მარინა გოჩიტაშვილის საქველმოქმედო კონცერტი ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მშენებლობისთვის
21 თებერვალს რესტორან „მარკო პოლოში“ , ხოლო 22 თებერვალს კასპის კულტურის სახლში, ქალბატონ მარინა გოჩიტაშვილის ორგანიზატორობით, გაიმართა საქველმოქმედო კონცერტი ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მშენებლობის შეწევნისთვის, რომელიც უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შენდება გორის რაიონის სოფელ შავშვებში.
საქველმოქმედო საღამოზე ქალბატონი მარინა გოჩიტაშვილის სიმღერებით წარდგენ: კვარტეტი „ალილო”, „თეატრალური კვარტეტი“, ლაშა ღლონტი, ლაშა რამიშვილი და პაატა ხაჩიძე. კონცერტს უძღვებოდა მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე. სამომავლოდ, ქალბატონ მარინა გოჩიტაშვილის საავტორო შემოქმედებითი საღამოები, სახელწოდებით „ყველაფერი შენთვის მინდა“, მასშტაბურ სახეს მიიღებს და მთელ საქართველოს მოივლის. ტაძარი ღვთისგან მინიშნებულ, თავად ღვთისმშობლის გამოცხადების ადილზე იგება და სავალდებულოა თითოეულმა ქართველმა საკუთარი წვლილი შეიტანოს მის აღმშენებლობაში. ტაძრის საძირკველი ეკურთხა გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა) მიერ.
ტაძრის მშენებლობისთვის გახსნილია ანგარიშის ნომერი: GE58PC0143600100034866
ბანკის კოდი: MIBGGE22
(„პროკრედიტ ბანკი”).
მარინა გოჩიტაშვილი (კომპოზიტორი, ორგანიზატორი): ეს ღონისძიებები ზაფხულში დაიგეგმა. ერთი საქველმოქმედო კონცერტი უკვე ჩავატარეთ. ამ ტაძრის მშენებლობისთვის გავერთიანდით საკონცერტო ჯგუფი და მთელი საქართველოს მოვლას ვაპირებთ, რათა ამ კეთილ საქმეში აუცილებლად მიიღოს მონაწილეობა თითოეულმა ქართველმა, თუნდაც მცირედით, რადგან, ღვთისმშობლის საფარველის ტაძარი ღვთისგან მინიშნებულ ადგილზე იგება და მას ძალიან დიდი სულიერი მნიშვნელობა აქვს სრულიად საქართველოს კეთილდღეობისთვის. დიდი მადლობა მეუფეებს: გორისა და ატენის მიტროპოლიტ ანდრიას (გვაზავა), ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია); დეკანოზ არჩილს (მინდიაშვილი), მამა იოანეს (ჟივიძე), მამა პეტრეს (ტიტვინიძე) და მამა იაკობს (გეჯაძე). მათი ლიცვა-კურთხევა ნამდვილად მაძლიერებს. ასევე, მადლობას ვუხდი შესანიშნავი ლექსებისთვის გელა ჩადუნელს, ეფემია (ლეილა) შამანაურს, ციცო დუდუჩავას, ჩვენს საყვარელ მომღერლებს და ყველას ვინც მხარში გვიდგას ამ ღვთისნიერი საქმეში.
ლაშა ღლონტი (მომღერალი): ყოველთვის ვცდილობ საქველმოქმედო კონცერტებში მონაწილეობის მიღებას, რადგან, ეს არის ჩვენი მოვალეობა. არავის სჭირდება მხოლოდ სიმღერა, თუ ვინმეს არ დაეხმარე, ბედნიერება არ აჩუქე და არ მოეფერე. პირადად მე ყოველთვის მხარს დავუჭერ მსგავს წამოწყებას.