როდის მუშაობს ნინო გაჩეჩილაძის გონება, გული და სხეული ერთდროულად და როდის იგრძნო მან იმედგაცრუება
კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობს, ნინო გაჩეჩილაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის პოპულარულია. მსახიობის კარიერაში გადამწყვეტი, ალბათ, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” შესრულებული კატოს როლი იყო.
– როგორ ხარ, ნინო? გვიამბე ორიოდ სიტყვით საკუთარ თავზე.
– ჩემთვის ძალიან ძნელია საკუთარ თავზე საუბარი. ალბათ, სჯობია, ჩემს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს ჰკითხოთ, როგორი ვარ. ერთადერთი, რაც შემიძლია საკუთარ თავზე ვთქვა, არის ის, რომ არასოდეს ვიტყუები ურთიერთობებში, ყოველთვის ვარ ის, რაც ვარ და ბოლომდე ვენდობი ადამიანებს... არ ვიცი, ეს კარგია, თუ ცუდი.
– პირველი როლი გახსოვს?
– პირველი როლი ძალიან კარგად მახსოვს. ეს იყო მეოთხე კურსზე, 2001 წელს, სემუელ ბეკეტის პიესაში „ბედნიერი დღეები”, რომელიც ჩემმა კურსელმა, გიორგი აფხაზავამ დადგა. ეს იყო ჩვენი პირველი მცდელობა, გვეთამაშა აბსურდი გასაგებ ენაზე. მაშინ თეატრალურის რექტორი გიგა ლორთქიფანიძე იყო და მისი შეფასების ყველას გვეშინოდა. თუმცა, ბატონმა გიგამ ისეთი სიტყვებით შეგვაფასა, რომ ყველანი გაოგნებულები დავრჩით: ყველაფერს მოველოდით, ამის გარდა.
– როდის და რატომ გადაწყვიტე მსახიობობა, ეს იყო ბავშვობის ოცნება, თუ სპონტატური გადაწყვეტილება?
– ეს იყო აბსოლუტურად სპონტანური გადაწყვეტილება. ამ კითხვაზე არაერთხელ გამიცია პასუხი სხვადასხვა ინტერვიუში და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩემი ოცნება არასოდეს ყოფილა მსახიობობა, მე ჯერ მხატვრობაზე ვოცნებობდი, შემდეგ კი – ბალერინობაზე. თუმცა, საბოლოოდ, მსახიობი გამოვედი. ალბათ, ასეც უნდა მომხდარიყო.
– როგორ წარმოგედგინა მსახიობის ცხოვრება მაშინ, ოცნებისა და რეალობის გასაყარზე, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამდი ამ პროფესიაში და სინამდვილეში როგორი აღმოჩნდა ის?
– თეატრალურში რომ ჩავაბარე, თავიდანვე გვითხრეს, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესია, რომელიც ჯარისკაცის პროფესიას უდრიდა. თუ ამ პროფესიაში გინდა პირველი იყო, მაშინ ბევრი უნდა იშრომო, სხვანაირად არაფერი გამოვა. მერე წარმატება თავისით მოვა, თუმცა, რა თქმა უნდა, გამართლებაც აუცილებელია.
– რატომ ამბობენ მსახიობის ცხოვრება რთულიაო?
– რთულია უპირველესად იმიტომ, რომ ძალიან დიდ დროს და ენერგიას მოითხოვს. იმდენად კონცენტრირებული უნდა იყო შენს საქმეზე, რომ სხვა რაღაცეებზე არც უნდა ფიქრობდე. მსახიობობა – ეს ხომ სინთეზური პროფესიაა, სადაც გონება, გული და სხეული ერთობლივად მუშაობს. საჭიროა იდეალური (ან სახასიათო) გარეგნობა, იდეალური მეტყველება, იდეალური პლასტიკა და რა თქმა უნდა, დამაჯერებლობა. რაც მთავარია, მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობა.
– ამბობენ, ამ პროფესიას ხშირად იმედგაცრუებაც ახლავსო... მსახიობ ნინო გაჩეჩილაძეს თუ უგრძნია იმედგაცრუება?
– კი, არაერთხელ... მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს არ უნდა გახდეს იმის მიზეზი, რომ დანებდე. ამ პროფესიას, ისევე როგორც ცხოვრებას, მებრძოლი ადამიანები უყვარს და ვინც ბოლომდე იბრძვის, ის ყოველთვის იმარჯვებს.
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს მსახიობს, გარდა პროფესიონალიზმისა, რომ ცხოვრება გაიადვილოს, ყოველ შემთხვევაში, არ გაირთულოს?
– დიპლომატიურობაა საჭირო, უპირველესად, რაც მე ნაკლებად მახასიათებს. თუმცა, თუ ეს დიპლომატიურობა საკუთარ პრინციპებზე უარს მათქმევინებს, მაშინ მე ყოველთვის პრინციპებს ავირჩევ.
– რომელია როლი, რომელმაც ყველაზე მეტი პოპულარობა მოგიტანა?
– ამ ეტაპზე, ჯერჯერობით შემიძლია კატოს როლი დავასახელო, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან”. თუმცა, დარწმუნებული ვარ, მთავარი როლი ჩემს შემოქმედებაში ჯერ არ მითამაშია და ყველაფერი წინ არის.
– საოცნებო როლიც გექნება.
– კი, საოცნებო როლებიც მაქვს, თუმცა, მსახიობი არასოდეს უნდა ჩაიციკლოს საოცნებო როლებზე, შეიძლება ისე მოხდეს, რომ გაცილებით საინტერესო როლები შესთავაზონ, ვიდრე ისინია, თვითონ რომ ოცნებობდა.
– ამ ეტაპზე რაზე მუშაობთ?
– ამ ეტაპზე ვმუშაობ მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნებზე”, რომელშიც თეიმურაზ ხევისთავის მეუღლეს, მარგოს ვთამაშობ. სულ მალე პრემიერაა და ძალიან ვღელავ, არ ვიცი, რა გამოვა. თუმცა, მაინც საუკეთესოს მოლოდინი მაქვს (იცინის).
– პარტნიორები ვინ არიან?
– თეიმურაზ ხევისთავი – ნიკა კუჭავაა, ხოლო ჯაყოს ბექა გოდერძიშვილი თამაშობს.
– და მაინც, როგორია საქართველოში, ცნობილი მსახიობის ცხოვრების სტილი?
– ვფიქრობ, ჩვეულებრივი: დილას რეპეტიციაა, საღამოს სპექტაკლი, შუალედებში ვცდილობ, დავისვენო, ან მეგობრებს შევხვდე. თუ სპექტაკლი არ მაქვს, ან გადაღებაა, ან ფოტოსესია. მოკლედ, ამ პროფესიაში ვერ მოიწყენ (იცინის).