როგორ გააგიჟა მილანის მაყურებელი და თბილისში ჩამოსული ალენ დელონი ანიტა რაჭველიშვილმა
„ამ წუთებში მილანის ლა სკალას სცენაზე „აიდას” პრემიერა მიმდინარეობს, რომელშიც ორ მთავარ პარტიას მსოფლიოს წამყვანი ორი ქართველი სოლისტი ანიტა რაჭველიშვილი და გიორგი გაგნიძე ასრულებენ. დირიჟორი – ზუბინ მეტა. ჩვენი მეგობრები ესწრებიან პრემიერას და გვატყობინებენ, ანიტა და გიორგი ისე მღერიან, დარბაზი ტაშით ინგრევაო. ანუ, უკვე შემიძლია მათ მივულოცო წარმატებული პრემიერა,” – წერს 15 თებერვლის თავის „ფეისბუქ-პოსტში” „იავნანას“ პიარ-მენეჯერი თეონა ჯორბენაძე.
ანიტას წარმატება უკვე აღარავისთვისაა გასაკვირი. მან გამოჩენისთანავე მოხიბლა მსმენელი როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. თბილისში ყოველი მისი ჩამოსვლა უკვე ზეიმია, რადგან ვიცით, რომ ეს საოცარი „კარმენი“ აუცილებლად გვასიამოვნებს თავისი ძლიერი და ლამაზი ხმის ტემბრით. 12 თებერვალს ის თბილისში პაატა ბურჭულაძის გრანდიოზულ საიუბილეო კონცერტში მონაწილეობდა მსოფლიო ვარსკვლავებთან ერთად.
– ანიტა, ეს რა ამბები დაგიტრიალებიათ ლა სკალას სცენაზე შენ და გაგნიძეს. მოგვიყევი, როგორ მიდიოდა პრემიერისთვის მზადება და რა ხდებოდა კულისებს მიღმა.
– ამ სპექტაკლის პრემიერისთვის დიდი სამზადისი იყო. მილანში ყოველთვის მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება ამა თუ იმ ახალი დადგმის პრემიერა. მე და გიაც, რა თქმა უნდა, საგანგებოდ ვემზადებოდით, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობითა და სიხარულით. სარეპეტიციო პერიოდი ერთთვიანი იყო და რეჟისორ პეტერ შტეინთან ერთად, რომელიც დრამატული თეატრის რეჟისორია, დიდ სამუშაოს გავდიოდით. ასე რომ, ძირითადი აქცენტი სპექტაკლში მომღერალ მსახიობებზეა. მიყვარს მუშაობის ასეთი ფორმა, რადგან, საშუალებას მაძლევს, ჩემი პერსონაჟი ბოლომდე შევიცნო და გავაცნო მსმენელს. დადგმას, მიუხედავად იმისა, რომ ნახევრად ტრადიციულია და ძალიან მინიმალისტური, დიდი წარმატება ხვდა წილად! მილანელ პუბლიკას ძალიან მოეწონა. დადებითი იყო კრიტიკოსების გამოხმაურებაც ჩვენს შესრულებაზე.
სპექტაკლისთვის მზადება ყოველთვის სასიამოვნო პროცესია ჩემთვის, მით უმეტეს, როცა იცი, რომ ისეთ დირიჟორთან გიწევს მუშაობა, როგორიც ზუბინ მეტაა. ის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე გენიალური დირიჟორია, რომელთან მუშაობაც ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. „აიდას“ სპექტაკლები 15 თებერვლიდან დაიწყო და 15 მარტამდე გაგრძელდება. სპექტაკლის დაწყების წინ კულისებში ჩქარი ტემპია, სულ დაძაბულობაა, მე და გია კი ვდგავართ ხოლმე და ბევრს ვხუმრობთ. შინაგანი ღელვა მაქვს, მაგრამ, არასდროს არ ვნერვიულობ. მიმაჩნია, რომ ნერვიულობა კონტროლს აკარგვინებს ადამიანს სიტუაციაზე, ამიტომ, ძალიან წამგებიანია მაშინ, როცა კონტროლი ყველაზე მეტად გჭირდება. აქედან გამომდინარე არასდროს ვნერვიულობ, მხოლოდ ემოცია მაქვს მოზღვავებული და ეს კარგიცაა სპექტაკლის წინ.
– მე შევათვალიერე შენს ფეის-გვერდზე ფოტოები „აიდას“ სპექტაკლიდან და ძალიან მომეწონა. ორიგინალური კოსტიუმები გაცვიათ და გრიმიც ძალიან საინტერესო გაქვთ ორივეს.
– კოსტიუმები შექმნა ცნობილმა იტალიელმა დიზაინერმა ნანა ჩეკკიმ; ის ბევრი ფილმის კოსტიუმის ავტორი იყო წლების განმავლობაში. აი, კოსტიუმების შეკერვის პროცესი კი მართლა რთული იყო, რადგან, ნანას უნდოდა, იდეალურად ყოფილიყო მორგებული ჩემზე. ამიტომ, ძალიან ბევრი მოზომვა გვქონდა და, საბოლოოდ ულამაზესი შედეგი მივიღეთ. გრიმს რაც შეეხება, თეატრის საოცარი ვიზაჟისტები მიკეთებენ და თავზე პარიკი მადევს, ასე რომ, ამ საკითხზე ზრუნვა არ მიწევს – თავიდან ბოლომდე მამზადებენ და ისე მიშვებენ სცენაზე.
– ცხოვრებაში რამდენ დროს ატარებ სარკესთან, რამდენად განსხვავდება ერთმანეთისგან საგრიმიოროში მზადება და სახლიდან გასვლისწინა მზადება?
– სარკესთან არასდროს ვატარებ ბევრ დროს. თუ შეგიმჩნევია, რაც უფრო დიდხანს დგახარ სარკესთან, მით უფრო არ მოგწონს შენი თავი. ასე რომ, რა ჩავიცვა სახლიდან გასვლის წინ, წინასწარ, ბევრად ადრე ვფიქრობ. თმის გაკეთებაზე ფიქრი არ მიწევს, რადგან, ხვეული თმა მაქვს – დილას ვდგები, ვიჩეჩავ და ეგაა. მაკიაჟიც ძალიან მსუბუქი მაქვს ყოველდღიურ ცხოვრებაში და არც მაგაზე მიწევს ფიქრი.
– პაატა ბურჭულაძის იუბილეზე რა ხდებოდა? ის მოგვიყევი, რაც მაყურებელს არ უნახავს.
– ბურჭულაძის იუბილეზე კულისებში ყველა ძალიან ვხალისობდით. ერთმანეთს ვამხნევებდით გასვლის წინ და ბევრს ვიცინოდით. ალენ დელონი რაღაცეებს ამბობდა და გვაცინებდა. ეგონა, რომ მე ვმღეროდი მის გვერდზე საგრიმიოროში და ძალიან შევწუხდიო, – თქვა. ვუთხარი – მე არ ვიყავი, მე კონცერტის წინ არ ვმღერი-მეთქი. სულ სიცილ-სიცილით გამოვედით მისი საგრიმიოროდან. პაატას კონცერტი მართლაც ულამაზესი გამოვიდა და, მიხარია, რომ მოვასწარი და ჩამოვედი. ძალიან მინდოდა, პაატასთვის პირადად მიმელოცა და, რაც მთავარია – სიმღერით.
– ამ გადასახედიდან თუ გიფიქრია – რომ არ გამოსულიყავი მომღერალი, ვინ გამოხვიდოდი?
– ძალიან მინდოდა იურისტობა და ვსწავლობდი კიდეც იურიდიულზე. სხვათა შორის, კარგი სტუდენტი ვიყავი. მერე კონსერვატორიაში ჩავაბარე. ორივეზე სწავლას ვეღარ ვასწრებდი და არჩევნის გაკეთება მომიწია. მგონი, კარგი არჩევანი გავაკეთე.
– ამხელა წარმატებას რომ მიაღწიო, დიდი შრომის გარდა, რა არის კიდევ საჭირო? გავლენიან ნაცნობებს ვგულისხმობ.
– წარმატებისთვის რომ მიმეღწია, მე პირადად, ბევრი შრომა დამჭირდა. აკადემიაში რომ ჩავაბარე, არც კავშირები მქონდა, არც ნაცნობობა, არც გავლენა, არც არაფერი. მაშინაც ცნობილი ანიტა რაჭველიშვილი ვიყავი თბილისიდან, რომელიც მიიღეს აკადემიაში კარგი შესრულებისა და ლამაზი ხმის გამო და შემდგომშიც ყველაფერი სწორედ იმავე მიზეზით განვითარდა. თავდაუზოგავად ვშრომობდი, ძალიან მინდოდა, მიმეღწია წარმატებისთვის და დამიფასდა კიდეც – საჭირო მომენტში საჭირო ადგილას მოვხვდი და მთავარი პარტიის შემსრულებლად ამირჩიეს. რა თქმა უნდა, აქ იღბალიც იყო, მაგრამ, თავდაუზოგავი შრომისა და დიდი მონდომების გარეშე არასდროს არაფერი გამომდიოდა ცხოვრებაში! ადამიანს უნდა გწამდეს საკუთარი თავის, საკუთარი ძალების და ყველაფერს მიაღწევ. ხშირად მიფიქრია, მომღერალი რომ არ გამოვსულიყავი, რა მოხდებოდა ჩემს ცხოვრებაში-მეთქი. არ ვიცი, ალბათ, ასეთი ბედნიერი არ ვიქნებოდი, ახლა რომ ვარ. მაგრამ, ზუსტად ვიცი: რისთვისაც არ უნდა მომეკიდა ხელი, მაინც წარმატებული ვიქნებოდი. ეს არის ჩემი ხასიათი. მე მუდმივად ვიბრძვი, ვშრომობ და პერფექციონიზმს ვეძებ. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებ!
– ხარ თუ არა რისკიანი და სწორედ ამ წარმატებისთვის თუ გაგირისკავს?
– დიახ, ძალიან რისკიანი ვარ. მიმაჩნია, რომ, თუ არ გარისკავ, ვერასდროს გაიგებ, რა შედეგი შეიძლება მიიღო. მირჩევნია, გავაკეთო და ვინანო, ვიდრე იმაზე ვიფიქრო, რა იქნებოდა ეს რაღაც რომ გამეკეთებინა-მეთქი. მიბრძოლია არა რაღაცისთვის, არამედ, ყველაფრისთვის. რაც გამაჩნია, ყველაფერს მხოლოდ გაუთავებელი ბრძოლის წყალობით მივაღწიე და ეს ბრძოლა არასოდეს მთავრდება.
– დროის მანქანა რომ არსებობდეს, სად დაბრუნდებოდი ამ მანქანით და რას შეცვლიდი?
– დროის მანქანა რომ მქონდეს, წავიდოდი და წარსულში ვიმოგზაურებდი სიამოვნებით. მაგალითად, მეცხრამეტე საუკუნის ცხოვრებას, ფარაონების დროინდელ ეგვიპტეს ვნახავდი, ან, სულაც 70-იანი წლების ცხოვრებას, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში არასდროს არაფერს შევცვლიდი.
– ანუ, პირად ცხოვრებაში?
– პირადი ცხოვრება არც მაქვს. მყავდა იტალიელი ქმარი და დავშორდით თითქმის ორი წლის წინ. მას მერე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ და პირად ცხოვრებაშიც არაფერი ხდება.
– როგორია შენთან ურთიერთობა. ხარ თავშეკავებული, უშუალო?
– დიახ, საკმაოდ უშუალო ვარ და იოლად ვუმეგობრდები ადამიანებს. თუმცა ნამდვილი მეგობრები ძალიან ცოტა მყავს. მიმაჩნია, რომ მეგობარი ბევრი არ უნდა გყავდეს. ადამიანებს ინტუიციით ვარჩევ. პირველი ხუთი წუთი მყოფნის იმისთვის, რომ მივხვდე, შეიძლება თუ არა ამ ადამიანთან ურთიერთობა და, ამ 30 წლის განმავლობაში, არასდროს შევმცდარვარ. ხშირად ხდება, რომ ადამიანს დანახვისთანავე ვერ ვეკონტაქტები, რადგან, შინაგანად არ მსიამოვნებს და ასეთები ყოველთვის არასასიამოვნო საურთიერთობო აღმოჩნდებიან ხოლმე და მათგან თავი შორს მიჭირავს. ნეგატიურ ადამიანებს ვერ ვეგუები ვერანაირად, თუმცა, ისეც ხდება, რომ ერთ დანახვაზე ვხვდები მის ბუნებას, მიყვარდება უზომოდ, ხანგრძლივ მეგობრობას ვიწყებთ და ეს ყოველთვის მახარებს. ყველა ჩემი საუკეთესო მეგობარი თბილისშია და ხშირად ჩამოდიან ჩემს სანახავად
– ეკრანზე ლაღი, მაგრამ სერიოზული ჩანხარ. ცხოვრებაში როგორი ხარ?
– სერიოზული ვარ იქ, სადაც საჭიროა, ისე კი სიგიჟეებიც მიყვარს და საკმაოდ მხიარული და დადებითი ვარ ყოველთვის! საკუთარ თავზე ლაპარაკი კი მაინც ცოტა ძნელია.
– ყველაზე მეტად როდის გტკენია გული, ვის უტკენია და რატომ?
– გულისტკენა მქონია, რა თქმა უნდა და ბევრიც გადამიტანია, მაგრამ, ეს ძალიან პირადულია და, მიმაჩნია, რომ საჭირო არ არის ამაზე ლაპარაკი, არ მინდა გახსენება.
– რა ჭორები გაგიგია საკუთარ თავზე და თუ მოქმედებს ეს ნერვებზე?
– ჭორებით არ ვინტერესდები და არც მაღიზიანებს. მამაჩემი მეტყოდა ხოლმე – მამი, ენას ძვალი არ აქვსო. ყოველთვის იქნებიან ბოროტი და შურიანი ადამიანები, ვისაც ენის მოფხანა უნდა და რაღაც საზიზღრობებს ილაპარაკებს და ეს არ მაღელვებს. ვიცი, რომ საკუთარ თავთან და სინდისთან სუფთა ვარ და, თუკი რამე გამიკეთებია ცხოვრებაში, ყველაფერი საკუთარი შრომის წყალობითა და ჩემი ოჯახის თანადგომით. სიკეთის მეტს არაფერს ვუსურვებ და ვუკეთებ ადამაინებს. ასე რომ, არ მაღელვებს, ვინ რას ლაპარაკობს. თუ ამისგან თვითონ უკეთ გრძნობენ თავს, უფალმა შეარგოთ, მაგრამ, ვშიშობ, ეგ არ უშველით.