სხვათა შორის ქართული იცოდა. მანქანით ბენზინს ყიდდა და მასთან დავიწყე მუშაობა. დაახლოებით სამი წელი ვიმუშავეთ ერთად. დღეში თითქმის 1 000 დოლარი გვრჩებოდა. ამან დამტოვა მოსკოვში, 8 წელი იქ ვცხოვრობდით. ბინა ვიყიდე ლენინის მოედანთან ახლოს. ჩემი შვილი ლონდონში წავიდა სასწავლებლად, კემბრიჯის კოლეჯში, რომლის დამთავრების შემდეგ შეეძლო უგამოცდოდ შესულიყო უნივერსიტეტში. ერთხელ ლონდონიდან მოსკოვში 3-4 დღით ჩამოვიდნენ ვიტალი და ჩემი ცოლის დისშვილი, ისიც მასთან ერთად სწავლობდა. გასართობად წყლის ატრაქციონებზე წავედით. ვიქირავეთ კატერი. მე წყლის თხილამურებზე დავდექი და კატერს ჩავები უკან. ჩემს ბიჭს  ვუთხარი: არაფერია საშიში, მეც პირველად დავდექი თხილამურებზე-მეთქი. ვერაფრით დავითანხმე. შეეშინდა. კარგი, მაშინ კატერში მაინც ჩაჯექი, ამხელა გზაზე ტყუილად ხომ არ წამოხვედი-მეთქი. საღამოს 8 საათი იყო. ჩვენ გარდა, იქ არავინ იყო. წყალში რომ გავედით, გემი გამოჩნდა, კატერში ჩემი შვილი, ჩემი ცოლის დისშვილი და კატერის წამყვანი ისხდნენ. მაინცდამაინც იმ მომენტში გამოჩნდა ის გემი. ყველანი უკან იყვნენ მოტრიალებული და მე მიყურებდნენ. ვხედავდი, როგორ ასკდებოდნენ გემს. ვუყვიროდი, მაგრამ არ ესმოდათ. ხელი გავუშვი თოკს, ეგება მიხვდეს ის დეგენერატი და გააჩეროს კატერი-მეთქი. დავინახე, როგორ შეასკდნენ წინა ბორტს. მე ჟილეტი მეცვა მათ – არა. ყველას ვთხოვდი შველას, ვყვიროდი და არავინ მშველოდა. მერე, გემიდან გადმოაგდეს კამერა და ჩემი ცოლის დისშვილი აიყვანეს. მეც ავედი გემზე. მკითხეს, რამდენი იყავითო. ის კაცი აღარ ჩავთვალე და ვუთხარი სამი-მეთქი. მესამეც აქ არისო – მითხრეს. გამიხარდა, ჩემი შვილი გადარჩა-მეთქი, მაგრამ... ვინც მართავდა კატერს, ის კაცი გაიქცა.
– ვიტალის გადარჩენის შანსი არ იყო?
– ბავშვი გემის პროპელერში მოჰყვა. ხელი გადაუჭრა, ხერხემალი გადაუტეხა. მესამე დღეს ამოიყვანეს წყლიდან. თბილისში გადმოვასვენე. მეგობრებმა ხელბორკილები დამადეს, თავზე მადგნენ. ეშინოდათ, თავი არ მომეკლა – რამდენჯერმე ვცადე, სიგიჟემდე ვიყავი მისული. ოდესმე ვიფიქრებდი იმას, რომ შვილს დავმარხავდი და მე ცოცხალი ვიქნებოდი? ეს იყო 1999 წლის 4 ივლისი. 11 ივლისს დავკრძალე. პეტრეპავლობა იყო. ჩემს ცხოვრებაში პირველად მაზიარეს პეტრეპავლობაზე. მერე, მეგობარმა მითხრა, ეკლესია ააშენე. თუ შევძელი, დაგეხმარები, თუ არადა – ღმერთი მოგცემს ძალას, რომ ააშენო და თუ მაინცდამაინც თავის მოკვლა გინდა, მერე მოიკალიო. მოძღვარს აღსარება ვუთხარი, რაც ცუდი მქონდა გაკეთებული ცხოვრებაში, ყველაფერი ვაღიარე. ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა ყაზბეგში, თავის სახლში წამიყვანა, სადაც დედამისი ცხოვრობდა. მასთან ერთად რამდენიმე საათი დავყავი, პირისპირ ვსაუბრობდით. მითხრა: ტირილს თავი დაანებე, შენი შვილის სულისთვის ილოცე. უნდა იცოდე, რომ შენი შვილი არ მომკვდარა, გარდაიცვალა. ჩვენ აქ ყველა, შენს გვერდით ვართო. შევთანხმდით, რომ არავითარ შემთხვევაში თვითმკვლელობას არ ჩავიდენდი. ამის შემდეგ გადავწყვიტე, ჩემი მეუღლისა და შვილის სიყვარულით, წმიდა ბარბარეს სახელზე, ეკლესია ამეშენებინა აქვე, ჩიქოვანზე, ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ეზოში. მინდა, მომავალში ბერად აღვიკვეცო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე ბერი ვიქნებოდი. შეიძლებოდა ამ სიტყვის შემშინებოდა კიდეც, მაგრამ დღეს დიდი სურვილი მაქვს, ეკლესიაში ვიყო.

скачать dle 11.3