რაში აუბა მხარი დაჩი კოპაძეს ანანო მჟავიას მეუღლემ და რის გამო გაუჩნდათ პროტესტი მეგობრებს დაჩის მიმართ
22 წლის მორაგბე დაჩი კოპაძე ახლახან პროექტ „ორ ვარსკვლავში” გამოჩნდა, სადაც მას მეწყვილეობას ანანო მჟავია უწევს. დაჩის სიმღერაზე არასდროს უფიქრია, აქამდე მხოლოდ თავისთვის ღიღინებდა, მაგრამ უკვე იმდენად მოსწონს სიმღერა და კონკურსში მონაწილეობა, რომ ფინალში გასვლაზეც არ იტყვის უარს. რადგან ანანო ამ ეტაპზე პრესასთან ურთიერთობისგან იკავებს თავს, მხოლოდ დაჩი ჩავწერეთ, რომელსაც უნდა დაუმესიჯოთ ტელეფონის ნომერზე: 95 212
დაჩი კოპაძე: წინა პროექტებშიც შემომთავაზეს მონაწილეობა, მაგრამ, ვერ წარმომედგინა საკუთარი თავი ამ ამპლუაში. ჩემთვის სახლში ვღიღინებდი, მაგრამ ტელევიზიით გამოხვიდე და იმღერო – ეს ცოტა ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა და ამიტომ უარი ვთქვი. მეორედაც რომ დამირეკეს, ისევ უარი ვუთხარი. კიდევ როცა დამირეკეს, მეგობრებთან ერთად ვიყავი და, მათ რომ გაიგეს: მიდი, მიდიო; მოკლედ, მაიძულეს და დავთანხმდი. მიზნად არ მქონია, პოპულარული გავხდე-მეთქი, პირიქით, არ მიყვარს ყურადღების ცენტრში რომ ვარ, მირჩევნია, ჩემთვის ვიყო.
– როგორ შედგა შენი და ანანოს დუეტი?
– ანანოს ვიცნობდი და ამიტომაც გადავწყვიტე. მე და ანანოს მეუღლე მეგობრები ვართ. ამ პროექტში მონაწილეობაზეც იმიტომ დავთანხმდი, რომ ანანოზე არ მითხრეს უარი. ვინმე უცხო რომ შემოეთავაზებინათ, ალბათ, უფრო მეტად გამირთულდებოდა პროექტში მონაწილეობა. ვიცოდი, რომ ანანო ჩემთვის მაქსიმუმს გააკეთებდა და გვერდში ისე დამიდგებოდა, როგორც საჭირო იქნებოდა.
– ანანოს კანდიდატურა შენ შესთავაზე?
– მე შევთავაზე. ანუ, ჯერ მე მოვედი და მერე ვუთხარი: ანანოსთან ერთად მონაწილეობის ნებას თუ დამრთავთ, დაგთანხმდებით-მეთქი და, რა თქმა უნდა, ისინიც დამთანხმდნენ – კი ბატონოო.. კი, ბატონოო და, ასე შედგა ჩვენი დუეტი.
– ანანოსთან შეთანხმებული გქონდა თუ სიურპრიზი მოუწყვეთ?
– არ მქონდა ანანოსთან შეთანხმებული. ბექას ვთხოვეთ, რომ დაეთანხმებინა: გეხვეწები, არ გამიშვა მარტო-მეთქი. ბექა, რა თქმა უნდა, დაგვთანხმდა, თან, როგორც მეგობარმა, მხარი ამიბა და, საბოლოოდ, გამოვიდა.
– მოკლედ, ერთიანი ძალებით დაითანხმეთ.
– ასე გამოვიდა. მე და ანანოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, სულ ვხუმრობთ, ვიცინით. ასე მიმარტივებს ყველაფერს. ინგლისურის პრობლემა არ მაქვს, ტექსტსაც დავიმახსოვრებ, მაგრამ, სიმღერის დროს თითოეულ ასოს სხვანაირი გამოთქმა უნდა და ეს ძალიან რთულია. რაც წერია, ეს პირდაპირ რომ წავიკითხო, სულ სხვა რამ გამოვა. ანანოს მიკონკრეტებს და მეხმარება – მაგარი პროფესიონალია. ვფიქრობ, ამ მხრივ ძალიან გამიმართლა. თავიდან რომ ვუსმენ სიმღერას, გული მისკდება: ეს როგორ უნდა ვიმღერო-მეთქი, მაგრამ მერე ანანო რომ მომიტანს ფურცელზე ჩამოწიკწიკებულს, ძალიან მიმარტივდება ხოლმე. არ შემიძლია, არ ვახსენო ჩვენი პედაგოგები: ქალბატონი რუსა, რუსიკო, ქეთა და ბატონი ზაზა წურწუმია, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობენ. იმდენ სიმღერას აკეთებენ ერთ კვირაში, თან, ყველა სიმღერაში თავიანთი იმპროვიზაცია შეაქვთ, არ ვიცი, ამას როგორ ახერხებენ, გაოგნებული ვარ. მადლობა მათ ამისთვის. მე ერთ სიმღერას ვაკვდები და ძლივს ვსწავლობ.
– როგორი რეაქცია გაქვს ჟიურის შეფასებებზე? ჯერ შენს ცეკვაზე იხალისეს, მერე – ქამარი შეიხსენი ბოლომდეო და ასე შემდეგ.
– მე ვარ მორაგბე, არც ცეკვა ვიცი და არც სიმღერა. ცეკვაც სამოყვარულო დონეზე ვიცი და, ვეცადე, ადვილად გამოვმძვრალიყავი. ეს ადამიანები იმიტომ სხედან ჟიურიში, რომ იციან თავიანთი საქმე. მე, შეიძლება, მეგონოს, რომ ძალიან მაგრად ვიმღერე, მაგრამ ჟიურის შეფასებით ნული ქულა მეკუთვნოდეს. რადგან ჟიური, მაგალითად, 8 ქულას წერს, ესე იგი, 8 ქულაზე ვიმღერე, თუმცა, შეიძლება, მე მეგონოს, რომ მეტს ვიმსახურებ, 10-ზე ვიმღერე, მაგრამ, მათზე კარგად ეს არავინ იცის. რაც შეეხება ქამრის შეხსნაზე კომენტარებს, რა თქმა უნდა, ეს იუმორი იყო, შოუა და გამეცინა, სერიოზულად ხომ არ მივიღებ.
– აზარტშიც შეხვიდოდი უკვე.
– ახლა უკვე მაგარ აზარტში ვარ და არ მინდა, გამოვვარდე, რადგან, რასაც ხელს ვკიდებ, მინდა, ის ბოლომდე მივიყვანო. მაქსიმალისტი ვარ. საერთოდ, ყველა ადამიანი „დოზირებულად” უნდა იყოს მაქსიმალისტი – სხვანაირად რაღაც ეტაპების გადალახვა გაგიჭირდება. დიდი იმედი მაქვს თითოეული ჩემი მხარდამჭერის. ყველას მადლობელი ვარ, ვინც ერთი ესემესი გამომიგზავნა ან ისე მგულშემატკივრობს და, გთხოვთ, იქნებ კიდევ ერთი ესემესი გამომიგზავნოთ, რომ ფინალამდე მივიდე და უფრო კარგი შესრულება გაჩვენოთ.
– ალბათ, ამ პროექტმა მთლიანად შეცვალა შენი რეჟიმი.
– ხანდახან, ვარჯიშიდან ვარჯიშზე, რეპეტიციიდან რეპეტიციაზე რომ ვერ ვასწრებ საცობების გამო მანქანით მისვლას, მოტოციკლზე ვჯდები, რომ არ დამაგვიანდეს. ძალიან ბევრი დრო მიაქვს ამ ყველაფერს და მეგობრებსაც უკვე გაუჩნდათ პროტესტი: აღარ დაგიმესიჯებთო.
– რაგბის დიდი ხანია, თამაშობ?
– დაახლოებით 11 წლის ასაკიდან. ვარ საქართველოს ორგზის ჩემპიონი და ევროპის რამდენიმე გზის ჩემპიონიც. ახლა ვარ კლუბ „ლელოს” წევრი და მოქმედი ჩემპიონები ვიბრძვით, რომ ზედიზედ მესამედ გავხდეთ ჩემპიონები. ჩვენს ეროვნულ „შვიდკაცა” ნაკრებშიც ვთამაშობ. რაგბი არის ჩემი ცხოვრება, მის გარშემო ტრიალებს ყველაფერი. ცხოვრების 80-90 პროცენტი რაგბის დავუთმე და, ვფიქრობ, ამით უნდა ვიცხოვრო.
– სპორტი ბევრ თვისებას აყალიბებს ადამიანში და უფრო ძლიერს ხდის არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ, პიროვნულადაც.
– რაგბი ძალიან კაცური სპორტია, მოედანიც დიდ ცხოვრებისეულ გამოცდილებას გაძლევს: ბრძოლა, სისხლიანი შენი მეგობარი, შენც სისხლიანი... აქ დიდია ფსიქოლოგიური მომენტიც – უნდა გაუძლო, ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე. ცხოვრებაშიც ასეა: უნდა იშრომო, იბრძოლო, გაიტანო საკუთარი თავი, მეგობარი. რაგბი ცხოვრებასთან ახლოს არის და კაცურ თვისებებს აყალიბებს ადამიანში.
– მოტოციკლს, ავტომობილს, ანუ, ზოგადად, ბევრ რაღაცას, უკვე თავად ყიდულობ საკუთარი თავისთვის?
– ვცდილობ. მიყვარს როდესაც ჩემით ვაკეთებ ბევრ რამეს. დედამ და მამამ საკმარისი გააკეთეს და ახლა ცხოვრების იმ ეტაპზე ვარ, რომ ჩემი მქონდეს ყველაფერი.
– რამე გატაცება თუ გაქვს?
– მოტოციკლი მიყვარს ძალიან; კიდევ – ავტომობილით სიარულისას ადრენალინი; ასევე, მიყვარს სპორტულ დარბაზში სიარული და ვარჯიში. ყველას ვურჩევ, რომ ბევრი დრო დაუთმოს საკუთარ ჯანმრთელობას. როდესაც სპორტსმენი ხარ, ორჯერ მეტი გჭირდება იმისთვის, რომ შენი ფიზიკური მონაცემები გააძლიერო.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში, როგორი გოგონები მოგწონს, რამე მოთხოვნები თუ გაქვს მათდამი?
– დაოჯახებული არ ვარ. არ მაქვს რამე მოთხოვნები გოგონების მიმართ. რა თქმა უნდა, გარეგნობას აქვს მნიშვნელობა, მაგრამ, მთავარი მაინც შინაგანი სამყარო, სულიერებაა. გოგონა ბიჭის თვალში ერთიათად მაღლდება, როცა ვარჯიშობს და თავს უვლის. ამიტომ, ძალიან დიდი თხოვნა მაქვს გოგონებთან – ცხოვრების წესად აქციონ ვარჯიში.
– როგორ იქცევი, როცა გოგონა მოგწონს – შეგიძლია, მიხვიდე მასთან და თამამად გამოხატო შენი ემოციები?
– არა, არა, არ შემიძლია, არასდროს არ გამომიხტავს აშკარად. ამ საკითხში თამამი არ ვარ, მორცხვი ვარ.