რატომ იჭრიდნენ სამურაები მუცელს და როგორ სრულდებოდა ჰარაკირის ცერემონიალი
ფეოდალური ხანის ეპოქაში, ევროპისა და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში, ხშირად გვხვდება რაინდების ფენომენი. ამ მხრივ, იაპონელთა სამურაები ორიგინალურობით ნამდვილად გამოირჩევიან. მიუხედავად იმისა, რომ ისინი გლეხობიდან მოდიოდნენ, დიდი როლი ითამაშეს იაპონიის ისტორიაში. სამურაები, სამხედრო ფენის იმ ნაწილს წარმოადგენდნენ, რომლებსაც საკუთარი სიცოცხლე არ ადარდებდათ და მხოლოდ ბატონის, ანუ შიოგუნის კეთილდღეობზე ზრუნავდნენ. დაწვრილებით ამ თემაზე, ისტორიკოსი და კულტუროლოგი, ქალბატონი ნინო გოგავა გვესაუბრა.
– როდის ჩამოყალიბდა სამურაების ფენა?
– ფეოდალიზმის განვითარებასთან ერთად, იაპონიაში ჩნდება პროფესიულ მეომართა ფენა – სამურაები. თავად სიტყვა „სამურაი“ ბატონის მიმართ სამსახურს ნიშნავს და იაპონური ზმნისგან „საბურაუდან“ წარმოიშვა. ამ სტატუსის ქვეშ მყოფი პირის საქმე, მხოლოდ სამხედრო სამსახური იყო. სამურაების რაზმები, პირველად, მე-8 საუკუნეში შეიქმნა, რომელთა რიცხვშიც ღარიბი გლეხები ირიცხებოდნენ. მათ ეძლეოდათ საკვები, საცხოვრებელი და ტანისამოსი. მე-12 საუკუნეში, იაპონიაში, იმპერატორს ძალაუფლება ჩამოერთვა და სამხედრო პირების – შიოგუნების ხელში გადავიდა. სამურაების ეპოქა მეთოთხმეტე– მეჩვიდმეტე საუკუნეებს მოიცავს, ამ დროს მოსახლეობის 10 პროცენტს, სწორედ, ისინი წარმოადგენდნენ. 1868 წლიდან, ბურჟუაზიული რევოლუციის შემდეგ, საერთოდ გაუქმდა სამურაების ფენა. მათი საგმირო საქმეები აისახა სამხედრო ეპოსში – ჰუნკებში, რომელთა შესწავლაც აუცილებელი იყო სამურაების სკოლაში. მათ უნდა სცოდნოდათ სამხედრო საქმე, ხმლის უბადლო ხმარება, ცხენით ჯირითი და ყველაზე მთავარი – ბატონის დაცვა. სამურაების ფენასთან ერთად შეიქმნა მოძღვრება რაინდულ ქცევებზე, რომელიც იაპონურად ბუშიდოს სახელით არის ცნობილი. ბუშიდო ეს არის მეომრის გზა, სადაც განხილულია სამურაების მორალური პრინციპები და ქცევის ნორმები: ერთგულება, გამბედაობა, პატიოსნება, თავშეკავება და ღირსების დაცვა. უფრო კონკრეტულად, სამივე რელიგიური მოძღვრების – შინტოიზმის (იაპონელთა მთავარი რელიგია), ბუდიზმის, რომელიც ძენ-ბუდიზმის სახელითაა გავრცელებული და კონფუციონიზმის გაერთიანებული მსოფლმხედველობას წარმოადგენს ბუშიდოს კოდექსი, რომლის მიხედვითაც სამურაის სამი მთავარი თვისება უნდა ჰქონოდა: სიბრძნე, ჰუმანურობა და სითამამე. ამ ყოველივეს ისინი სამურაების სკოლაში სწავლობდნენ და ეს ტრადიცია თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათ მიაჩნდათ, რომ სიცოცხლის დაკარგვა შეიძლებოდა, ბატონის კი – არასოდეს.
– რომელი წლიდან იწყებდნენ ბავშვები სამურაების სკოლაში სწავლას?
– სამურაების სკოლაში, ვაჟები 6-8 წლის ასაკიდან იწყებდნენ სწავლას. თხუთმეტი წლის ბიჭი სრულწლოვნად ითვლებოდა. ამ ასაკს თან ერთვოდა გარკვეული რიტუალი. ის პირველად იცვამდა დიდების ტანისამოსს, საჩუქრად იღებდა ნამდვილ ხმალს, რომელიც მთელი ცხოვრება უნდა ეტარებინა და უკეთებდნენ სამურაის ვარცხნილობას – კეფაზე პარსავდნენ თმას. დარჩენილ თმას უწნიდნენ, ორად გრეხდნენ და თასმით უკრავდნენ. ბრძოლის დროს, სამურაის ქუდიდან ეს ნაწნავი გამოყოფილი უნდა ჰქონოდა. თუ მოწინააღმდეგე მას მოაჭრიდა – დიდ სირცხვილად ითვლებოდა. ამიტომ, განსაკუთრებით უნდა გაფრთხილებოდა მას. ამ ყოველივეს შემდეგ, სრულწლოვანი სამურაი ტაძარში მიდიოდა, არქმევდნენ დიდი კაცის სახელს და აცნობდნენ საცოლეს. თუ ბიჭი მდიდარი იყო, ცოლი მხოლოდ პოლიტიკური თვალსაზრისით მოჰყავდა. ღარიბს შეეძლო, სიყვარულით შეერთო მეუღლე. მათ ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდათ ქალისადმი. როდესაც მოწაფე სამურაი დედასთან ერთად მდინარეზე გადადიოდა, ის მდინარეზე გაწვებოდა, რომ დედას ფეხები არ დასველებოდა. იყვნენ ქალი სამურაებიც, მაგრამ მათ არ შეეძლოთ დიდი ხმლის ტარება. მოგვიანებით აიკრძალა ქალი სამურაების არსებობა, თუმცა თუ შიოგუნს ეყოლებოდა გოგონა, მას აუცილებლად უნდა ესწავლა საბრძოლო მოქმედებები. საერთოდ, ბიჭის დაბადება სამურაების ოჯახში დიდი ბედნიერება იყო. ახალდაბადებულს ასაჩუქრებდნენ, ორი მოხრილი ფორმის მარაოთი, რომელიც ხმალთან ასოცირდებოდა. მაისის თვეში იმართებოდა „ბიჭუნების დღესასწაული“ (რომელიც დღესაც იმართება), ვაჟებს სჩუქნიდნენ პატარა ხის თოჯინებს სამურაის აღჭურვილობით გაწყობილს. ყველა ოჯახში, სადაც ბიჭი ჰყავდათ, სახურავზე გამოფენილი იყო კობრი თევზის ფორმის ფერადი დროშა.
– სად ცხოვრობდნენ სამურაები და რა გასამრჯელოს იღებდნენ?
– როგორც ევროპაში, ასევე იაპონიაშიც ფეოდალი თავის ციხე-სიმაგრეს აგებდა, რომელსაც დიდი გალავანი ერტყა. მის შიგნით ცხოვრობდნენ ფეოდალები და მისი მსახურები, მათ შორის სამურაებიც. მათ ეკრძალებოდათ გალავნის გარეთ გასვლა. ბატონისადმი ერთგული სამსახურისთვის, ისინი ანაზღაურებას იღებდნენ, თუმცა, ეს არ იყო ფული, მათ აძლევდნენ ბრინჯის ულუფას, რომელსაც კოკუ ეწოდებოდა. ერთი კოკუ 155-160 კილოგრამ ბრინჯს იწონიდა. განსხვავდებოდა სამურაების ხელფასი რანგის მიხედვით. ისინი 31 კლასად იყვნენ დაყოფილნი. ყველაზე მცირე ანაზღაურება 30 კოკუ იყო, რომელსაც ღარიბი სამურაი იღებდა. მიღებულ გასამრჯელოს გამოიყენებდნენ: აღჭურვილობისთვის, იარაღისა და ოჯახისთვის. სამუარების ძირითადი ცხოვრების წესი ვარჯიში იყო. მათ ეკრძალებოდათ ქუჩაში გამოსვლა, თეატრებში, საროსკიპოებსა და ჩაის სახლებში სიარული. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ახერხებდნენ თავის დაღწევას და კვირაობით იკარგებოდნენ ციხე-სიმაგრეებიდან. ძირითადად, თეატრებში ათევდნენ ღამეებს. თავად შიოგუნი თავისუფლად ცხოვრობდა.
– განსხვავებული ჩაცმის სტილი ჰქონდათ?
– სამურაი საზოგადოების სხვა ფენებისგან ჩაცმულობითაც გამოირჩეოდა. ყოველდღიურად ისინი რუხი ფერის კიმონოს, ქამარს და მოსასხამს ატარებდნენ, კიმონოზე ხუთი გერბი ჰქონდათ გამოსახული. საომარი მოქმედებების, ან დიდი აღლუმების დროს მათ ტანისამოსს ემატებოდა კურტაკი მაგარი მხრებით და შარვალი, რომელიც ქვედაბოლოს უფრო ჰგავდა. აუცილებლად ეკეთათ ქამარი, რომელშიც იდებდნენ ორ ხმალს, გრძელსა და მოკლეს – 63 და 80 სანტიმეტრისას. ყველაზე ღარიბ სამურაისაც კი, მდიდრული ხმალი ჰქონდა. ეს იყო მისი სიწმინდე. ზაფხულში და ზამთარში სხვადასხვა ტანისამოსს იცვამდნენ, ფეხზე სანდლები და თეთრი, სქელი წინდები ეცვათ, საიდანაც ცერა თითი ჰქონდათ გამოყოფილი. დღესასწაულებზე უნდა ჩაეცვათ გრძელტოტიანი შარვლები, მისი ჩაცმა იმდენად რთული იყო, რომ დამხმარეები სჭირდებოდათ. ხმლის გარდა, მათ აღჭურვილობაში შედიოდა შუბები, რომლებიც 4-6 მეტრის იყო, მშვილდისარი და მარაო. მე-16 საუკუნეში პორტუგალიელებმა, იაპონიაში ცეცხლასაროლი იარაღი შეიტანეს, რომელიც შემდგომში სამურაის საომარ იარაღად იქცა.
– როდის იკეთებდა სამურაი ჰარაკირის?
– თუ სამურაი თავის მოვალეობას არ შეასრულებდა თავი უნდა მოეკლა, ანუ ჰარაკირი გაეკეთებინა. ჰარა მუცელს ნიშნავს, კირი კი – მუცილის გაფატვრას. ჰარაკირი – ევროპელების ტერმინია, იაპონელები მას „სეპუკუს“ უწოდებდნენ, რომელიც ხელოვნების დონეზე ჰყავდათ აყვანილი. ეს იყო თეატრალიზებული სანახაობა, რომელიც სრულდებოდა საღამოს ან ღამე. ფენდნენ თხელ ჭილოფს, მასზე აფენდნენ თეთრ ტილოს, ზემოდან – წითელი ფერის შალის ნაჭერს. თხელ კიმონოში გამოწყობილი სამურაი ფეხმორთხმული ჯდებოდა, მასთან მიდიოდა ორი სეკუნდანტი – უფროსი და უმცროსი. სამურაი იღებდა ხანჯალს, ჰორიზონტალურად ირჭობდა მარცხენა ფერდში და ატარებდა ჭიპის ქვემოთ მარჯვენა ფერდამდე, შემდეგ ვერტიკალურად დაისვამდა ჰორიზონტალურ კვეთამდე. თუ სამურაი არ კვდებოდა, მაშინ მის უკან მდგომი სეკუნდანტი თავს კვეთდა. ჰარაკირის, როგორც მამაკაცები, ასევე ქალებიც იკეთებდნენ. სუსტი სქესის წარმომადგენლები ყელში ან გულში ირჭობდნენ ხანჯალს. მათთვის ბრძოლის ველზე დაცემა და ჭილოფზე სიკვდილი ერთნაირი გმირობა იყო. თუ სამურაის ბატონი დაეღუპებოდა ჰარაკირის იტარებდა. მაგალითად: ერთხელ ბატონს, მისი ქალიშვილის ამორალური საქციელი შეატყობინეს. ამის გამო მან ჰარაკირი გაიკეთა და მისმა 18 ქვეშევრდომმაც იგივე გაიმეორა. სწორედ ამიტომ, 1663 წელს შიოგუნის ბრძანებით, აიკრძალა ფეოდალის სიკვდლის შემდეგ, თავის მოკვლა. ზოგადად, საუმრაები მიიჩნევდნენ, რომ სიკვდილი გარდაუვალი იყო. მათ ბავშვობიდანვე უნერგავდნენ ამ შეხედულებას და ამიტომ გულგრილად უყურებდნენ სიცოცხლეს.