კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ზრდიდნენ მეომარ ქალს ძველ საქართველოში და რა განსხვავებაა მამალ-ფრანგულ და დედალ-ფრანგულ იარაღს შორის

უკვე წლებია, კობა ჭუმბურიძე ქართულ საბრძოლო ხელოვნებას იკვლევს. „მიზეზთა გამო, ჩემი ნაშრომი წიგნად ვერ გამოვეცი და ავტვირთე ბლოგზე, სადაც ყოველგვარი რეკლამის გარეშე, მიაგნო 170 000 ადამიანმა”, – ამბობს ის. სწორედ წინაპართა – „ზნენი სამამაცონი” იქნება ჩვენი ინტერვიუს თემა.

კობა ჭუმბურიძე: ათეულობით საუკუნეა, რაც ქართველები სახლობენ მიწაზე, სადაც საქარავნო გზა გადის. ასეთი გზები კი ოდითგან ძალიან მნიშვნელოვანი იყო და, შესაბამისად, მრავალთ აღძრავდა საონავროდ. პატრონს კი გამორჩეული სამხედრო ხელოვნება სჭირდებოდა მის დასანარჩუნებლად.   დღეის მდგომარეობით მოკვლეულია ორთაბრძოლის ათეულობით სახეობა და გადარჩენილია მათი საბაზო მოცულობები. ეს სამუშაო განახორციელეს ქართული საბრძოლო ხელოვნების მოხალისე მკვლევრებმა. წიგნი – „ზნენი სამამაცონი”, რომელსაც საქართველოს პატრიარქმა წარუმძღვარა წინასიტყვაობა და 15 წელზე მეტი იწერებოდა, მხოლოდ ზოგადად მიმოიხილავს ქართული საბრძოლო ხელოვნების ძირითად მიმართულებებს. ის ჯერაც არაა გამოცემული. დაინტერესებულთ კი, მისი ნახვა ინტერნეტის საშუალებით შეუძლიათ.
– ბატონო კობა, როგორ იყო განლაგებული ქართული ჯარი?
– ვახტანგის დროს მკაფიოდ გამოიკვეთა ასეთი წყობა – ჯერ მძიმედ შეჭურვილი რაზმი ეტაკებოდა მოწინააღმდეგის განლაგებას და არევ-დარევა შეჰქონდა მის რიგებში (ეს დაახლოებით იმას ჰგავს, ახლა რომ ჯერ ავიაცია და ტანკები დაამუშავებენ ბრძოლის ველს). უკუქცეულ მტერს მოსდევდა მეორე წყება, მსუბუქად შეჭურვილი, რომ იოლად დასწეოდა და დაეკოდა. მათ იარაღიც კი საგანგებო ჰქონდათ, ამისთვის მოსახერხებელი. მერე ამათ მოჰყვებოდნენ ფეხოსნები, ძირითადად, ტყვეების ასაყვანად და ალაფის მოსაკრებად.
– ქალის აღზრდა თუ ხდებოდა მებრძოლად?
– ამ კითხვას ორი პატარა პასუხი ეყოფა. პირველი – ეპისკოპოს ჟაკ დე ვიტრის (მეცამეტე საუკუნე) „იერუსალიმის ისტორიაში” ამგვარ ცნობას ვხვდებით: „ისინი (ქართველები) არიან დიდად მედგარნი და მამაცნი ბრძოლაში, სხეულით მძლავრნი და მხედრობით ძლევამოსილნი. მათ სასტიკად ჰყავთ დაშინებულნი სარკინოზები, ხშირი თავდასხმებით ამარცხებენ მათ მოსაზღვრე სპარსელებს, მიდიელებს და ასირიელებს.…მათი კეთილშობილი ქალები, ამორძალთა მსგავსად, შეიარაღებულნი იბრძვიან რაინდთა მხარდამხარ”... და მეორე, სულხანსაბასეული ორი განმარტება: ფუნდრუკი – ვაჟთა მიერ სრბოლა, ხლდომა და სხვა სიკისკასენი; ხუნტრუცი – ქალთა მიერ „ფუნდრუკი ძალისაებრ მათის.”
ამ განმარტებებში ნათლად ჩანს, რომ ასპარეზობებისას ქალებს სახეობათა მხრივ შეზღუდვები არ ჰქონიათ და ერთადერთი სხვაობა ფიზიკური შესაძლებლობა იყო.
– როგორ არჩევდნენ ხმალს, რატომ განსხვავდებოდა ისინი სიგრძითა და ზომით ერთმანეთისგან?
– დავითის მემატიანეს ერთი ბრძოლის აღწერისას ნათქვამი აქვს: „ფრიადისა ცემისაგან ხრმალმანცა დაღვლარჭნილმან უარყო ქარქაში თვისი”... რაც ამ ხმლის სირბილეზე მიუთითებს. რა გაუჭირდა აღმაშენებელს, რომ საუკეთესო ხმალი ვერ ეშოვნა? საქმე ისაა, რომ ფოლადი რკინასთან შედარებით ფიცხია და იოლად ტყდება. დავითს კი გოლიათური აღნაგობა ჰქონდა და შეეძლო, ბევრჯერ და ღონივრად მოექნია ხმალი. ამიტომ, მისი იარაღი ნაკლებად ფიცხი უნდა ყოფილიყო. ფიზიკურად ნაკლებად ძლიერი ადამიანები უფრო რკალურ-სერვით მოძრაობებს აკეთებენ ხმალაობისას, რადგან ამ გზით ნაკლებ ძალას ხარჯავენ. ასეთებს უფრო აწყობთ მეტადფოლადიანი ხმალი.
– რით განსხვავდება ხმალი ხანჯლისგან?
– ხანჯალმა თავისი ფორმა და მოხმარების ტექნიკა იმ დროში შეიძინა, როცა მისი მასალა ბრინჯაო იყო. ეს ლითონი არ იძლეოდა მეტი სიგრძე ჰქონოდა იარაღს. რკინის ათვისებამდე დიდხანს იყო იარაღი ამ ფორმის. მერე კი რკინამ სრულიად ახალი შესაძლებლობები მოიტანა და იარაღიც დაგრძელდა, სერვაშიც უფრო ვარგისი გახდა. თუმცა, ათასწლოვანი ცოდნა მოკლე იარაღის ხმარებისა იმდენად დახვეწილი იყო, რომ არ დაკარგა კაცმა და ხანჯალი გვიანობამდე გამოჰყვა მის აღჭურვილობას. არის კიდევ ბევრი ასპექტი, მაგრამ მათ გადმოცემას შესაბამისად, ბევრი სტრიქონიც დასჭირდება.
– ვაჟას პოემაში ვხვდებით ასეთ ფრაზას: „ბევრს ქისტს მააჭრა მარჯვენა, სცადა ფრანგული ფხიანი”... რომელ იარაღს მოიხსენიებენ „ფრანგულად”?
– მამალ-ფრანგული ევროპულ, ძირითადად, იტალიურ ხმლებს ერქვა და დედალ-ფრანგული – რუსული წარმოებისას.  რად უნდა დასჭირვებოდათ საქარხნო წარმოების ხმალი იმ კუთხეში, სადაც აპარეკა „ბაწარაულსა” სჭედდა?  რად და „ბაწარაულები” და „გველისპირულები” ოცდაათ ძროხად ფასობდა. „ფრანგული” კი ბევრად ჩამოუვარდებოდა ხარისხით, მაგრამ საკმაოდ საიმედო იყო და ხუთ ძროხად მოიპოვებდი.
– ქართული კრივიო ბევრგან წერთ, არადა, მეგონა, რომ საქართველოში ჭიდაობა უფრო პოპულარული საბრძოლო და შემდეგში სპორტის ნაირსახეობა იყო...
– ეგ შედარებით გვიანდელი შეხედულებაა. კრივი უხსოვარი დროიდან პოპულარულია და საბედნიეროდ, რამდენიმე სახეობამ ჩვენამდეც მოაღწია. ჭიდაობა, რასაც ახლა ვეძახით, არსებითად განსხვავდება წინამორბედისგან. დავიწყოთ იმით, რომ ადამიანთა დაჭიდებას რკინება ერქვა და ეს სიტყვა გვახვედრებს, რასთან გვაქვს საქმე. ჭიდება კი ერქვა კაცის ცხოველთან დაჭიდებას, ხოლო ცხოველისა ცხოველთან იყო ბუღრაობა. აკაკი ასე აღწერს ნესტორ ესებუას შერკინებას კულა გლდანელთან: მივარდა, გულში ხელი ჰკრა, ბურთივით გააგორაო... ანუ, ასიოდე წლის წინ ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ჭიდაობაში ჩხუბის ელემენტები.
– როდის და როგორ შემოდის ცეცხლსასროლი იარაღი საქართველოში და რომელია მათგან პირველი ქართული იარაღი?
– ზემოთ საქარავნე გზა ვახსენე და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სიახლე თავისი დროისა, ძალიან მალე ხვდებოდა ჩვენს ხელში – აბრეშუმის ქსოვილიდან ვიდრე იარაღამდე. ანუ, ჩვენში ცეცხლსასროლი იარაღი გაჩნდებოდა მისი გამოგონებისთანავე, მცირედი დაგვიანებით, სავაჭრო გზით, ან საბრძოლო ალაფის სახით. ისე კი, ჩვენი მცირე ხრამის პეტროგლიფებზე გამოსახული მშვილდი, დაახლოებით, 150 საუკუნის წინანდელია და მან ასპარეზი ცეცხლსასროლ იარაღს მეცხრამეტე საუკუნის ლამის მიწურულამდე არ დაუთმო. მართალია, მშვილდი ჯერ კიდევ უფრო სწრაფმსროლელი იყო, მაგრამ ახალი იარაღით ჩვენი წინაპრის დიდ დაინტერესებაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ გარდა შავი დენთის წარმოებისა, ვახტანგ მეექვსეს, ნაშრომში „წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის”, თოფის წამლის დამზადების ქართული ხერხიც აქვს აღწერილი. ჩვენში ესოდენ პოპულარული თოფი – „ხირიმი” ინგლისური წარმოებისა იყო და ასე იმიტომ ერქვა, რომ ყირიმიდან შემოდიოდა. ადგილობრივი წარმოების თოფებიდან კი გამორჩეული იყო „მაჭახელა”, რომელიც თავისი დროის თოფებს ტოლს არ უდებდა.   ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლამ მნიშვნელოვნად იმოქმედა ტრადიციებზე. ხალხურ საგმირო პოეზიაში ნათლად ჩანს, რომ თუ ადრე ხმლით ტევება მიაჩნდათ ვაჟკაცობად – „მალვით ვინც მტერი მტერს მოკლავს, ის ქალს ვითა სჯობს თმიანსა?”. თოფის დამკვიდრებასთან ერთად, ჩასაფრება და მარჯვედ სროლა იქცა ხოტბის საგნად. ცეცხლსასროლი იარაღი ასევე აირეკლა ჩაცმულობაზე – ჩოხაზე გაჩნდა სამასრეები, იგივე სასწრაფო;  არქიტექტურაზე – კოშკებს გაუჩნდა ვიწრო სათოფურები.
– ბერიკაობასა და ყეენობაზეც გკითხავთ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მხოლოდ საბრძოლო ხელოვნებას არ უკავშირდება, არამედ...
– მხოლოდ მას არ უკავშირდება, მართალია. თუმცა, ბერიკაობის მთავარი დანიშნულება მაინც საბრძოლო ვარჯიშობა მგონია. ისე კი, გემახსოვრებათ, რომ დავითმა ჯარში აკრძალა მემღერეობაი დათვთაო. ეს არის სახიობის პირველი მოხსენიება ჩვენს წყაროებში, თუ არ ვცდები.
რუსებს აშინებდათ თბილისური ბერიკაობა, როცა მტკვრის გაღმა-გამოღმა სანაპიროებს შორის ლამის ნამდვილი ომი იმართებოდა. ამიტომ შეკვეცეს, ანუ საომარი ნაწილი აკრძალეს და დატოვეს მხოლოდ რაღაც კარნავალის მაგვარი,  სახელად „ისპანახობა”. მოგვიანებით, ვორონცოვმა მიმართა იმპერატორს: ხალხი ძალიან გაღიზიანებულია და აჯობებს, დავუბრუნოთ ეს თამაშობაო. დააბრუნეს კიდეც, ოღონდ ქალაქგარეთ გაიტანეს.

скачать dle 11.3