რატომ არ არსებობს დროებითი ტატუ და რომელი საღებავი ტოვებს სხეულზე შრამებს
ტატუს გაკეთება და სხეულის მოხატვა ყოველთვის პოპულარული იყო, 21-ე საუკუნეში კი ეს თემა უფრო აქტუალური გახდა და მისი გაკეთება მდედრობითი სქესის წარმომადგენლებმაც აქტიურად დაიწყეს. ტატუსმასტერები ყოველ წელს სთავაზობენ სიახლეებს სხეულის მოხატვის მსურველებს. რა ტენდენციებია 2015 წელს ამ საკითხთან დაკავშირებით ტატუმასტერ ანდრეი აივაზიანს მივმართეთ, რომელსაც, მეცხრე წელია, საქართველოში ბადალი არ ჰყავს.
ანდრეი აივაზიანი: წელს ძალიან შემოვიდა მოდაში „ბლექ ქოლორ“, ანუ, საღებავების ეფექტით გაკეთებული ტატუ, რომელშიც ერთდროულად ბევრი ფერის გამოიყენებაა შესაძლებელი. მსგავს ტატუებზე შთაბეჭდილება გიჩნდება, თითქოს საღებავია დაღვრილი. შესაბამისად, 2015 წლის ტენდენციად შესაძლებელია მივიჩნიოთ ფერადი ტატუები. ასევე, წლებია, პოპულარობას არ კარგავს „დოთვორქის“ მიმდინარეობა, რომელსაც ძალიან ბევრი იხატავს. პირადად მე, ნებისმიერ სტილს ჩემს ხელწერას ვუმატებ და ძირითადად ფოტორეალიზმში ვხატავ – ეს არის ერთ-ერთი ძალიან რთული სტილი, რომელსაც, მხატვრული განათლება თუ არა, მინიმუმ, ხატვის ნიჭი მაინც სჭირდება. ბევრ ტატუმასტერს არ შეუძლია მისი დახატვა და უფრო მარტივ სტილს მიჰყვებიან, მაგალითად, როგორიცაა „დოთვორქი“, რომელიც, უბრალოდ, სწორ კონტურებსა და შეღებვას მოითხოვს. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც აქვს მყარი ხელი და შეუძლია ესკიზის გადაყვანა, თავისუფლად იმუშავებს ამ სტილში.
– სხეულის რომელ ადგილზე იკეთებენ ძირითადად ტატუს?
– გოგონები შედარებით პატარა ტატუებს იხატავენ მაჯაზე, მკერდის ქვემოთ და მუცელზე, უფრო იქ, სადაც დამალვა შეიძლება (იცინის); ბიჭები კი – მკლავზე, ზურგზე.
– ინტიმურ ადგილებზეც?
– კი, როგორ არა, მაგრამ, იშვიათად იხატავენ. ჩემთან სპეციალურად ჩამოდიან უცხოელები ტატუს მოსახატად – იქ ძალიან ძვირი ღირს სხეულზე ხატვა. მაგალითად, უცხოეთში თუ 15 000 დოლარს ითხოვენ, მე 5 000-ად ვუხატავ. ინტიმურ ადგილებზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანისთვის, ასევე, ვარსკვლავებისთვისაც დამიხატავს, უფრო უცხოელებისთვის. იყო შემთხვევა, როდესაც ქართველ ცნობად სახესაც დავახატე, მაგრამ, ვერ დავასახელებ, ვის – ეს მისი ცხოვრებაა და უფლება არ მაქვს, მასზე ვილაპარაკო.
– ფერად ტატუებს ხშირად იხატავენ? 3D ტატუები მოთხოვნადია?
– საკმაოდ, თუმცა, ასე დაკონკრეტებითაც ვერ გეტყვით. ძირითადად, დიდ ნახატებზე ვმუშაობ, არაერთხელ მომიხატავს მთელი ტანი. ერთ ამერიკელს მთელი ზურგი 13 საათში მოვუხატე: პირველი სეანსისთვის დამჭირდა შვიდი საათი, მეორისთვის – ექვსი. სწრაფად ვხატავ და დიდი დრო არ მჭირდება. მნიშვნელობა არ აქვს, ფერად ტატუს იკეთებ თუ შავ-თეთრს, დახატვის წინ კარგად გამოძინებული და ნაჭამი უნდა იყო. რაც შეეხება 3D ტატუებს, იშვიათად, რომ ვინმემ დაიხატოს. საქართველოში ცოტა სხვა სტილს ანიჭებენ უპირატესობას, უფრო „დოთვორქს“. ჩვენთან ბევრს, სამწუხაროდ, ტატუს მნიშვნელობაც არ ესმის.
– აკრძალული ტატუები მართლა არსებობს?
– თუ საჯაროდ სხეულზე იხატავ, აკრძალული როგორ არის? ზოგადად, კრიმინალურ ტატუებს არ ვხატავ. იყო შემოთავაზება, მაგრამ, უარი ვთქვი და არც მომავალში მოვკიდებ ხელს. პროფესიონალურ დონეზე რაც შეიძლება შესრულდეს, უარს არ ვამბობ. ჩემი პრინციპიდან გამომდინარე, არ ვხატავ. თუ ტატუს შეხება არ აქვს ხელოვნებასთან და სხვა დატვირთვა გააჩნია, მასზე უარს ვამბობ.
– დარწმუნებული ვარ, ყველას აინტერესებს, რა ღირს ტატუს დახატვა ანდრეი ტატუმასტერთან.
– ჩემთან ფასები 60 ლარიდან იწყება. შეიძლება, ვინმეს 5 000 ლარი დაუჯდეს. ნახატის სურვილის მიხედვით იკლებს და იმატებს ფასები. უცხოეთში სხვა ფასებით ვმუშაობ, იქ რასაც მიხდიან, საქართველოში იმდენს ვერ მომცემენ. მასალა, რომლითაც ვმუშაობ, უმაღლესი ხარისხისაა.
– ყველაზე ძვირად ღირებულ ტატუში რამდენი აგიღია?
– 30 000 გადამიხადეს, მაგრამ, საქართველოში არა, სტამბულში. იმ პიროვნებას მთელი ზურგი და ორივე ხელი მოვუხატე. ამ თანხასთან ერთად, საკმაოდ ძვირიანი მზის სათვალე მაჩუქა (იცინის).
– დროებითი ტატუ არსებობს?
– დროებითი ტატუ არ არსებობს. თუ საღებავი შედის კანის ქვეშ, იმას ვერ ამოიღებ. ხალხს „აბოლებენ“, რომ საღებავი თავისით ღიავდება. ბევრი შემთხვევა ყოფილა, მოსულა ადამიანი და უთქვამს – ხუთი წელია, ტატუ მაქვს, არადა, ორი წელი ჰქონდა ვადაო.
– ტატუს მოშორება შესაძლებელია?
– როგორ არა, პირადად მეც ვაშორებ. 5-6 სეანსია საჭირო. ციხეში და ჯარში გაკეთებული ტატუები ძალიან მარტივად შორდება, პროფესონალური საღებავის ამოყვანა კი რთულია.
– საშიში არ არის ორგანიზმში საღებავის სამუდამოდ შეშვება?
– თუ ტატუს დახატვისას ყველაფერი სუფთად და სტერილურად ტარდება, მაშინ საშიში არაფერია. საღებავი უნდა იყოს ხარისხიანი და არა ჩინური. თუ საღებავი ორიგინალია, მაშინ არანაირ რეაქციას არ იწვევს. ჩინური, იაფი საღებავები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც შრამებსაც კი ტოვებს სხეულზე. საქართველოში იყო შემთხვევა, როდესაც ტატუს გაკეთების შემდეგ ორგანიზმში ვერცხლისწყალი აღმოაჩინეს. ამიტომ, არ უნდა დაგენანოთ ფული კარგ ტატუმასტერთან და აუცილებლად უნდა იცოდეთ, ვისთან იხატავთ სხეულს.
– ბევრი ცნობილი სახე დადის შენთან. რას იხატავენ?
– ყველა ჩემთან მოდის (იცინის). ნანუკა ჟორჟოლიანი, ნიკა გვარამია, გიორგი ვარდოსანიძე, ნინა წკრიალაშვილი, ნუკი კოშკელიშვილი, შორენა ბეგაშვილი... ნანუკას რომ დავაწერე LIFE GOES ON, შემდეგ მთელმა საქართველომ მიჰბაძა. იდეებს ჰპარავენ სხვებსაც, ამიტომ, ვერ გეტყვით, ვის რა დავახატე, ეს მათი ცხოვრებაა და ვერ ჩავერევი. ვისაც კარგი ტატუ აქვს, მიხვდებით, რომ ჩემი ნახელავია (იცინის).
– თავად თუ მოგწონს გოგოზე ტატუ და შეყვარებულს თუ დაახატავდი?
– მომწონს, როგორ არა. შეყვარებული მყავს და დავახატე კიდეც. საერთოდ, ასეთი წესი მაქვს: ყველა ჩემს შეყვარებულს საჩუქრად სამახსოვროდ ვუხატავ ტატუს – თუ დამშორდა, მაინც ვემახსოვრები. ამიტომ, გოგონებო, მიფრთხილდით (იცინის).